პრეცედენტი
სიტყვა, ანუ გიჟი თავისუფალია?!
რაკი ჩვენთან სიტყვის თავისუფლება გაგებულია თითქმის ასე: გიჟი თავისუფალიაო, ყველა იმას ამბობს, რაც გაუხარდება, იმისდა მიუხედავად, აქვს თუ არა ამ ნათქვამს რეალობასთან კავშირი.
ასე მოხდა სასჯელაღსრულების მინისტრთან მიმართებაშიც, რომ თითქოს მან ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა კაბინეტის კეთილმოწყობისთვის, სახელდობრ, სავარძლებისთვის, თუმცა მოვლენები ახლებური სცენარით განვითარდა.
ხოლო, რაკი, მინისტრის თქმით, ავეჯი ძველებისგან ერგო (მაგალითად, „ნაციონალური“ მაგიდა 11 000-ლარიანი ყოფილა), დაგვპირდა (მომყავს ბ-ნი კახიშვილის ციტატა): „თუ ძალიან უნდა „ნაციონალურ მოძრაობას”, შემიძლია, გამოვაქვეყნო, რამდენი მილიონის ქონება ჰქონდათ ნაყიდი კაბინეტებისთვის წინა ხელისუფლებას და ამის მასალები გვაქვს“.
მეტიც, სასჯელაღსრულების მინისტრმა გადაწყვიტა, რომ ცილისწამებისთვის უჩივლოს სააგენტოს, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა და, გარდა ბოდიშისა, მორალური ზიანის ანაზღაურებაც მოითხოვოს პატიმრების ფონდში გადარიცხვის სახით.
უდავოა, რომ ინიციატივა, როგორც პრეცედენტი, ფრიად საშური და მისასალმებელია, რადგან სიტყვა (გიჟივით თავისუფალი კი არა) პასუხისმგებლობით იღებს თავისუფლებას. –