რატომ ჩაუვარდა მუხლებში ვახტანგ გორგასლის დედა მამამისს და როგორ გამოითხოვა მან სპარსეთისგან მშვიდობა
არჩილ მეფის გარდაცვალების შემდეგ ქართლის (იბერიის) ტახტზე ავიდა მისი ძე – მირდატი, მამამისივით მორწმუნე ქრისტიანი და მამაცი მეფე, რომელიც იბრძოდა სპარსელებისგან ქვეყნის დასაცავად და ქრისტიანობის გასაძლიერებლად.
მას ცოლად ჰყავდა რანის (ბარდავის) სპარსული წარმოშობის მმართველის, სპარსეთის შაჰის ქვეშევრდომის, სახელად ბარზაბოდის ასული – საგდუხტი.
დედოფალ საგდუხტის მამას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა სპარსეთში. ის ცეცხლთაყვანისმცემელი იყო და მტრობდა ქრისტიანებს. ბარზაბოდსა და მის საერისთავოს ქართული ჯარები დიდ ზიანს აყენებდნენ, მაგრამ, უფლისწულ მირდატისა და პრინცესა საგდუხტის დაქორწინების შემდეგ მეზობლებს შორის მშვიდობამ დაისადგურა.
საქორწინო ხელშეკრულების თანახმად, პრინცესა საგდუხტს შეეძლო, შეენარჩუნებინა თავისი სარწმუნოება – მაზდეანობა. თუმცა, ულამაზესი საგდუხტი გონიერი პრინცესა აღმოჩნდა, გულმოდგინედ შეისწავლა ქრისტიანობა, დაინახა მასში ჭეშმარიტი სარწმუნოება, მოინათლა და მტკიცედ იდგა ქრისტიანობის სადარაჯოზე. მან ააშენა სამშვილდის სიონის ტაძარი. რომელიც, სამწუხაროდ, დღეს აღარ არსებობს.
ახალგაზრდა მეფე-დედოფალს პირველად ასული შეეძინათ, რომელსაც უწოდეს ხვარანძე.
სამეფოს სჭირდებოდა მემკვიდრე უფლისწული. მეფე და დედოფალი გულმხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს, ეჩუქებინა მათთვის ვაჟი. უფალმაც არ დააყოვნა წყალობა და დაიბადა უფლისწული, რომელსაც დაარქვეს სპარსულად – ვარან-ხუასრო-თანგ, ქართულად – ვახტანგი.
ვახტანგ უფლისწულის დაბადებიდან ექვსი წლის შემდეგ სამეფო ოჯახში დაიბადა კიდევ ერთი ასული, რომელსაც დაარქვეს მირანდუხტი.
შემდეგ წელს მოულოდნელად გარდაიცვალა მირდატ მეფე და ხვარანძე, ვახტანგი და მირანდუხტი დაობლდნენ. მაშინ ვახტანგ უფლისწული შვიდი წლის იყო.
ქმრის გარდაცვალებამ ძალიან დაამწუხრა დედოფალი. განსაკუთრებით შეშინდა თავისი პატარა შვილების გამო, რადგან იბერიას სპარსეთისა და მამამისის სახით დიდი მეტოქე და მტერი ჰყავდა კავკასიაში.
არჩილ და მირდატ მეფის მიერ მიყენებული ზიანი მწარედ ახსოვდათ სპარსებს, სპარსეთის ჩინოვნიკებს. საგდუხტ დედოფლის მამა კი სპარსეთის წარმომადგენელი და ინტერესების გამტარებელი იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ კავკასიაში.
სპარსელები აუცილებლად ისარგებლებდნენ ვახტანტის არასრულწლოვნებით, შეეცდებოდნენ იბერიის დაკავებას, ქართლში ქრისტიანობის შევიწროებასა და მაზდეანობის გავრცელებას და, შესაძლო იყო ამ ვითარებას თვით სამეფო ოჯახიც შესწირვოდა, რადგან სპარსებისთვის ქართლის სამეფო ოჯახი მტრად ითვლებოდა.
„ვაითუ, შური იძიოს მამაჩემმა ჩემი მამამთილისა და ქმრის მოქმედებების გამო, რომლებმაც ბევრჯერ მიაყენეს მას ზიანი; ვაითუ, შური იძიოს ჩემზე, მაზდეანობის უარყოფისა და ქრისტიანობის მიღებისათვის, მოკლას ჩემი შვილი, ააწიოკოს ქართლი და ქრისტეს სჯულს საფრთხე შეუქმნას...“ ფიქრობდა მწუხარებაში ჩავარდნილი ქართლის ქვრივი დედოფალი. ის დღედაღამ ლოცულობდა და ევედრებოდა ღმერთს შველას.
ქრისტიანული იბერიის სპარსყოფილმა ქრისტიანმა დედოფალმა გადაწყვიტა, სამეფო ოჯახისა და ქართლის გადასარჩენად მაზდეან მამას ხლებოდა. ამიტომ მან მოიწვია იბერიის დიდებულები, მწარე ცრემლებით შეავედრა თავისი შვილები, სპასპეტსა და ერისთავებს ჩააბარა და ბარდავს გაემგზავრა, მამასთან მშვიდობის სათხოვნელად.
დედოფალი საგდუხტი ბარდავში ჩავიდა, ეახლა მამას სასახლეში, თავსაფარი მოიხადა, თმა გაიშალა, მკერდი მოიშიშვლა მწუხარებისა და მორჩილების ნიშნად, მუხლებზე დაეცა და ფეხებში ჩაუვარდა მკაცრ მაზდეანს. ცრემლებით დაალტო მამის ფეხები და ითხოვდა შეწყალებას, მისი ქმრისა და მამამთილის მიერ გამწარების გამო შურისძიებაზე უარის თქმას, მაზდეანობის დატევებისათვის პატიებას. ევედრებოდა, არ მაიძულო ქრისტიანობაზე უარის თქმა, რადგან ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთიო.
ევედრებოდა ქართლის დედოფალი ცეცხლთაყვანისმცემელ მამას, ჩემი შვილი თავის მამულში დარჩესო და სთხოვდა, სპარსთა მეფის წინაშე გვიშუამდგომლე მე და ჩემს შვილებსო.
გული მოულბა ქართველთა მტერს. ბარზაბოდმა, რომელიც გამზადებული იყო უმეფოდ დარჩენილი ქართველებისთვის ბოროტის მისაგებად, შეიწყალა თავისი ასული, არ აიძულა ქრისტიანობის დატევება და მისი ყველა თხოვნა შეასრულა.
სარწმუნოების შესახებ კი განაცხადა: იძულებით არც სხვა ქართველებს დავატოვებინებთ ქრისტეს სჯულს, მაგრამ გავგზავნი ცეცხლის მსახურებს თქვენს დედაქალაქში და იქნებიან იქ ჩვენი მღვდელმთავრები. რომელი ქართველიც თავისი ნებით აირჩევს მაზდეანურ სარწმუნოებას, ნუ დაუშლითო.
საგდუხტმა შიშით სთხოვა მამას, სახლში გამოეშვა და დაბრუნდა ქართლში.
ბარზაბოდმა გამოგზავნა მცხეთაში ცეცხლისმსახური მოგვები, რომელთა უფროსი იყო ვინმე ბინქარანი. და დაბანაკდნენ მოგვთა უბანში.
საგდუხტ დედოფალი მართავდა სამეფოს მამამისის დახმარებით და თავისი შვილის, მცირეწლოვანი მეფე ვახტანგის სახელით, დაახლოებით ისე, როგორც ევროპელებშია მიღებული რეგენტის ინსტიტუტი. გავიდა ხანი, მოკვდა ბარზაბოდი და მის მაგიერ სპარსთა მეფემ ბარდავის მთავრად დაადგინა ბარზაბოდის ძე – ვარაზ-ბაკური, საგდუხტ დედოფლის ძმა და ვახტანგის ბიძა. იმავე ხანებში გარდაიცვალა ვახტანგ უფლისწულის მამამძუძე – საურმაგ სპასპეტი.
მეფე ვახტანგის სახელით დაადგინეს სხვა სპასპეტი, რომელსაც ერქვა ჯუანშერი.
ბინქარანი, ცეცხლისმსახურ მოგვთა ხელმძღვანელი, ქართველებს მაზდეანობას ასწავლიდა და სხვადასხვა ხერხებით ცდილობდა, გადაებირებინა ისინი. წარჩინებულები და განათლებულები არაფრად აგდებდნენ მის სწავლებას, მაგრამ ღარიბი მოსახლეობის ნაწილი მაინც გადაიბირა, რადგან სხვადასხვა ბერკეტი ჰქონდა ხელში.
ამ დროს სხვა განსაცდელის წინაშეც იდგა ქართლი: თურმე სპარსული წარმოშობის მთავარეპისკოპოსი მობიდანი ფარულად მანიქევლობის მწვალებლობისკენ ყოფილა მიდრეკილი. მანიქეიზმი ქრისტიანობისა და მაზდეანობის ერთგვარი ნაზავი იყო. რა თქმა უნდა, ქართლში ის არ იყო აღიარებული, მაგრამ, გადმოცემით, მობიდანი ფარულად მისდევდა თურმე ამ ერესს და წერდა მაცდურ წიგნებს. ესეც სპარსეთის ინტერესებში შედიოდა, თუკი საქართველო ქრისტიანობას განუდგებოდა.
ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქართლი სარწმუნეობრივი და სახელმწიფო კრიზისის წინაშე იდგა.
ძალიან წუხდა საგდუხტ დედოფალი, მაგრამ სპარსთა მძლავრების გამო ხმამაღლა ვერაფრის თქმას ბედავდა. მაშინ მოიყვანა ბიზანტიიდან მღვდელი ჭეშმარიტი (ანუ მართლმადიდებელი), სახელად მიქაელ და დაადგენინა ქართლის ეკლესიის მთავარეპისკოპოსად. ამ დროს მობიდან მთავარეპისკოპოსი გარდაცვლილი იყო.
მიქაელ მთავარეპისკოპოსი წინ აღუდგა ბინქარან მაცდურს და ენერგიულად ცდილობდა ქართველთა შორის ქრისტიანობის განმტკიცებას. ქვეყნის წარჩინებულები და ერის დიდი ნაწილი მისი მრევლი გახდა მყარად, მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა ცეცხლის მსახურად, მათ შორის – მცხეთაში მცხოვრები სპარსელები.
10 წლის რომ იყო ქართველთა მეფე ვახტანგ პირველი, ჩრდილოეთ კავკასიის ველებიდან ქართლში შემოიჭრნენ ოსების ბრბოები და მოაოხრეს მტკვრის სანაპირო ხუნანამდე. ქალაქები და ციხეები ვერ აიღეს, მაგრამ სოფლები გაძარცვეს და ბევრი დაატყვევეს. ქალაქებიდან მხოლოდ კასპის აღება შეძლეს და ტყვედ წაიყვანეს კასპელები, მათ შორის მეფის ასული მირანდუხტი, მეფის მცირეწლოვანი და, რომელიც ამ დროს 3 წლის იყო.
ოსებმა ვერ დაარბიეს ქართლის დიდი ნაწილი, ქვემო ქართლი, კახეთი, კლარჯეთი და ეგრისი. გადაიარეს რანი და მოვაკანი, დაარბიეს და დარუბანდის კარის გავლით ისევ ჩრდილო კავკასიაში გადავიდნენ და შევიდნენ ოსეთში გამარჯვებულნი.
ამავე ხანებში ბიზანტიელებმა დაიკავეს დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი.
ვახტანგ მეფეს ერთი სული ჰქონდა, როდის გაიზრდებოდა, რომ შური ეძია, დაებრუნებინა ბიზანტიის მიერ მიტაცებული ტერიტორიები, გაეთავისუფლებინა ოსთა მიერ დატყვევებული ქართველები და თავისი პატარა დაიკო.