რატომ ემუქრება შოთო სიხარულიძე დაბლოკვით დედას და ვინ არის ქალი, რომელიც ხალხს მისი ბიოლოგიური დედა ჰგონია
შოთო სიხარულიძეს, ანუ „იუთუბის მამას“, როგორც მას წლების წინ შეარქვეს, ყველა იცნობს. ის განსაკუთრებული სიყვარულით ემიგრანტებში სარგებლობს, რადგან დღედაღამ ცდილობს, მათი რთული და მონატრებით სავსე ცხოვრება გაახალისოს; ის ტკივილი შეუმსუბუქოს, რომელსაც ისინი წლებია, სამშობლოსგან და ოჯახებისგან განშორების გამო განიცდიან.
შოთო სიხარულიძე: დავიწყებ იმით, რომ ჩემს საქმეს შეემატა ინდური სერიალები, რომლებიც მრავალსერიანებია და, მოკლედ, ერთი დღე აღარ მაქვს დასვენება – შაბათ-კვირის ჩათვლით ვტვირთავ თურქულ და ინდურ სერიალებს. სხვათა შორის, ბევრჯერ გავუკრიტიკებივარ ხალხს, რომ მე გავუფუჭე გემოვნება ქართველ ემიგრანტებს; რომ მოღალატე ვარ; რომ აღარ მახსოვს თურქეთის მხრიდან რამდენიმესაუკუნოვანი მონობა და ასე შემდეგ... მე ვაწვდი მათ იმას, რასაც ისინი მთხოვენ და ვითვალისწინებ მათ აზრს, რის გამოც ხშირად ჩავვარდნილვარ უხერხულ სიტუაციაში, იწერება ცუდი კომენატრები პირადად ჩემი მისამართით. რომ გითხრათ, ეს მსიამოვნებს-მეთქი, რა თქმა უნდა, არ იქნება მართალი. თუმცა, ვცდილობ, არ მივაქციო ყურადღება და არ ავყვე პროვოკაციებს.
– მერე გამოგდის?
– ყოველთვის არ გამომდის, რადგან, ჩემთვის ძვირფასი ადამიანები – მეგობრები და, მათ შორის დედაჩემიც, ერთვებიან პოლემიკაში. დედაჩემი „ფეისბუქის“ მეგობრებში იმის გამო არ მყავდა, რომ არ ენახა ცუდი კომენტარები. ზოგჯერ პოლემიკაში შედიოდა და ამით მეც მექმნებოდა დისკომფორტი. ბევრჯერ მომსვლია კამათი ოჯახში, დედასთან: ნუ შედიხარ პოლემიკაში, თორემ, დაგბლოკავ-მეთქი. დიდხანს არ ვიმეგობრებდი და ბოლოს დავიმეგობრე, მაგრამ, გაფრთხილებული მყავს, როცა რაღაც ცუდი იწერება, არ გასცეს პასუხი. მის კომენატრებსაც ვშლი ხოლმე და ამაზე ბრაზდება. ხშირად უთქვამს: ჩემი შვილია, გავზარდე და განგებ მიკეთებს ასეთ რამეებსო. ცოტა ხნის წინ ასეთი რაღაც მოხდა: 4-5 თვის შემდეგ ვნახე ტექსტი, სადაც ერთი ადამიანი მემუქრებოდა – შოთო სიხარულიძის საიტი დღეს არის და ხვალ აღარ იქნებაო, ანუ, საიტის გატეხით მემუქრებოდა; რომ თითქოს მე ყოველ მეორე ნაბიჯზე ვატყუებ ემიგრანტებს და ვაგზავნინებ მათ თანხებს. ამ მუქარის ქვეშ იყო კომენტარები და ერთ-ერთი ეკუთვნოდა ქალბატონ ნაირა ჯავახიშვილს, რომელიც წერდა: 25 წლის შვილი მყავს გარდაცვლილი, შოთო თუ გაქრება საიტიდან, მე ამას ვერ გადავიტან; როგორც შვილი, ისე მიყვარს და მისი საიტით ვცოცხლობ. თუ თქვენ შოთოს ამას გაუკეთებთ, ჩვენც არ გავჩერდებითო, – როგორც საკუთარ შვილს ისე მიცავდა. ძალიან მიყვარს ეს ქალბატონი, პირადად უნდა გავიცნო. „დე,” – ასე მივმართავ დღემდე. ერთი თვის წინ დაბადების დღე ჰქონდა, მივულოცე ორიგინალურად და ბოლოში: „დე, ძალიან მიყვარხარ, იმედია, მალე შევხვდებით“. ამას დიდი ამბავი და გაუგებრობა მოჰყვა – ეგონათ, რომ ის იყო ჩემი ბიოლოგიური დედა და, მთელი კვირა მიდიოდა ამის განხილვა. თვითონ იმ ადამიანმა ისეთი თბილი წერილი დაწერა, რომ მე ვარ შვილი, რომელიც არასდროს უნახავს და ძალიან უყვარს. არაჩვეულებრივი ადამიანია. ზოგჯერ, როცა ამ აგრესიის გამო მიჩნდება სურვილი, გავაუქმო საიტი, გავქრე ამ ცხოვრებიდან, მახსენდებიან ეს ადამიანები, ჩემი ემიგრანტები და არ ვაძლევ საკუთარ თავს ამის უფლებას; არ მინდა მათი მიტოვება, რადგან ჩემ გარეშე ცუდად იგრძნობენ თავს და მეც არ ვიქნები კარგად. ერთ-ერთი სასულიერო პირის შვილი იყო, რომელიც ბრალს მდებდა იმაში, რომ მე ვარ ცუდი ადამიანი, ემიგრანტებს ვატყუებ და მათგან ფულს ვიღებ. როცა ადამიანს არ იცნობ, არ გაქვს იმის საბუთი, რომ ის იტყუება, მსგავსი ბრალდება არ უნდა წაუყენო. თან, რომ უპოსტავ საჯარო გვერდზე... ვერ მამხილებენ, რადგან არცერთი თეთრი არ ამიღია ემიგრანტებისგან, არც „იუთუბის“ ჩაურიცხავს რამე... თუმცა, არის შემთხვევა, როდესაც, მაგალითად, ქართველმა ემიგრანტმა მაკა უკლებამ ახალ წელს საბერძნეთიდან ჩემთვის და ჩემი რჩეულისთვის გამოგზავნა შოკოლადები და ყავა. ასეთი რაღაცეები ხდება ხოლმე და მადლობელი ვარ ამ ადამიანების.
– ცოტა ხნის წინ „ფეისბუქზე“ სტატუსად დაწერე, რომ ემიგრანტები „მერსედესის“ მარკის ავტომობილს გჩუქნიან.
– დიახ, იყო ასეთი დაპირება და მე დავწერე სტატუსად ჩემი სიხარული. ავტომობილის მართვაც არ ვიცი, უბრალოდ, მათ გამოხატეს სურვილი და მეც ჩემი სიხარული და მადლობა დავწერე და თუ ეს ყველაფერი მოხდებოდა, შოთო გაასაჯაროვებდა მათ სახელებსა და გვარებს. ხშირ შემთხვევაში, შეიძლება, ვინმე ატყუებდეს შოთოს, რომ მან ეს დაწეროს და ამას სკანდალი მოჰყვეს, ან დამბრალდეს, რომ ქრთამს ვიღებ. ერთი რამ ვიცი, რომ პროფაილის ფოტოდ ცოლ-ქმრის სურათი ეყენათ, არ ვიცნობ მათ და, თუ ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდება, გამიხარდება, რადგან აღარ დაიწყებენ – შოთო ქრთამს იღებსო. შეგიძლიათ, ნებისმიერ ემიგრანტს ჰკითხოთ, თუ მოუთხოვია შოთოს მათგან რამე და პასუხი იქნება უარყოფითი. იმდენად ბევრი რაღაც ხდება, რომ ჩემი ცხოვრება მრავალსერიან ბრაზილიურ ფილმს დაემსგავსა.
– ბევრი ემიგრანტი გეპატიჟება თავისთან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ხომ არ აპირებ გამგზავრებას?
– ბევრი მეპატიჟება, მაგრამ მერიდება, არ მინდა, ვინმე შევაწუხო. თუმცა, ამას რომ ვეუბნები, სწყინთ. ახალ წელს მადრიდში ვარ დაპატიჟებული. ყველა ქვეყნიდან მოდის თბილი ტექსტები, მაგრამ, რატომღაც, საბერძნეთიდან უფრო დიდი გამოხმაურებაა ჩემი საიტის მიმართ. მინდა საბერძნეთში წასვლა, მომღერლების ჩაყვანასაც მთხოვენ. თაკო მელიქიშვილი უყვართ ძალიან და, სურვილი აქვთ, ჩავიდე არა მხოლოდ მასთან ერთად, არამედ კიდევ სხვა მომღერლებთან ერთად წავიყვანო კონცერტი. ვნახოთ, იქნება თუ არა შესაძლებელი.
– ინდური სერიალების გმირზეც დაგაქორწინეს და ამის ამსახველი ფოტოც კი გავრცელდა.
– ინდურმა სერიალებმა ყველა რეიტინგი და რეკორდი მოხსნა, სრულიად საემიგრანტო აალაპარაკა. ინდოელი ქალბატონისგან მომივიდა „ფეისბუქში“ დამეგობრების თხოვნა და ეს გამოვაქვეყნე. მერე ჩემმა მეგობარმა ერთ-ერთი სერიალიდან ფოტო დაამონტაჟა, იჩას მეუღლის სახის ადგილას ჩემი სახე ჩადო და ყველა მილოცავდა იჩაზე დაქორწინებას. კარგად ვიხალისეთ, ბევრი გულითადი მილოცვა მივიღე. ემიგრანტები განსაკუთრებით მგულშემატკივრობენ და მიცავენ.
– შეყვარებული ახსენე. რა ხდება შოთოს პირად ცხოვრებაში?
– ბევრს ცოლიანი ვგონივარ, ზოგს – შვილიანიც, მაგრამ, ცოლი არ მყავს და, მგონი, არც შვილი. გაზაფხულზე უნდა ყოფილიყო ჩემი და ჩემი შეყარებულის – ნათიას ქორწილი, მაგრამ, ახლა თქვენი საშუალებით მინდა გავაგებინო ყველას – ემიგრანტებსაც და ჩემს ოჯახსაც, რომ ჩვენი ქორწილი აღარ იქნება. ჩვენ კარგ მეგობრებად დავრჩით, ქორწილი კი ჩაიშალა. სხვათა შორის, რომ ვწერდი – შემირჩიეთ ვინმე კარგი გოგონა-მეთქი, შემოთავაზებები იყო. ჩემი ემიგრანტები აუცილებლად მომიძებნიან კარგ ოჯახისშვილ გოგონას, უბრალოდ, მე არ მომინდომებია და არ ავყოლივარ ამ გამოხმაურებას.
– სულ ემიგრანტებისთვის ვიდეოების ატვირთვით ხარ დაკავებული და, როგორც ამბობ, ამაში არანაირ თანხას არ იღებ. რა არის ამ ეტაპზე შენი შემოსავლის წყარო?
– მამაჩემი რომ დამინახავს კომპიუტერთან მჯდარს, ამბობს: აჰა, ჩემი შვილი სამუშაოზეა, ვიდეოებს ტვირთავსო; მერე კი დასძენს – ადექი, შვილო, წადი, იმუშავეო. ჩემი რაღაც ბიზნესი მქონდა წლების წინ და ყოველთვის მაქვს ჩემი შემოსავალი, თუმცა სტაბილური არ არის. მაგრამ, შოთო სიხარულიძე რის შოთო სიხარულიძეა, სადღაც თავისი დანაზოგი არ ჰქონდეს. ის არასდროს არავის არაფერს არ სთხოვს. მამას, უბრალოდ, უნდა, რომ მეტი შემოსავალი მქონდეს და მისი შვილი ხელფასიანი ბიჭი იყოს.
ბოლოს, მინდა, ვისარგებლო და თქვენი ჟურნალის მეშვეობით ჩემს მეგობრებს – მარიამსა და ავთოს პატარა გაბრიელის დაბადება მივულოცო. ღმერთისგან დალოცვილი ყოფილიყოს!