რამდენი მილიონი ადამიანი ესწრება მექაში მუსლიმთა უდიდეს ჰაჯის და როგორ გადაურჩნენ ქართველი მომლოცველები მექაში მომხდარ უბედურ შემთხვევას
ცოტა ხნის წინ, მექაში მუსლიმების ღვთისმსახურების – ჰაჯის შესრულების დროს ტრაგედია მოხდა, რომელსაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, უამრავი კი დაშავდა. მომლოცველთა შორის იყვნენ ქართველებიც, თუმცა, საბედნიეროდ, საფრთხე არცერთ მათგანს არ დამუქრებია, შინ ყველა მშვიდობით დაბრუნდა. საინტერესოა, რა გახდა ამ უბედური შემთხვევის მიზეზი და როგორ გადაურჩნენ მას ქართველი პილიგრიმები.
ბადრი შანთაძე (სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, ჰაჯისა და უმრის საქმეთა ხელმძღვანელი): ჰაჯი არის ღვთისმსახურება, რომლის შესრულება, სიცოცხლეში ერთხელ მაინც, სავალდებულოა ყველა მუსლიმისთვის, თუკი მას ამის ფიზიკური და მატერიალური შესაძლებლობა აქვს. მუსლიმებისთვის ორი დიდი დღესასწაული არსებობს. ერთია რამაზან ბაირამი, რომელსაც მარხვის დასასრულს აღნიშნავენ და მეორე – ყურბან ბაირამი, რომელიც რამაზან ბაირამიდან 70 დღის შემდეგ აღინიშნება. ესაა მსხვერპლშეწირვის დღესასწაული. ჰაჯი წელიწადში ერთხელ, სწორედ ყურბან ბაირამის სადღესასწაულო დღეებში სრულდება. თუმცა, არსებობს მცირე ჰაჯიც, რომელსაც უმრა ეწოდება და მისი შესრულება, ანუ წმინდა მიწაზე წასვლა და მოლოცვა, ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია. ჰაჯის წლევანდელ ღვთისმსახურებაზე საქართველოდან ჩვეულებრივ გავემგზავრეთ. მომლოცველთა 38-კაციან ჯგუფს მე ვხელმძღვანელობდი. რიტუალში მონაწილეობის მისაღებად ყველა საკუთარი ფინანსებით გავემგზავრეთ ოცი დღით. ყურბან ბაირამის დღესასწაულამდე ათი დღით ადრე ჩავედით და დღესასწაულის შემდეგ, კიდევ ათი დღე დავრჩით. ჰაჯის კანდიდატები მექაში შესვლამდე თეთრი სამოსით იმოსებიან და ასე რჩებიან რიტუალის დასრულებამდე. ეს ყველა მამაკაცისთვის სავალდებულო წესია, რადგან თეთრი ფერი სიწმინდის სიმბოლოა. გარდა ამისა, რწმენის მიხედვით, განკითხვის დღეს ადამიანი სუდარაში გამოწყობილი უნდა წარდგეს (აღსდგეს) და ეს სამოსი ამის სიმბოლური გამოხატულებაა. თუმცა, ქალბატონებს მსგავსი ვალდებულება არ აქვთ. მათ შეუძლიათ, ისეთი სამოსით შეიმოსონ, როგორის სურვილიც თავად ექნებათ. მომლოცველები შედიან მექაში, მიდიან ქააბაში და ლოცულობენ, ვიდრე სადღესასწაულო დღეები არ დაიწყება. სადღესასწაულო დღეების დაწყებამდე ერთი დღით ადრე კი, ჰაჯის ყველა მსურველი ვალდებულია, ავიდეს არაფატის მთაზე. აქედან იწყება უშუალოდ ღვთისმსახურების შესრულება. ისინი იქ ატარებენ დროს, მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე და როცა მზე ჩასვლას დაიწყებს, ჰაჯები, მინას ხეობის გავლით, მიემართებიან ქააბაში მოსალოცად. ვისაც შესაბამისი ფიზიკური შესაძლებლობა აქვს და მეტი მადლის მიღება უნდა, არაფატის მთიდან ქააბამდე ფეხით ჩადის მინას ხეობის გავლით, სადაც სიმბოლურად ხდება სატანის ქვით ჩაქოლვა. მაგრამ, ვისაც ეს არ შეუძლია, მას აქვს საშუალება, ტრანსპორტით ისარგებლოს. მოგეხსენებათ, ამ რიტუალს მილიონობით ადამიანი ესწრება. წელს, ოფიციალური მონაცემებით, ორ-ნახევარი მილიონი მომლოცველი იყო და არაოფიციალურად – დაახლოებით, სამი მილიონი. ამიტომ წესრიგი მაქსიმალურადაა დაცული. ყველგან პოლიციელები დგანან უსაფრთხოების შესანარჩუნებლად და ხალხის უდიდესი ნაკადისთვის მიმართულების მისაცემად, მაგრამ წელს, როდესაც არაფატის მთიდან ამდენი ადამიანი დაეშვა მინას ხეობისკენ, გარკვეულმა ჯგუფებმა არასწორი მიმართულებით დაიწყეს მოძრაობა. ისინი შეეცადნენ, გზა მოეჭრათ და მოკლე გასასვლელით შესულიყვნენ იმ ადგილას, სადაც ეშმაკის ქვით სიმბოლური ჩაქოლვა ხდება. ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ როცა გარკვეულ ჯგუფებზე ვსაუბრობთ, იქ საკმაოდ ბევრი ადამიანი იგულისხმება, რადგან ყველაზე მცირე ჯგუფიც კი, ათასობით ადამიანისაგან შედგება. ამ ადამიანებმა ხალხის მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით დაიწყეს გადაადგილება, რასაც ორი ნაკადის შეჯახება და ძალიან დიდი საცობი მოჰყვა. სამართალდამცველები იძულებულები გახდნენ, სამაშველო ბრიგადები შეეყვანათ და გზის გარკვეული ნაწილი გაეთავისუფლებინათ. რაღაც ტერიტორიის გათავისუფლება, ბუნებრივია, იქ მყოფი ხალხის შეკუმშვის ხარჯზე მოხდა. ეს დაახლოებით 8-დან 10 საათამდე ხდებოდა, იმ დროს, როცა სიცხე დაახლოებით 45-47 გრადუსია. ამას დაემატა ხალხის გადაღლილობა, რადგან მათ უკვე ათ კილომეტრზე მეტი ჰქონდათ ფეხით გავლილი. გარდა ამისა, იყო ქაოსის შიში და პანიკა. ამ ყველაფერმა ერთბაშად იჩინა თავი, რის გამოც შეჯახების ადგილას ადამიანები უჰაერობისა და შიშისგან გაიგუდნენ. ბევრმა ღონემიხდილმა გონება დაკარგა. შემდეგ მაშველები შეიყვანეს და შეეცადნენ, ხალხი ორივე მიმართულებით ცოტათი უკან დაეწიათ, რომ სამაშველო ბრიგადებს ემოქმედათ. ადგილი ცოტა გამოთავისუფლდა. ამ დროს კი უკვე ხალხის ჭყლეტა დაიწყო, რადგან გადარჩენილები პანიკაში ჩავარდნენ. ცდილობდნენ, გაქცევით ეშველათ თავისთვის, რასაც ჭყლეტვა მოჰყვა. შეეცადნენ, მათთვის ჟანგბადი ვერტმფრენებით მიეწოდებინათ, რომ სუნთქვა შეძლებოდათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამან ვერ უშველა და ბევრი მათგანი გარდაიცვალა, ბევრიც კი დაშავდა.
– გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა დროთა განმავლობაში იზრდებოდა. დღეს რისი თქმა შეგიძლიათ?
– ჩვენ 6 ოქტომბერს დავტოვეთ საუდის არაბეთი. იმ დროისთვის, დაღუპული იყო 769 კაცი, ხოლო დაშავებული – 800-ზე მეტი სხვადასხვა სიმძიმის ტრავმით. ასე რომ, დაღუპულთა რაოდენობის გაზრდა მოსალოდნელი იყო.
– ქართველი მომლოცვლები როგორ გადაურჩით ამ ტრაგედიას?
– ქართველი მომლოცველები ყველგან ჯგუფურად დავდიოდით. ჩვენ დაახლოებით ექვს საათზე სვლა უკვე დასრულებული გვქონდა. ეს სამწუხარო ამბავი კი რვა საათიდან დაიწყო. ამ დროს, ჩვენ უკვე ქააბამდე ვიყავით ჩასულები, ანუ – ეპიცენტრიდან შორს. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი სამწუხაროა და ყველა დაღუპულის ახლობელს ვუთანაგრძნობ, მაგრამ რელიგიურად, ადამიანი, რომელიც მოსალოცადაა წასული და იქ უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპება, შაჰიდი, ანუ უცოდველია. მისი სამუდამო ადგილსამყოფელი კი სამოთხეა. ამიტომ, შაჰიდობა ყოველი მუსლიმის სანუკვარი ოცნებაა, მაგრამ განწირულია ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს თვითმკვლელობით ან თვითმკვლელობამდე მისვლით დაასრულებს. ეს სასტიკად აკრძალულია და ასეთი ადამიანის იმქვეყნიური სამყოფელი ჯოჯოხეთია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მეფემ ამის გამო თანამდებობიდან დაითხოვა ჰაჯის მინისტრი, მექის მერი და პოლიციის უფროსი. მიმდინარეობს გამოძიება, შეიძლება, მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგეს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, უსაფრთხოების ნორმები შესაბამისად არ იყო დაცული, ან სამართალდამცველების რაოდენობა არ გახლდათ საკმარისი. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ყოველ შემთხვევაში, მეფემ მათი დაპატიმრებით პირველი ნაბიჯები გადადგა.
– ასეთი შემთხვევა პირველად არ მომხდარა...
– მე წელს ჰაჯის ღვთისმსახურებაზე მესამედ გახლდით და აქამდე მსგავს შემთხვევას არ შევსწრებივარ. მაგრამ, ვიცი, რომ მსგავსი შემთხვევა ადრეც მოხდა. ყველაზე დიდი მსხვერპლი 1989 წელს მომხდარ უბედურ შემთხვევას მოჰყვა. მაშინ ეს გვირაბში მოხდა და მას 1 500-ზე მეტი მომლოცველი ემსხვერპლა. მომლოცველების ძირითადი ნაწილი ხანდაზმულია – ზოგს გული აწუხებს, ზოგს სწრაფად სიარული არ შეუძლია. ამიტომ, დაბრკოლებების გადალახვა უჭირთ და ხშირად, ეს სიცოცხლის ფასადაც უჯდებათ, რადგან გარშემო უამრავი მომლოცველია და თავის დაღწევა რთულია. წელს, თუ არ ვცდები, მეოთხე წელია, რაც ქააბას გაფართოება მიდის. მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და ამიტომ, მომლოცველთა კვოტები ყველა ქვეყნისთვის 20 პროცენტითაა შემცირებული. ადრე გაცილებით მეტი, დაახლოებით 4-დან 6 მილიონამდე მომლოცველი იყო. ორი-სამი წლის შემდეგ, ალბათ, გაფართოება დასრულდება და ვფიქრობ, რაოდენობაც გაორმაგდება ან გასამმაგდება. თუმცა, ასეთი შემთხვევების დროს, საბედნიეროდ, ქართველი მომლოცველი არასდროს დაღუპულა და არც სერიოზულად დაშავებულა.
– ცოტა ხნის წინ, ამწეს ჩამოვარდნასაც ემსხვერპლნენ მომლოცველები. ესეც ჰაჯის რიტუალის დროს მოხდა?
– არა, ეს ჰაჯის რიტუალამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მოხდა. მოგეხსენებათ, იმ ქვეყნისთვის წვიმა დამახასიათებელი არაა. მაგრამ, ისე მოხდა, რომ ერთ დღეს წვიმა და ქარიშხალი ერთმანეთს დაერთო და შემთხვევით, ერთ-ერთი ამწე გადაყირავდა უშუალოდ ქააბას მიმართულებით და მომლოცველთა გარკვეულ ნაწილს დაეცა. დაახლოებით 150 კაცი დაიღუპა, სამასამდე – კი დაშავდა. მაშინ მცირე ჰაჯობა ანუ, უმრის რიტუალი ტარდებოდა. საბედნიეროდ, რაღაც ნაწილმა მოახერხა, რომ ამ ადგილს მოშორებოდა, თუმცა გარკვეული ნაწილის სიცოცხლე მაინც ემსხვერპლა ამ შემთხვევას.