რა ნათესაური კავშირი აქვს შალვა რამიშვილს თეა წულუკიანთან და რას ასაიდუმლოებს ის
25 ოქტომბრიდან „შალვა რამიშვილის შოუ” ეთერში ახალი წამყვანით გავიდა – შალვა რამიშვილმა შოუ, რომელსაც ერთ წელზე მეტხანს აკეთებდა, ილო ბეროშვილს ანდო, თვითონ კი, როგორც ამბობს, იმ საქმეს უბრუნდება, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდა. ახალი პოლიტიკური თოქ-შოუს შესახებ, რომელზეც ბევრს საუბრობენ, ტელესახე ჯერჯერობით არაფერს ამხელს, თუმცა, არ მალავს, რომ ახალ შოუს ეთერში უახლოეს მომავალში ვიხილავთ.
შალვა რამიშვილი: „შალვა რამიშვილის შოუ” არ შეჩერებულა და არც მე წამოვსულვარ ამ გადაცემიდან, განვაგრძობ პროდიუსინგს. შოუს შეეცვალა წამყვანი და, შესაბამისად, ეს უკვე იქნება „ილო ბეროშვილის შოუ”. ჩემი ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი ფაქტორია ის ტენდენცია, როცა გამოცდილი ტელეწამყვანები ასპარეზს უთმობენ ახალ თაობას. ილოს აქვს ბევრი ის თვისება, რომელიც აუცილებელია თანამედროვე ტელესივრცეში წამყვანისთვის: ის არის მომღერალი, მოცეკვავე, პაროდიებისა და ინტერპრეტირების ოსტატი. ჩემი აზრით, ის კარგად გაუძღვება ამ საქმეს. მე უფრო სხვა ასპარეზზე წარმომიდგენია ჩემი თავი – იქ დავბრუნდები, სადაც ადრე ვიყავი.
– ალბათ, გულისხმობთ ახალ პოლიტიკურ თოქ-შოუს „იმედზე,” რომელზეც ბევრს საუბრობენ. თქვენ წაიყვანთ?
– ამ გადაცემის შესახებ ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ, ახლა გადაცემის დეტალებზე საუბარი არ მსურს.
– რატომ ასაიდუმლოებთ ასე ამ გადაცემას?
– არაფერია გასასაიდუმლოებელი, მაგრამ, არც ერთი წინადადება ამ გადაცემის შესახებ ჩემგან არ ითქმევა – ყველაფერს თავისი დრო აქვს. ახლა ცალსახად ვერაფერს ვიტყვი, რას ვაპირებ და როგორ, ამაზე მოგვიანებით გავაკეთებ კომენტარს.
– შალვა რამიშვილის ცნობილი ეპატაჟური იმიჯი ახალ გადაცემაშიც იქნება?
– საკუთარ თავს ხომ არ ვუღალატებ? (იცინის).
– ახალი სატელევიზიო სეზონი „იმედში” დიდი პერიპეტიებით დაიწყო – დაიხურა ორი თოქ-შოუ. როგორი იყო ამაზე თქვენი რეაქცია, გაგინაწყენდნენ კოლეგები? სოციალურ ქსელებშიც გაჩნდა პოსტები თქვენს არაკოლეგიალობაზე.
– მე არ ვიცი, რაში გამოიხატა ჩემი არაკოლეგიალობა, მე არ ვკითხულობ სოციალურ ქსელში სხვადასხვა პირის მიერ დადებულ სტატუსებს. მე ვერ ვხვდები, რა პრეტენზია უნდა ჰქონოდათ ჩემთან არაკოლეგიალობასთან დაკავშირებით. არა მგონია, ეს პრეტენზიები სამართლიანი იყოს. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, ინგა გრიგოლიასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ჩვენ კარგი დამოკიდებულება გვქონდა და ერთად მიგვყავდა ეს გადაცემა. ამ ამბავმა უკვე ჩაიარა და ახლა აღარც მინდა, ამ თემას დავუბრუნდე, თუმცა, იმას ვიტყვი, რომ ამ ამბებში მე ვერ ვხედავ პოლიტიკურ ზეწოლას.
– დიდი პაუზის შემდეგ პოლიტიკური შოუს გაკეთება და ამ ამპლუის მორგება ხომ არ გაგიჭირდებათ?
– მე პოლიტიკური გადაცემიდან არც წავსულვარ. როცა „იმედის კვირის” წამყვანი ვიყავი, ჩვენთან მოდიოდნენ მინისტრები, მაღალი თანამდებობის პირები. ტელევიზიაში მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს, პოლიტიკურ ჟურნალისტიკაშიც ვიყავი და კიდევ ბევრი რამ მიკეთებია. ერთადერთი პერიოდი, როცა არ ვიყავი ტელევიზიაში, ეს იყო ჩემი საქმიანობა სახელმწიფო სამსახურში, თუმცა იქიდან მალე წამოვედი – აღმოჩნდა, რომ ეს ჩემთვის არ იყო მაინცდამაინც კომფორტული. ეს იყო ერთადერთი „გადახვევა”, მთელი დანარჩენი ცხოვრება ერთ სფეროში ვტრიალებ. ადამიანი ვითარდება, იცვლის სამსახურში პოზიციას, მაგრამ ინტერესების სფერო იგივე რჩება. არც ტელევიზიები მაქვს გამოცვლილი მაინცდამაინც ბევრჯერ – „მეცრე არხი,” „მაესტრო”, „იმედი” – სულ ესაა. ბევრი ჩემი კოლეგა იცვლის არხს, პოზიციებს და ჩვენს პროფესიაში ეს ბუნებრივია, ასე რომ, არც ჩემს შემთხვევაშია რამე გასაოცარი.
– თქვენთან მომხდარი „სიახლეები” ხმაურს ვერ სცდება, როგორ ფიქრობთ, რატომ?
– ეს, ალბათ, არაა ჩემი ბრალი. ადამიანებს აინტერესებთ შენი პერსონა, ბევრი რამ შენ შესახებ და ეს, ერთი მხრივ, კარგია – უფრო დაკვირვებით და ჭკუით უნდა იმოქმედო, რომ არ გააწბილო შენი მაყურებელი, მით უფრო, როცა 24 წელია, ტელევიზიაში ხარ. მე, მაგალითად, მომწონდა თავი „შალვა რამიშვილის შოუში,” მაგრამ ახალ დროს ახალი გამოწვევები აქვს. ვფიქრობ, ილოს წამყვანობით ეს შოუ, ალბათ, ცოტათი დაკარგავს პოლიტიკური სატირის ელემენტებს, ილო უფრო გასართობ ნაწილს წარმოადგენს უკეთესად. სამსახურებრივი ცვლილებები არაა ცუდი, სამაგიეროდ, სხვა მხრივ ვარ სტაბილური. არ ვარ ის ადამიანი, ვისაც ცხოვრების რადიკალური ცვლილებები მოსწონს – რჩება ჩემი სამეგობრო, ოჯახი, ახლო წრე. მათთან ერთად ჩემი ცხოვრება ბევრად უფრო მშვიდია. ოჯახური სტაბილურობა ჩვენს პროფესიაში მყარ ნერვებს, სტრესულ გარემოს მეტად გვაძლებინებს.
– ხელოვანი მეუღლე ამ კომფორტზე მუდმივად ზრუნავს?
– დიახ, რა თქმა უნდა. ჩემი მეუღლე ძალიან მიწყობს ხელს და ის ქმნის იმ ატმოსფეროს, რომელიც მე მჭირდება. დასაცავი ბევრი არაფერია, დიდი თავდასხმების ქვეშ არ ვარ.
– მინისტრები ახსენეთ წეღან და თქვენს ნათესავ მინისტრზე, თეა წულუკიანზე მინდა გკითხოთ: რა გაკავშირებთ მასთან და, როცა შოუში გყავდათ სტუმრად, ალბათ, სხვებზე მეტად დაინდეთ?
– ჩვენ ვართ ბიძაშვილ-მამიდაშვილები – ბებიაჩემი და თეა წულუკიანის ბაბუა და-ძმანი იყვნენ. მე და თეა, გარკვეული გარემოებების გამო, ერთად არ გავზრდილვართ, ბავშვობაში ახლო ურთიერთობა არ გვქონია. არც ახლა გვაქვს იმდენი თავისუფალი დრო, რომ ერთმანეთი ხშირად ვნახოთ, თუმცა თეა ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ. ბოლოს ვნახე რამდენიმე თვის წინ, როცა ჩემს გადაცემაში იყო სტუმრად. არა მგონია, რომ ჩვენმა ნათესაობამ გაჭრა; დარწმუნებული ვარ, ეჭვი არ ეპარებოდა, რომ კარგი გადაცემა გამოვიდოდა – ამან უფრო გაჭრა, ვიდრე ნათესაობამ. რაც შეეხება დანდობას, მე არცერთ პოლიტიკოსთან არ მქონია ასეთი ამოცანა. ეს არაა ვინმეს გასაშავებელი და გასაბანძებელი შოუ, მით უფრო თეასთან არ მიფიქრია ასეთი რამ და ამიტომაც იყო, რომ ჩემს შოუში ბევრი მაღალჩინოსანი მოდიოდა. ამ საქმეში პირადი ნაცნობობაც მნიშვნელოვანია და არცერთი პოლიტიკოსი არ გაუშვებს ხელიდან შანსს, სხვა რაკურსით წარმოაჩინოს საკუთარი თავი.