სად აღიარა თავისი შეცდომები სიმონ ჩიქოვანმა და რა დაუჯდა მას ძვირად
„...მკერდში ვარამი ვეღარ ჩავტიე, გული მეწვის და ვერავის ვუმხელ, სამშობლოვ, შევცდი და მაპატიე…“ სიმონ ჩიქოვანი ქართული საბჭოთა მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენლად, იმდროინდელი საზომით, „სანდო, უმწიკვლო, ოფიციოზად” ითვლებოდა. მისი ლიტერატურული წარსული, დაკავშირებული ქართული ფუტურიზმის ხანმოკლე ისტორიასთან, თვით პოეტის მხრიდან სერიოზული დათმობების ფასად იქნა „დავიწყებული”... მისი ავტორიტეტი ხელშეუხები გახდა, ისევე როგორც მისი ლიტერატურული გემოვნება.
„ქრესტომათიური პეწით” შემკული საბჭოთა პოეტის იერსახეს მაშინ ერთგვარად მატერიალური კეთილდღეობა ავსებდა... სიმონ ჩიქოვანიც გმირთა მოედანზე აგებულ პირველ მაღალსართულიან სახლში ცხოვრობდა, რომელიც სტალინური ფსევდოკლასიკური სტილით იყო შესრულებული. მისი ბინა ერთდროულად ასრულებდა საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკის, ანდერგრაუნდული მხატვრობის მცირე საგამოფენო დარბაზისა და ტრადიციული, ლიტერატურული სალონის ფუნქციას. მასპინძელთა სტუმართმოყვარეობის მაღალი კულტურით, განსაკუთრებით რუსი პოეტები იხიბლებოდნენ... ცოტა ვინმემ თუ იცოდა მაშინ, რომ გულთბილი მანსპინძლების – სიმონ ჩიქოვანისა და მარიკა ელიავას შვილი, ნიკა, სინამდვილეში, რეპრესირებული მარიკას ძმის, ზურაბ ელიავასა და მისი მეუღლის, თინათინ ქუთათელაძის ვაჟი გახლდათ. ამ ოჯახში კი ჩუმი ცრემლები იღვრებოდა ძმასთან ერთად დახვრეტილი მამის, ნიკოლოზ ელიავას, ქმრის შემდეგ მოულოდნელად გადასახლებული რძლისა და უდედმამოდ დარჩენილი ბიჭის გამო. მარიკა ელიავამ, როგორც სიმონ ჩიქოვანის ერთგულმა მეგობარმა, რეპრესიების მორიგი ტალღის მოლოდინში „ნაფუტურისტალი” ქმრის არქივიც „მოაწესრიგა”, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბევრი ღირებული ჩანაწერი სამუდამოდ დაიკარგა. მაგრამ, „ხელნაწერები არ იწვიან” და მრავალი წლის შემდეგ, სიმონ ჩიქოვანის არქივში, მაგიდის უჯრაში ღრმად ჩამალული ორი ავტოგრაფი აღმოჩნდა: პაოლო იაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი დაუმთავრებელი „გაუჩალხავი” ლექსი და რაც განსაკუთრებით მოულოდნელი იყო, 1956 წლის 9 მარტის მოვლენების ამსახველი პოეტური მონოლოგი – უფრო აღსარება, რომელიც ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ერთი კონკრეტული ფაქტით აღძრული შთაბეჭდილება. ის პოეტის მიერ განვლილი შემოქმედებითი ცხოვრების სრული გადაფასების მცდელობაა. პაოლო იაშვილის სიკვდილზე დამწუხრება და ამ განცდის რაიმე ფორმით გამოხატვა, მიუტევებელ ცოდვად ითვლებოდა. როგორც ჩანს, სიმონ ჩიქოვანის მეხსიერებას პოეტთან უკანასკნელი შეხვედრა შემორჩა... „უკანასკნელად მე და შენ ასე გამოვეთხოვეთ ერთიმეორეს. შენი სიკვდილის კართან ვიდექი… თურმე ვიდექი სიკვდილის კართან… მე არ მეგონა, თავს თუ ასე გაიმეტებდი. მე არ მეგონა, თავს თუ ასე გაიმეტებდი…”
...1956 წლის 25 თებერვალს ისტორიულმა მეოცე ყრილობამ დახურული წესით მოისმინა ახალი პარტიული ხელმძღვანელობის მოხსენება, „პიროვნების კულტისა და მისი შედეგების” შესახებ, რომელიც სტალინისა და მასთან ერთად, სოციალიზმის სრული დისკრედიტაციის, ანუ „დასასრულის დასაწყისის” მიზეზად იქცა. ათიოდე დღის შემდეგ, 9 მარტს თბილისში ამას მოჰყვა, რეზო ჭეიშვილის სამართლიანი შეფასებით, „უგუნურთა აქცია”, რომელმაც ძირითადად გამოუცდელი ახალგაზრდების სიცოცხლე შეიწირა. სიმონ ჩიქოვანი სწორედ ამ უაზრო მსხვერპლშეწირვაში იდანაშაულებს თავს: „წუხელ ქურდულად მესროლეს ტყვია, ტყვია ამცდა და ჩემს ბავშვებს მოხვდა… ოცი დაჭრეს და ოცივე მოკვდა, – რას ვიფიქრებდი, ხმა ჩამიწყდება, ვერ დავიფარავ მკერდით პატარებს. ჩემი ოცნება აქ დამიწდება და გზებზე მარტის წყევლა მატარებს… მე მესროლეს და ბავშვები მოკლეს, დამჭრეს და პირი დამიხშვეს წუხელ. მკერდში ვარამი ვეღარ ჩავტიე, გული მეწვის და ვერავის ვუმხელ, სამშობლოვ, შევცდი და მაპატიე… მტკვართან აპრილი არ მოვა წლეულს, ნაპირებს კვებავს სისხლის ტბორები და საქართველოს დაჩეხილ სხეულს ჭრილობებს ვბან და ვეამბორები”. ეს ლექსი, ცხადია, პოეტის დღემდე გამოცემულ არც ერთ კრებულში არ შესულა... დედანი გაკრული, ნერვიული ხელწერითაა შესრულებული. ამიტომაც, მისი ამოკითხვა ზოგან ძლიერ გაჭირდა. (წყარო – ლიტერატურის ინსტიტუტი).
ჩვენი ისტორიოგრაფია დიდად არის დამძიმებული მითებით. თანაც, არა მხოლოდ ისტორიოგრაფია. ამიტომაც სრულიადაც არ აზვიადებს ერთი რუსი ჟურნალისტი, როდესაც ამბობს: „ქართველებს ძალზე უყვართ ათასნაირი მითის გამოგონება და სრულიად გულწრფელად, როგორც პატარა ბავშვებს, სჯერათ ყოველი სასწაულისა” (იხ. გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა”, 15 ივნისი, 2006 წელი). ამჯერად ლიტერატურის სფეროში მოარულ მითზე შევჩერდებით. ცნობილია, რომ 1951 წლის დასაწყისში „ხალხთა” და მსოფლიო „პროლეტარიატის ბელადის,” იოსებ სტალინის შეკვეთით, ეგრეთ წოდებული, საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა, კანდიდ ჩარკვიანმა, სასტიკად გააკრიტიკა ჩვენი დიდი პოეტი და მამულიშვილი ვაჟა-ფშაველა როგორც ენის, ისე მსოფლმხედველობის თვალსაზრისით. დიდი ბელადის ახირებას წინ ვინ დაუდგებოდა და პარტიულმა აქტივისტებმა, პოეტებმა, მწერლებმა, მეცნიერებმა და სხვებმა კვერი დაუკრეს მას. მართალია, იმხანად სკოლებში ვაჟას გვასწავლიდნენ, მაგრამ სამი წლის განმავლობაში, არ წყდებოდა ვაჟა-ფშაველას განქიქება. არ იბეჭდებოდა მისი წიგნები. კაცმა რომ თქვას, ვინ იქნება დღეს წინააღმდეგი, რომ პატივი მივაგოთ იმას, ვინც გაბედა და შეეწინააღმდეგა კომუნისტური ხელისუფლების ხუშტურებსა და სისულელეს?!. წერილობითი სახით, დოკუმენტურად პირველად ის დაფიქსირებულია მწერალ ლადო ავალიანის წიგნში. „დიდი სიჩუმის ექო”. ავტორი სიმონ ჩიქოვანის შესახებ გვიყვება: „…არასდროს ლიტერატურის ინტერესებზე მაღლა არ დაუყენებია „სავარძელი”... ამას თვალსაჩინოდ ადასტურებს ახლო წარსულში ვაჟასადმი ენის საკითხში (არა მარტო ენის) შეჭიდების ცდა და ამ „ჭიდილში” სიმონ ჩიქოვანის პოზიცია. იმ ვითარებაში და იმ დროს, რომ ვაჟას ენობრივი პოზიცია დაეცვა, ერთი შეხედვით, ეს აღემატებოდა ყოველგვარ ადამიანურ გამბედაობას და გამორიცხავდა კეთილგონიერებას, მით უმეტეს, დიდი პოსტის მფლობელთათვის. მართალია, მან ეს გაბედული ნაბიჯი ერთგვარი, მისთვის დამახასიათებელი დიპლომატიური ტაქტით გადადგა, მაგრამ… როგორც ბევრს ახსოვს, სიმონ ჩიქოვანს ეს გაბედული ნაბიჯი ძვირად დაუჯდა”... მწერალ ოთარ ჩხეიძის ნაამბობის მიხედვით: „სიმონ ჩიქოვანი, მაშინ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, გამოვიდა პარტიულ კონფერენციაზე, გამოვიდა და დაიცვა სტილი ვაჟა-ფშაველასი... გამოვიდა და იცოდა, თუ რაც მოჰყვებოდა ასეთ გამოსვლას, წინასწარ იცოდა… გამოსვლის წინ, ის მარტო გახლდათ თავმჯდომარის ოთახში. მიჰყვებოდა ფანჯრის ძგიდესა. ბაღს გადაჰყურებდა... კარი რომ შევაღე, შემობრუნდა. გამიღიმა და ღიმილს არ ჰგავდა ღიმილი. რაღაცამ აჰკრა და სახე აელეწა. ასე წამოჰკრიფა ქაღალდები მაგიდიდან. ჯერ დაახვია, დაახვია, დააგორგალა, მერე გაშალა. გაკეცა. ჯიბეში ჩაიდო. თვალი მოავლო თავმჯდომარის ოთახსა. ერთი მოავლო, რომ ეთხოვებიან, ისე მოავლო თვალი. გამომემშვიდობა მეც ისე, იმგვარადა, რო ეგონა, მხოლოდ იმას მოჰხსნიდნენ”... ამას გვიყვება თვითმხილველი, მოწმე იმისა, თუ როგორ ემზადებოდა სიმონ ჩიქოვანი დიდი ნაბიჯის გადასადგმელად! ამას დაუმატეთ ისიც, რომ ბატონი ოთარ ჩხეიძე იმ დროს მწერალთა კავშირის მდივანი გახლდათ... ზემოაღნიშნულს დავუმატოთ თავისებური მოწმის, ბატონ ნიკა ჩიქოვანის (სიმონ ჩიქოვანის შვილობილის) მონათხრობი: „ყველასათვის ცხადი იყო, რომ თვითონ კანდიდ ჩარკვიანი ვერ იქნებოდა ვაჟას ამ „დევნის” ინიციატორი. რომ იგი ასრულებდა სტალინის დავალებას. ამიტომ, ყოველგვარი დისკუსია კარგავდა აზრს. აქვე, იგი გადასწვდა სიმონს და გიორგი ლეონიძეს, საბჭოთა კრიტიკისთვის ტრადიციული ბრალდებით, ბუნდოვანებასა და ფორმალიზმში. სიმონი და გოგლა გამოვიდნენ სიტყვით, აღიარეს თავიანთი „შეცდომები” და აღუთქვეს კონფერენციას, რომ გაითვალისწინებდნენ ამხანაგ კანდიდ ჩარკვიანის კრიტიკას შემდეგ მუშაობაში”... ისე, ამავე მთხრობელის მიხედვით, სიმონ ჩიქოვანის მეუღლე, ქალბატონი მარიკა, დიდად პრინციპული ქალი ყოფილა და მოხსენიებული პარტიული თავყრილობის შემდეგ, მწერალთა კავშირის პლენუმის წინ, მეუღლეს ურჩევდა, არ შეერთებოდა ვაჟა-ფშაველას მგმობელთა რიცხვს: რა სჯობია იმას, რომ მოგხსნან ვაჟა-ფშაველას დაცვის გამო. ეს რომ მომხდარიყო, მაშინ შუა აზიის ან შორეული აღმოსავლეთის (უფრო სწორად, ჩრდილოეთის) რომელიმე საკონცენტრაციო ბანაკის ბინადარი გახდებოდა. ისე, სიმონ ჩიქოვანი, მართლაც, მოხსნეს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეობიდან, მაგრამ ამის მიზეზი წვრილმანი დაპირისპირებები იყო.
ამდენად, ზემოაღნიშნული ამბავი მითოლოგიის სფეროს განეკუთვნება. ის ახასიათებს წარმავალი და დღევანდელი ქართველობის მენტალიტეტს და აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს.“ (წყარო – „ახალი 7 დღე“).