ფორთოხალი სასიცოცხლო ძალებით გვავსებს, შოკოლადი კი დეპრესიას ამარცხებს
ფორთოხალი სამკურნალო ხილია, რომელიც მდიდარია A, B და C ვიტამინებით. ის წმენდს სისხლს, არეგულირებს ორგანიზმის წონას, ავსებს მას სასიცოცხლო ძალებით და აუმჯობესებს გუნება-განწყობას. ფორთოხლის ჭამა ძალიან სასარგებლოა სისხლნაკლებობის დროს. ის აახალგაზრდავებს ორგანიზმს, რადგან მასში ბევრია კალიუმი; ასევე, მისი მიღება კარგია ჰიპერტონიული, ღვიძლის დაავადებებისა და პოდაგრის გართულების დროს.
სასარგებლოა ფორთოხლის ახალგამოწურული წვენიც. ყოველდღე დალიეთ 1 ჭიქა წვენი ან ჭამეთ 3 ცალი ფორთოხალი.
შოკოლადი კი ებრძვის დეპრესიას, აუმჯობესებს მეხსიერებას, უფრო გამძლეს ხდის ორგანიზმს სტრესის მიმართ და იმუნიტეტზეც დადებითად აისახება. ამიტომ, ძალიან კარგია, თუ მას პროფილაქტიკისთვის სისტემატურად მიირთმევთ, ოღონდ, განსაზღვრული რაოდენობით. შავი შოკოლადი ამაგრებს და ათეროსკლეროზისგანაც იცავს სისხლძარღვებს; აიძულებს გულს, იმუშაოს თანაბარი რიტმით; არეგულირებს არტერიულ წნევას და წვავს ცხიმებს, თრგუნავს მადას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და ზღუდავს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებას.
როგორ ვუმკურნალოთ კანზე გაჩენილ ჰერპესს
იმუნიტეტის დაქვეითების პირველი ნიშანია ჰერპესი, რომელიც გამოდის ტუჩზე, კანზე და ლორწოვან გარსზე. ამ დროს იგრძნობთ კანის წვასა და დისკომფორტს, რაც წინ უძღვის ჰერპესულ ბუშტუკს. გირჩევთ, გამონაყარზე წაისვით დინდგელის ათპროცენტიანი ნაყენი, დილა-საღამოს შეიზილეთ გვირილის კრემი ან გულყვითელას მალამო. აგრეთვე, შეიძინეთ აფთიაქში სამკურნალო ბალახები და დღის განმავლობაში დალიეთ 3 ჩაის ჭიქა ანტივირუსული ბალახეული ჩაი, რომელიც ასე უნდა მოამზადოთ:
* ერთმანეთში აურიეთ 1 წილი ღვიის ნაყოფი და 3 წილი ბარამბოს ფოთლები. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, კარგად შეფუთეთ და ნახევარი საათით დადგით ოთახში. დაუმატეთ ცოტა შაქარი და დალიეთ ცხელი.
* 1 ჩაის კოვზ გვირილის ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი, გადაწურეთ, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი დინდგელის სპირტიანი ნაყენი და ყლუპ-ყლუპით დალიეთ.
ჰერპესის დროს, ასევე, კარგია, შეისუნთქოთ ლიმონის სურნელი ან გაიკეთოთ ინჰალაცია.
არასწორად შერჩეული დიეტა წონაში სწრაფ მომატებას იწვევს
მოდურ დიეტებთან, რომლებითაც მაქსიმუმ ოთხ-ხუთ კვირაში უნდა შეძლოთ სხეულის სრული კორექცია, სიფრთხილე გმართებთ. ასეთი დიეტების მთავარი დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ პრაქტიკულ შედეგს არ იძლევა, უპირველესად იმის გამო, რომ ის აგებულია ზოგიერთი პროდუქტის მკაცრ შეზღუდვაზე.
ბევრს მიაჩნია, რომ ყველაზე ეფექტურია მკაცრი დიეტის დაცვა. ისეთი დიეტა, რომელიც ნახშირწყლებს გამორიცხავს, მხოლოდ წყალს გამოდევნის ორგანიზმიდან. ადამიანი, რომელიც ამ დიეტას იცავს, წონას სწრაფად კარგავს. ამ დროს, ცხიმები ძალიან ძნელად იწვება, მაგრამ, ძალიან სწრაფად – დიეტის შეწყვეტისთანავე აღიდგენს წონას. ასეთი მკაცრი დიეტის დასრულების შემდეგ წონას არათუ იბრუნებენ, უფრო მეტადაც კი სუქდებიან, ეს კი იმის გამო ხდება, რომ, თუ ყოველდღიურად 1 300 კალორიაზე მეტი არ მივიღეთ, ორგანიზმი თავისით გადაეწყობა კვების მკაცრ რეჟიმზე. ნივთიერებათა ცვლის პროცესი 10-30 პროცენტით ნელდება, ანუ, კალორიები ნელა იწვება. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როცა დიეტა მთავრდება, ადამიანი ისევ ჩვეულ კვების რეჟიმს უბრუნდება, ორგანიზმს კი ახალ რეჟიმზე სწრაფად გადაწყობა უჭირს და კალორიებს ისევ ნელა წვავს, რაც წონაში სწრაფი მატების მიზეზი ხდება.
არასწორი დიეტის დასრულების შემდეგ გასუქებას ისიც იწვევს, რომ ორგანიზმი შეზღუდულია კვების რეჟიმში, წვავს კალორიების მხოლოდ ნახევარს, დანარჩენს კი მარაგად ინახავს და, რაც უფრო ნაკლებ კალორიას იღებს, მით უფრო ეკონომიურად ხარჯავს მას. როგორც კი ადამიანი შიმშილს შეწყვეტს და ჭამას დაიწყებს, ჭარბად მიღებულ კალორიებს ორგანიზმის მიერ მომარაგებულიც დაემატება, რაც, თავისთავად, ორმაგი წონის საწინდარია.
შესაძლებელია თუ არა შაკიკისგან თავის დაღწევა
შაკიკის განვითარება ბევრ ფაქტორს უკავშირდება, კერძოდ, ვეგეტატიურ ნერვულ სისტემას, პერიფერიული სისხლძარღვების მოშლას. ხშირად ეს დაავადება საფეთქლის არტერიის ანთებას მოსდევს. მედიცინაში გამოყოფენ ბირთვულ და პერიფერიულ შაკიკებსაც, ეს უკანასკნელი კი პერიფერიული სისხლძარღვების შეკუმშვას ან გაფართოებას უკავშირდება.
ბირთვული შაკიკი შეიძლება გამოიწვიოს ნერვის დაზიანებამ. ამ დაავადებას მკვეთრად გამორჩეული კლინიკური სურათი აქვს. ეს გახლავთ პერიოდული შეტევითი ხასიათის ნევრალგიური ტკივილი, რომელიც განსაზღვრულ დროს იწყება, განსაზღვრულ დროს მთავრდება და ისე უკვალოდ ქრება, თითქოს არც ყოფილა. შეტევის დაწყებიდან მცირე ხნის შემდეგ ტკივილი პიკს აღწევს და ისეთი ძლიერი ხდება, გაგრძელების შემთხვევაში, შეიძლება, შოკიც გამოიწვიოს.
შაკიკის დროს ტკივილი სახის მხოლოდ ერთ ნახევარზე ვრცელდება. ყველაზე ხშირია თვალბუდისა და შუბლ-საფეთქლის ტკივილი. ამ დროს უარესდება მხედველობა. ტკივილის შეტევა, შესაძლოა, რამდენიმე საათის განმავლობაში ბევრჯერ განმეორდეს.
ზოგიერთ ადამიანს შაკიკი მხოლოდ ცივ დღეებში ემართება, ზოგს კი ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ტანჯავს. მისგან სრული განკურნება არ ხდება, თუმცა, მედიკამენტური მკურნალობა მდგომარეობას საგრძნობლად აუმჯობესებს. შაკიკმა რომ არ შეგაწუხოთ, ნუ გახვალთ გარეთ ცივ ამინდში თავდაბანილი, სველი თმით. თუ ამ დაავადების მიმართ მიდრეკილება გაქვთ, არ იაროთ ქუჩაში თავღიამ, თბილ ოთახში კი არ იჯდეთ ქუდით. მოვლითი ტკივილის დროს შუბლი მჭიდროდ გაიკარით ხილაბანდით, საფეთქლები კი თითებით დაიზილეთ. შაკიკის შემოტევის დროს, ეცადეთ, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყოთ და მისი მითითებები შეასრულოთ.
ხშირად ჭამეთ მანდარინი, ხურმა, კივი, ვაშლი და სვით მწვანე ჩაი
მანდარინის მიღება ჭამის შემდეგ კუჭს სიმძიმის შეგრძნებისგან ათავისუფლებს. ის C ვიტამინის წყაროა, ამიტომ, მისი ჭამა აუცილებელია იმუნიტეტის გასაძლიერებლად გაციებისა და გრიპის პერიოდში. ის აუმჯობესებს გუნება-განწყობასაც. მანდარინის ზომიერად მიღება ადამიანს დეპრესიისგან ათავისუფლებს.
მწიფე ხურმას არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებები აქვს. მასში ბევრია ნახშირწყალი, კერძოდ, გლუკოზა და ფრუქტოზა. ადამიანს მთელი დღის განმავლობაში კარგი განწყობა ეუფლება, როცა ხურმას მიირთმევს. 1 ცალ საშუალო ზომის ხურმაში 80 კილოკალორიაა, ვიტამინების შემცველობით კი ეს ხილი ოდნავ ჩამოუვარდება მანდარინს. სამაგიეროდ, მასში ბევრია ბეტა-კაროტინი, რომელიც აუმჯობესებს მხედველობას და ანელებს სიბერის პროცესს. გარდა ამისა, ხურმა დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებსა და კალიუმს. ამიტომ, დღეში ორი ცალი ხურმის ჭამა სავსებით საკმარისია. ხურმაში აგრეთვე დიდი რაოდენობითაა მაგნიუმი. ეს ელემენტი ამაღლებს კუნთების ტონუსს, მისი მარილები კი ხელს უშლის თირკმელებში კენჭების წარმოქმნას. ხურმა კარგად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის დროს კი ეს ხილი შეუცვლელია, რადგან, დიდი რაოდენობით შეიცავს იოდს.
მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლასა და საჭმლის მონელებას, არამედ, მას მატონიზებელი ეფექტიც აქვს. ის ხელს უწყობს სხეულის ფორმის შენარჩუნებას. მწვანე ჩაი ადამიანმა ყოველდღიურად უნდა სვას. ის შეიცავს ნატრიუმს, მაგნიუმსა და კალიუმს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას.
კივი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც აუმჯობესებს ნახშირწყლების შეთვისებასა და ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში. გარდა ამისა, კივი დიდი რაოდენობით შეიცავს ნატრიუმს, მაგნიუმსა და კალიუმს, რომელიც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და დიდი რაოდენობით შეიცავს ასევე იოდს.
ვაშლი აჯანსაღებს ნაწლავებს. ის კარგია მათთვის, ვისაც ჭარბი წონის პრობლემა აწუხებს. ერთი ცალი ვაშლი დილით კი გულის მუშაობას აუმჯობესებს.
რატომ არის საშიში ხშირად გლანდების, იგივე ნუშურა ჯირკვლების ანთება
ანგინა გლანდების, იგივე ნუშურა ჯირკვლების ანთებაა. ის მწვავედ იწყება და ამ დროს ადამიანს აწუხებს ყელის ტკივილი, განსაკუთრებით ყლაპვის დროს. სხეულის ტემპერატურა იმატებს. ადამიანს ახასიათებს საერთო სისუსტე, მადის დაქვეითება, სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, კისრის მიდამოებსა და ყბის ქვეშ არსებული ლიმფური კვანძების გადიდება. ანგინის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, რადგან ანთება შესაძლოა, შუა ყურზეც გადავიდეს და ჯირკვლის ირგვლივ რბილი ქსოვილის დაზიანება გამოიწვიოს, რასაც გართულებები მოსდევს. ნუშურა ჯირკვლების ანთების გადატანიდან ერთ თვეში, შეიძლება, განვითარდეს რევმატიზმი, თირკმელების ანთება, გართულებები გულზე. ასევე, ანგინა უარყოფით კვალს ტოვებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, იწვევს ქოლეცისტიტსა და გასტრიტს.
ანგინის დროს ინიშნება ანტიბიოტიკებით მკურნალობა. თუ ანთების გამომწვევი სოკოა, ინიშნება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები. ასევე, ეფექტურია ადგილობრივი ზემოქმედების პრეპარატები, მაგალითად, აეროზოლები, სავლები საშუალებები, რომლებიც სალბის, ევკალიპტის, გვირილის ან სოდიანი წყლის შემადგენლობით მზადდება. მარილიანი სავლები შეგიძლიათ, ყოველ ორ საათში ერთხელ გამოივლოთ ყელში. ის კი ასე უნდა მოამზადოთ: ერთ ჩაის ჭიქა თბილ წყალში გახსენით ერთი სადილის კოვზი სუფრის მარილი და გამოივლეთ ყელში.
თუ ანგინას თან ახლავს მაღალი სიცხე, აუცილებლად უნდა დაწვეთ და მიიღოთ სიცხის დამწევი საშუალებები. მიირთვით ბულიონი, პიურე, სვით კომპოტი და ჩაი.
თუ სუსტი ყელი გაქვთ, მოერიდეთ ცივი სითხეების დალევას, რადგან ყელის გაციება ანგინის განვითარებას უწყობს ხელს. უნდა სვათ ვიტამინების კომპლექტი ან იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატები, რომ ორგანიზმი გააძლიეროთ. მოერიდეთ ინფექციის კერებს, განსაკუთრებით ვირუსული ეპიდემიის დროს, რადგან ინფექციის გადადება ხდება ჰაერწვეთოვანი გზით, კერძოდ, დაცემინებით ან დახველებით.
თუ სუსტი ყელი გაქვთ, მით უმეტეს ცივ პერიოდში, თავად უნდა მიხედოთ საკუთარ ჯანმრთელობას და დროულად ჩაიტაროთ პროფილაქტიკური ღონისძიებები, რათა გართულება თავიდან აიცილოთ.
როდის ვითარდება სახის ნერვის ანთება
სახის ნერვის ნევრიტი ყველაზე ხშირად გრიპის შემდეგ ვითარდება, რაშიც გარკვეულ როლს ასრულებს თავის ქალის ძვლოვანი არხის თანდაყოლილი ანომალია, მისი სივიწროვე და, ასევე, ვენური შეგუბება.
სახის ნერვის ანთება ზოგჯერ ვითარდება შუა ყურისა და საფეთქლის ძვლის ანთების; თავის ქალის ფუძის მოტეხილობის ან სხვაგვარი ტრავმის; პაროტიტის ანუ ყბაყურა ჯირკვლის ანთების; ქვედა ყბის ძვლის ანთების; ტუბერკულოზური ლიმფადენტის ანუ ლიმფური ჯირკვლების ანთების; რევმატიზმის, წითელი ქარის ფონზე. სახე ამ დროს ასიმეტრიულია, გამოხატულია მიმიკური კუნთების დამბლა ან პარეზი სახის ნახევარზე. დამბლის მხარეს წარბი დაშვებულია; ქუთუთო ხამხამის უნარს კარგავს; ძილის დროს თვალი არ იხუჭება. ეს უფრო აშკარა ხდება ღიმილის დროს. ავადმყოფს უჭირს ბაგისმიერი ბგერების წარმოთქმა.
ინფექციური ნევრიტის დროს აუცილებელია ანთების საწინააღმდეგო თერაპია ანტიბიოტიკებით, სალიცილატებით, B ჯგუფის ვიტამინებით. ინიშნება მინისებრი სხეული, იოდის პრეპარატები. კარგ შედეგს იძლევა პარაფინისა და ტალახის აპლიკაციები. ერთი კვირის შემდეგ კი ავადმყოფს ენიშნება იონოგალვანიზაცია ქლორიანი კალციუმით; ასევე, საჭიროა მასაჟი. მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიოთერაპიულ პროცედურებს.