რატომ ენდობიან „ბერმელს“ მომხმარებლები
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმატების საიდუმლო
ეთერ ბერიძე-მელიქიშვილი – ქალბატონი, რომელმაც გარკვეული სიტყვა თქვა სამეცნიერო მიმართულებით, შემდეგ კი ბიზნესის სფეროში დაიმკვიდრა ადგილი. „ბერმელის“ მიკროსაფინანსო ბაზარზე გაფართოებისა და წარმატების საფუძველი დამფუძნებლის მაღალი პასუხისმგებლობა, მისი სიტყვისა და საქმის ერთიანობა გახდა.
მოსახლეობის ფინანსურ და სოციალურ ინტერესებზე დაფიქრებამ და მუშაობამ ამ მიმართულებით კიდევ უფრო წინ წასწია „ბერმელი“. კლიენტებისადმი დამოკიდებულებამაც განაპირობა, რომ მომხმარებლის დიდი ნაწილი ნდობას უცხადებს ქალბატონი ეთერისა და მისი მეუღლის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაცია „ბერმელს“.
– ქალბატონო ეთერ, თქვენი საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერად განვლილი გზის შესახებ გვიამბეთ... ძნელია ერთ პასუხში ჩაატიოთ ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც საინტერესოა...
– ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრე. ვმუშაობდი ჩემი სოფლის პედაგოგად, კოლმეურნეობის კომკავშირის კომიტეტის მდივნად. ახალგაზრდული ორგანიზაცია ერთ-ერთი მოწინავე იყო აჭარაში. გადამიყვანეს ზამლეთის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ, შემდეგ კი – ქალაქ ბათუმში, ¹4 საბინაო-საექსპლუატაციო უბნის უფროსად. პარალელურად, დავიწყე მუშაობა ჯერ მე-5 რუსულ საშუალო სკოლაში, შემდეგ – გონიოს კოოპერაციულ ინსტიტუტში. ადმინისტრაციულ-კანცელარიულ მუშაობას, ისევ საგანმანათლებლო საქმიანობა ვამჯობინე და გადავინაცვლე რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სასწავლო მუშაობის პარალელურად, ჩემი სამეცნიერო საქმიანობის მიმართულება იყო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიულ– ეთნოგრაფიული და ლინგვისტურ-ტოპონიმიკური ასპექტები. გამოვეცი წიგნი „ნიგალი“ – საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული კუთხის შესახებ. გამოვეცი ასევე, სხვა ნაშრომებიც. რაც შეეხება ჩვენს მიკროსაფინანსო ბაზარზე დამკვიდრებას, 15 წლის წინ ჩვენ გვქონდა ერთი პატარა სერვისცენტრი, რომელიც ეწეოდა სესხების მიღება-გაცემას. მაგრამ, შემდეგ მოსახლეობამ დიდი ნდობა გამოგვიცხადა და სამუშაო არეალი გაფართოვდა. მოთხოვნა სესხების მიღებასა და გაცემაზე იმდენად მაღალი იყო, რომ ჩვენ გავზარდეთ სერვისცენტრების ოდენობა ბათუმში. შემდეგ გავხსენით ფილიალები საქართველოს სხვადასხვა რაიონსა და ქალაქში და აქტიურად დავმკვიდრდით ბაზარზე.
თავიდან დიდი ამბიცია არ გვქონია, მაგრამ სიტყვისა და საქმის ერთიანობამ განაპირობა ნდობა, შეგვიქმნა იმიჯი და გაგვხადა მეტ-ნაკლებად ცნობადიც. ამჯერად ისევ ადგილობრივი საინვესტიციო კაპიტალით ვმუშაობთ, მაგრამ ახლა ემისიის პროსპექტს ვამზადებთ ეროვნულ ბანკში წარსადგენად, რომ ჩამოვყალიბდეთ სააქციო საზოგადოებად, გამოვუშვათ აქციები, მივიღოთ აქციონერები. პარალელურად, მიმოწერები გვაქვს საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოებებთან, ველოდებით ინვესტიციებს. ყოველივე ეს პროდუქტებზე მოთხოვნების დაკმაყოფილების, მუშაობის გაფართოების საშუალებას მოგვცემს და რაც მთავარია, მოგვცემს საშუალებას, დავწიოთ საპროცენტო განაკვეთები, მივუახლოვოთ ერთმანეთს ორგანიზაციისა და მომხმარებლის ინტერესები. მეცნიერულ-საგანმანათლებლო სფეროში მუშაობა, თანაც ფილოლოგიის მიმართულებით და ასევე, ბიზნესი – ეს ორი სხვადასხვა სამყარო იყო, წარმატებულ პოზიციებზე ყოფნისათვის უდიდეს ძალისხმევას მოითხოვდა. ასე რომ, ორი წელია უკვე, სრულიად გადმოვინაცვლე ბიზნესის სფეროში.
– მთლიანად ამ სფეროში გადანაცვლებამ შედეგიც გამოიღო. როგორც ვიცი, სერიოზული მიღწევები გაქვთ...
– აქ მთელს ჩემს ენერგიას ვდებ. გაიზარდა აქტივები, მსესხებელთა (როგორც დანაზოგის შემომტანთა, ისე სესხის გამტანთა) რაოდენობა. ბაზარზე აქტიურად დავიმკვიდრეთ ადგილი. ძირითადად დასავლეთში ვმუშაობდით. ამჟამად გვაქვს 18 სერვისცენტრი და 22 ფილიალი. ძნელად, მაგრამ მაინც დავმკვიდრდით თბილისის ბაზარზე. ვფიქრობთ გაფართოებას აღმოსავლეთისკენ. „ბერმელი“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხუთეულში მოხვდა. 2016– 2017 წლებში ვგეგმავთ ფილიალების შინაარსობრივ დატვირთვას, არსებული პროდუქტების მოცულობის ზრდას და ახლის დამატებას, მომსახურების ხარისხობრივი მაჩვენებლის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, მარკეტინგული სამსახურის განმტკიცებას და ასე შემდეგ. 2014 წლის შედეგებით აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებულ რეიტინგში დარგის მიმართულებით გამარჯვებულად გამოვცხადდით. გამარჯვებულად დაგვასახელეს ქართული ბრენდის დღეზე ნომინაციაში – ახალი ქართული ბრენდი.
დღეს 130 თანამშრომელი გვყავს. თითოეული დაინტერესებულია იმით, რომ გააძლიეროს ორგანიზაცია, რადგან იციან, რომ ეს მათი სიძლიერის პირდაპირპროპორციულია. ჩვენი მიზანია, რომ კომერციული და სოციალური ინტერესები ერთმანეთს მიუახლოვდეს და ორივე მხარე მაქსიმალურად კმაყოფილი დარჩეს. „ბერმელი“ ამ საუკუნესთან ერთად იშვა. მიმდინარე წელს ჩვენ გვაქვს 15 წლის იუბილე. იუბილეს საზეიმო კრებით შევეგებეთ. „ბერმელში“ აქტიურად მუშაობენ შიდა საზოგადოებასთან. წარვადგინეთ და დავაჯილდოვეთ „ბერმელის” ლიდერი თანამშრომლისა და სხვა პოზიციების დასაკავებლად გამართულ კონკურსში გამარჯვებული თანამშრომლები, ფულადი პრემიებით, ნოუთბუქებით, საგზურებით. „ბერმელის“ ლიდერი თანამშრომლის სახელი და ფულადი პრემია – 1 000 ლარი ერგო ნატო გორგილაძეს. მოვიწვიეთ 2 ყოფილი თანამშრომელი – ლენა ქამადაძე და ნინო მამულაძე, რომელთაც გადავეცით „ბერმელის“ საპატიო წევრის დიპლომები. სპეციალური მილოცვა და საჩუქრები გავუკეთეთ „ბერმელის“ თანამშრომლებს, რომელთაც მიმდინარე წელს შეეძინათ პირველი ან მომდევნო შვილი. ღონისძიებაზევე გამოვაცხადეთ ახალი კონკურსი – „ბერმელის“ ვარსკვლავის სახელის მოსაპოვებლად. მოვაწყვეთ წინასაიუბილეო ლაშქრობა სვანეთში და ვემზადებით ტაო-კლარჯეთში წასასვლელად. მზად გვაქვს მოტივაციის სიურპრიზები ჩვენი მომხმარებლებისთვის. წინასაიუბილეოდ ვაპირებთ გამოვცეთ წიგნი „ბერმელი 15 წლისაა“ .
– კომპანიას სახელი როგორ შეურჩიეთ?
– თავდაპირველად, შპს ჩემი შვილის, „აჩიკოს“ სახელით მუშაობდა. შემდეგ რებრენდინგი განხორციელდა და ჩემი და ჩემი მეუღლის გვარების აბრევიატურით მივიღეთ ეს სახელი: ბერიძე-მელიქიშვილი – „ბერმელი“.
– აუცილებელ სამუშაო პრინციპად რომელს დაასახელებდით?
– ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი გახლავთ მომხმარებელთან კარგი დამოკიდებულება და პროფესიონალიზმი. კლიენტში შენზე დამოკიდებულ პიროვნებას არ უნდა ხედავდე. პატივით უნდა ეპყრობოდე, ითვალისწინებდე მის მდგომარეობას და ზოგჯერ ინდივიდუალური მიდგომით აფასებდე, იღებდე გადაწყვეტილებას. ჩვენ არ განვარჩევთ კლიენტურას: ჩვენთან დანაზოგის შემომტანსაც და ჩვენგან ფულის მიმღებსაც ვცდილობთ, ერთნაირი პასუხისმგებლობით მოვექცეთ – სიტყვისა და საქმის ერთიანობით. ვცდილობთ, არ დაუგვიანდეს სარგებელი. ჩვენ არ ვღალატობთ კლიენტებს, ჩვენ ვაფასებთ მათ! ჩვენი სლოგანია: „ბერმელი“ – თქვენი კეთილდღეობის სალარო!