შეშუპება: როგორ მოვაგვაროთ პრობლემა
ვიცით, რომ დღის განმავლობაში აუცილებელია, დავლიოთ 1,5-2 ლიტრი წყალი (ზაფხულში უფრო მეტიც კი), მაგრამ, არცთუ იშვიათად, წყლის ეს რაოდენობა ზედმეტი ხდება ორგანიზმისთვის, რაც იწვევს ცელულიტის გაჩენას და ტომსიკებს თვალების ქვეშ, ანუ შეშუპებას. აქედან გამომდინარე, უნდა გავაკეთოთ ლოგიკური დასკვნა: თითოეულ ადამიანს ინდივიდუალურად სჭირდება სითხის დღიური ნორმის დადგენა. მაგრამ, ისიც უნდა ითქვას, რომ შეშუპებას მხოლოდ ჭარბი სითხე არ იწვევს.
თუ დილით შეშუპებული თვალებით გაიღვიძეთ, ამის მიზეზი შეიძლება იყო ბალიშში სახეჩარგული ძილი ან უშუალოდ დაძინების წინ წასმული ღამის მკვებავი ან გელი. ამიტომ, კრემი წაისვით დაწოლამდე 2 საათით ადრე და, თან, ზედმეტი არ მოგივიდეთ.
საღამოს შეშუპებას იწვევს მჭიდრო ფეხსაცმელი, მარილიანი საკვები, დღის განმავლობაში დიდხანს ყოფნა ფეხზე მდგარ ან დამჯდარ მდგომარეობაში.
დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეშუპების თავიდან ასაცილებლად გაითვალისწინეთ მისი გამომწვევი მიზეზები და ეს პრობლემა აღარ შეგაწუხებთ.
ყურადღებამისაღებია ისიც, რომ შეშუპების პროვოცირებას ახდენს ტკბილეული, შებოლილი პროდუქტი, ცხიმიანი და შემწვარი კერძები, ძეხვეული და თევზის კონსერვები. ასკილისა და კუნელის ნახარშები კი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას.
შეშუპებას ძალიან სწრაფად შველის პრობლემური ადგილების ყინულის კუბიკებით დამასაჟება, აკვააერობიკა, ცურვა და კონტრასტული შხაპი. წყლის პროცედურებით მიიღწევა შესამჩნევი ლიმფოდრენაჟური ეფექტი.
შეშუპება ყველას ემართება, ოღონდ, ზოგისთვის ის დროებითია, ზოგისთვის კი გულ-სისხლძარღვთა ან სხვა დაავადების სიმპტომია. სითხის შეკავების მიზეზი უნდა დაადგინოს ექიმმა.
აღსანიშნავია, რომ თვალების გარშემო ხშირი შეშუპება დროთა განმავლობაში ჭიმავს კანს, რაც ნაადრევი ნაოჭების გაჩენას იწვევს. სხეულის ხშირად შეშუპება აჩქარებს წონის „აკრეფასა“ და ცელულიტის გაჩენას, პარალელურად კი ვარიკოზის განვითარებასაც. თუ ხშირად გიშუპდებათ სხეულის რომელიმე ნაწილი ან მთელი სხეული, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, რადგან, გარდა იმისა, რომ ეს ჯანმრთელობაზე იმოქმედებს უარყოფითად, თქვენს გარეგნობასაც მნიშვნელოვნად დააზარალებს.
ალბათ, ბევრისთვის არის ცნობილი, რომ დღეს უამრავი საშუალება არსებობს ორგანიზმიდან (და კანიდან) ჭარბი სითხის გამოსადევნად (მაგალითად, მეზოთერაპია, შეფუთვა, ელექტროპორაცია (LPG), მაგრამ ის აუცილებლად ექიმმა უნდა დაგინიშნოთ და ჩაგიტაროთ, რადგან თითოეულ მათგანს უკუჩვენება გააჩნია.