ვისგან გამოჰყვა მამა პეტრეს მემკვიდრეობით ძალადობა, სიძულვილი და აგრესია და რისი ეშინოდა მას ოჯახის შექმნამდე
პეტრე კოლხი, იგივე მამა პეტრე, ერისკაცობაში პაატა კვარაცხელია, წარმოშობით წალენჯიხიდანაა. ძალიან ბევრი ადამიანისთვის საყვარელმა მამაომ და, იმავდროულად, პოეტმა, საკმაოდ პატარა ასაკში გადაწყვიტა, ტერენტი გრანელის მსგავსად, თბილისში ეცხოვრა. ამ ქალაქის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ წიგნებიდან ფლობდა, მისი ნახვის შესაძლებლობა კი პირველად 10 წლის ასაკში მიეცა. მამა პეტრეს არ ჰქონია მარტივი ბავშვობა, უფრო მეტიც, როგორც თავად ამბობს, მოხუცი დაიბადა. ბოლო პერიოდში იგი სკანდალებში მოექცა. მის მიმართ საზოგადოების კრიტიკა განსაკუთრებით მაშინ დაიწყო, როდესაც თავისი 13 წლის ქალიშვილის ფოტოები საკუთარ „ფეისბუქზე” გამოაქვეყნა.
მამა პეტრე: ყოველთვის მსურს იმაზე საუბარი, რაც არასდროს მქონია – ეს არის ბავშვობა. ძალიან საინტერესოა, როცა ადამიანი იბადები მოხუცი, უკვე დაღლილი და გამოცდილი. ეს ყოველივე იმ სირთულეებს გადაგალახვინებს, რომლებსაც ცხოვრებაში ხვდები. რთულია, როცა პატარაობიდანვე თვითონ იწყებ საკუთარი თავის ფორმირებას და იბრძვი იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელშიც დაიბადე. ერთია შინაგანი ცხოვრება და მეორე – გარეგნული. ბედნიერია ადამიანი, რომელსაც ამ ორს შორის თანხვედრა აქვს. 90-იან წლებს განვეკუთვნები. ეს პერიოდი იმდენად რთული იყო ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ყველა ოჯახს ეწვია დიდი უბედურება: სიკვდილი, დეპრესია, ძალადობა, აგრესია, სიძულვილი და ასე შემდეგ. მეც ამ ყველაფრის მსხვერპლი გავხდი. ჩემს ოჯახს უშუალოდ არ შეხებია აფხაზეთის ომი, მაგრამ, გადავიტანეთ სამეგრელოს ტრაგედია და იოსელიანის რეჟიმი, მხედრიონელობა, როცა ადამიანებს ქუჩაში აუპატიურებდნენ, სახლებს წვავდნენ და ასე შემდეგ – ეს იყო ჩემი ბავშვობა. ამიტომაც, მიმაჩნია, რომ ბავშვობა არ მქონია და მოხუცი დავიბადე. ჩემთვის არ არსებობდა კარუსელი, სათამაშო, ღიმილის უფლებაც კი. ოჯახური ძალადობის მსხვერპლიც ვიყავი. მამა იყო ძალიან უხეში, მკაცრი და, იმ ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც ოჯახში უფროსებს შორის ხდებოდა, ძალიან რთულად აღვიქვამდი. არ მაინტერესებდა, რას იტყოდა ხალხი; მინდოდა, ვყოფილიყავი ბედნიერი და მშობლებს არ წაერთმიათ ჩემთვის ბავშვობა. იმ ყოველდღიურობასთან შეგუებით მაიძულებდნენ, მეც გავმხდარიყავი არსებული მდგომარეობის ნაწილი. სწორედ ამიტომ, თითოეული ჩემი სიტყვა მიმართულია იქითკენ, რომ არ ვაიძულოთ ერთმანეთს რამე, თუნდაც მართლმადიდებლობა. დაახლოებით 8-9 წლის ვიქნებოდი, როცა ავდექი, ჩავიხედე სარკეში და ვთქვი: მორჩა, მე ვცვლი ჩემს ცხოვრებას-მეთქი. მემკვიდრეობით ჩემი ოჯახიდან გამომყვა ძალადობა, სიძულვილი, აგრესია, შეურაცხყოფა და, სულ მქონდა იმის შიში, რომ ყოველივე ეს ჩემს ოჯახთან – მეუღლესთან და შვილებთან არ გამეკეთებინა. თუმცა, საბედნიეროდ, პირიქით აღმოჩნდა – შვილებთან ზედმეტად ლმობიერიც კი ვარ. მუდმივად იმის კომპლექსი მაქვს, რომ მათთან არ გამოვავლინო აგრესია და ამიტომ ბავშვებს მოქმედების სრულ თავისუფლებას ვაძლევ. თუმცა, არ მიმაჩნია, რომ ეს ტრაგედიაა; ტრაგედიაში მე ვიზრდებოდი.
– პატარა იყავით, როცა თბილისში გადმოხვედით. ეს გადაწყვეტილება ოჯახში არსებული მდგომარეობის გამო მიიღეთ? მამას რა რეაქცია ჰქონდა?
– მამას რეაქცია იყო ნულს ქვემოთ – ის ამას არ განიცდიდა, არც გრძნობდა და არც აინტერესებდა. მაშინ ამაზე ძალიან ვბრაზდებოდი, მაგრამ დღეს მისი მესმის – მასაც ძალიან რთული ცხოვრება ჰქონდა. მადლობა უფალს, რომ მისი შვილი ვარ – ამას გულწრფელად ვამბობ. ის ტკივილი და სევდა, რამაც დამაწერინა და საკუთარი თავი შემაქმნევინა, მისგან გამომყვა მემკვიდრეობით. შეიძლება, დღეს ძალიან ბევრს ჩემი ლექსები არ მოსწონდეს, მაგრამ, არიან ისეთები, რომლებსაც მოსწონთ და, ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოსულა ადამიანი და უთქვამს, თქვენმა პოეზიამ სიკვდილისგან მიხსნაო. როდესაც გადავწყვიტე, გავმხდარიყავი სასულიერო პირი, მამაჩემისთვის ესეც გაუგებარი იყო, არაფერი უთქვამს. მას არასდროს უამაყია ჩემით; პირიქით, სულ ამბობდა, რომ ბევრ შენიშვნას აძლევენ ჩემ გამო. დღეს მასთან უკვე აღარ მაქვს ხშირი ურთიერთობა, ძალიან მოხუცდა; თუმცა, როცა ვნახულიბ, მაშინაც გავურბივარ – არ მინდა, კიდევ მეტკინოს გული. როდესაც სამეგრელოში მეგობრებთან ერთად ჩავდივარ, სულ პრეტენზიები აქვს, თუმცა, მამა ასეთი უნდა იყოს, არ უნდა შეიცვალოს. 10 წლის ვიყავი, თბილისში რომ გადმოვედი. ეს იყო ტერენტი გრანელის გავლენა – გრანელიც ვერ ეგუებოდა სამეგრელოსა და წალენჯიხას; ისიც ცდილობდა, რომ სულის უზენაესი თავისუფლებისთვის მიეღწია, რასაც თბილისში ხედავდა. ერთ-ერთ წერილში ის ამბობს: „ჩემი გული გადაეცით თბილისს, თუ აღმოჩნდა სადმე”. 10 წლამდე თბილისში არასოდეს ვყოფილვარ, მხოლოდ წიგნებიდან ვიცოდი მის შესახებ, რომ ის იყო ძალიან ბევრი პოეტის მუზა და მისი ცის ქვეშ ბევრი გუმბათი არსებობდა. სწორედ ამიტომ მომინდა, წამოვსულიყავი. ხელის შეწყობაც იყო ოჯახიდან. ეს რომ არ მომხდარიყო, მე იქ ჩავრჩებოდი; არ ვიქნებოდი დღეს ის, ვინც ვარ; არ მექნებოდა ჩემი საქმიანობა, ოჯახი და ასე შემდეგ. ხშირად მიფიქრია რეჟისორობაზე. იმდენად საინტერესოა ჩემი ცხოვრება, ალბათ, სცენარს დავწერ და ვინმეს აუცილებლად ვათამაშებ. დიდი ქარტეხილებითა და წინააღმდეგობებით აღსავსე ბავშვობა მქონდა. ჩემი ცხოვრება საოცრად ჰგავს გრანელის ცხოვრებას, ხშირად ზღვარის წაშლაც კი მიჭირს – სად მთავრდება გრანელი და სად ვიწყები მე.
– მამას რატომ ჰქონდა აგრესია მეუღლისა და შვილების მიმართ?
– მამა იყო ძალიან ეჭვიანი. დედა არანაირ საბაბს არ აძლევდა – ერთი ჩვეულებრივი კოლხი ქალი იყო, რომელიც ოჯახიდან არ გადიოდა; მისი სამსახური სამზარეულო, ქმარი და შვილები იყო. ხშირად დედა თავს იმის უფლებასაც კი არ აძლევდა, რომ მეზობელთან გადასულიყო და ეჭორავა – იცოდა, რომ მამას ეს არ მოეწონებოდა. მას მამაჩემის უთქმელად არაფრის გაკეთება არ შეეძლო, გამოწვრთნილი ჰყავდა. იყო მომენტი, როცა მინდოდა, რომ დედას ოჯახი დაენგრია და წამოსულიყო. ყოველივე ამან მასზე ძალიან იმოქმედა და ადრეული ასაკიდან გაფანტული სკლეროზით დაავადდა. დედა ასე რომ არ დატანჯულიყო, მის შვილიშვილებს ბებია ეყოლებოდათ. მართალია, დღეს ცოცხალია, მაგრამ საკუთარი სახელი და გვარი არ ახსოვს.
– თქვენი წარსულიდან გამომდინარე გადაწყვიტეთ, სასულიერო პირი გამხდარიყავით?
– არა, ამაზე არასდროს მიფიქრია. ჩემთვის ღვთისმსახურება მხოლოდ სასულიერო პირად ყოფნას არ ნიშნავს. მიმაჩნია, რომ ერისკაცობაშიც სასულიერო პირი ვიყავი, რადგან ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. იყო პერიოდი, როდესაც ვფიქრობდი, რომ გამოვსულიყავი მსახიობი, პედაგოგი. მიყვარდა სწავლა და წიგნის კითხვა. მაშინაც კი, როცა ჩვენს ოჯახში თავდაყირა იდგა ყველაფერი, მე შემეძლო, სადღაც კუთხეში შევყუჟულიყავი და წიგნი წამეკითხა – ამან მიშველა და გამომიყვანა მდგომარეობიდან. სასულიერო პირი რომ გავმხდარიყავი, პიროვნული ტკივილებიდან გამომდინარე არ მინდოდა. ვიყავი ჟურნალისტი „პირველ არხზე,” ვაქვეყნებდი სტატიებს, ვეწეოდი პედაგოგიურ მოღვაწეობას. არასდროს მქონია იმის სურვილი, რომ გამოვსულიყავი პოლიტიკოსი და რამე თანამდებობისთვის მიმეღწია.
– ექვსი შვილი გყავთ. თქვენი ოჯახისა და მეუღლის შესახებ გვიამბეთ.
– მე და ნინო ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით: მე ისტორიულზე, ის ფილოლოგიურზე. კარგი სტუდენტები ვიყავით, გამორჩეულები სწავლითა და აქტიურობით – ხშირად ვმართავდით პოეზიის საღამოებს და ასე შემდეგ. ნინო პირველივე დანახვიდან მიყვარდა – ნამდვილად მჯერა ერთი ნახვით შეყვარების. თავიდან ჩემი პოეტობა იყო მისთვის დამაბრკოლებელი. მეუბნებოდა: „შენ ხარ გიჟი, არანორმალური. მე ვარ შენი შთაგონების წყარო და, როდესაც ჩემგან მიიღებ თანხმობას, შენზე შეიძლება სხვანარიად იმოქმედოს და მიმატოვო. ეს შეიძლება შენთვის ცხოვრების ერთი ეპიზოდი აღმოჩნდეს, ჩემთვის კი მთელი ცხოვრება იყოს”. თუმცა, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ გულწრფელად მიყვარდა. ჩემსა და ნინოს შორის 17 წელი დგას, რომელიც ნამდვილად არ ყოფილა მარტივი. მეორე კურსზე ვიყავით, როცა ოჯახი შევქმენით და ამ პერიოდის განმავლობაში ერთხელაც არ ყოფილა ჩვენი ოჯახი დანგრევა-გადარჩენის ზღვარზე. 17 წლის შემდეგაც კი, არჩევნის წინაშე რომ დავდგე, ან საერთოდ არ შევქმნი ოჯახს, ან ისევ ნინოს მოვიყვან ცოლად. ექვსი შვილის ყოლა ახალგაზრდა ოჯახისთვის რთულია, მაგრამ, შეძლებისდაგვარად ვუძლებთ და ვიტანთ ყველა განსაცდელს. ნინოსთვის არაა მარტივი, იყოს ჩემი მეუღლე, რადგან რთული ვარ. ჩემ ირგვლივ ბევრი ადამიანია და, ის დრო, რომელიც მასთან უნდა გავატარო, მეგობრებთან ვარ, რაზეც ვიცი, რომ გული სწყდება.
– თქვენ მიერ გამოქვეყნებული ფოტოების გამო მარიამის ირგვლივ სკანდალი ატყდა, ბევრმა გაგაკრიტიკათ კიდეც...
– მარიამი არის ჩემი შვილი და არავის ბოდიშს არ მოვუხდი, თუ მისი ფოტოები საკუთარი „ფეისბუქის” გვერდზე განვათავსე. ვინც ამაზე მსჯელობს, მასთან ლაპარაკიც ზედმეტია. თურმე, მამა პეტრემ საკუთარი 13 წლის შვილის ფოტოები გამოაქვეყნა. ხალხო, როგორ ბნელა! ძალიან სამარცხვინოა, 13 წლის ბავშვის ფოტოებში ვინმე უზნეობას თუ დაინახავს, მაშინ მან უნდა აღიაროს, რომ პედოფილია და შველა სჭირდება. ბოდიში მარიამისთვის აქვს საზოგადოებას მოსახდელი. ის რომ ასეთი ძლიერი არ ყოფილიყო, ყველაფერი ფატალურად დამთავრდებოდა. მან ფოტოები განათავსა, ვიღაცეები კი გრძელი კაბის ქვეშ სოდომსა და გომორს აწყობენ. თუკი ჩემს შვილებსა და ოჯახს დასჭირდა ეკლესიიდანაც წამოვალ – მათი ბედნიერებისა და კეთილდღეობისთვის ყველაფერს გავაკეთებ!
– თქვენი შვილის თავისუფალი ჩაცმის სტილი არ უნდა იყოს კრიტიკის საფუძველი?
– ამ კითხვაზე სახარებისეული პასუხი მაქვს: მარიამი ჩემი სულიერი შვილი რომ იყოს, მისთვის იქნებ მეც ამეკრძალა პირსინგი და მოკლე კაბა. როდესაც მრევლი მეკითხება: მამაო, როგორ ვიაროთ ტაძარშიო, რა თქმა უნდა, მათ სახარებისეული გამოცდილებით ვუხსნი, რა უნდა ჩაიცვან. მიუხედავად იმისა, რომ მარიამი არის სასულიერო პირის შვილი, მას აქვს უფლება, ისე მოაწყოს თავისი ცხოვრება, როგორც სურს. ჩვენ ძალიან ბევრი პრაქტიკა გვაქვს იმის, რომ სასულიერო პირების შვილები იძულებით არიან ჩართული საეკლესიო ცხოვრებაში. ჩემი 6 შვილიდან არცერთს არ ვაიძულებ, გახდეს სასულიერო პირი. ის, რაც მარიამის გარშემო ატყდა, მისთვის სასარგებლო აღმოჩნდა – ამით უფრო გაძლიერდა. მარიამი არის უნიჭიერესი, მაგრამ ძალიან ზარმაცი, ამ ფაქტმა კი ბრძოლისუნარიანობა შემატა. მას ჰქონდა არაერთი შემოთავაზება იმიტომ, რომ იყო მამა პეტრეს შვილი, მაგრამ არასდროს დათანხმებია. მარიამმა მითხრა: „მე მინდა, დავამსხვრიო ის სტერეოტიპი, რომ ვარ მამა პეტრეს შვილი; შენ მომავალში უნდა იამაყო იმით, რომ მარიამის მამა იქნები“. ის გადაიღეს ფილმში, „რუსთავი 2-ის” პრომოში; აქვს შემოთავაზება ერთ-ერთ მთავარ როლზე რეჟისორისგან. თუ მას ამ ქვეყანაში დააცადეს არსებობა, ის წარმატებული პოლიტიკოსი გახდება.