სარკისებური ტორტი
საჭირო ინგრედიენტები: 100 გრამი შაქარი, 10 გრამი ვანილი, 5 ცალი კვერცხი, 130 გრამი ფქვილი, მარილი.
შიგთავსი: 150 გრამი ჯემი, 250 გრამი ნაღები, 250 გრამი ხაჭო, 2 სადილის კოვზი შაქრის პუდრი, 20 გრამი ჟელატინი, 1 შეკვრა უფერული ჟელე.
მომზადების წესი: კვერცხის გული და შაქარი ათქვიფეთ ვანილთან ერთად, კვერცხის ცილა მწიკვი მარილის ჩამატებით ათქვიფეთ გათეთრებამდე. ათქვეფილ გულებს დაუმატეთ ფქვილი და ნელ-ნელა შეურიეთ ათქვეფილი ცილა. ცომი დაასხით გამოსაცხობ ტაფაზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, ათი წუთის განმავლობაში.
ტაფა დადეთ სველ პირსახოცზე და ნამცხვარს წაუსვით ჯემი (უმჯობესია მუქი ფერის კენკრით), შემდეგ ფრთხილად გადაახვიეთ, როგორც რულეტი და როგორც კი გაცივდება, ცალკე გადმოიღეთ.
ათქვიფეთ ნაღები შაქრის პუდრთან ერთად. რომ შესქელდება, დაუმატეთ ხაჭო და კარგად აურიეთ.
ჟელატინს დაასხით 100 მილილიტრი წყალი და გაადნეთ ცხელი წყლის აბაზანაზე. ცოტა რომ გაცივდება, შეურიეთ ხაჭოს კრემს. კრემი მოათავსეთ მაცივარში. როცა შესქელდება, გამოიღეთ. ტორტის ფორმაში ჩააფინეთ საკვები ცელოფანი. რულეტი დაჭერით 1,5 სანტიმეტრის ზომის ნაჭრებად. ერთ ფენად დააწყვეთ ფორმის ძირში და წაუსვით კრემი. შემდეგ ისევ რულეტის ნაჭრები, მოასხით უფერული ჟელე და გააცივეთ მაცივარში. შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან და სასურველი ზომის ნაჭრებად დაჭერით. ლამაზიცაა და გემრიელიც.