ტკბილი სიმართლე
გეშინიათ ნახშირწყლების? ესე იგი, უამრავ გემრიელ კერძზე მოგიწევთ უარის თქმა. მაგრამ, ღირს კი ასეთი მსხვერპლის გაღება?
კალორიულობით ნახშირწყლები ცილებს უტოლდება: 1 გრამი 4 კილოკალორიას შეიცავს, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია ცხიმებთან შედარებით (1 გრამ ცხიმზე 9 კილოკალორია მოდის). ნახშირწყლები ენერგიის მთავარი წყაროა, განსაკუთრებით – ტვინისთვის. გარდა ამისა, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში (წარმოქმნის ფერმენტებსა და ჰორმონებს), არეგულირებს სისხლის წნევას, შედის რეცეპტორთა შემადგენლობაში და მონაწილეობს ნაწლავებისა და სანაღვლე გზების მოტორიკაში. ნახშირწყლების დეფიციტის დროს ორგანიზმი ცხიმს ინახავს ღვიძლის უჯრედებში. მაშ, რატომ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ ნახშირწყლები ასუქებს? საქმე ისაა, რომ ნახშირწყლები არსებობს სხვადასხვა სახის, კერძოდ, მარტივი და რთული.
მარტივ ნახშირწყლებს შეიცავს შემდეგი პროდუქტები: შაქარი, თაფლი, ნამცხვრები, კანფეტი, ტკბილი გაზიანი სასმელები, კენკრა, მარმელადი, ტორტი, გამომცხვარი ცომეული.
სასარგებლო თვისებები: მათ სწრაფად ითვისებს ორგანიზმი და მაღლა სწევს სისხლში შაქრის შემცველობას, რისი წყალობითაც მომენტალურად ვგრძნობთ ძალებისა და ენერგიის მოზღვავებას. ეს კი ძალიან გვეხმარება მაშინ, როცა დაღლილობისგან ფეხზე ვეღარ ვდგებით.
მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ: ტკბილეულთან შეთამაშება შედეგად მოგიტანთ წონაში მატებას. ყურადღება მიაქციეთ კალორიების ბალანსს და არ დაგავიწყდეთ, რომ ზედმეტი კილოგრამების თავიდან მოშორებაში დაგეხმარებათ სპორტი. ამიტომ, მაშინაც კი, თუ ოდნავ ზედმეტი ტკბილეულის ჭამის უფლება მიეცით საკუთარ თავს, ცოტა უფრო აქტიურად წაივარჯიშეთ. კალორიების დაწვა განსაკუთრებით ეფექტურად ხდება ნებისმიერი აერობიკული დატვირთვის დროს; ესენია: სირბილი, სწრაფი სიარული, ძუნძული, ველოსიპედი, ცეკვები და სტეპ-აერობიკა.
რთულ ნახშირწყლებს შეიცავს შემდეგი პროდუქტები: კარტოფილი, ბურღულეული, პარკოსნები (ლობიო, მუხუდო, ბარდა, ოსპი), მაკარონი, ჭვავის პური, ცეხვილი პური, ბოსტნეული.
სასარგებლო თვისებები: ნელა ხდება მათი მონელება და ორგანიზმი ჭამიდან 2,5-4 საათის განმავლობაში ინარჩუნებს დანაყრების შეგრძნებას. რთული ნახშირწყლების შემცველი ბევრი პროდუქტი B ჯგუფის ვიტამინების საბადოა. ეს ვიტამინები არეგულირებს ნერვულ სისტემას და აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების ხარისხს.
მნიშვნელოვანია: რთული ნახშირწყლების გადაჭარბებით მოხმარება, განსაკუთრებით ცხიმებთან ერთად (სოუსები, კარაქი, ზეთი, ხორცი, ნაღები, ყველი და სხვა), ხელს უწყობს ზედმეტი წონის დაგროვებას.