ახალი ქართული შამპუნი და ბალზამი „ივერია“ ფუტკრის რძისა და ალოე ვერას ექსტრაქტით, მომხმარებელს მაღალი ხარისხითა და მიმზიდველი ფასით გააკვირვებს
სააქციო საზოგადოება „ივერია“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს. ეს გახლავთ თმის მოვლის საშუალება ევროპული ხარისხითა და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასად. „ივერია“ წარმოგიდგენთ ორი სახეობის შამპუნსა და ბალზამს - ფუტკრის რძითა და ალოე ვერას ექსტრაქტით. ამ თემასთან დაკავშირებით, სააქციო საზოგადოება „ივერიას“ გენერალური დირექტორი, ბატონი დავით სილაგავა უფრო დეტალურად მოგითხრობთ.
დავით სილაგავა: თავდაპირველად, მინდა, ჩვენი კომპანიის შესახებ მოგითხროთ, რომლის ისტორიაც 20-ე საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება. 1959 წელს გადაწყდა, რომ საქართველოში პარფიუმერიული ფაბრიკა გახსნილიყო. 1961 წლიდან კი ფაბრიკამ ფუნქციონირება დაიწყო. სწორედ აქ დამზადდა პირველი ქართული პარფიუმერიული ნაწარმი. მოგვიანებით, წარმოებას დაემატა კოსმეტიკური პროდუქციაც. იყო ხელისა და სახის კრემები, საბავშვო კრემები, ასევე, პირის ღრუს მოვლის საშუალებები. 80-იანი წლებიდან აქცენტი გაკეთდა კოსმეტიკურ პროდუქციაში მინერალური წყლების გამოყენებაზე. იგივე 80-იანი წლების ბოლოსთვის „ივერიის“ კოსმეტიკური და პარფიუმერიული პროდუქციის ასორტიმენტი 150-მდე სახეობას შეადგენდა. 90-იანი წლების დასაწყისში საწარმოს პრივატიზაცია ჩატარდა. 2000-იანი წლების დასაწყისში „ივერიამ“ კიდევ ერთხელ განიცადა რეორგანიზაცია და უკვე იმ სახით ჩამოყალიბდა, როგორითაც დღეს არსებობს.
დღევანდელი პროდუქციიდან, რასაც „ივერია“ აწარმოებს, ნაწილი 80-90-იან წლებშია შექმნილი. დღეისთვის 21 სახის პროდუქტი გვაქვს, რასაც სერიულად ვაწარმოებთ. მათ შორის, ყველაზე ახალია თმის მოვლის საშუალების სერია „ივერია“, რომელიც ორი შამპუნისა და ამდენივე ბალზამისგან შედგება. მათგან ერთი არის შამპუნი ალოე ვერას ექსტრაქტით. მცენარე ალოე ვერას სამეგრელოში ვყიდულობთ და შემდეგ ჩვენს საამქროში მის ექტრაქტს ვამზადებთ. ამ შამპუნთან ერთად დავამზადეთ შესაბამისი თმის ბალზამი, რომელიც ასევე შეიცავს ალოე ვერას ექსტრაქტს. მეორე შამპუნი შეიცავს აპილაკს (ფუტკრის რძეს). მასთან ერთად გვაქვს ასევე, შესაბამისი თმის ბალზამიც. აი, ეს 4 პროდუქტია ყველაზე ახალი, რომელიც მომხმარებელს შევთავაზეთ და ქსელში 2015 წლის ივლისში გავუშვით.
– როგორ მიიღო ახალი პროდუქტი მომხმარებელმა?
– გაყიდვები ახალი დაწყებულია და ამ ეტაპზე უკმაყოფილო არ ვართ. სარეკლამო ღონისძიებებს ახლა ვიწყებთ, მანამდე მხოლოდ პრეზენტაცია გვქონდა.
– სად შეიძლება თქვენი ახალი პროდუქციის შეძენა?
– „სმარტში“, „ქალთა ბედნიერებაში“ და აფთიაქებში.
– ფასი თუ არის ხელსაყრელი მომხმარებლისთვის?
– გადავწყვიტეთ, რომ ფასი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ოთხივე პროდუქტის ფასი თანაბარია და სხვადასხვა მაღაზიაში ის 3.75 ლარიდან 4.20 ლარამდე მერყეობს.
2014 წლის ზაფხულში, როდესაც ამ პროდუქტზე ვმუშაობდით, ჩვენთან ჰოლანდიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის - „PUM - ჰოლანდიის ექსპერტები და კონსულტანტები“ - ფარგლებში და ამავე ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ორგანიზებით ჩამოსული იყო ჰოლანდიელი ექსპერტი – ბატონი გლინ შორი. სწორედ მისი უშუალო მონაწილეობით დაიხვეწა საბოლოო რეცეპტურა. მან ახალგაზრდა ასაკში დაიწყო მუშაობა „იუნილევერში” და ამჟამად მოწვეული სპეციალისტი და კონსულტანტია. „იუნილევერი”, მოგეხსენებათ, რომ გახლავთ დიდი საერთაშორისო კომპანია, რომელიც აწარმოებს „დავის” და სხვა ცნობილ შამპუნებს, „ლიპტონის ჩაის” და ასე შემდეგ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გლინ შორმა ჩვენი პროდუქტის დახვეწაში მონაწილეობა მიიღო და საბოლოოდ პროდუქტი იმ ფორმით მივიღეთ, რა ფორმითაც მიეწოდება ის დღეს მომხმარებელს. გარდა ამისა, ერთობლივად დავგეგმეთ ახალი პროდუქტებიც. შესაბამისად, ჩვენს კომპანიაში მისი ვიზიტი ძალიან ფასეული იყო; მისი სახით მნიშვნელოვანი მეგობარი შევიძინეთ. გლინ შორმა, მისი ვიზიტის დასასრულისთვის, საკუთარ ანგარიშში აღნიშნა, რომ სააქციო საზოგადოება „ივერიას“ მიერ წარმოებული პროდუქცია და მისი რეცეპტურა ევროპული სტანდარტების დონისაა და ამ ინგრედიენტებით, ამ დანადგარებითა და სპეციალისტებით, ჩვენ შეგვიძლია წარმატებული კომპანია გავხდეთ. ჩვენი სტრატეგიის მიხედვით გვინდა ქართული ბაზრის გარკვეული წილი დავიკავოთ, რაც ამ სეგმენტში ადვილი ნამდვილად არ არის, რადგან კონკურენცია ძალიან დიდია. ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენი პროდუქტის ხარისხში, რომელიც ფასთან შედარებით ბევრად მაღალია. ნედლეული ევროპიდან ჩამოგვაქვს და მხოლოდ ბრენდებისგან ვყიდულობთ. ხარისხის ადეკვატურად რომ შეგვერჩია ფასი, მაშინ ის გაცილებით მაღალი უნდა ყოფილიყო.
– ბაზრობაზე თუ არის შესაძლებელი თქვენი შამპუნისა და ბალზამის შეძენა?
– კი, ჩვენი პროდუქცია ბაზრობაზეც იყიდება.
– დიდ შეფუთვაშიც გაქვთ?
– გვაქვს, სილამაზის სალონებისა და კომპანიებისთვის 5-ლიტრიან შეფუთვაში. თუმცა, მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია, კიდევ უფრო დიდი შეფუთვის გაკეთებაც.
– ახლო მომავალში თუ გეგმავთ ახალი პროდუქტის შეთავაზებას მომხმარებლისთვის?
– მომავალში უამრავი გეგმა გვაქვს. მათ შორის არის კოსმეტიკური პროდუქციის ახალი სერია: კანისა და თმის მოვლის საშუალებები, რაც ერთ-ერთ ქართულ მინერალურ წყალზე დამზადდება. ასევე, გვსურს სიახლე შევიტანოთ პარფიუმერიულ ნაწარმშიც, კერძოდ დავიცვათ მოდური ტენდენციები თანამედროვე სურნელების გამოყენებით ოდეკოლონებსა და სუნამოებში.