კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შევიდა სკოლაში თემურ წიკლაური ქურთის გვარით და რატომ გადავიდა ის დედის გვარზე

უწყინარი, ენერგიული და კეთილი ბებო, მერი ხარხელაური, უკვე წლებია, თბილისის უბნების სისუფთავეზე ზრუნავს. მალე 80 წლის გახდება, თუმცა, დილის 6 საათიდან საღამომდე მუხლჩაუხრელად შრომობს. მერი ბებოს ქუჩაში შემთხვევით შევხვდით – ურიკიდან ცოცხი ჩამოუვარდა და ჩემმა მეგობარმა მიაწოდა.  გზა ერთი გვქონდა, ამიტომ ბევრი ვისაუბრეთ და, ბავშვობიდან დაწყებული, დღემდე, თავისი ცხოვრება თვალწინ გადაგვიშალა. ბევრი საინტერესო, სამწუხარო თუ სასიხარულო ისტორია გვიამბო – საერთოდ, მოხუცებს ხომ ყოველთვის საინტერესო ამბების მოყოლა სჩვევიათ...

 მერი ხარხელაური: 35 წლის განმავლობაში მარტო ვარჩენდი ოჯახს. ვიდრე თბილისში გადმოვიდოდი, ქვემო ქედში ვცხოვრობდი. ჩემი შვილის გამო წამოვედი აქ საცხოვრებლად – უნდა მემუშავა და ბავშვისთვის მიმეხედა. თბილისში სტუდენტობის დროს ჩამოვედი. გგონიათ, მაშინ ვინმე მჯობდა ფიზიკურად? არა, ნაწნავები წელს ქვემოთ მქონდა... მრავალშვილიანი ოჯახი გვქონდა, მამას ოთხი ცოლი ჰყავდა, პირველი იყო დედაჩემი.
– მართალია, რომ თემურ წიკლაური თქვენი ძმაა?
– ვიდრე თემურის შესახებ მოგიყვებით, მანამდე ჩემს მშობლებზე მინდა გიამბოთ. მამა რევოლუციონერი იყო. დედა ულამაზესი მყავდა.  ორივე პატარაობისას დაობლდა, მამას ბიცოლა ზრდიდა, დედა კი დასთან და სიძესთან ერთად ცხოვრობდა. დეიდაჩემის ქმარმა, იძულებული გახადა დედაჩემი, ოჯახი დაეტოვებინა და ამიტომ გაჰყვა მამაჩემს ცოლად, ისე არ უყვარდა. თავიდან არც სახლი ჰქონდათ და არც ვინმესთან მისასვლელი, მიწის სახლში ცხოვრობდნენ. იმ დროს ბევრს ჰქონდა მსგავსი ორმო – მიწას დიდზე ამოთხრიდნენ, წითელი ქვიშით შელესავდნენ და თავზე ჩალას აფარებდნენ. როდესაც ომი და არეულობა დაიწყო, მამა რევოლუციონერთა რიგებში ჩაირიცხა, რაც დედას არ მოსწონდა. ამ და სხვა რეალური მიზეზების გამო, დედამ მამა სახლიდან გააგდო. მაშინ უკვე ოთხი შვილი ვყავდით: სამი გოგო და ერთი ბიჭი. ერთ წელს დიდი უბედურება დატრიალდა ჩვენს ოჯახში – ჩემი და და ძმა ერთდროულად გარდაიცვალნენ. ყველაზე პატარა ვიყავი დედმამიშვილებში. დედა დღედაღამ მუშაობდა, ამიტომ სულ მარტო მიწევდა სახლში დარჩენა. ღამით შიშისგან კატას ვეხუტებოდი და ისე ვიძინებდი. სამი წლის შემდეგ,  მეგობრის რჩევით, მამაჩემმა მეორე ცოლი მოიყვანა – დარეჯანი, რომელიც თემურ წიკლაურის დედა იყო. მე და თემური მამით ერთნი ვართ, დედა კი სხვადასხვა გვყავს.
– როდის გაიცანით დედმამიშვილებმა ერთმანეთი?
– ბავშვობაში მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მყავდა ორი ძმა და ერთი და. მამას ვნახულობდით იშვიათად და, მის შვილებს, რომლებიც ჩვენგან შორს ცხოვრობდნენ, საიდან ვნახავდით? ალექსიმ, მამაჩემმა, სპორტის ყველა სახეობა იცოდა. შემდეგ პარტიულ სკოლაში გაუშვეს და იქ წერა-კითხვაც ისწავლა. ძალიან კარგი მხედარი იყო. თემური ძალიან ჰგავს მამას ფიზიკურად. ჩვენი გვარი ხერხეულიძეა, შემდეგ გადააკეთეს ხარხელაურად. როგორც თავიდან გითხარით, მამას სულ ოთხი ცოლი ჰყავდა. დედაჩემის შემდეგ – დარეჯანი, მერე – რუსი ანია და, ბოლოს – სომეხი თამარი. ახლა გიამბობთ, როგორ მოიყვანა თემურის დედა ცოლად: მამამ  მეგობრის რჩევა გაითვალისწინა და ამ კაცს წაჰყვა სოფელ ორბეთში, თეთრი წყაროს რაიონში. იქ ცხოვრობდა სამი და, რომლებსაც ოჯახში უფროსი მხოლოდ დედა ჰყავდათ, კაცი არავინ იყო მათთან – ალბათ, ომში დაეღუპათ. ჩემი დედინაცვალი, დარეჯანი, ყველაზე პატარა და ძალიან ლამაზი ყოფილა. ის მოუტყუებიათ, რომ მამას არ ჰყავდა ცოლი-შვილი და ცეკას წევრი იყო. მოკლედ, სასიდედროს მოსწონებია ალექსი და თავისი შვილიც მიუთხოვებია. სამი შვილი ეყოლათ, თემური ყველაზე პატარაა დედმამიშვილებში. მალევე დაიწყო ომი. მამა არ მიჰყავდათ – ენები იცი და აქ გვჭირდებიო, ეუბნებოდნენ, მაგრამ მას არ უნდოდა დარჩენა და იმდენი გააკეთა, რომ მაინც წავიდა საბრძოლველად.  ვიდრე ფრონტზე წავიდოდა, ჩვენს სახლში მოვიდა, მეთამაშა. წასვლისას, მანქანაზე რომ ავიდა, ქუდი გადმომიგდო. მივირბინე, ავიღე ეს ქუდი და გულში ჩავიხუტე – ეს მომენტი დაუვიწყარია ჩემს მეხსიერებაში. თემურის დედა, სამ შვილთან ერთად, მარტო დარჩა. წლები გადიოდა, მამა კი არ ჩანდა. რამდენჯერმე წერილიც მოვიდა, რომ უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული, შემდეგ ისიც გვითხრეს, დაიღუპაო. მარტოხელა ქალს რა უნდა ექნა, ბავშვები ხომ უნდა გაეზარდა? ამიტომ, მეორედ გათხოვდა, ქურთს გაჰყვა. ეს ქურთი მამას ახლობელი იყო, კარგად იცნობდა. დარეჯანს მასთან კიდევ ორი შვილი ეყოლა.  ეს კაცი ზრდიდა ბავშვებს და, არ ვიცი, თემურს ახსოვს თუ არა მამა, მაგრამ, სკოლაში რომ შევიდა, ქურთის გვარი ჰქონდა, შემდეგ დედის გვარზე გადავიდა და წიკლაური გახდა. ჩვენს გვარს იმიტომ ვერ ატარებდა, რომ დარეჯანი და ალექსი ოფიციალურად არ იყვნენ დაქორწინებულები.
– თუ თემურ წიკლაური ნანახი არ გყავდათ, ვინ გითხრათ, რომ ის თქვენი ნახევარძმა იყო?
– ძალიან გვიან გავიგე, რა ნათესავად მეკუთვნოდა თემური; მანამდე მის შესახებ ისიც კი არ ვიცოდი, მომღერალი თუ იყო. მამა წლების შემდეგ დაბრუნდა სახლში და ჩემთან ცხოვრობდა. დარეჯანთან ვერ მივიდა, რადგან  მას უკვე სხვა ქმარი ჰყავდა. ერთ დღესაც, ტელევიზორს რომ უყურებდა, მამამ ტირილი  დაიწყო. რა გჭირს-მეთქი, შევეკითხე და, მაშინ მითხრა: იმ ბავშვს ხომ ხედავ, რომ მიასვენებენ? ის ჩემი სისხლი და ხორცია, ჩემი შვილიშვილი, თემური კი ჩემი შვილიაო. მე არ მაქვს უფლება, მის გვერდით ვიყო, ასეთი გასაჭირის დროს ჩემს შვილს ვერ ვამხნევებ, მე ხომ ვიცი, შვილის სიკვდილი რა მწარეც არისო. ალბათ, მიხვდით, რომ ტელევიზიით თემურის შვილის დაკრძალვის კადრებს აჩვენებდნენ.
– პირადად არ შეხვედრიხართ?
– კი, როგორ არა. ამ ამბავმა რომ ჩაიარა, გადავწყვიტე, გავცნობოდი. მამას შევპირდი, რომ ვნახავდი და მის სათხოვარსაც გადავცემდი,  თუმცა, ვერ მოვახერხე თქმა. მამამ ანდერძი დამიბარა თემურისთვის, მაგრამ, აქ არ ვიტყვი; თუ დააინტერესებს, თავად მოვიდეს და ვუამბობ. თემური ფილარმონიაში ვნახე, „ოქროს საწმისი” რომ დაიდგა, მაშინ – წერილი გადავეცი და ყვავილებიც მივართვი. იმ წერილში მხოლოდ ის ეწერა, ვინ ვიყავი მისი, მე მისგან არასდროს არაფერი მომითხოვია. ბზაც კი ვიყიდე მის სახელზე და დავრგე. დარწმუნებული ვარ, წერილის წაკითხვის შემდეგ ცდილობდა ჩემს პოვნას, მაგრამ ვერ შეძლო. მე ხომ სულ ქირით ვცხოვრობ და, ხან სად ვიყავი, ხან – სად, ერთი მისამართი არასდროს მქონია. მიუხედავად ჩემი რთული ცხოვრებისა, არავითარ შემთხვევაში, არასდროს არ მივმართავ დასახმარებლად. ვიდრე მკლავში ძალა მაქვს და მუშაობა შემიძლია, თავად მივხედავ თავს, შემდეგ კი დახმარებას მხოლოდ ღმერთს ვთხოვ.
– დიდი ხანია, მეეზოვედ მუშაობთ?
– ძალიან. ადრე ვკერავდი კიდეც, კარგი სამსახურიც მქონდა, მაგრამ, ცხოვრებამ ისე მოიტანა, საბოლოოდ, მეეზოვე დავრჩი. სტუდენტობის პერიოდშიც მეეზოვედ ვმუშაობდი – ოთახის ქირა, აბა, რითი უნდა გადამეხადა?! შრომას ყოველთვის მიჩვეული ვიყავი, ერთი შვილი გავზარდე ასე წვალებით. მარტო ვცხოვრობ, ბევრს ვმუშაობ და ასე ვირჩენ თავს.

скачать dle 11.3