კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დარჩა თამაზ მეჭიაურის ყოფილი ცოლი ქმრის ბანაკში და რას მიუძღვნა მან ცნობილი სიმღერა „მოღალატე“

მუსიკოსი თამრიკო  მეჭიაური   საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სიმღერით „მოღალატე.” მისი გზა  საოცნებო  სცენისკენ ვოკალის პედაგოგის რანგში დაიწყო, რასაც დღემდე დიდი სიამოვნებით განაგრძობს.  თამრიკო მეჭიაური  საბავშვო სტუდიას ხელმძღვანელობს და სცენისკენ გზას უკვე  ახალ თაობას უკვალავს.  პროფესიული კარიერის მიღმა მისი ცხოვრება ერთი ქალის ისტორიაა – სიხარულით, ტკივილითა და ემოციებით სავსე, რაზეც დღეს ჩვენი რესპონდენტი, დეპუტატ თამაზ მეჭიაურის ყოფილი მეუღლე, ჩვენთან გულწრფელად საუბრობს.    

 თამრიკო მეჭიაური: პროფესიით ვოკალისტი ვარ. მეორე მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე და შემდეგ  სწავლა გავაგრძელე სახელოვნებო ჰუმანიტარულ აკადემიაში. მთელი ცხოვრება მუსიკას ვსწავლობ,  წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩემი დის, ნანა ბალახაშვილის  სდუტია  „ლურჯა ცხენებში” – ვოკალიტი ვიყავი. იმ პერიოდში ჩემი კლასის მოსწავლეებს აღებული აქვთ სამი გრანპრი, 15 პირველი ადგილი და 26 ლაურეატის წოდება.  ჩვენი სტუდიის გაზრდილები არიან  ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებსაც დღეს წარმატებული მუსიკალური კარიერა აქვთ.   რამდენიმე წელია, მაქვს ჩემი სტუდია „ჩარირამა”, ბავშვებისთვის, რომლებიც  დიდ სცენაზე მოხვედრაზე ფიქრობენ. წინ  ბევრი გეგმა გვაქვს. ახლა   ვმუშაობ ოჯახურ  ალბომზე, რომელშიც შევა ჩემი და ჩემი დის, ნანას სიმღერები, დუეტები სხვადასახვა მომღერალთან. ჩემი დის სიმღერა „დავიბადები”, რომელსაც მე ვმღერი,  განსაკუთრებულად მიყვარს. ავისრულე ბევრი ოცნება, რაც უკავშირდებოდა მუსიკას, სცენას.  მუსიკის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. არასდროს გადამიხვევია იმ გზიდან, რომელიც წლების წინ ავირჩიე, არც მაშინ, როცა საკმაოდ რთული პერიოდები მქონდა – გაჭირვებაშიც კი ჩემი პროფესია დამეხმარა. ვოკალისტი ვიყავი, მაგრამ, როცა გიტარაზე დაკვრას ვსწავლობდი  სერგო ნაცვალაძესთან, დღისით მე თვითონ დავდიოდი გაკვეთილებზე,  საღამოს კი  კერძო მოსწავლეებს ვასწავლიდი. იმ რთულ წლებში ასე გადავირჩინე თავი.
– თქვენი რეპერტუარიდან ყველაზე გახმაურებული სიმღერაა „მოღალატე”, რომელზეც ამბობენ, რომ თქვენს პირად ცხოვრებასთან არის დაკავშირებული.  
–  მე ამ სიმღერის ავტორი არ ვარ, მისი ავტორი ქართლოს კასრაძის მეუღლე ნუნუ ანანიაშვილია, თუმცა, ეს სიმღერა ჩემთვის  იმდენად ორგანული აღმოჩნდა, რომ  მისი ავტორი ბევრს მე ვგონივარ.  ეს სიმღერა ჩემამდე იმღერა თემურ თათარაშვილმა „თოვლის ბებო ბაბალეში”. მე მას მეგობრების წრეში ვმღეროდი,  მერე მათ მთხოვეს, დიდ სცენაზე იმღერეო და,  მართლაც, ჩემს სიმღერად იქცა. მასში დიდი ემოცია ჩავდე, ისე გავითავისე  და შევისისხლხორცე,  როცა ამ სიმღერას ვმღეროდი, თითქოს ვტიროდი; თუმცა, თქვენს კითხვაზეც გულწრფელად გიპასუხებთ: ჩემს პირად ცხოვრებასთან ამ სიმღერის ემოციურ შესრულებას კავშირი არ ჰქონია – არ  გიტირიათ კარგი ფილმის ყურების დროს მისი რომელიმე პერსონაჟის ცხოვრების გამო?! ამ სიმღერას ისეთი ტექსტი აქვს, უემოციოდ ვერ დაგტოვებს. თუ მასში გული და სული  არ ჩადე, ვერ იმღერებ. როდესაც შემოქმედი ხარ, შენი ცხოვრება ემოციურად შეიძლება გადავიდეს შენს სიმღერაში, ლექსში; რაღაც  წამოგიტივტივდეს წარსულიდან, გაგახსენდეს – ეს ბუნებრივია, მაგრამ, მე ამ სიმღერასთან პირადი ცხოვრებით არ ვყოფილვარ დაკავშირებული. როდესაც ეს სიმღერა ვიმღერე, ბევრი  წელი იყო გასული ჩემი ოჯახის დანგრევიდან და აღარც ტკივილი აღარ იყო მძაფრი, თუმცა,  ჩვენი ოჯახი ღალატის გამო  ნამდვილად არ დანგრეულა.
–  თქვენ იყავით დეპუტატ თამაზ მეჭიაურის მეუღლე. როგორი იყო თქვენი სიყვარულის ისტორია?
– ეს იყო  ემოციური ისტორია.  პატარები ვიყავით, როცა  ერთმანეთი გავიცანით.  ჩვენი გზები თითქოს შემთხვევით გადაიკვეთა, თუმცა,  მერე ბევრჯერ მიფიქრია, რომ ჩვენი შეხვედრა იყო ბედისწერა. ჯერ კიდევ  სკოლის მოსწავლე რომ ვიყავი,  ბებიას ხშირად ჩავყავდი ხოლმე თიანეთში. თამაზი იქ ცხოვრობდა. მერე თბილისში  სკოლაში ჩამომაკითხა და დამემშვიდობა – ჯარში მიდიოდა. წერილებით გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა. ჯარიდან რომ დაბრუნდა, უკვე პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი... დავდიოდით ფილმებზე, სპექტაკლებზე. იმ დღეს, როცა გავთხოვდი, დაოჯახება არ გვქონდა გადაწყვეტილი.  პაემანზე უნდა მივსულიყავი, მაგრამ  40 წუთი დამაგვიანდა. თამაზი დიდხანს მელოდა და უკვე წამოსული იყო შეხვედრის ადგილიდან. მაშინ მობილურები არ იყო, ვერ დამიკავშირდებოდა. მეტროს ვაგონში შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს – აი, რას ნიშნავს ბედისწერა.  იმ დღეს გადავწყვიტეთ, ერთად გვეცხოვრა. გვქონდა  ტრადიციული ქართული ქორწილი – სამასკაციანი სუფრა იყო გაშლილი თიანეთში.
 –  საცხოვრებლად თიანეთში გადახვედით?
– თავიდან, როცა ოჯახი შევქმენით, თამაზი სტუდენტი იყო,  ეკონომიკურზე სწავლობდა. ცოტა ხანს  თბილისში, ჩემს მშობლებთან ვცხოვრობდით, მერე  სამუშაოდ თიანეთში გაანაწილეს და იქ გადავედით.  მე აქ ყველაფერი მივატოვე – სწავლა, მომავალი, თუმცა ეს არასდროს მინანია.   თიანეთში ორივემ პედაგოგობას მოვკიდეთ ხელი: თამაზი პროფსასწავლებელში ფიზიკა-მათემატიკას ასწავლიდა, მე სამუსიკო სკოლაში ვმუშაობდი. დღეს ძალიან კარგად მახსენდება ის წლები – გვქონდა მშვიდი, წყნარი  ცხოვრება. თამაზს ჰყავდა  არაჩვეულებრივი მშობლები, ძალიან პატიოსანი და თბილი ადამიანები;  ირგვლივ იყო სიმშვიდე, სიკეთე, ულამაზესი ბუნება. მე მიყვარს მიწასთან ურთიერთობა, არაფერს ვთაკილობდი, ჩემი პატარა მეურნეობაც მქონდა –  ხეხილის ბაღი, ლამაზი ყვავილები.  თამაზის მეგობრებს ძალიან უყვარდათ ჩვენთან სტუმრობა.
–  ამ მეგობრებს შორის იყო ბიძინა ივანიშვილიც? როგორც ცნობილია, ისინი თანაკურსელები იყვნენ.
–  დიახ, ბიძინა ივანიშვილი და თამაზი ერთად სწავლობდნენ უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე და ერთ ჯგუფში იყვნენ. ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი გვქონდა და იმ დროს ჩვენთან თამაზის ბევრი მეგობარი მოდიოდა, თუმცა  იმ პერიოდიდან ბიძინა ივანიშვილი არ მახსოვს.
– უკვე მაშინ ეტყობოდა  კოჭებში თამაზ მეჭიაურს,  რომ  პოლიტიკურ კარიერას გაიკეთებდა და  პარლამენტის  სამგზის დეპუტატი გახდებოდა?
– კი, ეტყობოდა (იცინის). ამბიციური იყო, ოღონდ, ჯანსაღი ამბიციები ჰქონდა ყოველთვის. მაშინ კომუნისტური რეჟიმი იყო და კარიერის დაგეგმვაზე  ბევრს ვერ იფიქრებდი, მაგრამ თამაზი ყოველთვის „ეჭიდებოდა” ცხოვრებას.  ძალიან მალე პროფსასწავლებლიდან რაისაბჭოში გადავიდა და იქიდან დაიწყო მისი კარიერა, თუმცა ჩვენ უკვე აღარ ვიყავით ერთად –  მე შორიდან ვხედავდი, როგორ მიდიოდა მისი ცხოვრება. მან მოინდომა და მოახერხა საკუთარი თავის რეალიზება.   ის თიანეთის რაიონში  ძალიან უყვართ და პატივს სცემენ. ბევრს ეხმარებოდა წლების განმავლობაში და ეს ხალხს ახსოვს.   თამაზი იმ დროში, იქაც კი პროგრესული ადამიანი იყო, პატივს სცემდა ჩემს საქმეს;  მუსიკის  კარგი შემფასებელი გახლდათ, ნაკითხი, განვითარებული.    ის   კარგი ქმარი იყო, ყურადღებიანი, მხიარული, ხალისიანი. საოცარი იუმორი აქვს – ისეთ რამეს გეტყოდა ხუმრობით, ბევრ რამეზე დაგაფიქრებდა. მასთან ცხოვრება მარტივიც იყო და რთულიც.   თამაზი საკმაოდ ფილოსოფიური ნატურაა, მარტივად არ ფიქრობს.  
– რატომ დაშორდით ერთმანეთს?
–  ერთი კონკრეტული მიზეზი არ ყოფილა –  მე თბილისში წამოვედი, თამაზი კი თიანეთში დარჩა. ცოლი  და ქმარი ერთმანეთის გარეშე დიდხანს არ უნდა დარჩნენ – ალბათ, ეს იყო  ჩვენი დაშორების მთავარი მიზეზი და, კიდევ ისიც, რომ ბოლომდე ვერ შევეჩვიე  რაიონში ცხოვრებას, სულ მენატრებოდა თბილისი.  როცა უკან  დავბრუნდი, აქ  ბევრი ხელის შემშლელი გარემოება გაჩნდა: თეატრალურ ინსტიტუტში მინდოდა ჩაბარება, მაგრამ, ასაკმა შემიშალა ხელი;  ამ პრობლემის წინაშე არმოვჩნდი კონსერვატორიაშიც, თუმცა, თამამად ვიტყვი, რომ, როცა მე „კარმენს” ვმღეროდი, ყველა, სტუდენტიც და პედაგოგიც, სულგანაბული მისმენდა.  მერე დედაჩემი  გახდა ავად და წლების განმავლობაში  მას ვუვლიდი –  ლოგინად იყო ჩავარდნილი.  თავიდან, როცა თბილისში გადმოვედი, თამაზი ჩამოდიოდა ხოლმე, თუმცა დიდხანს ვერ რჩებოდა –  იქ ჰქონდა საქმე. მეც ჩავდიოდი თიანეთში დროდადრო, მაგრამ ნელ-ნელა განელდა ყველაფერი. მშვიდად, კონფლიქტების გარეშე დავცილდით ერთმანეთს, არც ქონებრივი დავა გვქონია, არც საქმის გარჩევა. თამაზს ბინა ახლაც არ აქვს თბილისში, გირაოთი ცხოვრობს.  მან არაჩვეულებრივი მამობა გაუწია ჩვენს შვილს.  კახას  კარგი ურთიერთობა აქვს თავის ძმებთან, რაც თამაზის მეუღლის დამსახურებაც არის. ის დარბაისელი, ღირსეული  ქალია. კახა ხშირად ჩადიოდა ბებია-პაპასთან თიანეთში, ისინიც ყოველთვის გვიგზავნიდნენ იქიდან ყველაფერს, რისი საშუალებაც ჰქონდათ. როცა მიჭირდა, თამაზი ჩვენ გვერდით იყო – არასდროს გაქცეულა და არსად არ  დამალულა. როცა ამქვეყნიდან წავალთ, ან თამაზმა უნდა დადოს ყვავილები ჩემს საფლავზე, ან  მე მის საფლავზე – ეს სულ მახსოვს. მან  ყველაფერი გააკეთა, რომ ძმებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდათ. კახას ძმებიც  მოდიან ჩვენთან და რჩებიან ჩვენს  ოჯახში.   როდესაც კახას ძმა თეატრალურში აბარებდა, ვოკალში ვამეცადინებდი და  კვირების განმავლობაში თავის სახლში არ ვუშვებდი.  
– დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ ყოფილ მეუღლესთან?
–  ჩვენ ვართ კარგი მეგობრები, ოღონდ, ეს არ არის ცარიელი ლამაზი სიტყვები. მე არ მესმის იმ ქალების, რომლებიც წლების შემდეგ იწყებენ ბრძოლას იმ მამაკაცის წინააღმდეგ, ვინც ოდესღაც მათთვის ძვირფასი იყო.  არ გეგონოთ, ამაზე უემოციოდ იმიტომ  ვსაუბრობ, რომ ჩვენი დაშორებიდან წლები გავიდა. არა!  იმის მიუხედავად, რომ მარტო დავრჩი პატარა შვილით, არც გავბოროტებულვარ და არც მარტოდ მიგრძნია თავი. ისეთი აქტიური ვიყავი, უცებ მოვძებნე მოსწავლეები და დავიწყე მათი მომზადება. თავს არ ვაძლევდი იმის საშულებას, რომ  მარტოობაზე მეფიქრა და დეპრესიაში ჩავვარდნილიყავი, პირიქით,  ვიბრძოდი საკუთარი და ჩემი შვილის ცხოვრებისთვის.  
– თქვენი პირადი ცხოვრება როგორ აეწყო, აღარ დაოჯახდით?
– არა. ალბათ, შიშის მომენტი იყო – ერთხელ რომ არ გაგიმართლებს,  ფიქრობ, რომ მეორედაც ასე იქნება. ვერ ვიტყვი, რომ თამაზის გამო აღარ ვიფიქრე მეორედ დაოჯახებაზე, არა. ის სამ წელიწადში დაოჯახდა მეორედ,  ჩემი ცხოვრება კი ასე წარიმართა. პირადი ბედნიერება სხვა რამ არის, მას ვერანაირი წარმატებული კარიერა ვერ შეცვლის, მაგრამ,  როდესაც გყავს შვილი, ყველაფერს სხვანაირად უყურებ.  მე მყავდა კახა – ადამიანი, ვისთვისაც უნდა მეცხოვრა და, მიხარია, რომ ჩემი შვილი  საუკეთესო  ადამიანია, ვინც კი შემხვედრია ცხოვრებაში. მეუღლე რომ მყოლოდა, უფრო  ბედნიერი და გალაღებული ვიქნებოდი, მაგრამ, რაც იყო, იყო, სამაგიეროდ, მყავს შვილი, შვილიშვილი, არაჩვეულებრივი რძალი, ვაკეთებ საყვარელ საქმეს – ალბათ, ასეთი უნდა ყოფილიყო  ჩემი ცხოვრება.   
– მეუღლის გვარს არ შეელიეთ?
–  ყველა საბუთი მის გვარზე  მქონდა აღებული და ამაზე სირბილის დრო არ მქონდა, თან, ბევრი ტექნიკური პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებოდი.  არც თამაზი  იყო წინააღმდეგი – არასდროს გაუპროტესტებია, რომ მისი გვარი მქონოდა (იცინის).  ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს. შეიძლება, ერთმანეთს ხშირად არ ვნახულობთ და მხოლოდ შვილის ან შვილიშვილის დაბადების დღეებზე ვხვდებით, მაგრამ ერთმანეთს გულწრფელად ვგულშემატკივრობთ. თამაზი ჩემი შვილის მამაა და ეს ყველაფერს ნიშნავს. ხანდახან  კულტურულ ღონისძიებებზეც „გადავიკვეთებით” ხოლმე და ერთმანეთს  ნორმალურად მოვიკითხავთ.  ჩვენ ისევ გვაკავშირებს ის მეგობრობა, რაც წლების წინ დაიწყო და არ დამთავრებულა.  ცოტა ხნის წინ მის წინააღმდეგ მისი პოლიტიკური ოპონენტები რომ გააქტიურდნენ,  დავურეკე და მოვიკითხე. მის ყველა მარცხს ძალიან  განვიცდი, ვნერვიულობ. ჩვენ ერთ ბანაკში ვართ, ოღონდ, არა თამაზის გამო. სამივე არჩევნებში „ქართული ოცნების” მხარდამჭერი ვიყავი, ჯერ კიდევ   2012 წლის ზაფხულში, თურქეთსა და საბერძნეთში კონცერტებზე ვიყავით და ჩუმად გადავიტანე საზღვარზე მაისურები „ქართული ოცნების” წარწერით – მეშინოდა, არ დავეჭირე (იცინის).
–  ბოლო დროს, ცოტა რბილად რომ ვთქვათ, უცნაურ განცხადებებს აკეთებს ხოლმე.  მოგწონთ მისი, როგორც პოლიტიკოსის იმიჯი?
–  თამაზი ემოციური კაცია, თუმცა  თავშეკავებული, მაგრამ, ეტყობა, ხანდახან ევსება  მოთმინების ფიალა და, ზოგჯერ, როგორც ჩანს,  გამოურევს ხოლმე თავის ჩვეულ იუმორს (იცინის). თამაზს არ უყვარს ჩხუბი, არც არასდროს უყვარდა,  დიპლომატიურად  იცოდა პრობლემების მოგვარება. არა მგონია, პოლიტიკას შეეცვალოს, ალბათ, ემოციები  გადასწონის ხოლმე – ეს  მთის ხასიათია,  რომელსაც ვერც წლები ცვლის და ვერც პოლიტიკა.

скачать dle 11.3