ღვთისმშობლის ხატის სასწაულები
რუსეთში, ქალაქ ხოლმში მდებარე ტაძარში დაბრძანებული იყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი ხატი. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, ხოლმის ეს ხატი ლუკა მახარებლის მიერ არის დაწერილი და კიევის ახლადნათელღებულ მთავარ ვლადიმირს, სხვა სიწმიდეებთან ერთად, კონსტანტინეპოლიდან კიევის რუსეთში ჩაუბრაძნებია. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ერთმანეთზე მიდგმულ კვიპაროსის სამ ფიცარზეა გამოსახული. ძველ დროში ხატი ხალასი ოქროს ძვირფასი ბიზანტიური ტიხრული მინანქრით მოოჭვილი პერანგით იყო შემოსილი. მაგრამ ეს ძვირფასი პერანგი 1261 წელს ქალაქ ხოლმზე მონღოლთა ხანის, ბურუნდაის ურდოს თავდასხმის დროს გაიტაცეს, ხოლო რამდენიმე ადგილას დაზიანებული ხატი კი, გადააგდეს. თათართა შემოსევიდან ასი წლის შემდეგ, დაკარგული ხატი ფიქლების ნაყარში აღმოაჩინეს და ქალაქ ხოლმის განახლებულ ტაძარში გადაასვენეს.
1596 წელს ეპისკოპოსი დიონისე ზბირუელი მწვალებლებს მიემხრო და ხოლმის ეკლესია და სასწაულმოქმედი ხატი უნიატების ხელში აღმოჩნდა.
1650 წელს, პოლონელებთან და მათ მეთაურთან, ბოგდან ხმელნიცკისთან მოლაპარაკების შედეგად, კათოლიკეებმა ხოლმის საეპისკოპოსო კათედრა კვლავ მართლმადიდებლებს დაუბრუნეს, მაგრამ ღვთისმშობლის ხატი არ გამოუჩინეს. მართლმადიდებლებმა დიდი ხნის ძიების შემდეგ, ის ღრმა სარდაფში დამალული იპოვეს.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს ორი ჭრილობა აქვს მიყენებული, ერთი ხმლით, ქალწულ მარიამის მხარზე, მეორე კი – ისრით, მის მარჯვენა ხელზე. ჭრილობები ხატს თათრებმა მიაყენეს. წარმართები მაშინვე დაისაჯნენ. ისინი უმალ დაბრმავდნენ და თავი ზურგისკენ მიეღრიცათ. ხოლმის ღვთისმშობლის ხატის მიერ აღსრულებულ სასწაულთაგან განსაკუთრებით ცნობილია ერთ-ერთი: ერთხელ ქალაქ ხოლმს თათართა ურდო შემოესია. ადგილობრივ მცხოვრებთ აურაცხელი მტრის მოგერიებია არ შეეძლოთ. მაშინ, ხოლმში მყოფმა ორმა დიდგვაროვანმა ქალბატონმა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წინაშე ლოცვა აღავლინა და ქალაქის მოსახლეობასთან ერთად, ზეციურ დედოფალს შემწეობა და მტრის დათრგუნვა შესთხოვა. მათ ხატი ხელთ იპყრეს, ქალაქის გალავანზე ავიდნენ და ლოცვა-ვედრებით მარადქალწული მარიამის ხატი მტრის პირისპირ დააბრძანეს. მორწმუნე მრევლის ლოცვა შესმენილ იქნა. მოულოდნელად მტრის ლაშქარს საყოველთაო გონის შეშლა დაეუფლა. მათ ჯერ ის ბორცვი, რომელზეც ქალაქი იყო გაშენებული, მაღალ და მიუდგომელ კლდედ მოეჩვენათ, შემდეგ კი, როცა ეგონათ, რომ ქალაქს უტევდნენ, სინამდვილეში ცხენებს საწინააღმდეგო მხარეს მიაქროლებდნენ. ბოლოს თათართა ურდო სასტიკმა შიშმა შეიპყრო და ქალაქს უწესრიგო სრბოლით გაეცალნენ. ღვთისმშობელი ქალწულის მეოხებით ასე გადარჩა ქალაქი გაძარცვასა და აოხრებას.