კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იზრდება საქართველოში სურსათის ფასი მსოფლიოში იმავე სურსათის გაიაფების პარალელურად და როგორ ახერხებენ ქართველი იმპორტიორები ხორბლის საბაზრო ფასზე ორჯერ ძვირად ყიდვას

2015 წლის სექტემბრის მონაცემებით, მსოფლიო ფასები საკვებ პროდუქტზე ისტორიულ მინიმუმს მიუახლოვდა (2008 წლის შემდეგ). ამის შესახებ გაეროს სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO-მ) განაცხადა. კერძოდ, საკვები პროდუქტების ფასების ინდექსი აგვისტოში 8,5 პუნქტით შემცირდა, წლიური მაჩვენებელი კი – 42,6 პუნქტით, ანუ 21,4 პროცენტით. ფასების ვარდნა ყველა პროდუქტზე შეიმჩნევა, გარდა ხორცისა, რომლის ფასიც იგივე დარჩა. ამის მიზეზად სახელდება, ერთი მხრივ, ენერგორესურსების გაიაფება და, მეორე მხრივ, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელების პროგნოზი და აქედან გამომდინარე, ნეგატიური შედეგები მსოფლიო ეკონომიკისა და ფინანსური ბაზრებისთვის. ამას გარდა, ორგანიზაცია ფასების ვარდნის მიზეზად მიიჩნევს აშშ-ში ხორბლის დიდი მარაგის დაგროვებასა და სიმინდის უხვი მოსავლის პროგნოზს. რძის პროდუქტებზე ფასების ვარდნა დაკავშირებულია ჩინეთში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ამ პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირებასთან, რის შედეგადაც, რძის პროდუქტების ფასები აგვისტოში ივლისთან შედარებით 9,1 პროცენტით შემცირდა. თუმცა აგვისტოში ხორცის ფასი არ შეცვლილა, წლიური მაჩვენებლის მიხედვით, ხორცპროდუქტები 18 პროცენტით გაიაფდა. ხოლო შაქრის გაიაფებას შაქრის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მწარმოებელ ბრაზილიაში ადგილობრივი ვალუტის გაუფასურებასთან აკავშირებენ.
ამის მიუხედავადაც, საქართველოში განსხვავებული ვითარებაა: საკვები პროდუქტები ძვირდება, გარდა ბოსტნეულისა. მსოფლიო ტენდენციასა და განსხვავებულ ქართულ რეალობაზე ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ პაატა კოღუაშვილთან ერთად ვისაუბრებთ.

 – 2015 წლის გაზაფხულისთვის ქართულ ბაზარზე შემდეგი სურათი იყო: სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასებმა 1,9 პროცენტით მოიმატა. ამ ჯგუფში ზრდა ყველაზე მეტად ხილისა და ყურძნის ფასებს შეეხო, რომელიც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 18 პროცენტითაა გაზრდილი. ხორცისა და ხორცის პროდუქტების ჯგუფზე ფასები წინა წელთან შედარებით – 4,4 პროცენტით. თუმცა ფასები 6,1 პროცენტითაა შემცირებული ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე. რატომ არის  საკვებ პროდუქტებზე საერთაშორისო და ქართული ფასები აცდენილი?
– საქართველო, სამწუხაროდ, სურსათის ერთ-ერთი დიდი იმპორტიორია. ჩვენ, ფაქტობრივად, მილიარდზე მეტი ღირებულების სასურსათო პროდუქცია შემოგვაქვს. იმ ფასებს, რაც თქვენ ბრძანეთ, ემატება ტრანსპორტირების ხარჯები და ფასიც ავტომატურად მატულობს. ამავე დროს მრჩება შთაბეჭდილება, რომ ძალიან არაკეთილსინდისიერად იქცევიან ჩვენი იმპორტიორები: 15 წლის წინათ ეკონომიკურ საბჭოზე განიხილებოდა ხორბლის ფასის საკითხი, საკმაოდ გაზრდილ ფასებს ასახელებდა ზოგიერთი თანამდებობის პირი, მაშინ, როდესაც ხორბლის ფასი ლონდონის ბირჟაზე იყო 160 დოლარი, მას დაემატებოდა ტრანსპორტირების ღირებულება და გამოდიოდა 200 დოლარი, ისინი კი ამბობდნენ, 250-260 დოლარს. მე არ მინდა ვთქვა, რომ დღესაც ეს ხდება, მაგრამ ჩვენები არიან წვრილი მყიდველები, ისინი მიებნენ თურქულ პროდუქციას; იქ ხდება გარიგება და ამ კარტელური შეთანხმებით დაწესებული ფასით ახდენენ პროდუქტის რეალიზებას ჩვენთან. თუ მიაქციეთ ყურადღება, კანადური ფქვილისა და მაკარონის ღირებულებაა ერთადერთი, რომელიც გაიზარდა.
– არ მიმიქცევია ყურადღება, მხოლოდ კანადური ფქვილი გაძვირდა?
– დიახ, FAO-ს მონაცემებით, ასეა. არადა კანადური ფქვილი არც გვიყიდია და ვერც ვიყიდდით ვერასდროს. ქართველი ფქვილის მწარმოებლები გვეუბნებიან, რომ ხორბალს 380 დოლარად ვყიდულობთ და კიდევ უფრო გაიზრდება 420 დოლარამდეო. როგორ უნდა გაიზარდოს, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში იმდენი ხორბალია, რომ არ იციან, სად წაიღონ?! ამიტომ მათ უნდა ისწავლონ ვაჭრობა, მაგრამ ამაში მათ აუცილებლად სახელმწიფო უნდა დაეხმაროს, იმიტომ რომ, ისინი მაინც წვრილი მყიდველები, წვრილი მწარმოებლები არიან.
– მესმის, მაგრამ ჩვენი იმპორტიორები ასახელებენ ფასს, რომელიც არ ასახავს მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასს. რაზე აქვთ გათვლა, რომ არაინფორმირებულები ვართ?
– იმას ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში ლაპარაკია კარტელურ შეთანხმებასა და კორუფციულ გარიგებაზე. ასეთ საკითხებს მთელ მსოფლიოში ფასების ინსპექციები არეგულირებს. მათ ძალიან კარგად იციან, სად რა ფასია და ითხოვენ ფასების გასწორებას. ჩვენთან ეს, სამწუხაროდ, ვერ კეთდება: ვიცით, რომ უნდოდათ დაესაჯათ ნავთობის იმპორტიორები გაბერილი ფასების გამო და რა მივიღეთ? არაფერი, მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში ფასების კლება განპირობებულია უპირეელესად, ნავთობის ფასის ვარდნით და ფასების დაწევა, განსაკუთრებით, გამოიკვეთა ბოლო ორი წელია. ჩვენთან მაღალი ფასები არის კარტელური შეთანხმებებისა და კორუფციული გარიგებების შედეგი, ფულს იგებენ და ფულს აკეთებენ მაშინ, როდესაც იმპორტულ პროდუქციას ყიდულობენ. თან, ჩვენ ხომ არ ვყიდულობთ ნატურალურ პროდუქციას?! ჩვენთან, ძირითადად, შემოაქვთ ან გენმოდიფიცირებული, ან სხვა დაბალი ხარისხის პროდუქცია და სწორედ აქ უნდა შეასრულოს სახელმწიფომ თავისი სურსათის უვნებლობისა თუ  ანტიმონოპოლიური სტრუქტურებით, ისტორიული როლი. ესაა სახელმწიფოს ფუნქცია. სამწუხაროდ, ახალგაზრდა ხელისუფლება ჯერ კიდევ ვერ გაიმართა სათანადოდ წელში და ვერ არეგულირებს ამ პრობლემებს. როდესაც ვიცით, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი 170 დოლარამდეა, ჩვენ რატომ უნდა ვიხდიდეთ 380 დოლარს?!
– თქვენ მაინც გგონიათ, რომ ასეთ ფასს იხდიან? და სად პოულობენ ასეთი ფასის ხორბალს?
– ყოველ შემთხვევაში, იქ რაღაცეები ხდება: „ატკატები“ და სხვა… ცნობილი ფაქტებია, რომ მყიდველი ყიდულობს 240 დოლარად და შემდეგ გამყიდველს უბრუნებს 40 დოლარს… ასეთი ფაქტები იცის სურსათით ვაჭრობამ. ასეთი ფაქტები ყველგან მომხდარა მსოფლიოში, მაგრამ ჩვენ, უპირველესად, უნდა ვიფიქროთ ჩვენს მშიერ ხალხსა და ღარიბ მოსახლეობაზე და ამის შემდეგ – ჯიბეებზე. აქ სახელმწიფომ უნდა შეასრულოს თავისი ისტორიული როლი. მე მიმაჩნია, რომ არის კარტელური გარიგებები; ფასებს ათამაშებენ, სფერო მონოპოლიზებულია და ეს არის ამის შედეგი.
– ერთადერთი, რაც გაიაფდა ჩვენთან, არის ბოსტნეული და ბაღჩეული, რატომ მიჰყვა ეს პროდუქცია მსოფლიო ტენდენციას, იმიტომ რომ, ძირითადად, ადგილობრივი წარმოებისაა? მაგრამ იმპორტულიც ხომ შემოდის.
– სირცხვილია, რომ საქართველოში ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ამხელა იმპორტია. ეს პრობლემა არ გვქონდა გასული საუკუნის 90-იან წლებამდე, მაგრამ სწორი ორგანიზება ვერ ხდება, დღემდე ვერ შეძლო ვერც ერთმა მთავრობამ ამ საკითხის სწორი ორგანიზაცია, ვერ მოხდა ინტეგრაცია, კოოპერაცია. რამდენჯერაც გადაწყვიტეს მემწვანილეებმა წყალტუბოს ზონაში რაღაც-რაღაცეების გაკეთება, იმდენჯერ ჩაუშალეს. ეს იმის ბრალია, რომ ქვეყანაში არ გაგვაჩნია აგროსაკრედიტო სისტემა, მხოლოდ კომერციულ ბანკებთან ურთიერთობა კი ღუპავს მათ: სახელმწიფოს ისეთმა პროექტმა, როგორიც არის იაფი კრედიტის პროგრამა, კრახი განიცადა, გაკოტრდა, იმდენად არაეფექტიანად გამოიყენეს. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ბანკ „ქართუს“ ფული და ეს ყველაფერი წყალში გადაიყარა, იმიტომ რომ, ეს კრედიტები ყველამ მიიღო, გარდა გლეხებისა და მათი გაერთიანებებისა. იგივე მდგომარეობაა მეორე პროექტზე – თანადაფინანსების პროექტზე. უნდა გავიგოთ, რომ, როდესაც სოფლის მეურნეობის აღორძინებაზეა ლაპარაკი, აქცენტი უნდა გაკეთდეს არა გადამამუშავებელ საწარმოებზე, არამედ – სანედლეულო ბაზაზე. ტიპური მუშურ-სოციალისტური ხაფანგია, არ გაქვს საბაზისო წარმოება და აკეთებ გადამამუშავებელ მრეწველობას. უამრავჯერ უთხრეს ეს ქართველმა მეცნიერებმა და სპეციალისტებმა, მაგრამ შედეგი არ არის. თუ გააღებენ ფანჯრებსა და კარს და ითანამშრომლებენ მეცნიერებასთან, აკადემიურ სექტორთან, ფერმერებთან, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც კველევებს ატარებენ, შედეგი იქნება მაღალი. მაგრამ, ამათ, სამწუხაროდ, ეშინიათ კვალიფიციური, განათლებული ადამიანის, რატომღაც, ჰგონიათ, რომ სკამი აძლევთ უფლებას, ყველაფერი იცოდნენ. მძიმე მდგომარეობაა მეცხოველეობაში, რძის სექტორში, რაღაცეები კეთდება, მაგრამ იმდენად არაეფექტიანად, რომ მოსახლეობას ვერ აწვდიან იმ ოპტიმალური ვარიანტით, როგორც უნდა მიაწოდონ. ასეთი პრობლემების წინაშე ვართ და ამიტომ მიაქვს ბაზარი სპეკულანტებსა და არაკეთილსინდისიერ იმპორტიორებს, – ასეთია შედეგი. თან, როგორც გითხარით, ჩვენთან შემოტანილი საკვები პროდუქცია არის დაბალი ხარისხის ან გენმოდიფიცირებული.
– საინტერესოა ისიც, რომ ჩვენთან გენმოდიფიცირებული პროდუქცია ღირს უფრო ძვირი, ვიდრე ნატურალური. ამას როგორღა ვახერხებთ?
– გენმოდიფიცირებული პროდუქცია შეიქმნა ერთადერთი მიზეზით: მას უნდა დაეკმაყოფილებინა ღარიბი და ღატაკი მოსახლეობის მოთხოვნილება სასურსათო პროდუქციაზე და ამავე დროს უნდა წარმოებულიყო ისეთ ზონებში, სადაც არის კლიმატური პრობლემები – გვალვა თუ ყინვა და ასე შემდეგ. ამიტომ იყო, რომ მიიღეს ისეთ ჰიბრიდები, რომლებსაც აქვს ეს თვისებები. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ უხვმოსავლიანია და, შესაბამისად, მათი ფასი დაბალია. მე მქონდა პატივი, დამეწერა ამ ქვეყანაში ამ საკითხზე 2000 წლიდან. ჩემი ცნობილი ტერმინია „ფრანკენშტეინი სურსათი“, სწორედ ასე უწოდებენ გენმოდიფიცირებულ პროდუქტს მთელ მსოფლიოში. სხვათა შორის, ამ სურსათის წინააღმდეგ თავის დროზე ხმა აიმაღლეს განვითარებადმა ქვეყნებმა, როგორიცაა მექსიკა თუ იაპონია, რადგან იაპონიაში კონკურენციაში შევიდა ადგილობრივ ბრინჯთან, მექსიკაში – ადგილობრივ სიმინდთან და გენმოდიფიცირებული რომ გაჩნდა, პრობლემები შეიქმნა. იაპონია 8-ჯერ მეტს იხდის თავისი ბრინჯის  წარმოებაში, ვიდრე შემოტანილი დაუჯდება, მაგრამ ეს მისი ტრადიციაა და უღირს. მექსიკა სიმინდის ქვეყანაა. იქ დაიბადა სიმინდი და მექსიკელისთვის ღირსების საქმეა სიმინდის მოყვანა, ისევე, როგორც ფრანგისთვის – ვენახი და ღვინო. ჩვენც იგივე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ხორბალთან, ვენახთან, ღვინოსთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენთან იმდენად არაკეთილსიდისიერად იქცევიან იმპორტიორები, რომ ამ გენმოდიფიცირებულ პროდუქციას, რომელსაც სინამდვილეში ძალიან დაბალი ფასი აქვს, ჰყიდიან ძალიან მაღალ ფასად. ამიტომ ვამბობ, რომ აქ სახელმწიფომ უნდა შეასრულოს თავისი მთავარი ფუნქცია.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბევრ ქვეყანაში ასეთ მნიშვნელოვან პროდუქციაზე მინიმალური და მაქსიმალური ფასები წესდება, ჩვენც უნდა მივბაძოთ. თავი უნდა დავანებოთ კუდის ქიცინსა და პრანჭვას. ვის რად უნდა ფსევდოლიბერალიზმი და ულტრალიბერალიზმი?! ისეთი რეფორმა გჭირდება, რომელსაც ხალხი მიიღებს და ხალხის კეთილდღეობას მოხმარდება. დანარჩენი სისულელეა.
როგორც კი რომელიმე ქვეყანაში იქმნება სასურსათო საფრთხე, რომელიც ეროვნული უშიშროების რღვევის ყველაზე დიდი დეტონატორია, იმ წუთასვე ივიწყებენ ყოველგვარ ეკონომიკურ თეორიებს და ხისტად წყვეტენ თავიანთ პრობლემებს. ასე უნდა შევხედოთ ამას ყველაფერს ჩვენც, სხვანაირად არ გამოვა. სიღატაკემ გადააჭარბა ყოველგვარ ზღვარს და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ამ სიღატაკის დაძლევა. ბოლო 15 წელია, რაც საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში პირველად ქალაქად შობადობამ გადააჭარბა სოფლისას.
– ეს კატასტროფაა საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის, რადგან რეგიონები არის ცენტრის მკვებავი ადამიანური რესურსით.
– სოფელი კარგავს თავის ფუნქციას და ამას უნდა დარეგულირება როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე. ამიტომ აუცილებელია, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღადგინოს ურთიერთობა აკადემიურ წრეებთან, მჭიდრო კავშირი უნდა ჰქონდეს ფერმერებთანაც. სხვა გამოსავალი არ არსებობს ჩვენთვის. ადამიანი ეს არის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი. ჯანსაღი ადამიანი გაცილებით მნიშვნელოვანი პროდუქტია, ვიდრე მთელ მსოფლიოში რეალიზებადი ნატურალური პროდუქცია. ეს არის ჯანსაღი საშუალო ფენის შექმნის გარანტია. აი, ეს უნდა გაიგოს ხელისუფლებამ. ის ფორმულა, რომელიც ილიამ დაგვიტოვა: მამული, ენა, სარწმუნოება, იყო გადარჩენის ფორმულა, ეს იყო დაღუპვისაგან ხსნის ფორმულა; დღეს ჩვენ სხვა ფორმულა გვჭირდება – აღმშენებლობის, განვითარების, რომლის ცენტრალური ფიგურაა ადამიანი. აქცენტები აქეთ უნდა კეთდებოდეს: ახალი ტექნოლოგიების შემოტანა, სწავლება. მე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტყოდი, რომ აუცილებლად უნდა გაკეთდეს საცდელი, საჩვენებელი მეურნეობები საქართველოს ყველა რეგიონში. იქ მივლენ ფერმერები და ისწავლიან. გლეხი ბუნებით კონსერვატორია, მას უჭირს სიახლის მიღება, მაგრამ, როდესაც დაინახავს, ის ამას გააკეთებს. მაგალითად, რაც კეთდება აჭარაში საადრეო მანდარინის სახით. როდესაც ჩვენი მანდარინი შემოდიოდა, ბაზარი დაპყრობილი ჰქონდა სხვა ქვეყნების მანდარინს და ეს ჩვენი შეუხედავი მანდარინი არავის უნდოდა, მაგრამ გამოიცადა, გაკეთდა დარაიონება და მე ვნახე მანდარინი, რომელიც მოსავალს იძლევა ოქტომბრის პირველ კვირაში. ეს გვაძლევს საშუალებას, ორი-სამი კვირით შევასწროთ ბაზარზე სხვებს, რაც ნიშნავს, რომ ესეც გაიყიდება და გვექნება პიკის პერიოდის მანდარინიც. ჯიშები უნდა გაუმჯობესდეს, განახლდეს; კეხურას არავინ ჭამს, რადგან ადამიანის კუჭი ვერ ამუშავებს მის კანს. ტრადიცია უნდა განვაახლოთ, ჯიში უნდა გავაუმჯობესოთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

скачать dle 11.3