„კაი ტიპები“
ანუ წვეული ბევრია, რჩეული – ერთი
ისე მოხდა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერზე მაღლა დგას წმიდათაწმიდა „რუსთავი 2“, რომელიც (რასაკვირველია, ამ ხელოვნურად შექმნილ მოცემულობაში) არის თავისუფალი სიტყვის არათუ და მხოლოდ მებაირახტრე, თვით ერთადერთი სიმბოლო სიტყვის თავის-უფლებისა.
მეტიც, მადლის ხარისხშია აყვანილი მისი ეთერიდან ნათქვამი სიტყვა; თანაც – არ აქვს მნიშვნელობა, მართალია თუ ტყუილი; ინფორმაცია თუ დეზინფორმაცია; პროპაგანდა თუ ძალადობისკენ მოწოდება; სიყვარულის ახსნა თუ სიძულვილის ფრქვევა; ხოლო, ვინც დაეჭვდება, იგი დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების მტერია, რადგან, რომ არა „რუსთავი 2,“ ამჟამინდელი შემადგენლობით თვით „მზე იტირებს და ჩაქრება“.
რთული სათქმელია, რატომ და, ისიც გამოსაჩხრეკია – ზემოდან ცქერისა და გამორჩეულობის ამ შეგრძნებით დაიბადნენ თუ ამ ცოდვილ დედამიწაზე მოვლენის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ წვეული ბევრი იყო და რჩეულნი მხოლოდ ისინი, თუმცა, მაგალითად, ყოფილმა ჩინოვნიკმა და აწ უფლებადამცველმა ბ-ნმა ოთარ კახიძემ სცადა ამ ჩემ (და არა მხოლოდ ჩემ) წინაშე მდგარი დილემის ამოხსნა (მომყავს ბ-ნი კახიძის ციტატა): „რუსთავი 2-ის“ მხარდამჭერები არიან: განათლებული, რეალიზებული, ნიჭიერი, პროდასავლური, მოკლედ – რაღაცნაირი კაი ტიპები; იქეთ კიდევ დგას სულ მყრალი ხალხი – დაბოღმილი, ბიძინას კარმუშკის შემყურე, ბნელი, რუსეთუმე – მოკლედ, დედამ———ები.“
შესაბამისად, ბ-ნი კახიძე ასკვნის: „უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი ფურცლები იწერება, აქ ასარჩევიც არაფერია, წილი ნაყარია. ჰოდა, რისი თქმა მინდოდა – მოვიგებთ ჩვენ, უეჭველი.“
ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ დღემდე იმაზეა ძირითადად სჯა-ბაასი, თუ ვინ გაასაჯაროვა შემზარავი სისტემური დანაშაულის შემცველი კადრები, თუ ბ-ნი კახიძის ლოგიკას მივყვებით, თუ ისევ „კაი ტიპები“ მოხვდნენ „ღუმელთან“ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – ძალაუფლების სათავეში), „ბნელებს“ „შავი ზღვა (ანუ ძველი ჩანაწერები) თეთრად მოეჩვენებათ“?! –