რა მოხდა წლების წინ ქიბარ ხალვაშსა და ნიკა გვარამიას შორის და რას ითხოვს ის ტელეკომპანიის გარდა
ვინ არის ქიბარ ხალვაში სინამდვილეში, რა ბიზნესები ჰქონდა მას, როგორ დაკარგა და რისი მიღება სურს „რუსთავი 2-თან” ერთად; როგორია მისი აზრი ყველა იმ ბრალდებაზე, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი მისამართით ისმოდა; ვინ სდევნიდა, ვის დაუსვამს ის ტელედებატებში ბურუსით მოცულ ამბებზე კითხვებს, როგორი ურთიერთობა აქვს სინამდვილეში ირაკლი ოქრუაშვილთან, რომლის შვილის ნათლიაც არის და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ ეს ინტერვიუ ყველას დაგაინტერესებთ.
ქიბარ ხალვაში: დავიბადე 1963 წელს, ქობულეთის რაიონის სოფელ ხალაში. მყავს უფროსი და და უმცროსი ძმა. ჩემი და, ფატი ხალვაში, ჩემზე ზუსტად ერთ წლით უფროსია და არის ბოლო მოწვევის პარლამენტის წევრი. სხვათა შორის, ათი წელი ერთ კლასში ვსწავლობდით. მასზე ყურადღება იმიტომ გავამახვილე, რომ „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ხშირად გაისმის, თითქოს ის უისტორიო პოლიტიკოსია და დაუმსახურებლად არის პარლამენტში. ერთხელ უკვე ვთქვი, რომ მისი ისტორია პარლამენტში მყოფი ნაციონალების უმრავლესობის ბიოგრაფიაზე ნაკლებად ხარვეზიანია. ის ქობულეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია და იქ აჯობა „ნაციონალური მოძრაობის” ისტორიის მქონე დეპუტატებს. 1979 წლიდან 1984 წლამდე ვსწავლობდი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც წარჩინებთ დავამთავრე. 1985 წლიდან 1991 წლის ბოლომდე ვმუშაობდი საქართველოს საგზაო სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბათუმის ფილიალში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მე და ჩემმა სამმა მეგობრმა გადავწყვიტეთ, დაგვეწყო ბიზნესი. ისინი უბრალო მშრომელი ბიჭები იყვნენ (ერთ-ერთი დღემდე ჩემი პარტნიორია). ვცადეთ, წამოგვეწყო სხვადასხვა საქმე და ბოლოს არჩევანი პატარა კუთხის მარკეტზე გავაკეთეთ. საქმეში ჩავდეთ 1 000 დოლარი და, ასევე, მთელი სული, გული და იმედი. ამ პერიოდში გავიცანით ჩვენი მომავალი პარტნიორი თურქეთიდან, რომელთან ერთადაც 1996 წლის 12 სექტემბერს ჩამოვაყალიბეთ შ.პ.ს. „არტი,” რომელიც იყო Procter&Gamble-ს დისტრიბუტორი საქართველოში. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია, სადაც ბევრი მომავალი მენეჯერი და კარგი ადამიანი გაიზარდა. 2003 წელს ჩვენ უკვე ვიყავით დიდი, მოდერნიზებული და გამართული სადისტრიბუციო ქსელი. დღეს დადის ჭორები, თითქოს ვიღაც გვეხმარებოდა ამ საქმის წარმოებაში. მერწმუნეთ, ჩვენ არასდროს არცერთ ქვეყანაში არ გვყოლია ხელისუფალი პარტნიორი, არავინ გვმფარველობდა და არც არავის ვუხრიდით ქედს. ეს ყველაფერი სააკაშვილის და მისი გუნდის მოგონილია.
– საიდან იწყება თქვენი ბიზნესპრობლემები, როდის გახდით „რუსთავი 2“-ის მფლობელი და როდის დაკარგეთ მეწილის უფლებები?
– 2006 წელს, სააკაშვილის ულტიმატუმისა თუ მუქარის შემდეგ მომიხდა „რუსთავი 2-ის“ წილების დათმობა, რაც უკავშირდებოდა სააკაშვილსა და ოქრუაშვილს შორის წარმოქმნილ დაპირისპირებას. სააკაშვილს ეგონა, რომ მე ოქრუაშვილს დავუჭერდი მხარს, ამიტომ, ცდილობდა, მაქსიმალურად დავესუსტებინე, მაგრამ, ჩვენ მაინც განვაგრძობდით ბიზნესს სხვა სფეროებში: 2007 წლის აგვისტოში სააკაშვილ-ოქრუაშვილის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. მე არ მეჯერა, რომ ჩვენ ეს დაპირისპირება შეგვეხებოდა და არც ის, რომ სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელი არსება იყო. დაიწყეს ჩვენი რბევა და ტერორი. ოფისებში მოდიოდა ხალხი, რომლის მსგავსი ბანდფორმირებები მხოლოდ ფილმებში თუ მენახა. ბოლოს ეს ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ათასობით ადამიანი უმუშევარი დატოვეს. ზოგი ქონება სახელმწიფომ მიითვისა, ზოგი ვიღაცეებს გადასცეს, ზოგიც დაწვეს. სასამართლო მიდიოდა ტენდენციურად. მოწმეებად მოჰყავდათ პოლიციელები და საგადასახადო ინსპექციის ინსპექტორები. არავითარი შუამდგომლობა და თხოვნა არ ჭრიდა. მოკლედ, თავიანთი მიზნების მისაღწევად მძევლად აიყვანეს ციხეში ჩემი ძმა, თანამშრომლები და პარტნიორები; აღსრულების ფურცლის გარეშე წაიღეს ქონება, რომელიც დღემდე არ არის ჩამოკლებული კომპანიების ჯარიმებზე. ენით აუწერელი უსამართლობა მოხდა და ამის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ნიკა გვარამია, რომელიც მაშინ ადეიშვილის მოადგილე იყო. ის ამზადებდა ფილმს „ნოემბრიდან ნოემბრამდე“, ამის პარალელურად ტელევიზიიდან ავრცელებდა ჭორებს ჩვენ შესახებ და დღეს ეს ხალხი ჩვენ მიგვითითებს, კანონი დავიცვათ. ზოგიერთი მომიწოდებს, უკან დავიხიო იმ მიზეზით, რომ სამოქალაქო დაპირისპირება არ მოხდეს. მე ვერ მოვახდენ სამოქალაქო დაპირისპირებას, ვერც ის 20-30 კაცი, რომლებიც სასამართლოზე დადიან. 2007 წლის ამ პროცესების გამო მომიხდა ემიგრაციაში წასვლა და დღემდე აქ ვცხოვრობ.
– უშუალოდ თქვენგან მსურს, გავიგო, რა ადამიანია ქიბარ ხალვაში, რა სურვილები და გეგმები აქვს მას ტელეკომპანიასთან მიმართებაში, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან რეალურად?
– ჩემი ნეგატიური პორტრეტის შესაქმნელად მიშამ და მისი გუნდის წევრებმა ბევრი იზრუნეს. ვაღიარებ, რომ მათ ეს მოახერხეს, მაგრამ, ჯერ დამთავრებული არაფერია და მე ამას გამოვასწორებ! თუმცა, ვოცნებობ იმ დღეზე, როცა ხალხს ჩემი სახელი ისევ დაავიწყდება, როგორც ადრე. დამიჯერეთ, ასე უფრო სასიამოვნოა ცხოვრება! მინდა, გავაკეთო პატარა პასაჟი ჩემს სახელთან დაკავშირებით: ხშირ შემთხვევაში ჩემი სახელი პრობლემასაც მიქმნიდა, მაგრამ, ბოლოს შევეჩვიე. ბაბუაჩემმა დამარქვა თავისი ბაბუის სახელი. ცხოვრებაში მეორე ასეთი სახელის მქონე კაცს არ შევხვედრივარ. როცა ჩემი სახელი გახდა ცნობილი, ბევრს მეტსახელი ეგონა და, ჩემი „ცნობილი” მეგობრების სახელების გვერდით რომ ესმოდათ, მონსტრის ზედმეტსახელი ეგონათ. დაახლოებით „კაიზერ სოუსესავით” ჟღერდა ფილმიდან „ჩვეულებრივი ეჭვმიტანილები“. ადამიანი ნანახი არ ჰყავდათ, მაგრამ ლედენდები დადიოდა მის ბოროტებაზე.
– ისე, ამ ხელჩართულ ომს ცოტა იუმორის ელფერიც დაჰკრავს. თქვენ გვარამიას „ფეისბუქზე” დაუწერეთ: „ვარსკვლავები” და ოქროებიც თან წაიღე, როცა წახვალ, პრანჭიავ“.
– იუმორის გარეშე ცხოვრება მძიმეა. ის ხშირად მეხმარება საქმიანობაში, სიტუაციის მართვასა თუ განმუხტვაში. ხშირ შემთხვევაში ასეთი ვარ. ხანდახან ხუმრობა ცინიკურობაშიც გადამდის, მაგრამ, სწორად უნდა დაიჭირო მომენტი. ყოფილა სიტუაცია, სადავეები ხელიდან გამქცევია. ამას მე სამსახურებრივ ტრავმას ვეძახი, ეს უფროსების სენია. ისე, გვარამიას შეფასებას – „პრანჭიას” – უკან ვიბრუნებ და, პირობას ვდებ, ასე აღარ დავუძახებ – მეშინია, ცუდ ტონად არ ჩამეთვალოს, მით უმეტეს, ბოლო მოვლენების შემდეგ. არც ძალიან მშვიდი ხასიათი მაქვს. ჩვეულებრივად ვღელავ, ვნერვიულობ და ვჩხუბობ ხოლმე, როცა რამე არ მომწონს. ხანდახან ძალიან პირდაპირი ვარ, რის გამოც ახლობლებისგან ბევრ შენიშვნას ვიღებ. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ჩემმა პირდაპირმა პასუხებმა ხომ არ გამოიწვია ჩემი პრობლემები და ემიგრაცია; იმიტომ ხომ არ გავხდი სააკაშვილისა და მისი გუნდის დევნის მსხვერპლი, რომ ბევრი არაფერი დამითმია მათთვის.
– სად ცხოვრობთ ოჯახთან ერთად, როგორ ცხოვრობთ, თქვენი მეუღლე და შვილები რას საქმიანობენ, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი და თქვენი ოჯახის მომავალი?
– გერმანიაში ვცხოვრობ მეუღლესთან და ორ უმცროს შვილთან ერთად. უფროსი მეორე კურსის სტუდენტია – ინგლისში ლიდსის ხელოვნების ინსტიტუტში სწავლობს; უმცროსები გერმანიაში არიან, ოღონდ, ინგლისურ სკოლაში დადიან. ჯერჯერობით გერმანიაში ვცხოვრობთ. მე მომწონს აქ ცხოვრება, რასაც ვერ ვიტყვოდი ჩემს მეუღლეზე. მას გული უფრო საქართველოსკენ მოუწევს. ბავშვები არდადეგებს თბილისში, მშობლიურ სახლში ატარებენ. მადლობა ღმერთს, აღარავინ გვიკრძალავს ჩვენს სახლში ყოფნას. უცხოეთში ცხოვრებამ ბევრი რამ გვასწავლა. ვერ ვიტყვი, რომ ემიგრაციის 8 წელი სრულიად ფუჭი და დაკარგულია, მაგრამ, სახლში ყოფნას მართლაც არაფერი სჯობს – იქ, სადაც იცი, რომ სტუმარი არ ხარ.
– რა პროფესიის ხართ, რაზე ოცნებობდით?
– ჩვეულებრივი საბჭოთა ბავშვი ვიყავი, რომელსაც ბანალური ოცნება ჰქონდა, როგორც ყველას – მინდოდა მეხანძრე, მძღოლი ან კოსმონავტი ვყოფილიყავი. ცოტა რომ წამოვიზარდე, (12-13 წლის ვიქნებოდი), ინჟინრობამ მომხიბლა. მაშინ ოჯახთან ერთად ბორჯომიდან სახლში ვბრუნდებოდით, რიკოთის უღელტეხილზე მასშტაბური მშენებლობები რომ დავინახე, გავგიჟდი, ისე მომხიბლა და ვთქვი: მორჩა, გადავწყვიტე, ინჟინერი გავხდე-მეთქი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩნდა შანსი, რომ ადამიანი უფრო თავისუფალი ყოფილიყო. გვქონდა მეტი არჩევანი. ბიზნესი ჩემი ხასიათისთვის გაცილებით მისაღები აღმოჩნდა. მიყვარს თავისუფლება და დღემდე ასე მოვდივარ. ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი სხვის მიერ შექმნილი რაღაც სტრუქტურის ნაწილად. 1992 წლიდან დღემდე ათზე მეტი კომპანიის ჩამოყალიბებაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. კომპანიებს ვმართავდი გარკვეული პერიოდით და, როცა საქმე უკვე კარგად მიდიოდა ვტოვებდი და ახალ საქმეს ვიწყებდი. არ მიყვარს აწყობილი, დალაგებული და უშფოთველი საქმე; მიყვარს ახალი გამოწვევები. ის კომპანიები, რომლებიც პარტნიორებთან და თანაგუნდელებთან ერთად შემიქმნია, შვილებად მიმაჩნდა. კარგია, რომ ადამიანებისგან განსხვავებით კომპანიების გაცოცხლება და აყვავება თავიდან არის შესაძლებელი. სწორედ ამ გეგმის ნაწილია „რუსთავი 2-ის” დაბრუნება და მისი გაკეთილშობილება.
– შეცდომებს ყველა ვუშვებთ. თქვენ რა შეცდომები გაქვთ დაშვებული და მათგან რა გინანიათ და რა არა?
– უდიდესი შეცდომა დავუშვი ადამიანების გამოცნობაში, მხედველობაში მყავს ოქრუაშვილი, ადეიშვილი, კუბლაშვილი თუ მათი თანაპარტიელები. ვარდების რევოლუციის შემდეგ დახმარება და თანადგომა მთხოვეს. ვიფიქრე, ახალგაზრდა, პროგრესული ადამიანები არიან, ქვეყნისთვის ანთებულები და მივეხმარები-მეთქი, მაგრამ, შევცდი. მაქსიმალურად გამომიყენეს და გაგვანადგურეს, განგვაკულაკეს, წვალებით მოპოვებული გადაწვეს ან მიითვისეს, იმის გამო, რომ მე სააკაშვილის სურვილებს არ ვემორჩილებოდი. სირცხვილია იმის დაბრალება, რომ მე მათ დავალებას ვასრულებდი, რაც ამ ბოლო დროს მიტინგებზე ისმის ნაციონალების თუ მათი სატელიტების მხრიდან. მაგრამ, არ ვარ მე ის ადამიანი, რომელსაც ასე მარტივად მოერევა ვინმე. მე მათ შევპირდი, რომ, დრო მოვა და მე ისევ ქიბარი ვიქნები, თქვენ კი აქ აღარ იქნებით-მეთქი. ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი.
როგორც წესი, სააკაშვილს უნდა, რომ, ან ყველაფერი მისი იყოს ან არ არსებობდეს საერთოდ – ქვეყანა, ხელისუფლება, ტერიტორია თუ ტელევიზია. ეს მისი სტილია. ჩემი მხრიდან ყარამანიშვილების დებატებში გამოწვევა მხოლოდ ფორმალური იყო – ვიცოდი, რომ არ გამომეხმაურებოდნენ. ვფიქრობ, ისინი თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ ამ პერიოდშიც და დიდად არ ანაღვლებთ, რაც ახლა ხდება. მე არ მიმაჩნია, რომ დებატებისა თუ მჭევრმეტყველების გურუ ვარ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მიშასთან დებატები ნამდვილად არ გამიჭირდება და საინტერესოც იქნება მაყურებლისთვის. მე მას დავუსვამდი ორ-სამ შეკითხვას და შემდეგ ვისიამოვნებდი მისი მოსმენით, რას მოჩმახავდა. ალბათ, საინტერესო იქნებოდა, საზოგადოებას მოესმინა მისი პასუხი იმაზე, თუ რაზე ვისაუბრეთ მის კაბინეტში 2006 წლის 16 ნოემბერს ან თუნდაც ამ თარიღამდე ნებისმიერ სხვა დროს. მოკლედ... არ არის სააკაშვილი წესიერი ადამიანი.
– წეღან ოქრუაშვილი ახსენეთ. გაჟღერდა, რომ ირაკლი ოქრუაშვილია რეალური მეწილე და არა თქვენ, ანუ, თქვენი აქციები დიდი ხანია, მას გადაეცით და არაფრის მოთხოვნის უფლება არ გაქვთ. ასევე, ითქვა, რომ თქვენ, როგორც მეწილეს, თავის დროზე არცერთ ეტაპზე არ შეგიტანიათ წვლილი ტელეკომპანიის განვითარებაში.
– ეს არის მორიგი ტყუილი მიშას და, შესაბამისად, „რუსთავი 2-ის” მხრიდან. მე მასთან არანაირი კი არა, ცუდი ურთიერთობა მაქვს. მე დიდი წვლილი შევიტანე „რუსთავი 2-ის” განვითარებაში – კომპანია, რომელიც ბანკროტად იყო გამოცხადებული, წუმპიდან ამოვათრიე. ახლა კი ამბობენ, რომ ის პერიოდი, როცა მე ვიყავი მფლობელი, თითქოს ყველაზე ცუდი იყო „რუსთავი 2-ის” ისტორიაში. მოკლედ ვიტყვი: რთული იყო 2004 და 2005 წლების შემდეგ, მას მერე, როცა უკვე ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა. 2006 წელს კომპანიამ მოიგო იმაზე მეტი, ვიდრე ნიკა გვარამიას ხელმძღვანელობის მთელ ეტაპზე. დავამატებ, რომ მაშინ არ ვერეოდი სარედაქციო პოლიტიკაში (ერთადერთი და ისიც წარუმატებელი მცდელობის გარდა) და არასდროს არ გამიშვია სამსახურიდან ჟურნალისტები, მით უმეტეს, ესემესებით. ვიმედოვნებ, რომ „რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებს მომავალში ასეთი უტიფარი ტყუილების ლაპარაკი აღარ მოუწევთ. გვარამია უნდა შეიცვალოს. გვარამია იქ მენეჯერი კი არ არის, ის იქ ზედამხედველია. მისი მისვლის შემდეგ გაუშვეს ისინი, ვისი დამორჩილების ეჭვიც ჰქონდათ; კამერები დააყენეს ყველა კუთხე-კუნჭულში, რომ კარგად ეთვალთვალათ. ამის გამო ხალხმა სამსახურიც კი დატოვა. „რუსთავი 2-ში” მოშლილია თანამშრომლობის მოტივირების სისტემა. ეს პრობლემები მოსაგვარებელია. „რუსთავი 2“ იქნება გაცილებით უკეთესი, დაბალანსებული ტელევიზია. მისი კარი ღია იქნება ყველა მოქალაქისა თუ პარტიისთვის; მათ ექნებათ სამართლიანი გარემო პაექრობისთვის. არავითარი სურვილი არ მაქვს, რომ პროფესიონალები უმუშევრები აღმოჩნდნენ. მე ვთხოვ მათ, დარჩნენ სამსახურში და გააგრძელონ საქმე, თუკი ის მათ მოსწონთ. პირობას ვდებ, რომ მათ ეყოლებათ ღირსეული ხელმძღვანელობა და არ ექნებათ პარტიული დავალებები. გპირდებით სასიამოვნო სიურპრიზებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოეწონება აბსოლუტურ უმრავლესობას, მიუხედავად იმისა, ვინ რომელ მხარეს დგას. ეს არის შანსი, ჩემი შვილები იყვნენ ამაყად იმით, რასაც გავაკეთებ და მე ამ შანსს ბოლომდე გამოვიყენებ. ყველას გთხოვთ მოთმინებას და გისურვებთ მშვიდობას!
– ერთიც მინდა გკითხოთ: რატომ დაიწყეთ დავა მაინცდამაინც ახლა, არჩევნების წინ და არა ორი სამი წლის წინათ ანუ მაშინვე, – როგორც კი ხელისუფლებაში „ოცნება” მოვიდა?
– პირველი საჩივარი შევიტანე 2008 წელს, მერე განმეორებით მივმართე 2009 წელს, მაგრამ მაშინ საქმე არ აღძრულა და არავინ დამკავშირებია. 2013 წელს მივმართე პროკურატურას, რაზეც საქმე აღიძრა და მივეცი ჩვენებები. მაგრამ, ამჟამად რა ეტაპზეა ეს საქმეები, არ ვიცი, რაც ამ გარემოებასაც ამძიმებს და ჩემთვისაც მიუღებელია (ეს ეხება სხვა ბიზნესებსაც და ტელეკომპანიასაც, რომლებიც ცალ-ცალკე განხილვად მიდის).