ჯერჯერობით რას ვერ იღებენ ამერიკელი ექიმები მეგობრის მიერ ჩაცხრილული ნიკუშა ნატროშვილის სხეულიდან და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
14 უმძიმესი თვე, ნამდვილი გზა ჯოჯოხეთისა, რომელიც ამ ადამიანმა განვლო, ნელ-ნელა დასრულდება. 23 ურთულესი ოპერაცია ამ დროის განმავლობაში, თუმცა ექიმები მის გადარჩენას მაინც ვერ იმედოვნებდნენ. მაშინ, ამ ტრაგედიამ, კიკეთში ბავშვობის მეგობრის მიერ სასიკვდილოდ გამეტებული ნიკუშა ნატროშვილის ამბავმა, თითქმის მთელი საქართველო შეძრა. თოქ-შოუებში მასზე სიუჟეტები მომზადდა. მის დასახმარებლად ყველა გაერთიანდა. დღეს ნიკუშა, მიუხედავად იმისა, რომ მან 60 კილოზე მეტი დაიკლო, ფეხზე დგას კეთილი ადამიანებისა და უპირველესად, დედის, რუსუდან ბოჭორიშვილის დიდი ძალისხმევით. ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადიან მკურნალობას, თუმცა სრულ გამოჯანმრთელებამდე წინ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი. ქალბატონმა რუსუდანმა, ნიკუშას დედამ, უკანასკნელი ძალები მოიკრიბა, რომ ჩვენთვის ინტერვიუ მოეცა, რაც ცხადია, ჩვენდამი დიდ პატივისცემას ადასტურებს.
რუსუდან ბოჭორიშვილი: ბიჭის გაზრდა ძალიან ძნელია, მით უმეტეს, თუ ისეთ ოჯახში იზრდება, რომელშიც მამაკაცი არ არის (მეუღლესთან გაშორებული ვარ და მამაც გარდამეცვალა). ნიკუშა იზრდებოდა ჩემთან და დედაჩემთან. იყო საოცრად დამჯერი, თბილი, კომუნიკაბელური ბავშვი. ადვილად შედიოდა კონტაქტში ყველასთან. გარდატეხის ასაკს რაც შეეხეხება, ისე გაიარა, მართლა არანაირი პრობლემა არ გვქონია. ცელქი ნამდვილად იყო სკოლაში, როგორც ახასიათებთ ბიჭებს, მაგრამ არა პრობლემური. უბანშიც გადიოდა ხანდახან, მაგრამ ისე არა, რომ ოცდაოთხი საათი ყოველი სახლის კუთხეში მდგარიყო. ჰყავს უამრავი მეგობარი. ვინც ძალიან ახლოს იყო ნიკუშასთან, რასაკვირველია, ყველას ვიცნობ. ვიცნობ კი არა, ნიკუშასგან არც კი ვარჩევ, ისე მიყვარს. მათ დედებთან, მამებთან ვმეგობრობ. ჩემგან შენიშვნასაც იღებენ და იციან, რასაც ნიკუშასთვის გავაკეთებ, აბსოლუტურად იგივეს გავაკეთებ მათთვისაც. ახლა, დანარჩენი, კიდევ ვისთან მეგობრობდა და ვისთან არა, ცოტა რთული სათქმელია. მგონი, ნახევარ თბილისს იცნობდა. იმ საშინელ დღეებში მართლა გაკვირვებული ვიყავი, იმდენი მოდიოდა, მიყვებოდნენ თავიანთ ამბებს, თუ როგორ დაუდგა ნიკუშა მათ გვერდში, როცა რაღაც უჭირდათ. საერთოდ, მე ძალიან კრიტიკული დედა ვარ. ასეთი ვიყავი ყოველთვის. დღემდე ბევრ შენიშვნას ვაძლევ ჩემს შვილს. ბევრი რაღაც არ გაუთვალისწინებია და ძალიან კარგად იცის ნიკამ – ის, რაც არ გაითვალისწინა, იქ ცხვირიც წაიმტვრია. სამწუხაროდ, ნიკა პატარა იყო, როცა მე და მამამისი ერთმანეთს დავშორდით. რაღაც პერიოდი მამასთან ურთიერთობა ნაკლები ჰქონდა. დღეს ბედნიერი ვარ, რომ მეგობრული ურთიერთობა უფრო აქვთ, ვიდრე მამაშვილური.
– რამე წინათგრძნობა, მინიშნება, თუნდაც სიზმარში თუ გქონდათ?
– წინათგრძნობა მქონდა კი არადა, წინა ღამეს ვნახე საოცარი სიზმარი: ქაშუეთის ეკლესიასთან მივდიოდი. უცბად ჩემ წინ აღმოჩნდა დიდი, შავი უფსკრული და ზედ ფიჩხები იყო გადებული. ადგილზე გავშეშდი, ვფიქრობ, ახლა ოდნავ რომ გავმოძრავდე, ჩაიმტვრევა, ჩავვარდები და რა გავაკეთო-მეთქი. ამ დროს ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გამომეცხადა მშვიდი სახით. მისი მინიშნებით პირით ისევ რუსთაველის გამზირისკენ შემოვბრუნდი. იქვე, დავინახე, რაღაც საფეხურებივით იყო ასასვლელი. ფეხი რომ უნდა ამედგა, ძალიან ძნელად ავდგი. მეორე დღეს კი ეს ამბავი მოხდა. მე ჯერ არაფერი ვიცი. საღამოს მაღაზიაში შევიარე, პროდუქტები ვიყიდე. როცა სახლის კარს მივუახლოვდი და უნდა გამეღო, ვერ შევძელი გასაღები გამეკეთებინა. მივხვდი, რომ ფეხქვეშ მიწა მეცლება. კართან დავყარე ეს პარკები და დავეცი. შემთხვევით მეზობელი გამოვიდა და რომ დამინახა, მეცა, წამომაყენა, შემიყვანა თავისთან სახლში. წამლები დავლიე, სხვათა შორის, წნევა ნორმალური მქონდა, უბრალოდ, გულის რაღაცნაირი შეტევა დამემართა. სახლში რომ შევედი, 10-15 წუთში ნორმალურად გავხდი. მთელი საღამო ვეკითხებოდი თავს, რა იყო ეს, რა დამემართა, ნეტავ რა მაგრძნობინა გულმა-მეთქი. სხვათა შორის, მე რამდენადაც ვიცი, მამამისსაც ასე დამართნია იმ საღამოს. თავის ამხანაგთან გული გაუხდა თურმე ცუდად.
– რამდენად იყავით ჩახედული მის პირად ცხოვრებაში – ვისთან რა ურთიერთობა ჰქონდა, სად მიდიოდა, მოდიოდა... ლაპარაკობდა თქვენთან ამაზე თუ არა?
– მეტ-ნაკლებად მისი პირადი ამბები ვიცოდი. ჩვენს შორის მეგობრული ურთიერთობაა და არც არასდროს დაუმალავს, თუ მაგალითად, ვინმე გოგოს მიმართ რამე გრძნობა ჰქონდა. მაგრამ, როცა მარი გამოჩნდა მის ცხოვრებაში, ეს თვალსაჩინო გახდა. ამას დიდი გარკვევა არ სჭირდებოდა, რადგან მარისთან რომ იყო ნიკა, ასე არავისთან ყოფილა და ეს მკაფიოდ იგრძნობოდა. რასაკვირველია, ვუთხარი ერთსაც და მეორესაც – ნუ იჩქარებთ, ჯერ ადრეა, იქნებ ცოტა ხანს გაჭიმოთ ეს ურთიერთობა. ჯერ ისწავლეთ-მეთქი. მაგრამ, როგორც ხდება, ახალგაზრდებს ერთმანეთი უყვართ და ერთად ყოფნა გადაწყვიტეს. რასაკვირველია, წინ ვერ აღვუდგებოდი. ძალიან ბევრი რამ თავის თავზე აიღო ნიკუშამ. იმ პერიოდში მუშაობა დაიწყო. მამა რომ გახდა, ვერ გეტყვით, დადინჯდა, დასერიოზულდა და სახლში ჩაჯდა-მეთქი. როგორი აქტიური და ხუმარაც იყო, ისეთივე დარჩა. ხუმრობით ტინგიცასაც ვეძახდი. გიჟდება თავის შვილზე, ისე უყვარს. ახლაც, აქ რომ ვართ, ვერცერთი ვერ ვიხსენებთ მას უცრემლოდ. ორივეს გვენატრება.
– – ასეთი განსაცდელის დროს იბნევი, არ იცი, რა და როგორ გააკეთო. პირველი, რაც გესაჭიროება, არის თანხები, თან, ძალიან დიდი რაოდენობით. თქვენთვისაც, ალბათ, ძალიან მძიმე იყო ამაზე ფიქრი. ამ დროს მხოლოდ ერთზე ფიქრობ, გადარჩება თუ არა...
– რასაკვირველია, იმ წუთებში, რომელ ფინანსებზე იყო საუბარი, მაგაზე, რა თქმა უნდა, ვერ ვიფიქრებდი. ჩემთვის მთავარი იყო, ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მამამისმა მთელი გაყიდული სახლის ფული დაახარჯა, რა თქმა უნდა, ისე, რომ უკან არ დაუხევია, რაზეა ლაპარაკი. მერე, როცა ეს ფინანსები ამოვწურეთ, აღმოვჩდნით გამოუვალ მდგომარეობაში. მამამისი შუა აზიაში წავიდა სამუშაოდ, მაგრამ, სანამ ის რაღაცას მოახერხებდა, მე აქ ბავშვი მყავდა მისახედი და ეს საკამოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, ასტრონომიულად დიდ თანხებთან. ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. ჩვენი ამბავი გაიგო „იმედის“ ტელევიზიის თანამშრომელმა და გააკეთეს გადაცემა ნიკუშაზე. ეს ზუსტად ის მომენტი იყო, როცა ჩვენ დაგვიყენეს საკითხი. თუ გინდათ, თქვენი შვილი გადაარჩინოთ, უნდა წაიყვანოთ უცხოეთში, იმიტომ რომ, აქ, საქართველოში ყველაფერი ამოწურულია, ვერანაირად წინ ვეღარ წავალთო. მართლა ჩემს ყველანაირ ფანტაზიას გასცდა ის ერთსულოვნება, მხარდაჭერა და ერთგულება, რაც ნიკუშასთვის გააკეთა ამ ხალხმა. ეს იყო უფლის დიდი წყალობა ნამდვილად, ამის გარეშე ეს არ მოხდებოდა. ნიკუშას ამბავმა ყველა გააერთიანა. მოკლედ, ყველას მადლობელი ვარ – რადიო-ტელევიზიების, კლინიკის თანამშრომლების, ყველასი. მეშინია, ვინმე არ გამოვტოვო და გული არ ვატკინო.
– ამჟამად როგორი მდგომარეობაა? „ფეისბუქზე” ნიკუშას ფოტო ვნახეთ, სპორტულ სამოსში კლინიკის წინ დგას.
– ჯერჯერობით 14 თვეა გასული და კიდევ ვერ გავედით ბოლოში. გვერდითა მხრიდან, სადაც შემავალი ჭრილობა ჰქონდა, ჩარჩენილი აქვს ტყვიის დიდი ფრაგმენტი. ოღონდ ამას ჯერჯერობით ხელი ვერ მოჰკიდეს აქაუარმა ექიმებმა, იმიტომ რომ, კიდევ ახალი ინფექციური წყაროს გავრცელების შეეშინდათ. მუცლის პრობლემა უნდა მოგვარდეს მთლიანად, ნაწლავური ფუნქცია აღდგეს და მხოლოდ ამის შემდგომ შეძლებენ ტყვიის ამოღებას. ანუ, ეს ოპერაცია კიდევ წინ გვაქვს. დანარჩენი – მეტ-ნაკლებად, ცდილობს, რომ იაროს და ვატარებთ. მოკლედ, რაღაც დრო ამ რეაბილიტაციისთვის გვჭირდება. თუ რამე წამება და ტკივილი არსებობს ამ ქვეყანაზე, ალბათ, ყველაფერს ამ ბავშვმა გაუძლო. სულ ვამბობ: თურმე როგორ ჰყვარებია სიცოცხლე და როგორ ვყვარებივართ უფალს, რომ შევძელით და დღევანდელ დღემდე მოვედით.
– ამ მდგომარეობამ შეგცვალათ?
– ძალიან შემცვალა. ჯერ ერთი, გავხდი ბევრად მორწმუნე, ვიდრე ვიყავი. ეს ჩალურჯებული მუხლები კიდევ ვერ მოვიშუშე ეკლესიაში ამდენი მუხლებზე ხოხვით. ერთ დასკვნამდე მივედი – მართლა, სულ ერთი წამია ჩვენი სიცოცხლე. ძალიან ბევრ და ზედმეტ რაღაცეებზე ვხარჯავთ ენერგიას, ვიშლით ნერვებს. ახლა კიდევ უფრო მიმტევებელი გავხდი, ვიდრე ვიყავი. ერთადერთი, რაც შეიძლება, გულთან მიიტანო და ინერვიულო, ოჯახის წევრების ჯანმრთელობაა. დანარჩენი, ყველაფერი სისულელეა. უფალი მოწყალეა. ყველანაირი კრიტიკული მდგომარეობიდან მაინც მოუძებნის გამოსავალს ადამიანს. ექიმები აფრთხილებდნენ ჩემს ახლობლებს, მეგობრებს, რომ ამაღამ შეიძლება, ვერ გაატანოს და არ დატოვოთ რუსიკო მარტოო. ჩემი, უკვე სახლში წასული მეგობრები, ნელ-ნელა უკან ბრუნდებოდნენ. ხომ ვხედავდი, რაც ხდებოდა და აი, ასეთ, კრიტიკულ მომენტებში, უცებ, საიდაღაც რომელიღაც მამაო ჩნდებოდა ჩვენთან. თუნდაც პირველივე დღე, რის ფასად დამიჯდა. როდესაც საავადმყოფოში მიმიყვანეს, ვიცოდი, რომ ფეხშია დაჭრილი მსუბუქად. ვეკითხები ექიმებს, ნიკოლოზ ნატროშვილის დედა ვარ და აბა, როგორ არის-მეთქი, შევატყვე, რომ პასუხს არავინ მცემს. მხოლოდ მეუბნებიან: იცით, ქალბატონო, დაელოდეთ, ექიმი გამოვა და თვითონ გიპასუხებთო. მივხვდი, რომ დიდი უბედურება ხდებოდა ჩემს თავს. ოპერაციის შემდეგ მე და ნიკას მამა ექიმმა თავისთან შეგვიყვანა და გვეუბნება: თქვენ მშობლები ხართ, ვერაფერს დაგიმალავთ. ეს არის უმძიმესი მდგომარეობა და ალბათ, ჩვენ ამ პაციენტს ვერ გადავარჩენთ. ყოველ წუთს მზად უნდა იყოთ ამისთვისო. გარეთ გამოვედი და ჩემს თავს ვეკითხებოდი: მე, ახლა ნორმალური ადამიანი ვარ? ასეთი რამ ექიმმა მითხრა ჩემს ერთადერთ შვილზე და იქიდან ცოცხალი როგორ გამოვედი-მეთქი. ყველაზე პარადოქსული ის არის, ექიმმა ეს რომ მითხრა, პირველი აზრი, რამაც თავში გამიელვა, იყო: რა სისულელეებს ბოდავს ეს ექიმი, რას ჰქვია, არ გადარჩება-მეთქი. თუ გული თავისით არ გამისკდებოდა, უნდა გამოვსულიყავი და იქვე მომეკლა თავი. აბა, ჩემს ცხოვრებას რაღა აზრი ჰქონდა საერთოდ. მაგრამ სადღაც, გულის სიღრმეში არ ვკარგავდი ოპტიმიზმს... მაშინ უცხოეთში ყოფნაზე საერთოდ არ იყო ლაპარაკი. კლინიკის წინ ვიდექი და თითქოს ნიკუშას ჩემს აზრებს ვუგზავნიდი: ახლა არ გაბედო, დედა და არ დამტოვო მარტო. მზის ამოსვლას ერთად უნდა შევხვდეთ მე და შენ-მეთქი. ასე ველაპარაკებოდი ჩემთვის გულში. ალბათ, არ ვიყავი ნორმალური, მართლა არ ვიცი, რა მჭირდა და ნიკა რომ კონტაქტური გახდა, ეს იყო საოცარი მომენტი. თვითინ არ ახსოვს. მერე ისევ დამძიმდა. დიდი ოპერაცია გაუკეთეს. ისევ ჩართეს აპარატზე, ისევ გათიშული იყო. მაგრამ, პირველად რომ აზრზე მოსვლა დაიწყო, ყველაზე კარგად მახსოვს, როგორ მელაპარაკებოდა თვალებით. მერე ანბანი მივუტანეთ და ასოებს თითით ვუჩვენებდით, ცნობიერებას ვამოწმებდით. კარგა ხანი იყო გასული, რომ ჩურჩულით, პირის მოძრაობა დაიწყო. ეს ისეთი ბედნიერება იყო...