კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შიშს ვერ ამჟღავნებდნენ ხმამაღლა კოტე თოლორდავას დაღუპვის შემდეგ მისი ოჯახის წევრები და რა გზით იბრძვის განო მელითაური სიცოცხლის გასაგრძელებლად

3 ოქტომბერს ქვეყანას კოტე თოლორდავასა და განო მელითაურის ქალიშვილი ელენე-ლოლა მოევლინა. განოს მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო, ამიტომაც ბავშვი საკეისრო კვეთით გაჩნდა. განო მელითაურის ცხოვრებაში კიდევ ერთი სიახლეა. მან სულ რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებას ამცნო, რომ ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი გახდა. მისი თქმით, საღამოობით ლექციები არის საშუალება, რომელიც თვითმკვლელობაზე ფიქრისგან იხსნის. განოს ცხოვრებაში მომხდარ სიახლეებთან დაკავშირებით მამამისს, ბატონ კახა მელითაურს ვესაუბრეთ.

 კახა მელითაური: პატარა არაჩვეულებრივია. და-ძმანი გიჟდებიან მასზე და გვერდიდან აღარ შორდებიან. თარაშს კაცური ურთიერთობა აქვს პატარასთან, სულ მის დაცვას ცდილობს. უფრო მამობრივი დამოკიდებულება აქვს. თუ ვეტყვით, რომ ხელი არ დაადოს ან არ გააღვიძოს, აუცილებლად გვიჯერებს და ტასოსაც აფრთხილებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ თვითონაც პატარაა, ასაკთან შედარებით ძალიან განვითარებულია და ყველაფერი კარგად ესმის. ტასოც ასეა, ლოლიტასთან მიმართებით ის უფრო დედობს. პატარა რომ დაიბადა, ესენი ავად იყვნენ და სანახავად ვერ მივიყვანეთ. ამიტომ, ერთი სული ჰქონდათ, როდის მიეცემოდათ ამის საშუალება და მართლაც, საოცარი შეხვედრა იყო. უერთმანეთოდ ვერ ძლებენ. ორი წუთი თუ ვერ მოჰკრეს თვალი ერთმანეთს, მაშინვე ძებნას იწყებენ.  ტასო უფრო ცელქია. ძალიან დიდი ენერგია აქვს. სადაც მიდის, ყველგან ლიდერობს – ან დედაა, ან საქმეების წარმმართველი.
– ელენე-ლოლიტა როგორი გოგოა?
– ღმერთის საჩუქარია და ალბათ, იმ მსხვერპლის ფასი, რაც ამ ოჯახმა გაიღო, რომ ბავშვი ასეთი კარგი და ჯანმრთელია. მან მუცლად ყოფნისას იმდენი გადაიტანა, რომ ყველას დიდი შიში გვქონდა, რამე არ დამართნოდა. ამას არ ვამჟღავნებდით და ხმამაღალა არ ვამბობდით, მაგრამ ყველანაირი ლოგიკით, შეიძლებოდა, ზიანი მიდგომოდა. მტირალა არაა. როცა მოშივდება, გაგაგებინებს. არ უყვარს თავზე ხელის გადასმა, რაშიც კოტეს ჰგავს. ნამდვილი კანფეტია, ჭამს და გვეთამაშება. წოლა არ უყვარს და სულ ხელში ყოფნა უნდა. ამას აუცილებლად გაგაგებინებს, მაგრამ არა ისტერიულად. უკვე „აღუს“ თქმას ცდილობს. სამ ოქტომბერს დაიბადა საკეისროთი, რაც აუცილებლობას წარმოადგენდა. ამის გარეშე სერიოზული ხიფათი არსებობდა, თუმცა ყველაფერი ისეთმა კაცმა ჩაატარა, რომ სხვანაირად წარმოუდგენელიც იყო. სხვათა შორის, ვინც განო მოავლინა ამ ქვეყანას, მანვე მოავლინა მისი შვილებიც. ესაა ექიმი ამირან ქორიძე. თინა სამშობიაროდ პირდაპირ გადაღებიდან წავიყვანე. მასაც საკეისრო გაუკეთეს და რომ გაკვეთეს, იქ სიცოცხლისთვის საშიში სურათი დახვდათ. ყველაფერი იმდენად რთულად იყო, რომ თინაც იღუპებოდა და განოც, მაგრამ ამირანმა შეძლო და ორივე გადაარჩინა. ამჯერზედაც ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. საერთოდ, განო ყოველთვის ცდილობს, ტკივილს ძლიერი დახვდეს. ძალიან პატარა, დაახლოებით ხუთი წლის იყო და ყური ასტკივდა ძალიან. საავადმყოფოში წავიყვანე და ექიმს ველოდით. აქეთ-იქით დაგვყავდა, ხმას არ იღებდა, მაგრამ ცრემლები ჩამოსდიოდა ლოყებზე. ტკივილს ყოველთვის უძლებდა. განო მებრძოლია. მშობიარობამაც, ღვთის მადლით, კარგად ჩაიარა და მჯერა, რომ ეს კოტეს თანადგომითაც მოხდა. ყველას გამოგვიცდია, მომენტი, როცა წასული ადამიანი  ენერგეტიკულად ისევ შენ გვერდითაა.
– ფიზიკურად თუ ამსგავსებთ უკვე ვინმეს პატარას?
– ცოტ-ცოტა ყველასგან აქვს აღებული. განოსაც მიამსგავსებ, ტასოსაც, თარაშსაც და კოტესაც. სახელი ელენე-ლოლიტა განომ და ტასომ შეარჩიეს. არ ვიცი, შეიძლება კოტემაც. ჩვენ ლოლიტას ვეძახით. საერთოდ, სახელს აქვს თავის აურა და გავლენა ადამიანის ბედზე. გაიანე, ანუ განო საკმაოდ მძიმე სახელია. ეს სახელი მამაჩემის დედას ერქვა. ის ნიკო ლომოურის უახლოესი ნათესავი იყო. მამაჩემი წლინახევრის იყო, დედა რომ გარდაეცვალა. ის ტიფით დაავადებულ გლეხებს უვლიდა და მკურნალობდა, შემდეგ თავადაც შეხვდა ეს დაავადება და გარდაიცვალა. როცა განო დაიბადა, სამი დღე სახელი ვერ მოვუფიქრეთ. მერე უცებ მივხვდი, რომ გაიანე უნდა დამერქმია. თავიდან არ მოსწონდა, მაგრამ მერე შეეჩვია და შეუყვარდა კიდეც. კოტეს ძალიან უყვარდა ეს სახელი, მაგრამ მას თვითონ განო უყვარდა და სახელიც იმიტომ შეუყვარდა. რაც მეტი დრო გადის, გული უფრო და უფრო მწყდება. მსახიობის კარიერა ნიჭის გარდა, შრომასა და ბედიწერაზეა დამოკიდებული. კოტემ შრომა ცოტა გვიან დაიწყო. იმიტომ რომ, დრო იყო ასეთი. მისი თაობის მსახიობებს რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ ყველა ნარკოდამოკიდებულია. ამ დარტყმამ კოტე ძალიან დააზარალა, თუმცა ეს არ იყო მისი უნებისყოფობისა და ვნების ბრალი. ეს იყო უბინძურესი და ხელოვნურად შექმნილი დროის შედეგი. ეს თაობები სპეციალურად შესვეს წამალზე. იყო ომი, შიში და დუხჭირი ცხოვრება, სამუშაო აღარავის ჰქონდა და მით უმეტეს, მსახიობებს. მოიხედავდი და აქეთ წამალი ეყარა, გინდა შესაყნოსი, გინდა გასაჩხერი თუ გადასაყლაპი. ყველაფერმა ერთად ამ თაობის პროვოცირება მოახდინა. თუმცა კოტემ, საბოლოო ჯამში, ეს ომი მოიგო. მერე ბუკა გაჩნდა, მერე განოსა და კოტეს დიდი სიყვარული, რომელიც არანაირ ნორმასა და ჩარჩოში არ ჯდება. ეს იყო არაადეკვატური სიყვარული, რომელმაც კოტეზე დიდი გავლენა მოახდინა. მერე ბავშვები წამოვიდნენ და კოტემ ნელ-ნელა ამოსვლა დაიწყო. ამ პროცესში, ეტყობა, იმდენი ენერგია წავიდა, რომ როცა უკვე კულმინაციას მიაღწია, იქ იფეთქა და გასკდა. რას ვიზამთ, ადამიანს, რაც უწერია, იმას ვერ ასცდება. სამაგიეროდ, მან უამრავი კარგი რამ გააკეთა. ამქვეყნად ფანტასტიკური ბავშვები: ბუკა, ტასო, თარაში და ლოლიტა დატოვა. ვნახოთ, ახლა, ალბათ, განოც ივაჟკაცებს, თუმცა ძალიან უჭირს. როცა ბავშვები პატარა ჰყავდა, განო თინას კი არა კოტეს ეძებდა. კოტეც სულ მის გვერდით იყო. რომც სცოდნოდა, მტყუანი იყო, მაინც განოს მხარეს იჭერდა. ამიტომ, მისთვის განსაკუთრებულად რთულია, თუმცა კიდევ ღონივრად ჭიდაობს. ბოლო პერიოდი განაკუთრებულად მძიმე იყო მისთვის, თუმცა ცდილობს, ეს ყველაფერი თამაშითა და საკუთარი თავის მოტყუებით დამალოს. მეგობრებთან მიდიოდა, მაგრამ მერე იქ ყოფნის გამო მწარდებოდა და სასაფლაოზე გარბოდა ან სახლში ბრუნდებოდა, ოთახში იკეტებოდა და ტიროდა. ეს ხდებოდა ყოველდღე. მერე ახსენდებოდა, რომ ამდენი ტირილი ბავშვისთვის არ შეიძლება და ისევ ჭიდაობას იწყებდა საკუთარ თავთან. ვითომ ხალისიანი ხდებოდა, მაგრამ მერე ისევ ყველაფერი თავიდან იწყებოდა და ასე ყოველდღე... ძალიან განვიცდი და მტკივა, მაგრამ ადამიანი თვითონ უნდა მოერიოს ამ ყველაფერს. ის ყველანაირად ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის. მაინც სიგიჟემდე ენატრება კოტე. ადრეც მითქვამს, დედაჩემი მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, სასაფლაოდან ვერ ჩამოვიყვანეთ. სამი წელი მხოლოდ მექანიკურად ასრულებდა ქმედებებს. ჩემს გაზრდასა და ყველაფერ დანარჩენში ოჯახის წევრები ეხმარებოდნენ. ჩვენც ვუდგავართ განოს გვერდით, მაგრამ კოტეს წასვლით დატოვებულ სიმარტოვეს, ოჯახი ვერ აკომპენსირებს. განომ გაიხადა განო და ჩაიცვა კოტე... კოტემ გაიხადა კოტე და ჩაიცვა განო... ჩხუბობდნენ, კინკლაობდნენ, ხოცავდნენ ერთმანეთს და ამის მიღმა იყო მათი ერთობა. ამ ყველაფრის შემდეგ განოსთვის ძალიან მძიმეა. ყველა მისი ქმედება არის ჭიდაობის ფორმა, რომელსაც ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს. ბოლომდე მუშაობდა, მაშინაც კი ვერ დაწვა, როცა სიცოცხლისთვის საშიში ჩვენება ჰქონდა. ჩემი მეუღლე, თინაც ასეთია და ცოტათი მეც. ასეთი იყო თეაც, ჩემი გერი, რომელიც გარდაიცვალა. ვემუდარებოდი, დაწექი-მეთქი და მპასუხობდა: მე რომ დავწვე ვეღარ ავდგებიო. ასეთი იყო თავად კოტეც. მან კიბეზე გადაიტანა მიკროინფარქტი და მე რომ შემთხვევით არ მენახა, ისე ადგებოდა და წავიდოდა, ვერც ვერავინ გაიგებდა ამის შესახებ. ჩვენ არაადეკვატურობით ვგავართ ერთმანეთს. მე სულ ვამბობ, დამთავრდება თინა, დამთავრდება კახაც. ფიზიკურად შეიძლება, თავი არ მოვიკლა, მაგრამ დარდი ბოლოს მომიღებს. განო უფრო ღონიერია. ბევრისგან მესმის: განო ამას თამაშობს. მე კი ვიცი, რომ ის კი არ თამაშობს, არამედ იგონებს სიტუაციებს, რომ გაექცეს სიმარტოვეს კოტეს გარეშე. მიდის ტასოსთან, რომ ამეცადინოს და უცებ კოტე მოენატრება, მაგრამ მისი ნახვა არ შეუძლია. განო იქ ინგრევა და კვდება. მერე მეგობრებთან გარბის, რომ კოტე მოატყუოს – აი, მე კარგად ვარ, ბედნიერად ვარ, მაგრამ იქაც უსაზღვროდ ენატრება და მორბის უკან. ბოლოს შუაღამისას სასაფლაოზე მირბის მარტო, სადაც ორჯერ მიანგრია მანქანა. სასაფლაოზე ახსენდება, რომ უკან უნდა მობრუნდეს და მორბის. ის ამ მონატრებას არ ებრძვის, უბრალოდ, მისი ჩაქრობა უნდა, რომ შიგნიდან არ დაწვას. სამი ბავშვი ჰყავს და ვის დაუტოვებს?! თინა და კახა განა რამდენხანს გაძლებენ ფიზიკურად?! ამიტომ, განო ბოლომდე იბრძვის და ახერხებს, რომ არც კოტეს კარგავს და არც თავს.
– პატარებიც სვამენ, ალბათ, მამის შესახებ კითხვებს.
– თარაში ყოველ საღამოს ემშვიდობება კოტეს ფოტოს – პაკა, მამაო, ამბობს. ცოტა ხნის წინ, უცებ ღამე გაიღვიძა და ტირილი დაიწყო, მამა მენატრებაო. დაჯდა და კოტესთან დაკავშირებით ყველაფერი გაიხსენა. ზუსტად ათი დღეა, მამამისი მისი ყოფის განუყოფელი ნაწილი გახდა. აქამდე ასე არ ყოფილა. მხოლოდ იმას ამბობდა, რომ მამა ცაშიაო. ახლა, ყველაფერი, რაც ქვეცნობიერში ჰქონდა შენახული, გაახსენდა და სულ რაღაცეებს ყვება: გახსოვს, გუშინ მამიკომ რაღაც რომ მომიტანა... გახსოვს, მე და მამა იქ რომ ვიყავით გუშინ?! მამაც მიყვარს, შენც და განოც, მაგრამ მამა მენატრება. რატომ არ მოდის ციდან, ხომ იცის, რომ მე უკვე მენატრებაო. როგორც ჩანს, კოტე დაესიზმრა და მოგონებები ამოუტივტივდა. მე, მაგალითად, თეა გარდაცვალების შემდეგ სულ ორჯერ დამესიზმრა. ის წარმოუდგენლად დიდი არსება იყო, რომელმაც იცოდა, რომ ამქვეყნიდან მიდის. ჩვენ მას ვუთხარით, რომ ოპერაციის შემთხვევაში, გადარჩენის შანსი ერთი პროცენტი ჰქონდა, ისიც, თუ შესაფერის დონორს ვიპოვიდით ძვლის ტვინის გადასანერგად. მაინც ვკვდები და ერთი პროცენტი მირჩევნიაო, გვითხრა. რომ დავკრძალეთ, ფოსტალიონმა შეტყობინება მოგვიტანა, მექსიკაში დონორი ვიპოვეთ და ბავშვი სასწრაფოდ გადმოაფრინეთო. რაც შეეხება ტასოს, მან გაცილებით ღონიერად გადაიტანა ეს ამბავი. მან იცის, რომ სიკვდილით არაფერი მთვარდება, უბრალოდ, მამას ხელს ვერ მოჰკიდებს და მოენატრება, თორემ ის აქ არის, ეს ყველაფერი გააზრებული აქვს და მშვიდად აღიქვამს, მაგრამ ომი აქვს. თუ ვინმე კოტეზე რამე გადაბრუნებულს იტყვის, ორი თითით მიდის მოსაკლავად, ყველას გადალეკავს. ის უკვე დიდი გოგოა. თარაში პატარაა და მიხარია, რომ მამა ახსოვს. გარდა ამისა, მას გარშემო ჰყავს ადამიანები, რომლებიც მისი დავიწყების საშუალებას არასდროს მისცემენ. რაც შეეხება ლოლიტას, მას სამივე და-ძმა მოუყვება მამაზე და განო, რომელიც მასზე გიჟდება და დარწმუნებული ვარ, პატარას ღირსეულად გაზრდის. ასე რომ, კოტე კიდევ დიდხანს იქნება ცოცხალი.
– გარდაცვალებიდან ამდენი თვის შემდეგ კოტე ამერიკაში, საერთაშორისო ფესტივალზე, ლევან ბახიას ფილმ „ნაღმში“ შესრულებული როლისთვის საუკეთესო მსახიობად აღიარეს.
– ამერიკაში ერთ-ერთ ფესტივალზე, კოტემ აიღო ნომინაცია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. მეორე ნომინაციაც აიღო მოსკოვში, ბოლოს გადაღებულ ფილმში მამაკაცის არამთავარი როლის შესრულებისთვის. ამ ფილმის პროდიუსერი საქართველოშიც გეგმავს პრემიერას. ისინი ხშირად გვეკონტაქტებიან. კოტეს მიმართ ძალიან კეთილგანწყობილები იყვნენ. სანამ გადმოვასვენეთ, ქართველებთან ერთად ბოლომდე იომეს, რომ რაც შეიძლება, სწრაფად მომხდარიყო ყველაფერი. სამომავლოდ, სერიალში აპირებდნენ მის გადაღებას. მაგრამ... ბედნიერებაა, რომ ასეთი ადამიანი არსებობდა, თუმცა ტკივილი მეტია. უფრო დიდი ბედნიერება იქნებოდა, კოტესგან მეტი კინოროლი რომ დარჩენილიყო. თეატრი მაინც სხვა მოვლენაა და იქ შესრულებული როლები ისტორიას ნაკლებად რჩება, რასაც კინოზე ვერ ვიტყვით. თუმცა, რაც დატოვა, იმდენად სავსეა, რომ ხალხს არასდროს დაავიწყდება. თუნდაც სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ ... კოტე აღარაა, მაგრამ იმდენად ღონიერი პერსონაჟი იყო, რომ ვერ წაშლი მეხსიერებიდან. გულდასაწყვეტი ისაა, რომ ახლა დაიწყო მისი დაფასება. ძალიან ნიჭიერი და მრავალფეროვანი იყო შემოქმედებაშიც და ცხოვრებაშიც. კოტე ძალიან კარგი ადამიანი იყო და მიხარია, რომ ეს მის შვილებში დარჩა. იმედი მაქვს, განოც ბოლომდე გაიტანს თავის გასატან უღელს, რადგან მან ოთხი ფანტასტიკური არსება უნდა დააყენოს ფეხზე. მე და თინა რამდენ ხანს ვეყოფით, ლენაც (კოტეს დედა – ავტორი) უკვე ძალიან დაიღალა, თუმცა ახლა კარგადაა და თავის ტკივილს მარტო უმკლავდება. პატარა რომ დაიბადა, ადგა და საავადმყოფოში მოვიდა. ისე, სახლიდან გასვლას ერიდება. განომ მოახერხა, რომ ლენასაც აქვს სახლი და ყველაფერი, რომ თავი მარტოსულად და უშვილოდ დარჩენილად არ იგრძნოს და ბავშვებსაც აქვთ ჭერი. ეს განომ კოტეს დახმარებით გააკეთა. რომ არა ის და მისი მოყვარული ადამიანების თანადგომა, ეს შეუძლებელი იქნებოდა.

скачать dle 11.3