კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორია გიორგი შერმადინის ანდორული ცხოვრება და ვის დაიცავს ჯუჯა სახელმწიფოში ტანმაღალი ქართველი

წარმატებული ქართველი კალათბურთელი, გიორგი შერმადინი ახალ საკალათბურთო სეზონს ახალ გუნდში ხვდება. მან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ანდორაში გაემგზავრა. ჩვენი რესპონდენტი გიორგის მეუღლე, ანი ამაშუკელია, რომელიც რამდენიმე დღეში ბავშვებთან ერთად ანდორაში მიემგზავრება. როგორც ანიმ გვითხრა, ახალი გუნდი გიორგიზე დიდ იმედებს ამყარებს და პრესაშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართველი კალათბურთელის გამოჩენას.

 ანი ამაშუკელი: გადავედით ახალ გუნდში. გიორგი უკვე რამდეიმე კვირაა, წასულია და მოუთმენლად ელის ჩვენს ჩასვლას.  ყოველდღე გვირეკავს, როდის მოდიხართო. დაახლოებით 10 დღეში, მე, ბავშვები და ძიძა ერთად წავალთ. მოგვიანებით კი, ოჯახის სხვა წევრებიც ჩამოვლენ.
– გიორგის არაერთი ქვეყნის გუნდში უთამაშია, თუმცა მანდ არასდროს ყოფილხართ.
– ეს არის ჯუჯა სახელმწიფო ესპანეთსა და საფრანგეთს შორის. დაახლოებით მონაკოს ტიპის სახელმწიფოა – პატარა, მთებში, კურორტული ზონაა. ვინც ნამყოფია, ყველა კმაყოფილია. „გუგლში” რომ მოვიძიე ფოტოები, ძალიან მომეწონა, ფანტასტიკური ადგილია, პრაქტიკულად, ბუნების წიაღშია. ასე რომ, ანდორას სილამაზით შორიდან უკვე მოვიხიბლე.
– მას შემდეგ, რაც გიორგის ცოლი ხარ, გამომდინარე მეუღლის ცხოვრების წესიდან, არაერთი საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალე.
– გარდა იმისა, რომ საცხოვრებელ ადგილს წელიწადში ერთხელ ვიცვლით, ისეც ხდება, ერთი სეზონის განმავლობაშიც კი გადავსულვართ სხვაგან საცხოვრებლად. ეს, რა თქმა უნდა, გიორგის კონტრაქტის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ვიყავით სლოვენიაში, ისრაელში, ორჯერ საბერძნეთში, ესპანეთში და ასე შემდეგ.
– მოკლედ, ამსიგრძე კაცი ჯუჯა სახელმწიფოს კალათბურთელთა გუნდს დაიცავს.
– ჰო, ძალიან სასაცილოა, ეს ხუთმეტრიანი კაცი ჯუჯა სახელმწიფოში.  გიორგიც სულ სამი კვირაა, რაც ჩავიდა. ერთი ის ვიცი, რომ ორი წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი თანხა დახარჯეს, კარგი გუნდი რომ გაეკეთებინათ. შესაბამისად, შედეგებსაც ველოდებით. რამდენიმე ამხანაგური თამაში ჰქონდათ და ძალიან კარგადაც გამოიყურებოდნენ.
– ბავშვებიც შეეჩვივნენ, ალბათ, სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრებას, არა.
– ბავშვები მართლა ისე შეეჩვივნენ წინ და უკან სიარულს, რომ ვეტყვი, სადმე მივდივართ-მეთქი, თვითმფრინავითო? – მეკითხებიან. ძალიან ემზადებიან წასასვლელად და ყოველი გიორგისთან საუბრის დროს, ეკითხებიან: მამიკო, რა ფერის საწოლი გვაქვს, რა მიყიდე, რა უნდა დამახვედრო და ასე შემდეგ. აქედანვე აძლევენ შეკვეთებს.
– ძალიან ყურადღებიანი მამაა, როგორც ვიცი.
– გიორგი სუპერყურადღებიანი მამაა და მართლა ჩემპიონია ამ საკითხში. ზოგადად, ყურადღებიანია და ოჯახისადმი ძალიან ფაქიზი დამოკიდებულება აქვს. ბავშვებსაც ძალიან უყვართ მასთან ყოფნა და უპრობლემოდ მიჰყვებიან ყველგან. მათთვის მხოლოდ  დედა არ არის პრიორიტეტი. როცა სცალია, ცდილობს, ბოლომდე დაიხარჯოს ბავშვებისა და ოჯახისთვის, რასაც ძალიან ვაფასებ. მოწოდებულია ოჯახისა და მამობისთვის თავიდან ბოლომდე.
– არა მხოლოდ გიორგია ყურადღებიანი, არამედ შენც სუპერცოლი და დედა ხარ.
– არ ვიცი, მე კი ძალიან ვცდილობ, მაგრამ ეს უკვე გიორგის უნდა ჰკითხო. ხანდახან იმასაც ვამბობ, რომ სამი შვილი მყავს–მეთქი, რადგან გიორგისაც ისევე სჭირდება ხელშეწყობა, როგორც ბავშვებს. არა მხოლოდ კვებითი, არამედ მორალურად, ფსიქოლოგიურად და ადამიანურად. ის ხომ თავისი ცხოვრებით ვერ ცხოვრობს. ისეთი რეჟიმი აქვს, უნდა არ უნდა ის უნდა გააკეთოს, რაც გასაკეთებელია. ამ დროს კი, ადამიანს გვერდში დგომა და მხარდაჭერა სჭირდება. ეს თავიდანვე მქონდა გააზრებული, სხვანაირად შეუძლებელია.
– ახალ გუნდშიც ბევრ გულშემატკივარს შეიძენს გიორგი, რადგან ის ადამიანი-პოზიტივია.
– ხანდახან ვეუბნები, ზედმეტად კარგი და კეთილი ბიჭი ხარ–მეთქი. დარწმუნებული ვარ, ბევრი ახალი გულშემატკივარი შეემატება. ძალიან გაუხარდათ, გადასვლაზე რომ დათანხმდა. მთელი „ტვიტერი” აჭრელებული იყო და განსაკუთრებული შეხვედრაც მოუწყვეს. ვიცი, რომ მისი დიდი იმედი აქვთ და გუნდს აწყობენ გიორგიზე. ძალიან თბილად მიიღო გუნდმა. ერთი პრობლემა ისაა, რომ ინგლისურად საუბარი იქ ცოტა უჭირთ. გუნდშიც კი რამდენიმე ადამიანმა იცის ინგლისური. პრესკონფერენცია რომ მოაწყვეს, თარჯიმანი მოითხოვეს. გიორგიმ რომ უთხრა, არ გინდათ, ინგლისურად ვილაპარაკებო, გაეცინათ. შენ კი ილაპარაკებ, მაგრამ ჩვენ ვერ გავიგებთო. ბოლოს იქ მაცხოვრებელი ქართველი, ყოფილი მორაგბე მოიყვანეს და ის თარგმნიდა ჟურნალისტებისთვის ესპანურად. მგონი, ჩვენ თარჯიმანი და ენის სწავლა ერთად დაგვჭირდება. მუდმივად, ერთ კონკრეტულ ქვეყანაში რომ გვიწევდეს ცხოვრება, ბოლოს და  ბოლოს ისწავლი იმ ენას, მაგრამ როცა ერთი ადგილიდან მეორეზე გიწევს გადაბარგება, რთულია, ამდენ ენას შეეჭიდო. მე კი არა პოლიგლოტი ვერ ისწავლის. შემდეგ ინტერვიუზე ესპანურად რომ მოგესალმო, არ გაგიკვირდეს.
– საკმაოდ ცხელი ზაფხული ჰქონდა საქართველოს კალათბურთის ნაკრებს. როგორც გულშემატკივარმა, როგორ გადაიტანე ევროპის ჩემპიონატის შეხვედრები?
– ვინც ევროპის ჩემპიონატზე ვიყავით საგულშემატკივროდ ჩასული, ისე ვინერვიულეთ, რომ ეს ყველაფერი თვალნათლივ აისახა ჩვენს გარეგნობაზე. ყველამ წონაში დავიკელით. სერიოზულ ემოციებში ვიყავით და ვამხნევებდით ჩვენებს. დარბაზში სულ რაღაც 30 ქართველი გულშემატკივარი ვიქნებოდით, მაგრამ იმხელა ემოცია, დადებითი აურა და გამხნევება მოდიოდა ყველასგან, რომ  სიტყვით ვერ გადმოგცემ. ხორვატიამ ხომ აავსო დარბაზი თავისი გულშემატკივრებით. მაგრამ ჩვენი პატარა ფლიგელი, თავისი შეძახილებით, ჯაბნიდა ხორვატებს. საკმაოდ ძლიერი ჯგუფი შეგვხვდა. ცოტა, თავიდან არ გაგვიმართლა, მაგრამ მერე ძალიან დამაჯერებლად ითამაშეს ბიჭებმა.
– ოჯახის თემას მივუბრუნდები.  მატების პერსპექტივა ხომ არ გაქვთ ამ ეტაპზე?
– ცოტახანს არა, მაგრამ სამომავლოდ, კიდევ ორ შვილს სიამოვნებით ვიყოლიებდი.
– რამდენი წლის არიან ბავშვები?
– ნუციკო 4–წლინახევრის, ხოლო ნიკოლოზი დეკემბერში 3 წლის გახდება. პრინციპში, უკვე დროა, მატებაზე ვიფიქროთ.
– ნიკოლოზს თუ მოსწონს კალათბურთი?
– გიჟდება. ნათლიამისმა კალათბურთის ფარი აჩუქა, რომელიც ნატახტარში გვაქვს დამონტაჟებული. უნდა ნახო, როგორ თამაშობს. გენეტიკაც მოქმედებს, რა თქმა უნდა, მაგრამ თვითონაც ძალიან ჟინიანი და სპორტული ტიპია. ძალიან მონდომებულია. სახლში ყველაფერი დალეწა, ყველაფერი კალათი ჰგონია. აი, რაც შეეხება ნუციკოს. სულ კარადაშია შემძვრალი და ჩემი ფეხსაცმელებით დაკაკუნობს.
– თამაშებზე თუ დადიან?
– რა თქმა უნდა, მამიკოს დიდი გულშემატკივრები არიან – დიდი შეძახილებითა და მთელი ამბებით.
– მომდევნო ვიზიტი საქართველოში როდის იგეგმება?
– ალბათ, მომავალ წლამდე ვერ ჩამოვალთ და იქ ვიქნებით. მოწყენით იქ ნამდვილად არ მოვიწყენთ, რადგან სულ გვყავს სტუმარი საქართველოდან ყველგან. თუნდაც ერთი ჩვენი ახლობელი რომ იყოს ჩვენთან, უკვე კარგად ვარ, რადგან საოცრად ნოსტალგიური ადამიანი ვარ და ახლობლებისა და ოჯახის წევრებისგან შორს ყოფნა არ შემიძლია.

скачать dle 11.3