როგორ მონაწილეობდა „მის თბილისი“ – მარიამ იმედაშვილი „კელვინ ქლაინის“ ჩვენებაში და რაზე უწევს მას ზოგჯერ უარის თქმა
17 წლის მარიამ იმედაშვილი „ბესტ მოდელის“ მოდელია და ცოტა ხნის წინ „მის თბილისი“ გახდა.
მარიამ იმედაშვილი: 2015 წლის აპრილში გავხდი „მის თბილისი 2015“. ხუთი წლის წინ დაიწყო ჩემი სამოდელო კარიერა, ვთანამშრომლობდი სხვადასხვა სამოდელო სააგენტოსთან, გამოვდიოდი სხვადასხვა ჩვენებებში, რეკლამებში გადამიღეს და დღეს „ბესტ მოდელის“ მოდელი ვარ. აპრილში კი კონკურსში – „მის და მისტერ თბილისში“ მივიღე მონაწილეობა და 15 ცნობილი კაცისგან შემდგარმა ჟიურიმ მე დამასახელა გამარჯვებულად. ზაფხულში მქონდა სხვადასხვა შემოთავაზება, ჩინეთშიც ვიყავი და „კელვინ ქლაინის“ ჩვენებაში მივიღე მონაწილეობა. გარდა ამისა, მყავს შეყვარებული და ბედნიერი ვარ.
– სკოლაში დადიხარ?
– სკოლაში დავდივარ და მომავალში ვგეგმავ, ფსიქოლოგი გამოვიდე, თუმცა ჯერჯერობით ბოლომდე არ ვარ ჩამოყალიბებული.
– რატომ გადაწყვიტე მოდელობა?
– გარეგნობის, სიმაღლისა და ტანის გამო. თან, დედაჩემს უნდოდა ძალიან. პოპულარობაც მინდოდა. მას შემდეგ, რაც „მის თბილისი“ გავხდი, თავდაჯრებულობა მომემატა. კონკურენცია დიდი იყო, ბევრი ისეთი გოგონა იყო იქ, ვინც იმსახურებდა გამარჯვებას, მაგრამ ჩემზე გააკეთეს არჩევანი. საოცარი შეგრძნება დამეუფლა, ასეთი შეგრძნება არასდროს მქონია, შოკში ჩავვარდი. არ მჯეროდა, რომ მარიამი მე ვიყავი. ძალიან გამიხარდა, თუმცა ეს ტიტული საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა – სულ ფორმაში უნდა ვიყო, თავს მოვუარო. თან, როცა ჩვენს სააგენტოში, რეკლამაზე მოდიან, ძირითადად მე მირჩევენ ხოლმე და ეს ძალიან მიხარია. ზაფხულში აჭარის მოდის კვირეულზე გამოვედი – ზალიკო ბერგერის ჩვენებაში მივიღე მონაწილეობა.
– რა მოსწონთ შენში განსაკუთრებულად?
– ღიმილი, ხასიათი, გარეგნობა. ხშირად ვარ დიეტაზე, ვვარჯიშობ კიდეც. რაღაცეებსაც ვუკრძალავ თავს: ტკბილეულს, ცომეულს, რითაც განსაკუთრებულად მანებივრებს დედაჩემი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უარის თქმა მიწევს ხოლმე.
– მოდელობა დაგეხმარა კომპლექსების გადალახვაში?
– ბევრ რამეში დამეხმარა. თავიდან საცურაო კოსტიუმებით გამოსვლის კომპლექსი მქონდა. მერე და მერე, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ რომ გამოხვალ, ეჩვევი და ეს აღარაფერს წარმოადგენს შენთვის. თან, სხეულსაც გააჩნია, როგორი გაქვს. დიდი სითამამით არ გამოვირჩევი, მორიდებული და მორცხვი ვარ.
– როგორი ბიჭები მოგწონს?
– უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს თავდაჯერებული, ჭკვიანი, განათლებული – ისეთი, როგორიც ის ადამიანია, რომელიც დღეს ჩემ გვერდით არის. გარეგნობას არ ვაქცევ-მეთქი ყურადღებას, ვერ ვიტყვი, მაგრამ, ამ შემთხვევაში ასე გამოვიდა და ძალიან ბედნიერი ვარ.
– როგორ შეგაყვარა თავი?
– თავისი ადამიანობით, თავდაჯერებულობითა და ხასიათით შემაყვარა თავი. ჩემზე სამი წლით უფროსია, კარგად ვეწყობით ერთმანეთს და ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს. ძალიან ყურადღებიანი ადამიანია, ყურადღებით მანებივრებს, ყოველთვის ჩემ გვერდით არის, როცა არ უნდა დამჭირდეს. ეჭვიანიც არ არის, ვენდობით ერთმანეთს. მეც ძალიან ყურადღებიანი ვარ – ერთი საათი რომ გადის და ვერ ვნახულობ, ვეღარ ვითმენ. ძალიან მივეჩვიეთ ერთმანეთს. რაც მთავარია, ყველანაირად მიწყობს ხელს. სურს, რომ ვისწავლო, ჩავაბარო გამოცდები და გავხდე წარმატებული. ეს ჩემთვისაც პრიორიტეტულია. განათლებას დიდ ყურადღებას ვაქცევ, თუმცა, სამოდელო კარიერის გამო ზოგჯერ სწავლაზე უარის თქმა მიწევს. მაგრამ ყველანაირად მიწყობენ ხელს.
– თაყვანისმცემლებიც გეყოლება.
– კი, უამრავი. ძირითადად სოციალურ ქსელში მწერენ – ჩემი მესინჯერი აჭრელებულია, მაგრამ მათი მონაწერით არასდროს ვინტერესდები, რადგან ჩემი რჩეული მყავს.
– როგორც მითხარი, ჩინეთშიც იყავი.
– დიახ, ვიყავი ჩინეთში. თუმცა, დიდი ხნის განმავლობაში არ ვყოფილვარ. ძალიან კარგი, საინტერესო იყო. „კელვინ ქლაინის“ ჩვენებაშიც მივიღე მონაწილეობა და შთაბეჭდილებებით დატვირთული დავბრუნდი.