ყურის ხშირი ტკივილი სმენის დაქვეითებას იწვევს
ყურის ტკივილს ანუ ოტიტს, როგორც მას სამედიცინო ენით უწოდებენ, თუ დროულად არ უმკურნალეთ, შემდგომ საშიშ სტადიაში გადავა და დაჩირქებას დაიწყებს. ანთებითი პროცესის ხარისხიდან გამომდინარე, შესაძლოა, ყურიდან ლორწოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი აღინიშნოს, თან, ჩირქი ყოველთვის გარეთ კი არ გამოდის, არამედ, ყურში გუბდება, ამის გამო, შესაძლოა, მასტოიდიტიც განვითარდეს, რომელიც სერიოზულ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს.
ასევე, ოტიტი სმენის დაქვეითებასაც იწვევს. ის, როგორც სხვა დანარჩენი ნებისმიერი ანთებითი დაავადება, დაახლოებით ერთ თვემდე გრძელდება. ასე რომ, თუ ყურის ტკივილი ერთ ან ორ დღეში შეგიჩერდათ, ეს სრულ გამოჯანმრთელებას არ ნიშნავს. ზოგს ისიც მიაჩნია, რომ უბრალო გაციება და სურდო საშიში არ არის და მას სათანადო ყურადღებას არ აქცევს. არადა, ხშირად სწორედ ცხვირ-ხახის დაავადებებია შუაყურში ინფექციების გავრცელებისა და ოტიტის განვითარების მაპროვოცირებელი. ოტიტის წარმოშობის მიზეზიც ხშირად სწორედ გაციებაა. ის, ვისაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვს და თან ავიტამინოზიც აწუხებს, ხშირად ავადმყოფობს. მისი ორგანიზმი ვერ ებრძვის სეზონურ დაავადებებსა და ინფექციებს და, ნებისმიერმა ვირუსმა, შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს მის ჯანმრთელობას. მწვავე და ჩირქოვანი ოტიტი სწრაფად ვითარდება ბავშვებში. მათ ამ დროს ეწყებათ ყურის ტკივილი და ჩირქის გამოყოფა დაავადების პირველსავე დღეებში.
ამ დაავადების ნებისმიერი სიმპტომის გაჩენისთანავე უნდა მიმართოთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო გართულებები, მაგალითად, მენინგიტი, მასტოიდიტი და სმენის დაქვეითება. ზოგადად, ყურის ძლიერი ტკივილისა და ჩირქოვანი გამონადენის დროს ანტიბიოტიკებს ნიშნავენ. ასევე, აუცილებელია სისხლძარღვების შემავიწროებელი წვეთები ცხვირში ჩასაწვეთებლად, რათა ცხვირ-ხახის ლორწოვანის შეშუპება არ მოხდეს. ყურის ტკივილის დროს ბევრი ანიჭებს უპირატესობას თბილ საფენებს. ამას სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ, რადგან მათი გამოყენება მხოლოდ დაავადების პირველ საათებშია რეკომენდებული, ანუ, მანამ, სანამ ჩირქდენა განვითარდება. არ შეიძლება სპირტზე დამზადებული წვეთების ყურში ჩაწვეთება, რადგან ამან, შესაძლოა, ლორწოვანის დაწვა გამოიწვიოს.
ოტიტის პროფილაქტიკისთვის მთავარია, მოერიდოთ გაციებასა და ზედა სასუნთქი გზების ინფექციებს. ცხვირი და ყელი ყოველდღე გამოირეცხეთ ოთახის ტემპერატურის მქონე წყლით, ბანაობის შემდეგ ყურები კარგად გამოიმშრალეთ ბამბით და, არც ახალდაბანილი და სველი თმით გახვიდეთ ცივ ამინდში გარეთ.
თუ გრძნობთ, რომ დასუსტებული ხართ, მიირთვით წითელი ღვინო
ზამთრის ცივი დღეების დადგომამდე, აუცილებელია, დროულად მიხედოთ თავს და ხელი შეუწყოთ ორგანიზმს, გამოიმუშაოს იმუნიტეტი. ამით თავიდან აიცილებთ ზედმეტ უსიამოვნებას და იოლად გაუმკლავდებით ვირუსებს. როცა იგრძნობთ, რომ თავი ან სახსრები გტკივათ, მაშინვე ნუ იჩქარებთ წამლების დალევას, ამ დროს უფრო ეფექტურია, მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე. მისწრებაა ლიმონიანი ცხელი ჩაი, ნატურალური წვენები, კომპოტები და ვიტამინი C.
თუ გრძნობთ, რომ დასუსტებული ხართ, ნუ ჩავარდებით დეპრესიაში. მიირთვით წითელი ღვინო, მეტად ეკონტაქტეთ მეგობრებს, ნუ დაკარგავთ დროს უქმად ჯდომაში, დააძალეთ თავს, ივარჯოშოთ და მეტი იმოძრაოთ. მაქსიმალური ფიზიკური დატვირთვა ისევე კარგია, როგორც გართობა. ხალისიანი და ენერგიული ცხოვრებით უფრო იოლად გაუმკლავდებით პრობლემებს და ცხოვრებაც გაგიადვილდებათ.
თუ გიჭირთ გათბობა და გამუდმებით გაციებთ, ყურადღება მიაქციეთ თქვენს მენიუს, კერძოდ, დილით მიირთვით მოხარშული კვერცხი ან შვრიის ფაფა და ისე გადით სახლიდან.
რატომ არის საშიში სახსრების ტკაცუნი
ართროზი ძვლებში მიმდინარე დისტროფიული პროცესების შედეგია. მის განვითარებას ხელს უწყობს სახსრის კაფსულასა და იოგებში არსებული ცვლილებებიც, რასაც მარილებისა და შარდმჟავას დალექვა იწვევს. ამის გამო ძნელდება ხრტილის კვება და ის თანდათანობით იშლება. ჯანმრთელ სახსარში ცვეთისა და აღდგენის პროცესები, როგორც წესი, დაბალანსებულია, დაავადებულში კი ხრტილის ქსოვილის ცვეთა არ კომპენსირდება, შედეგად, ხრტილი თხელდება და ხდება არათანაბარი. მის შიგნით წარმოიქმნება კალციუმის კრისტალები, რომლებიც მოძრაობისას აღიზიანებს ნერვულ დაბოლოებებს და იწვევს ტკივილს.
ართროზი უმეტესად 45-50 წლის ასაკის შემდეგ ვითარდება. მისი კლინიკური სურათი ასეთია: ღამით იწყება სახსრების ტკივილი. სახსარი ტკაცუნობს, დილით კი ადამიანი შებოჭილად გრძნობს თავს. ართროზი სისტემური დაავადებაა. ამ დროს ზიანდება ყველა სახსარი და ხრტილი, ამიტომ საჭიროა არა ადგილობრივი თერაპია, რომელიც ერთი რომელიმე სახსრისკენ არის მიმართული, არამედ, ზოგადი მკურნალობა, რომელიც ანთებას მთელ ორგანიზმში მოხსნის.
ართროზის დროს ორგანიზმმა აუცილებლად უნდა მიიღოს ტუტოვანი საკვები, კერძოდ, რძე, ხბოს უხორცო ძვლის ბულიონი, კომბოსტოს წვენი, ნიახური, ტყის კენკრა, თაფლი და ასე შემდეგ.
ფორთოხალი ამცირებს კიბოს წარმოქმნის რისკს
ფორთოხალი ბევრ დაავადებას ებრძვის და გვიცავს სავალალო შედეგებისგან: მას ორგანიზმიდან გამოაქვს ნივთიერებათა ცვლის ნარჩენები და ტოქსინები. კარგია მისი ახალგამოწურული წვენის დალევაც. ფორთოხალი შეიცავს კალიუმს, A, B1, C ვიტამინებს, ფოლის მჟავას, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს, მანგანუმს, სპილენძსა და თუთიას, რაც აძლიერებს იმუნიტეტს.
იმ ნივთიერებებთან ერთად, რომლებსაც ფორთოხლის ქერქი შეიცავს, ვიტამინები სტიმულს აძლევს ორგანიზმს ანტისხეულების გამოსამუშავებლად, ეს კი აძლიერებს გამძლეობის უნარს, გვიცავს სხვადასხვა ინფექციისა და თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან.
ფორთოხალი ამცირებს კიბოს წარმოშობის რისკს – კუჭში დალექილი ნიტრატები წარმოქმნის კანცეროგენურ ნივთიერებებს, მასში შემავალი C ვიტამინი კი აფერხებს მათ წარმოქმნას. ასევე, თუ ყოველდღე ერთ ცალ ფორთოხალს შეჭამთ, ამით თრომბის წარმოქმნის რისკსაც შეამცირებთ.
უზმოზე ფორთოხლის ჭამა აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, საუზმეზე დალეული ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი კი ენერგიით აგავსებთ მთელი დღის განმავლობაში. სამხარზე აუცილებლად ფორთოხალი კანიანად მიირთვით, რადგან, მის ქერქში არსებული პექტინები ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს აკონტროლებს.
გაიწმინდეთ ორგანიზმი წლობით დაგროვილი მავნე ნივთიერებებისგან
აქტიურ ცხოვრებაში რომ არ შეგეშალოთ ხელი და თქვენმა ორგანიზმმაც შეუფერხებლად იმუშაოს, ის დროდადრო უნდა გაათავისუფლოთ წლობით დაგროვილი მავნე ნივთიერებებისგან, ამ საქმეში კი მცენარეული ნაყენები დაგეხმარებათ.
გაფრთხილებთ, რომ მცენარეები მხოლოდ სააფთიაქო ქსელში უნდა შეიძინოთ და აუცილებლად გაითვალისწინოთ, ზედმიწევნით დაიცვათ მათი მომზადებისა და შენახვა-მიღების წესები.
*სისხლძარღვების კედლებს ასუფთავებს და ამაგრებს ჟოლოს ფოთლები, წითელი სამყურა, ბაბუაწვერას ძირები, მოცხარის ფოთლები, ოროვანდი, პიტნა, ვერხვის ფესვები, ნიახური, ბარისპირა, ნიორი და სხვა მცენარეები.
თანაბარი რაოდენობით აურიეთ ერთმანეთში არყის ხის, ჟოლოს, ბაბუაწვერასა და მოცხარის ფოთლები; დაუმატეთ ცოტა შვიტა და ბარისპირა. ამ ბალახეულის 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ წყლის აბაზანაზე დაახლოებით ნახევარი საათით. შემდეგ გადმოდგით და დააფარეთ თავსახური. ერთი საათის შემდეგ გადაწურეთ. სვით მეოთხედი ჭიქა, დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში.
* 2 სადილის კოვზ ბაბუაწვერას დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ დაახლოებით ერთი საათი. გადაწურეთ და დალიეთ 1 სადილის კოვზი, დღეში 4-ჯერ, ჭამამდე.
* სისხლი უზრუნველყოფს ორგანიზმის თითოეულ ორგანოს იმ ენერგიით, რომელზეც ჩვენი ჯანმრთელობაა დამოკიდებული. ტოქსინებისგან სისხლის გაწმენდაც ამიტომ არის აუცილებელი, რაშიც თავშავა, მარწყვის ფოთლები, ჭინჭარი, ოროვანდი, აბზინდა, შვიტა, კრაზანა, მრავალძარღვა, ფარსმანდუკი და კულმუხო დაგეხმარებათ.
* 1 ჩაის კოვზ ჭინჭრის გამხმარ ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ერთი საათი გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში და შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ მესამედი ჩაის ჭიქა, დღეში 3-ჯერ, ორი კვირის განმავლობაში.
* ძლიერი იმუნური სისტემა რომ გქონდეთ და ინფექციური დაავადებებისგან დაიცვათ თავი, 50 გრამი კულმუხოს გამხმარ ფესვს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი ადუღეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ, დაუმატეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ხილის ნატურალური წვენი და 50 გრამი თაფლი. მიიღეთ მესამედი ჩაის ჭიქა, ჭამის შემდეგ.
* გახეხეთ 500 გრამი ნიორი და აურიეთ 10 ცალი ლიმონის ახალგამოწურულ წვენში. ყოველდღიურად მიიღეთ მესამედ ჩაის ჭიქა გადადუღებულ წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი ნარევი. ასე გაიუმჯობესებთ ორგანიზმის საერთო მდგომარეობას და ინფექციური დაავადებებისგანაც დაიცავთ თავს.
მოერიდეთ თვითნებურად ვიტამინების მიღებას
დღეს ადამიანთა უმრავლესობა ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების ნაკლებობას განიცდის, განსაკუთრებით კი – იოდის, მაგნიუმის, სელენის, თუთიისა და კალციუმის. თუმცა ორგანიზმში ყოველთვის როდი შეინიშნება მიკროელემენტების დეფიციტი. ხშირია ალუმინის, ტყვიის, ქრომისა და სხვათა სიჭარბე, ეს კი ის ელემენტებია, რომლებიც ვიტამინების ბევრ კომპლექსში შედის. როცა ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტები ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით ხვდება, იწვევს სერიოზულ დაავადებებსა და ტოქსიკურ რეაქციებს. ამიტომ, ვიტამინების კომპლექსების ხანგრძლივმა და უკონტროლოდ გამოყენებამ, შეიძლება, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას.
გაითვალისწინეთ, რომ მწეველებს, რომლებიც თვითნებურად და ხანგრძლივად იღებენ ბეტაკაროტინს, გაცილებით ხშირად ემართებათ ფილტვის კიბო; ფოლის მჟავის სიჭარბე კანის გაღიზიანებას იწვევს, E ვიტამინის ჭარბი მიღება კი არტერიულ წნევას მაღლა სწევს.
რაც შეეხება C ვიტამინს, მისი ხანგრძლივი მიღება ნერვულ სისტემაზე მოქმედებს: იწვევს აღგზნებას, მოუსვენრობას, უძილობას; თრგუნავს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციას; ზრდის შარდში შაქრის რაოდენობას, ეს კი თირკმელებზე უარყოფითად მოქმედებს და სისხლის შედედებასაც იწვევს. ამ ვიტამინის სიჭარბე ორგანიზმიდან B ჯგუფის ვიტამინების დიდი რაოდენობით დაკარგვას იწვევს. ასკორბინის მჟავა სისხლში B1 ვიტამინის კონცენტრაციას ზრდის, A ვიტამინისას კი ამცირებს. დიდი რაოდენობით B1 ვიტამინის მიღება ორგანიზმიდან B2 ვიტამინს გამოდევნის. A ვიტამინის ჰიპერდოზირება კი ორგანიზმში D ჰიპოვიტამინოზის სიმპტომებს ერთიორად აძლიერებს.
ნევროზით დაავადებულების ორგანიზმში B1 და B6 ვიტამინები მუდმივ ურთიერთქმედებაშია. მათმა არაგეგმაზომიერად და უკონტროლოდ მიღებამ, შესაძლოა, ავადმყოფს მდგომარეობა საგრძნობლად დაუმძიმოს და სავალალო შედეგამდეც კი მიიყვანოს. ამიტომ, გირჩევთ, მოერიდეთ თვითნებურად ვიტამინების მიღებას და აუცილებლად შეათანხმეთ მათი დოზები თქვენს მკურნალ ექიმთან.