რა უარყოფით შედეგს გამოიღებს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება კონკრეტულ ადგილობრივ მეწარმეებზე და რატომ არის მნიშვნელოვანი ჩინეთისთვის სტრატეგიულ სამხრეთ კავკასიაში დამკვიდრება
დიდ აბრეშუმის გზას ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელმა დაუდო სათავე (სწორედ ის მოიაზრება ამ იდეის ავტორად) და მას შემდეგ არაერთი სასიკეთო როლი შეუსრულებია ამ საქარავნო კომუნიკაციას ჩვენი ქვეყნისთვის. ის ამჟამადაც აქტუალურია და სულ ახლახან თბილისში გამართული ღონისძიებაც, რომელსაც არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, სწორედ ამ გზის აღდგენას ემსახურებოდა. ბუნებრივია, ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ჩინეთია, რომელიც სავარაუდოდ, ააშენებს ანაკლიის პორტს და თეორიულად ევროპისკენ ზღვაზე გასასვლელსაც მოიპოვებს. ასევე, იგეგმება ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაც. ჩინეთს, აგრეთვე, შეუძლია, ისარგებლოს საქართველოს ევროასოცირების შეთანხმებით და საკუთარი პროდუქცია საქართველოს სავაჭრო ნიშნით შეიტანოს ევროკავშირის ბაზარზე. ერთი სიტყვით, პერსპექტივა დიდი და ნათელია და ეკონომიკის ექსპერტ ემზარ ჯგერენაიასთან ერთად შევეცდებით პასუხის გაცემას კითხვაზე: რა სიკეთის მოტანა შეუძლია ჩინეთს საქართველოსთვის და რას ელის ჩინეთი საქართველოსგან?
– რა სიკეთის მოტანა შეუძლია ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას და რა სიკეთეს მოუტანს ჩინეთს ჩვენთან ურთიერთობა?
– უპირველესად, ჩინეთს შეუძლია, გადაგვიწყვიტოს არსებითი პრობლემა – ინვესტიციების, ანუ, ინვესტიცია შემოიტანოს საქართველოში. ეს არის ყველაზე დიდი, რაც ჩინეთს შეუძლია გააკეთოს; მეორეც – თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეუძლია, ააშენოს საწარმოები, რომლებიც ევროკავშირის ბაზრისთვის გამოუშვებენ პროდუქციას და, მესამე – ააშენოს პორტი ანაკლიაში. ეს საკითხი დაიძრა, თუმცა რუსეთისთვის არ არის ხელსაყრელი შავ ზღვაზე ასეთი პორტის აშენება.
მეორე მხრივ, ცუდი რაც შეიძლება, ამან მოიტანოს, არის ის, რომ, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში, რადგან ჩინელებმა ქართული კომპანიების დახმარების გარეშე განახორციელონ აქტივობები და იმუშაონ იმ სფეროებში, სადაც ახლა ჩვენი კომპანიები მუშაობენ.
– ქართული მხარე ძალიან კონკრეტულ ციფრებს ასახელებს, რომ ამდენი და ამდენი მილიონი ბოთლი და მინერალური წყალი შევა ჩინეთის ბაზარზე. გვახსოვს, რომ ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის შეტანა წინა ხელისუფლების დროსაც პიარდებოდა, თუმცა ოპონენტები ამბობდნენ, რომ ეს უპერსპექტივო საქმე იყო, რადგან ჩინელები ღვინოს არ სვამენ. რამდენად რეალურია, რომ, ის პროდუქცია, რაც ჩვენ გვაქვს, გავასაღოთ ჩინეთის ბაზარზე და გავზარდოთ ექსპორტი ამ მიმართულებით?
– ის, რომ ჩინელები ღვინოს არ სვამენ, ისტორიას ჩაბარდა. ჩინელები საკმაოდ დიდი რაოდენობით სვამენ ღვინოს, უკვე მეოთხე ადგილზე არიან მსოფლიოში ღვინის მოხმარებით და, ამავე დროს, აწარმოებენ კიდეც. ანუ, ასე მარტივად არ არის საქმე და, ლეგენდა, რომ ჩინელები ღვინოს არ მიირთმევენ, სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ ახლა ამაზე არ არის ლაპარაკი. ჩვენი ნებისმიერი მცდელობა, რომ თუნდაც უმნიშვნელო რამ შევიტანოთ ჩინურ ბაზარზე, მისასალმებელია, რადგან მათთვის უმნიშვნელო რაოდენობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– რა თქმა უნდა, ჩვენ სულ სამი მილიონი ვართ, ისინი მილიარდ-ნახევარი. რაც ჩვენთვის თავზე საყრელია, მათთვის მცირედია.
– წარმოიდგინეთ, რაც მათთვის მცირეა, ჩვენთვის რამხელა მოცულობაა. ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ ევროპულ ბაზართან ერთად უნდა ავითვისოთ ჩინური ბაზარი და, მეორე – თქვენც ხომ ნახეთ, როგორ მიიღეს ჩინეთის პრეზიდენტი ინგლისში?!
– არ მიმიდევნებია თვალი. როგორ მიიღეს?
– მოეფერნენ; დედოფალი, პრემიერი როგორ დაუდგნენ ფეხზე?! ინგლისს სჭირდება ჩინური ინვესტიციები და ამიტომ ცდილობენ, როგორმე ჩინეთის გული მოიგონ. ჩინეთი მსოფლიოს მეორე ეკონომიკური მოთამაშეა, ამიტომ საკმაოდ დიდ ანგარიშს უწევენ ისეთი ჭირვეული და კონსერვატორი ქვეყნები, როგორიცაა, მაგალითად, ინგლისი, რომელიც ისტორიულად უპირისპირდებოდა ჩინეთს, მაგრამ დღეს მასთან ჩახუტებულია. ჩინეთს ანდობენ ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას, ჩინური ჰაიტექნოლოგიების იმპორტითაა დაინტერესებული ევროპა. იცვლება დრო და ჩინეთის დრო დგება.
– გასაგებია, რომ ჩინეთის დრო დგება, მაგრამ, რით შეიძლება იყოს მომხიბვლელი საქართველოს საინვესტიციო გარემო ჩინეთისთვის, როდესაც, როგორც თქვენც ამბობთ, დიდი ბრიტანეთი ტყავიდან ძვრება, რომ ჩინეთის გული მოიგოს? რატომ უნდა მოიხიბლოს ჩინეთი საქართველოთი?
– ჩინეთისთვის ყველა ბაზარი მომხიბვლელია, მათ შორის – საქართველო და სტრატეგიული სამხრეთ კავკასია, სადაც ადრე იყო რუსეთის გავლენა. ჩინეთი, იმავდროულად რუსეთის დაუძინებელი მტერია, თუმცა ერთმანეთან თანამშრომლობენ კიდეც. ჩინეთისთვის არ არსებობს დიდი და პატარა ინტერესი, მისთვის ყველა ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია.
– რა სფეროში ვარაუდობთ ჩინურ ინვესტიციებს?
– ბანკები, საფინანსო სფერო, მშენებლობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოჯისტიკა, ვაჭრობა, სამომხმარებლო ბიზნესი, სასტუმრო ბიზნესი, ტურიზმი და ასე შემდეგ. ფაქტობრივად, ყველა სფერო აინტერესებს ჩინეთს. პორტის მშენებლობასაც დაიწყებს ახლა და ლოჯისტიკაში შემოვა. ჩინეთი არის ყველგან და ყველაფერში.
– ახლა ისეთი პერიოდია, რომ ინვესტიციები, ანუ თავისუფალი ფული, რთული მოსაძიებელია, ჩინეთი რატომ არ ერიდება ინვესტიციებს, ბევრი ფული აქვს?
– ჩინეთი დგამს ამ ნაბიჯს, რადგან სახელმწიფო უდგას უკან. ეს არის კერძო და სახელმწფიო კაპიტალის უნიკალური შერწყმა. გიგანტური ჩინური კომპანიების უმეტესობა არის სახელმწიფო კომპანიები. გარანტი, რომ მათი რისკები იქნება დაზღვეული, არის სახელმწიფო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
– თქვით, რომ უარყოფითი შედეგი ის შეიძლება იყოს, რომ საქართველოში ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესი შეავიწროოს ჩინურმა ინვესტიციებმა. კონკრეტულად რომ გვითხრათ, როგორ?
– ადგილობრივი მცირე ბიზნესის ნაწილს შემოჰქონდა გარკვეული საქონელი ჩინეთიდან, მაგრამ ერთმა ჩინურმა კომპანიამ შემოიტანა 100-ზე მეტი დასახელების საქონელი და ყიდის ვარკეთილში. რაც უნდა კარგად დავგეგმოთ, ფიქსირებული ხარჯი ჩინელს უფრო ნაკლები ექნება, იმიტომ რომ ჩინეთი აწარმოებს ჩვენზე ათასჯერ მეტს, ანუ უპირატესობა აქვს ფიქსირებული ხარჯის ნაკლებობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტის ღირებულებაში.
– ჩვენს სახელმწიფოს არ შეუძლია, დაიცვას ადგილობრივი მეწარმეები?
– პროტექციონიზმზე ვერ გადავალთ, რადგან, თუ ხელს მოვაწერთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ჩვენც უნდა შევასრულოთ. მაგრამ უნდა ჩამოვყალიბდეთ პოლიტიკის შესახებ, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, თუმცა პროტექციონიზმი არანაირად არ გამოვა.
– ანუ შედეგი მაინც ღირს იმად, რომ ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც ისედაც სულს ღაფავს, უფრო დავაუძლუროთ?
– სტრატეგიული საკითხია მსოფლიოს ნომერ პირველი, ეკონომიკის ქვეყანასთან მჭიდრო ურთიერთობა გქონდეს.
– რას მიიღებს სახელმწიფო, რა ტიპის შემოსავალს, ბიუჯეტში უფრო მეტი თანხა შევა დღგ-სა და მოგების გადასახადის სახით, თუ?..
– ასეთი წვრილად გაშლა შედეგს არ მოგვიტანს. მიიღებს ახალ წარმოებებს, დასაქმებას, ინვესტიციებს, დღგ-ს მეტს მიიღებს თუ მოგებას – ასე დაყოფა სწორი არ იქნება, ამას ბიზნესი და დრო გვიჩვენებს. წინასწარ ამის თქმა იქნებოდა მკითხაობა ყავაზე.
– ჩინურ კომპანიებს საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობით გზა გაეხსნება ევროკავშირისკენ, თუმცა სავაჭრო ნიშნით – „წარმოებულია საქართველოში“. რა ტიპის ჩინური საწარმოების გახსნას ვარაუდობთ?
– ამწუთას ვილაპარაკე, რომ ყველანაირი ტიპის: დაწყებული ბანკით – იცით, რომ „ბაზისბანკი“ არის ჩინელების – დამთავრებული იმ ყველაფრით, რაც ზემოთ ჩამოვთვალე.
– ის ვიგულისხმე, რა შეიძლება, გაიტანონ ევროკავშირში საქართველოს სახელით.
– ეგ არ ვიცით, რა ბიზნესგეგმაში ჩაჯდებიან, რას მოიფიქრებენ, ეს იცის მხოლოდ ჩინელმა ბიზნესმენმა, რომელიც კრეატიულია. ეს დამოკიდებულია იმაზე, რას მოიფიქრებენ. ისინი ყველაფრით იქნებიან დაინტერესებულები, რაც მათ ფულს აშოვნინებს.
– ანუ საქართველოს ევროასოცირების შეთანხმება არის პლუსი, რაც ჩინეთისთვის პარტნიორად გახდომაში ხელს გვიწყობს?
– საკმაოდ სერიოზული, რადგან კვოტირების პრობლემა აწუხებთ ევროპულ ბაზარზე და, შეუძლიათ, გამოიყენონ საქართველოს მდგომარეობა.
– საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებთან იყენებს ჩინეთი ევროკავშირთან ვაჭრობის შესაძლებლობას?
– ჩინეთს ბევრი საწარმო აქვს აღმოსავლეთ ევროპაში – პოლონეთში, ჩეხეთში… ყველა ქვეყანასთან საკმაოდ სერიოზულად მუშაობენ და იყენებენ ყველა უპირატესობას. ასევე, დუბაისთან, ჯიბუტისთან, ყველა თავისუფალ ზონასთან აქვთ კავშირი.
– გასაგებია, რომ ანაკლიის პორტის ჩინელების მიერ აშენება უსაფრთხოების გარანტიაა: რუსეთი ჩინეთს უფრო გაუწევს ანგარიშს, ვიდრე ჩვენ…
– მოერიდება ჩინეთთან ურთიერთობის დაძაბვას.
– მაგრამ, რატომ არ შეიძლებოდა ფოთის პორტის გამოყენება იმავე მიზნით?
– აქ უპირველესად უნდა ითქვას, რომ ფოთი დაბალი წყალწყვისაა, ანაკლია უფრო მაღლის; მეორეც – ლაპარაკია იმაზე, რომ ცალკე ტერმინალები აშენდება და იქნება ტერმინალი სპეციალურად ღრმა წყალწყვის გემებისთვის. ამ პორტის გაკეთება ფოთშიც შეიძლებოდა და ბათუმშიც, მაგრამ ანაკლიის პორტი ახალი დამატებითი ინვესტიციაა და ესაა მომხიბვლელი.
– და ჩინეთი იღებს გასასვლელს ზღვაზე ევროპისკენ.
– ევროპის ბაზარი ჩინეთისთვის ძალიან მიმზიდველია და, თუ კონსტანცის პორტთან ერთად ანაკლია აირჩია საბაზო პორტად, ჩათვალეთ, რომ საკმაოდ სერიოზული ტვირთბრუნვა ექნება ანაკლიას: გადამწყვეტია ტვირთების მოზიდვა.
– ეს ხომ გულისხმობს, რომ ფოთის პორტი დაზარალდება? ანაკლიაში რომ გადაიქაჩოს ფოთის პორტის ტვირთები?
– არ არის გამორიცხული, კონკურენტული ომი დაიწყოს და, ვინც უფრო კარგ პირობებს შესთავაზებს, იმის მიხედვით ჩამოყალიბდება ფასი.
– ანუ ადგილობრივი არა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესი, მსხვილი ბიზნესიც შეიძლება, დაზარალდეს?
– არაფერს გამოვრიცხავ. თუ ჩინელები უკეთეს პირობებს შესთავაზებენ, რა თქმა უნდა, კლიენტები წავლენ ჩინური ხაზით.
– და ჩვენს სახელმწიფოს მაინც უღირს ეს?
– სახელმწიფო თანაბარ პირობებს უქმნის ბიზნესს, რომ კონკურენციამ გამოაჩინოს უფრო ძლიერი, ეს უკვე კერძო ბიზნესის თემაა და ბევრი ბიზნესმენი უკმაყოფილო იყო ფოთის პორტში ტარიფების მომატებით, ანუ სახელმწიფო არ ჩარეულა მაშინ ტარიფების მომატებაში; ამიტომ, მთავარია კონკურენცია და სწორედ ეს გადაწყვეტს, რომელი ხაზი იქნება სასურველი.
– მესმის, რომ უცებ არ იქნება, მაგრამ ჩინეთთან დაახლოების პირველ შედეგს როდის ვნახავთ?
– ეს არ მოხდება დღეს და ხვალ, წლები დასჭირდება ამის დალაგებას. ჩვენ იმაზე მეტი არაფერი ვიცით, რაც ოფიციალურადაა ცნობილი. შეიძლება, ანაკლიის ტენდერი ვერ მოიგოს ჩინეთმა; ჩვენ არ ვიცით, აზიის განვითარების ბანკი რას და როგორ დააფინანსებს. ეს გამოჩნდება იქიდან, თუ რა ინტერესი ექნება ჩინეთს მომავალში. შეიქმნება საქართველოს განვითარების ბანკი, ახალი ინსტიტუცია; ვნახოთ, როგორ ჩამოყალიბდება, როგორი კაპიტალი ექნება, როგორი მიდგომები. ყველაფერი წინ არის.