ლიდის ღვთისმშობლის ხატის სასწაულებრივი მოგზაურობა ზღვაზე
მას შემდეგ, რაც რომის პაპმა მერვე საუკუნეში რომის, ანუ ლიდის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი წმიდა პეტრეს სახელობის ტაძრის საკურთხეველში დააბრძანა – ხატს სასწაულების აღსრულება არ შეუწყვეტია. განვლო 112 წელმა და ქრისტეშობიდან 842 წელს კონსტანტინეპოლში იმპერატორი მიხეილი გამეფდა, რომელმაც ხატთა თაყვანისცემა აღადგინა. ამ ამბის შემდეგ რომში ბევრმა შეამჩნია, რომ ლიდის ღვთისმშობლის ხატი დროდადრო რხევას იწყებდა, რამაც რომაელები ძლიერ შეაშინა და შეაშფოთა. ერთხელ, როდესაც ტაძარში წირვას თვით რომის პაპი აღასრულებდა, უეცრად ყველას სახილველად, სასწაულმოქმედი ხატი ძლიერ შეირხა, მისთვის განკუთვნილ ადგილს ასცილდა და ჰაერში გაჩერდა. ხელაპყრობილი და შეძრწუნებული ხალხი ყვირილით საკურთხეველს მიაწყდა. შეშინებულებს თითქოს სურდათ, ხატი დაცემისგან დაეფარათ, მაგრამ ღვთისმშობლის ხატი მლოცველებს ზემოთ უხმაუროდ გადაადგილდა და ტაძრის ღია კარში გავიდა. პაპი სერგი და მთელი ხალხი ხატს გარეთ გაჰყვა და დაინახეს, თუ როგორ დაეშვა ის მდინარე ტიბროსის ტალღებზე და ზღვისაკენ ნელა გაცურდა. დამწუხრებული ხალხი ხატს სანაპიროდან მიაცილებდა. პაპმა სერგიმ ხატს ცრემლებით შეჰღაღადა: „ვაი, ჩვენ, ზეციურო დედოფალო, ჩვენგან საით მიდიხარ. ვაითუ ჩვენთანაც გაჩნდეს ხატმებრძოლთა მწვალებლობა, რა მიზეზითაც შენ კონსტანტინეპოლი დატოვე, ვაითუ ახლაც ამიტომ მიდიხარ რომიდან? ო, ყოვლისშემძლეო! როდემდე არ დააცხრობ მწვალებლობის ქარიშხალს, რომელიც ქრისტეს ეკლესიას აღაშფოთებს?“ რომაელები დიდხანს უცქერდნენ ხატის სასწაულებრივ მსვლელობას ზღვაში და დაიშალნენ მაშინ, როდესაც ის უხილავი გახდა.
მალე ხატი კონსტანტინეპოლში ჩაბრძანდა და სამეფო პალატების წინ, ნავმისადგომთან გაჩერდა. მცხოვრებლებმა ის წყლიდან ამოაბრძანეს და დედოფალ თეოდორას მიუტანეს. ყველას ეგონა, რომ ერთ-ერთი იმ ხატთაგანი იყო, რომელიც მწვალებელთა დევნის ჟამს ზღვაში გადაყარეს. უფრო ადრე იმპერატორ მიხეილს და პატრიარქ მეთოდეს რომში მაცნეები ჰყავდათ გაგზავნილი, რომლებსაც კონსტანტინეპოლის ადგილობრივ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება – ხატთაყვანისცემის აღდგენის შესახებ, რომის პაპისთვის უნდა ეუწყებინათ. დესპანებმა რომში ჩასვლისას ქალაქიდან ღვთისმშობლის ხატის სასწაულებრივი გამგზავრების ამბავი შეიტყვეს. ბუნებრივია, მათ ისიც შეიტყვეს, თუ როგორ მოხვდა ხატი რომში. კონსტანტინეპოლში დაბრუნებულმა დესპანებმა ყოველივე იმპერატორ მიხეილს და მის დედას, დედოფალ თეოდორას მოუთხრეს. სწორედ მაშინ გაიხსენეს ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ქალაქის მცხოვრებლებმა ნავმისადგომთან იპოვეს. „ნუთუ ეს ის ხატია, რომელიც ნავმისადგომთან მოცურდა?“ – იკითხეს მეფემ და დედოფალმა. ხატი კონსტანტინეპოლში ჩამოსულ დესპანებს აჩვენეს. მათ მაშინვე იცნეს ის და სიხარულით დაადასტურეს, რომ ეს სწორედ ის ხატი იყო, რომელმაც მათ ჩასვლამდე მცირე ხნით ადრე, რომი დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა. მაშინ მეფემ მთელი სამეფო კარით და პატრიარქმა სამღვდელო დასთან ერთად, სასწაულმოქმედი ხატი ლოცვითა და გალობით, კონსტანტინეპოლის მთელი მოსახლეობის თანხლებით, სამეფო პალატებიდან ჰალკოპრატიაში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გადააბრძანეს. ამის შემდეგ, ლიდის ღვთისმშობლის ხატს, რომში მისი ასწლოვანი მკვიდრობის გამო, რომის ღვთისმშობელიც ეწოდა და ეს მოვლენაა ასევე, 26 ივნისს (ძველი სტილით) აღინიშნება.