რატომ არ უყვარს ოქრო დეპუტატ დათო ლორთქიფანიძეს და რატომ აქვს ამის გამო ცოლთან კონფლიქტი
დეპუტატი დათო ლორთქიფანიძე, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტარის მანდატს სამი წელია, ფლობს, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ცოტა ხნის წინ მოხვდა. მისი დახეული პიჯაკისა და დამტვრეული სათვალის ისტორია პოლიტიკურ კონტექსტს ვერ ასცდა. დიდ პოლიტიკაში ქრისტიან-დემოკრატების „გავლით” მოხვდა, თუმცა იქამდე, მის შრომით წიგნაკში ბევრი სამსახური იყო, მათ შორის ეროვნული „ზარაფხანა”, საიდანაც ლამის, ცუდ ადგილას ამოაყოფინეს თავი. მოკლედ, მშობლიური ვანის, იქაური ფეოლასა და იმ ისტორიების შესახებ, რომლითაც გზა პოლიტიკამდე მივიდა, ჩვენი რესპონდენტი ჩვეული იუმორით, თავად გიამბობთ.
დათო ლორთქიფანიძე: მე, როგორც დეპუტატი, ეპიცენტრებში უნდა ვიყო ჩემს ამომრჩეველთან და ვიაქტიურო პარლამენტის ტრიბუნიდან. ამ მხრივ უკმარისობის გრძნობა არ მაქვს – ერთ-ერთი აქტიური დეპუტატი ვარ. პარლამენტში ჩატარდა კვლევა, მე მოვხვდი ყველაზე აქტიური დეპუტატების ათეულში უმრავლესობიდან. ფართო საზოგადოებისთვის, ალბათ, იმიტომ არ ვარ ცნობადი, რომ თვითპიარით არ ვარ დაკავებული. საზოგადოების თვალში აქტივობა და შეხლა-შემოხლა, რაც თქვენ იგულისხმეთ, პირველად იყო გასული წლის დეკემბერში, როდესაც აკაკი ბობოხიძეს სიტყვები გაექცა და პირდაპირ ეთერში დედა შეგვაგინა. ამაზე პასუხი მოეთხოვებოდა. ჩვენს მოკითხვას, ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ყველას ახსოვს ის დღე – ზოგს ჩემი კოლეგების ნახტომით და ზოგს ჩემი „ბოქსიორის“ პოზით.
– ამ ბოლო ინციდენტს ბევრად რთული ფინალი ჰქონდა.
– 2 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის შენობასთან რაც მოხდა, ნამდვილად სამწუხარო ფაქტი იყო. ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები მთელი დღე ატარებდნენ ორგანიზებულ აქციას. პარლამენტის წევრებს გვამკობდნენ უცენზურო სიტყვებით: „ღორებო, რუსეთის ვირთხებო, მონებო”... იყო გინება ყოფილი პრემიერ-მინისტრის მისამართით. მე აღმოვჩნდი იმ დეპუტატებს შორის, ვინც მოჰყვა ამ ქარტეხილში. მე მოვუწოდე, მოქცეულიყვნენ წესიერად. ვაგვიანებდი სხდომაზე, შევალ, გამოვალ და დაგელაპარაკებით-მეთქი. პარლამენტის შენობაშიც კი შევიპატიჟე, მაგრამ უარი მითხრეს. ფიზიკურად შემეხნენ, დამრჩა შთაბეჭდილება, ჩემი წაქცევა უნდოდათ. მომარტყეს მეგაფონი და მერე მესროლეს კიდეც. ყოფილი ფეხბურთელი ვარ, მყარად ვდგავარ ფეხზე – როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით, ასე რომ, ჩემი ფიზიკური დაჯაბნა იოლი არაა. ამას მოჰყვა შეხლა-შემოხლა, ის, რომ მორალურად არასასიამოვნოა, როცა ადამიანებს თავისუფლება აქვთ აღკვეთილი, ფაქტია. ეს რა თქმა უნდა, არ მომწონს. იმედი მაქვს საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობისა და აღიარების შემდეგ, ამ ადამიანებს შეუმსუბუქდებათ სასჯელი. არ მინდოდა, აქამდე მისულიყო საქმე. არაკაცური საქციელი ცხოვრებაში არ გამიკეთებია და არც გავაკეთებ. სერიოზული პრეტენზია მაქვს კაცობაზე, ამის გამო ვერ მივიღებ ვერავისგან საყვედურებსა და ქილიკს, რომ დათო ლორთქიფანიძის კოსტიუმის გამო დაიჭირეს ის ხალხი. პრობლემა არც ჩემს გატეხილ სათვალეშია და არც დახეულ პიჯაკში. პრობლემა არის ის, რომ მოხდა პარლამენტის წევრის უფლების ხელყოფა. მე ყველანაირ ძალადობას ვგმობ ადამიანზე, როგორი პოლიტიკური ორიენტაციაც არ უნდა ჰქონდეს მას. ეს მუხლი თავად ნაციონალებმა დაამძიმეს თავისი ხელისუფლების ბოლო წელს. არ მგონია, ვინმეს ადამიანის დაჭერა უხაროდეს.
- ახლა ის დახეული და ქარტეხილგამოვლილი კოსტიუმი სახლში გაქვთ?
– არა, როგორც ნივთმტკიცება ინახება საგამოძიებო ორგანოში. ეს არ იყო გამორჩეული პიჯაკი, გავძლებ მის გარეშე. დაახლოებით ორასლარიანი პიჯაკი იყო, არა რომელიმე ბრენდის, ჩვეულებრივი. ასეთი კიდევ რამდენიმე მაქვს.
– თქვენი გზა პოლიტიკაში „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ გავლით მივიდა. პოლიტიკაში ჩართვამდე რას საქმიანობდით?
– 90-იანი წლებიდან ვიყავი ჩართული პოლიტიკაში, ალბათ, ამიტომაცაა, რომ პოლიტიკაში ყოფნა არ მიჭირს. ეს ჩემთვის არაა ტვირთი, რომლის აწევაც გამიჭირდება. სანამ ჩემს პოლიტიკურ ცხოვრებას „ქართულ ოცნებას” დავუკავშირებდი, მე ვიყავი ქრისტიან-დემოკრატების წევრი. 2008 წლის არჩევნებზე მე ვიყრიდი კენჭს ვანში. ისინი საარჩევნო მარათონში დამიდგნენ გვერდში, რაც დაუფასდათ – ახალმა შექმნილმა პარტიამ საქართველოს მასშტაბით ვანში ყველაზე მეტი ხმა აიღო. მაჟორიტარული არჩევნები მე მოვიგე ნაციონალების დეპუტატთან, მაგრამ გამარჯვებულად იმ ხელისუფლების პირობებში, რა თქმა უნდა, ნაციონალების კანდიდატი დაასახელეს. ჩემი საქმე სტრასბურგის სასამართლომდე მივიდა. ეს ზუსტად ის პერიოდი იყო, როცა გავხდი პარლამენტის წევრი. იმის გამო, რომ მე არ ვიყავი მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერი, ჩემს სკამზე ოთხი წელი იჯდა კაცი, რომელსაც ეს ადგილი არ ეკუთვნოდა.
რაც შეეხება ჩემს შრომის წიგნაკს, კომუნისტური პარტიის წევრი არასდროს ვყოფილვარ. დასამალი რა მაქვს, იმ პერიოდში ვანის რაიკომის მდივანი იყო ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი. მე ვთამაშობდი ფეხბურთს ვანის „სულორში” და სწორედ რაიკომის მდივანმა წამახალისა ამ სამსახურში დანიშვნით. ხელფასიც მქონდა, ვმუშაობდი კიდეც და ჩემს საყვარელ ფეხბურთსაც ვთამაშობდი. შემდეგ ვიყავი ვანის გამგებლის მოადგილე, ვასრულებდი გამგებლის მოვალეობასაც. მერე გადმოვედი თბილისში, ვმუშაობდი ფინანსთა სამინისტროში საბიუჯეტო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ.
– თქვენს შრომის წიგნაკში არის კიდევ ერთი „პოსტი” – რამდენიმე წელი „ზარაფხანას” ხელმძღვანელობდით. ამას თუ გავითვალისწინებთ, ოქროს დიდი მოყვარული და კარგი ექსპერტი უნდა იყოთ.
– ახლა ოქროს „პრობს” ელვარებითა და ერთი დახედვით ვცნობდე, ასეთი ექსპერტიც არ ვარ (იცინის). როცა ეროვნულ „ზარაფხანაში” მივედი, იქაურობა კატასტროფულ მდგომარეობაში იყო. ფაქტობრივად, გაჩერებული და მკვდარი. ძალიან მალე გავისტუმრეთ დავალიანებები და გავაფორმეთ კონტრაქტები უკრაინაში, ლატვიაში, ამერიკაში. სერიოზული ამერიკული ბიზნესგამოცემის გარეკანზე ჩემი ფოტო მოხვდა, როგორც წარმატებული კომპანიის ხელმძღვანელის. 2003 წელს, როცა ვარდოსნები მობრძანდნენ ხელისუფლებაში, მათ მოინდომეს საწარმოს პრივატიზაცია, რაც კანონით არ შეიძლებოდა. ჩემი წინააღმდეგობის გამო, დამიწყეს დევნა. მთელი ერთი წელი ვეჭიდავეთ ერთმანეთს. იმ დროს ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ იყო და ლამის ჩემ გამო ნერვიულობას გადაჰყვა. მაშინ იმდენი ვინმე დააკავეს, მე როგორ გადავურჩებოდი ციხეს, საწარმოში რამე არასწორად რომ მქონოდა?! კომისიას კომისიაზე მიგზავნიდნენ. ჩემი ამბავი გავახმაურე საერთაშორისო ორგანიზაციებში, ამერიკის საელჩოში და ალბათ, იმ განუკითხაობაში, ამანაც მიშველა – ახალი დირექტორი მოიყვანეს და მე გამომისტუმრეს.
– ოქროს კარგი მარაგი გექნებათ.
– ბევრი არაფერი, ოქრო არ მიყვარს. ჩემს მეუღლესთან სულ ამაზე მქონდა კონფლიქტი. უკვირდა, „ზარაფხანის“ დირექტორი ხარ და ოქრო არ გიყვარსო. მე მაინც ვფიქრობ, რომ ოქრო მაინც ქალბატონების საქმეა. როგორც ხედავთ, არც ერთი ოქროს სამკაული არ მიკეთია. ოჯახში იმდენი ოქრო გვაქვს, რაც აქვს ჩვეულებრივ, ტრადიციულ ქართულ ოჯახს. ორი ბიჭი რომ მყავდა, ამაზე არ მიზრუნია. თუმცა, ცოლმა რომ პირველი ბიჭი გამიჩინა, ვუყიდე ოქროს ბეჭედი. ოღონდ წესების დაცვით – ქვითარიც ამოვარტყმევინე ჩემს ბუღალტერს (იცინის). ოქროს „პრობი” კარგად ვიცი. იმ წლებში, როცა „ზარაფხანაში” ვიყავი, ოქროს მარაგზე რომ მეზრუნა, გარწმუნებთ, ციხეში დამალპობდნენ. ახლობლებთან საჩუქრებადაც კი ოქროს წყალში ამოვლებული ვერცხლის ნაკეთობები მიმქონდა.
– და ოქროდ ასაღებდით? ასე ხელმომჭირნე იყავით „ზარაფხანის” დირექტორი?
– არა, არ ვასაღებდი. პატარა ლომის სიმბოლოი იყო, ვერცხლის, სულ 32 ლარი ღირდა. სუვენირად კარგი იყო, კარგად გამოიყურებოდა. ოქროს სამკაულებით რომ მევლო დაბადების დღეებზე, არ გამოვიდოდა – რვაასი ლარი მაინც ღირდა კარგი ნაკეთობა. ამის ფუფუნება სად მქონდა. დიდი ქონების პატრონი არც მაშინ ვყოფილვარ და არც ახლა ვარ. ვანში მაქვს მამაპაპური, კარგი სახლი. თბილისში ჩვეულებრივი სამოთახიანი ბინა მაქვს დიღომში. არც ცოლის ნათესავებზე გაფორმებული ქონება მაქვს და არც ჩემზე.
– თქვენს განსაკუთრებულ ვანელობაზე ბევრი გამიგია. იმასაც ამბობენ, რომ ვანში ფეოლას ისტორია რეალობად აქციეთ.
– სტერეო-ვანელი ვარ, დედითა და მამით ვანელი, ოღონდ ნამკურნალევი. ნამკურნალევს უკვე აღარ ერჩიან. ეს ვერსია, მაშინ მოვიგონე, როცა სტუდენტობისას ვანელებზე ანეკდოტებს ვისმენდი. ვანელებს ბევრი მტერი ჰყავთ. ჩვენი მოტყუება წარმოუდგენელია, ამიტომ ცდილობენ, ანეკდოტებით გაგვანეიტრალონ. არ გამოდის ბატონო ეს ამბავი, არა! (იცინის) ვანი, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, დიდი საფეხბურთო ტრადიციების რაიონია. ვანის „სულორი” საბჭოთა კავშირის მასშტაბით „ბ” კლასში თამაშობდა. სხვათა შორის, მამაჩემი იყო იმ გუნდის კაპიტანი. როცა ამ გუნდიდან წამოვედი, ჩემი სოფლის – სალხინოს მცხოვრებთაგან, საფეხბურთო გუნდი გავაკეთე. დაფინანსების წყარო „ავღანეთის ვეტერანთა კავშირში” მოვიძიე. ამიტომაც ჩვენს გუნდს დავარქვი „ულუმბო” – ასე ჰქვია მთას ავღანეთში, სადაც ქართული მონასტერია. ისეთი მაგარი გუნდი გავაკეთე „სულორში” დაწუნებული ფეხბურთელებისგან, ბოლოს, პირველ ლიგაში „სულორთან” ერთად აღმოვჩნდით. გუნდში მწვრთნელიც ვიყავი, ფეხბურთელიც, კაპიტანიც, ფულის მიმტანიც – ფეოლას ისტორია იყო, აბა რა (იცინის).
– როგორც ვიცი, ახლაც თამაშობთ ფეხბურთს პოლიტიკურ-საფეხბურთო გუნდში.
– ფეხბურთის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. თუ ფეხბურთს არ ვთამაშობ, ყველაფერს ვუბღვერ. გასულ წელს სერიოზული ტრავმა მივიღე, მომზიდველი კუნთი გამიწყდა. ეს რომ გავიგე, პირველი, რაც ექიმს ვკითხე, ფეხბურთს ხომ ვითამაშებ-მეთქი. ექვსთვიანი რეაბილიტაციის კურსი გავიარე, ახლა უკვე ფორმაში ვარ. რამდენიმე თვის წინ, თურქეთში ვიყავით ტურნირზე, სადაც სასტიკად მოგვატყუეს. ჩვენ ჩავედით, როგორც დეპუტატებისგან შედგენილი გუნდი, მაგრამ იქ დაგვახვედრეს პარლამენატრების გუნდები, რომლებშიც ფეხბურთელები ჰყავდათ შეყვანილი. უნგრეთის გუნდთან გვქონდა თამაში, მერე გავიგეთ, რომ გუნდში ნახევარზე მეტი ფეხბურთელი იყო და არა დეპუტატი. ეს ძალიან გავაპროტესტე, მაგრამ თურქი მასპინძლების ხათრით, ტურნირს ხომ ვერ ჩავშლიდით? – დავრჩით. ფინალში თვითონ თურქებს მოუგეს მერე იმ უნგრელმა ვითომ დეპუტატებმა. ასე გავხდით ყველა ერთად აფიორის „მსხვერპლი”. მაგრამ, უპრიზოდ მაინც არ წამოვსულვარ – ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს. მაგრამ, მე ჩვენი გუნდის მოგება მინდოდა (იცინის).