ღვთისმშობლის ხატის სასწაულები
ღვთისმშობლის ხატი გერონტისა
ათონის პანტოკრატორის სავანეში დაბრძანებულია ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, სახელად გერონტისა.
ერთხელ სავანის ერთ კეთილმსახურ ბერს, რომელიც, იმავდროულად, სავანის იღუმენიც გახლდათ, თავისი აღსასრულის დრო უფლისგან წინასწარ ეუწყა. იღუმენს სურდა, გარდაცვალებამდე უფლის სისხლსა და ხორცს ზიარებოდა, ამიტომ მორიგე ღვთისმსახურს სთხოვა, სასწრაფოდ აღერსულებინა საღვთო ლიტურგია, მაგრამ ის წირვის დაწყებას არ ჩქარობდა. მოულოდნელად საკურთხეველში დაბრძანებული ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატიდან მრისხანე ხმა გაისმა, რომელიც დაუდევარ ღვთისმსახურს იღუმენის ნების სწრაფად აღსრულებას უბრძანებდა. შემდეგ კი, ღვთისმშობლის ამ ხატის წინ იღუმენის მიერ აღვლენილი ლოცვის შედეგად, სავანის ცარიელი ჭურჭლები სურნელოვანი ზეთით აივსო.
ხატზე ღვთისმშობელი მთელი ტანით არის გამოხატული და მთლიანად ვერცხლის პერანგშია ჩასმული. პერანგზე, ხატის მიერ მოხდენილი სასწაულის ნიშნად, ზეთის ჭურჭელია მიმაგრებული.
კვიპროსის ღვთისმშობლის ხატი
საბერძნეთში, კუნძულ კვიპროსზე მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის კარიბჭეზე დაბრძანებული იყო ყოვლადწმიდა ზეციური დედოფლის ხატი.
ერთხელ ერთმა სარკინოზმა, რომელმაც ეკლესიას გვერდით ჩაუარა, ღვთისმშობლის ხატს ისარი ესროლა. ისარი ხატზე გამოსახულ, ტახტზე მჯდომ დედა ღვთისმშობელს მუხლზე მოხვდა. იმავე წამს ნასროლი ადგილიდან ხატს სისხლი დასდინდა. შეძრწუნებულმა სარკინოზმა სასწრაფოდ შინისკენ გაქუსლა, მაგრამ სახლამდე ვერ მიაღწია, შუა გზაზე ცხენიდან უსულოდ გადმოვარდა. ეს ხატი კუნძულ კვიპროსზე 392 წელს გამოცხადდა. გამოცხადების ადგილას მონასტერი აიგო, რომელშიც ღვთისმშობლის ხსენებული ხატი დაასვენეს. კვიპროსის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ერთ-ერთი პირი, ასევე, მოსკოვის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარშია დაბრძანებული.
ღვთისმშობლის ხატი ივერიისად წოდებული, რომელ არს მოსკოვს, ალექსი მიტროპოლიტის მონასტერში
1622 წელს შაჰ-აბასმა დაიპყრო და დაარბია საქართველო. დამპყრობელმა სპარსეთში მრავალი ნაძარცვი სიწმიდე გაიტანა. მათ შორის იყო ივერიისად წოდებული ღვთისმშობლის ხატი, რომელიც იაროსლაველი ვაჭრის, გიორგი ლოტკინის ერთ-ერთმა მსახურმა, სტეფანემ შეისყიდა. გიორგიმ ძილში ღვთაებრივი გამოცხადებით შეიტყო ამ შენაძენის შესახებ და ზეგარდმო ებრძანა იგი არხანგელსკის ეპარქიაში, 1603 წელს დაარსებულ ჩერნოგორის მონასტერში მიებრძანებინა. 1629 წელს, როცა სტეფანე რუსეთში დაბრუნდა და ხატი ბატონს აჩვენა, მას მოაგონდა სიზმრისეული ჩვენება და სიწმიდე დვინის სანახებში მდებარე ჩერნოგორის სავანეს შესწირა (ეს მონასტერი შავ მთად წოდებულ მთიან და პირქუშ ადგილასაა აგებული. თავისი სახელწოდება მან აქედან მიიღო, მაგრამ შემდგომ კრასნოგორის სავანედ იქნა გადარქმეული). აქ წმიდა ხატისაგან უამრავი სასწაულები აღესრულა. 1658 წელს შავი ჭირის ეპიდემიის დროს, ის მოსკოვში ჩაასვენეს და მის წინაშე აღვლენილი ლოცვით, სასიკვდილო სნეულებისგან მრავალი ადამიანი განიკურნა. ივერიისად წოდებული ღვთისმშობლის ხატის ასლების სიმრავლე მის საყოველთაო თაყვანისცემაზე მეტყველებს. 1658 წელს, პატრიარქ ნიკონის კურთხევით, ხატის დღესასწაული დაწესდა.