როდის ხდება საყოფაცხოვრებო ტექნიკა ადამიანის მტერი და როგორ ვატაროთ მობილური ტელეფონი, რომ მან საფრთხე არ შეგვიქმნას
ძნელია, წარმოიდგინო დღევანდელი ყოფა მობილური ტელეფონის, კომპიუტერისა და, ზოგადად, ტექნიკის გარეშე. მაგრამ, მათი არასწორი გამოყენება და შენახვა დიდ საფრთხეს გვიქმნის. როგორც პარაფსიქოლოგი, ბატონი დავითი ამბობს, რეალურად, ეს, ერთი შეხედვით საჭირო ნივთები ძალიან საშიშია და, შეუძლია, ჩვენი ჯანმრთელობა სერიოზულად დააზიანოს.
დავითი: დღეს ვერც კი წარმოგვიდგენია, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები იმ ტექნიკის გარეშე, რომელიც ჩვენი არსებობის განუყოფელი ნაწილი გახდა. საათობით ვუსხედვართ კომპიუტერს და ვიგებთ მსოფლიოში მომხდარ მოვლენებს, მობილური ტელეფონი კი სულ თან დაგვაქვს და, ის ნებისმიერი ადამიანისთვის მართლაც განუყოფელი და საჭირო ატრიბუტია. თუმცა, რეალურად, ეს, ერთი შეხედვით უწყინარი და საჭირო ნივთი ძალიან საშიშია.
– საშიშროებაში რას გულისმობთ? ალბათ, იმ გამოსხივებას, რომელზეც უკვე წლებია წერენ და საუბრობენ, თუმცა, მისი საჭიროებიდან გამომდინარე, ყურადღებას არ ვაქცევთ?
– რასაკვირველია, სწორედ ამას. გასაგებია, ძნელია, წარმოიდგინო დღევანდელი ყოფა მობილური ტელეფონის გარეშე, მაგრამ, მისი არასწორი გამოყენება, თუნდაც შენახვა, დიდ საფრთხეს გვიქმნის, თუმცა ამაზე არც კი ფიქრობთ და მეტყვით, ეს იმდენ საქმეს მიკეთებს, ისე მეხმარება, მის გარეშე როგორ უნდა ვიცხოვროო. მართალია, ტელეფონი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში უეჭველად საჭირო და აუცილებელი ნივთია, მაგრამ, მავნეა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. კერძოდ, მისი ვიბრაცია ადამიანის ორგანიზმზე უარყოფითად აისახება და აურასაც საგრძნობლად ასუსტებს. ეს, რასაკვირველია, ძალიან საშიშია ნებისმიერი ჩვენგანისთვის.
– თუ მას ჩანთით ვატარებთ და არა ჯიბით?
– ახლავე აგიხსნით. ცხადია დიდი მნიშვნელობა აქვს, სად გიდევთ ტელეფონი. ზოგჯერ ადამიანს უეცარი ტკივილი ეწყება სხეულის კონკრეტულ ადგილას და ვერ ხვდება, რისი ბრალია. ეს კი, შესაძლოა, სწორედ ტელეფონის ბრალი იყოს. მაგალითად, თუ მობილურ ტელეფონს იმ ჯიბით ატარებთ, რომელიც გულთან ახლოსაა და ეს გრძელდება თვეების განმავლობაში, გულის არეში წარმოიქმნება პათოლოგია. ზოგი მამაკაცი მას ქამარზე იმაგრებს და, თუ ქამარზე მარცხენა მხარეს გაქვთ მიმაგრებული, შარდის ბუშტის ტკივილი იწყება. თუ მამაკაცი მობილურ ტელეფონს შარვლის ჯიბით ატარებს, აუცილებლად შეექმნება პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები. სხვათა შორის, კვლევით დამტკიცდა, რომ მობილური ტელეფონის გამოსხივება, მამაკაცის ჯანმრთელობაზე უფრო მეტად ახდენს უარყოფით გავლენას, ვიდრე ქალების. ალბათ, ეს იმითაა განპირობებული, რომ მანდილოსნები მას ჩანთით ატარებენ და არა ჯიბით, სხეულთან ახლოს. ზოგადად, ყველა ექიმის რჩევაა, ხშირად ვიაროთ ბუნებაში სუფთა ჰაერზე. ამით, მხოლოდ ფილტვებს კი არ „ვანიავებთ,“ არამედ, აურასაც ვამყარებთ და ვზრდით. მეც, როგორც პარაფსიქოლოგი, გირჩევთ, თავისუფალი დროის უმეტესი ნაწილი სუფთა ჰაერზე, ბუნებაში გაატაროთ, რადგან, ბუნებაში არსებული მინერალები და მცენარეები უარყოფით ენერგიას ისრუტავენ, უდიდესი დადებითი მუხტით „გვტუმბავენ” და, გარდა ამისა, აურაზე მოქმედებენ დადებითად. საერთოდ, აურის მოცულობა ინდივიდუალურია. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანი უარყოფით ენერგიას იღებს, მაგრამ ძლიერი აურა აქვს და ველი იოლად არ უმცირდება. თითოეულ ჩვენგანს დაბადებიდან დაჰყვება განსაზღვრული პოტენციალი, შემდეგ კი ხდება მისი გაძლიერება. რაც უფრო დიდია ველი, უარყოფით ენერგიას მეტ წინააღმდეგობას უწევს და ისიც ძნელად აღწევს სხეულში. აურა ყველა ცოცხალი ორგანიზმის ენერგეტიკული გამოსხივება და მისი დამცავი გარსია. ის გარს აკრავს ადამიანს და იცავს ნეგატიური ზემოქმედებისგან.
– ის თუ არის მართალი, რომ, ტექნიკა, რომელიც სახლში გვაქვს, ბინის აურას აზიანებს და არ არის გამორიცხული, რომ მათმა არასწორად გამოყენებამ, ოჯახში ნეგატიური ცვლილებები გამოიწვიოს?
– აბსოლუტურად სწორი კითხვაა! რასაკვირველია, ის ტექნიკა, რომელიც სახლში გვაქვს, ბინის აურაზეც უარყოფითად მოქმედებს. აბა, დააკვირდით: იმ სახლებში, სადაც დიასახლისი ხშირად იყენებს მტვერსასრუტს, მუდმივად ჩართულია ტელევიზორი და კომპიუტერი, სულ აყალმაყალი და ხმაურია. ტექნიკა ბინის ენერგეტიკაზე უარყოფითად მოქმედებს და ის „შეისრუტავს“ იმ დადებით ენერგიას, რომელიც ოჯახური სიმშვიდისა და იდილიისთვისაა საჭირო. ამიტომ, გირჩევთ, სახლი დაალაგოთ სველი წესით; თუ არ უყურებთ, გამორთეთ ტელევიზორი და კომპიუტერთანაც ნუ გაატარებთ საათებს; ნურც დენში შეერთებულს დატოვებთ ტექნიკას. ერთი მეზობელი მყავს, დილით ადგება თუ არა, ტელევიზორს რთავს; კი არ უყურებს, ამბობს, ჩართული რომ არის და ხმა ისმის სახლში, უფრო მშვიდად ვარო. საკმარისია, მისი ოჯახის წევრები საღამოს შეიკრიბონ და იწყება ხმამაღალი საუბარი, გაუგებრობები და ყვირილიც ხშირად ისმის. რომ ვუთხარი, ეს შენი ბინის აურის ბრალი ხომ არ არის-მეთქი და, იგივე ავუხსენი, რაზეც მოგახსენეთ, ისე შემომხედა, ზუსტად ვიცი, გაიფიქრა, ეს კაცი თავის ჭკუაზე არ არის, რაებს როშავსო. მე კი ერთს გეტყვით: თუ არ იცით და არ ხართ მსგავს საკითხებში გარკვეული, დაუჯერეთ ამ სფეროს სპეციალისტებს, გაითვალისწინეთ მათი რჩვები და დააკვირდით, როგორ შეიცვლება თქვენ გარშემო როგორც მოვლენები, ასევე ურთიერთობები.
– მართალია, რომ ადამიანის აურა ინახავს ცხოვრებისეულ ენერგიას და ამით ხელს უწყობს პატრონს, პოზიტიური მოვლენებისკენ იოლად გაიკვალოს გზა, მისი დარღვევა კი ცხოვრებისეულ ბარიერებს გვიქმნის და უიღბლობაც მისი ბრალია?
– დიახ, აურა ინახავს ინდივიდის ცხოვრებისეულ ენერგიას და, ამავე დროს, ორგანიზმში არ უშვებს ენერგიას, რომელმაც შეიძლება მას ავნოს. ის ჩვენი ენერგეტიკული დამცველია. მისი დარღვევა, გარდა ტექნიკისა, შესაძლოა, გამოიწვიოს სტრესებმა, შურმა, სკანდალებმა, ეს ყველაფერი კი აურის დასუსტებას იწვევს და დიდი შანსია, ამ ყველაფერმა მისი ცხოვრებისეული ძალებისგან დაცლა მოახერხოს. ამიტომ ვამბობ, რაც უფრო სქელია ადამიანის აურის გარსი, მით ნაკლებია მასზე ცუდი ზემოქმედების ალბათობა.