ქმრის რა თვისებებს არ უნდა შეეგუოს ცოლი და რატომ არ უნდა უყვარდეს მას ორივეს მაგივრად
ურთიერთობა ორ ადამიანს შორის ინდივიდუალურია და მხოლოდ იმ ორმა იცის, რაზე უნდა ააგოს ის. მაგრამ, არცთუ იშვიათად, ჩვენ ერთსა და იმავე შეცდომებს ვუშვებთ და არც ამაშია რამე გასაკვირი. ქალების მთავარი პრობლემა ის არის, რომ გადაწყვეტილებებს ემოციის გავლენით იღებენ, უყვართ მითების შეთხზვა და მერე ამ მითებში ცხოვრება. თუ ცხოვრებას აფასებ ისე, როგორც ის რეალურად არის; თუ ადამიანებს არ გააიდეალებ და არ დააჯერებ საკუთარ თავს, რომ შეუძლებელს შეძლებ, გაცილებით ბედნიერი იქნები და გულსაც ნაკლებად გატკენენ.
მაკა (32 წლის): ჩემს ცხოვრებაში დილემა თავადვე შევიქმენი. მთავარი არჩევანი თვითონ გავაკეთე და მეტ-ნაკლებად ვიცოდი, რაზე მივდიოდი. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ჩემს ქმარს კანფეტი ხასიათი არც ქორწინებამდე ჰქონია. კაცები ხომ შეყვარებულობის პერიოდში არიან სხვანაირები და მერე იცვლებიან.
– „სხვანაირებში“ რას გულისხმობთ?
– იმას, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, საკუთარი თავი უკეთესად წარმოაჩინონ, ანუ, ბევრს წვალობენ, ტყავში ძვრებიან, აკეთებენ იმას, რაც მათთვის ბუნებრივი არ არის... რამდენი მამაკაცი იცით, რომლისთვისაც რომანტიკა ბუნებრივი მდგომარეობაა? ძალიან ცოტა, ხომ მართალია? უმრავლესობა, როცა შეყვარებულია, მაშინ ცდილობს, ქალს თავი ძალიან მგრძნობიარე, თბილ, ყურადღებიან, მზრუნველ არსებად მოაჩვენოს; კეთილ ჯინად, რომელსაც მისთვის ყველა სურვილის შესრულება უნდა და შეუძლია... ქალებმა თავიდანვე კარგად უნდა გაითავისონ ის, რომ შეყვარებულობის პერიოდი და ქმარი ერთი და იგივე არ არის. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, შეყვარებული ის სხვანაირი იქნება და ოჯახში აუცილებლად შეიცვლება. ჩემი ქმარი არც შეყვარებულობის პერიოდში ბრწყინავდა არაჩვეულებრივი თვისებებით. თუმცა, იმ უარყოფით თვისებას, რომლითაც ახლა ჭკუიდან გადავყავარ, მაშინ ასეთი სიმწვავით არ ავლენდა... ის არასოდეს აღიარებს, რომ რაღაც დააშავა ან რაღაცაში შეცდა, ბოდიშის მოხდაზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი.
– ანუ თავიდანვე იცოდით, რომ მისი მხრიდან კომპრომისები არ იქნებოდა...
– ვხვდებოდი ამას, მაგრამ, მიყვარდა და სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა არ მინდოდა. სიყვარულმა არ უნდა დაგაბრმავოსო, ნათქვამია და მეც მიმაჩნია, რომ ეს ასეც უნდა იყოს. მაგრამ ურთიერთობა მათემატიკა არ არის, ყოველთვის ზუსტი ვერ იქნები იმ ადამიანის შეფასებისას, რომელსაც ცხოვრებას უკავშირებ.
– თუმცა, სწორედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
– გეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, კი ვხვდებით ამას, მაგრამ ცხოვრებაში ვერ ვუკეთებთ რეალიზაციას. რატომ ვურიგდებოდი ჩემი ქმრის მავნე და გამაღიზიანებელ ჩვევებს? მართლა ძალიან მიყვარდა, მაგრამ, მოახერხა, ნელ-ნელა გაექრო ეს სიყვარული და მინიმუმამდე დაეყვანა გრძნობა. ისეთი ეგოისტია, ისეთი თავნება და ჯიუტი... საერთოდ არ ითვალისწინებს ჩემს აზრს და ყველაფერს მაინც ისე აკეთებს, როგორც თვითონ უნდა, უფრო სწორად, როგორც თვითონ აწყობს. წარმოიდგინეთ, ექვსწლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ ძლივს მეღირსა, სადმე მასთან ერთად წავსულიყავი და, იცით, რა გააკეთა? მაშინ, როცა ჩვენი საკუთარი შვილი დედაჩემთან დავტოვეთ, მეგობარი „აიკიდა“ ოთხი წლის ლაწირაკით და კინაღამ ჭკუიდან გადამიყვანეს სასტუმროში – ორი კაცი და პლუს ბავშვი ჩემი მისახედები გახდნენ. ჩამშხამდა მოგზაურობა. რომელ რომანტიზმზეა საერთოდ ლაპარაკი, დაღლილი და განერვიულებული ჩამოვედი.
– ქმართანაც უსიამოვნება მოგივიდათ?
– რა თქმა უნდა. ძალიან სერიოზულად ვიკამათეთ. მაინც ვერ მიხვდა, რა დააშავა და იერიშზე გადმოვიდა. შეუგნებელი და უსინდისო გამომიყვანა. ისე მეტკინა გული, კარგა ხანს მასთან ურთიერთობის არანაირი სურვილი აღარ გამჩენია. ნელ-ნელა გამიმყარდა ეჭვი, რომ მას არ ვუყვარვარ. ორივეს მაგივრად მე მიყვარს და ეს მიქმნის პრობლემას.
– ურთიერთობას როცა იწყებდით, მაშინ არ გქონიათ იმის განცდა, რომ ორივეს მაგივრად გიყვარდათ?
– გულახდილად გითხრათ? მქონდა. რაღაც მომენტებში ეჭვი მეპარებოდა ჩემ მიმართ მის გრძნობაში, მაგრამ მერე ეს მის ხასიათს მივაწერე და ვიფიქრე, რომ ოჯახში ამ ყველაფერს შევეგუებოდი.
– მაგალითად, რა მიგანიშნებდათ იმაზე, რომ არ ჰქონდა ისეთი გრძნობა, როგორიც თქვენ გინდოდათ, რომ ჰქონოდა?
– არასდროს მისმენდა. თუ ჩემს პრობლემაზე ველაპარაკებოდი, ვხვდებოდი, რომ მას ეს არ აინტერესებდა. არც ჩემს სურვილებს ითვალისწინებდა. ჩემთვის რომ აკეთებდა რამეს, იმასაც კი ისე აკეთებდა, როგორც თავად მოსწონდა და უნდოდა. ვერ ვიგებდი, რატომ იქცეოდა ასე. როცა გინდა, რომ ვინმეს სიხარული მიანიჭო და გააბედნიერო, მისი სურვილიც ხომ უნდა გაითვალისწინო, ასე არ არის?! რატომ ვარ მე შეუგნებელი და პრეტენზიული, ვერ ვხვდები.
– გეუბნებათ, პრეტენზიული ხარო?
– დიახ. მეუბნება და მსაყვედურობს კიდეც, არასაკმარისად გიყვარვარო. ერთხელ წამომცდა ჩვენი ურთიერთობის პირველ ეტაპზე – ჩემი სიყვარული ისეთი ძლიერია, ორივეს გვეყოფა-მეთქი და ეს აქვს ხელზე დახვეული. ორივეს მაგივრად კი არა, შენი წილი სიყვარულითაც არ გიყვარვარო. ხომ გეუბნებით, თვითონ სულ მართალია და მე – სულ დამნაშავე. ტირილის უფლებაც კი არ მაქვს. სულელი ხარ, პრობლემებს ძალით იქმნი, უაზროდ ნერვიულობ და მეც მაბრაზებო. კიდევ ერთი ცუდი თვისება აქვს: მარტო თვითონ კი არაა მართალი, მთელი სამყაროც მართალია ჩემთან. როცა მიჭირს და მჭირდება, გვერდით არ მყავს. საერთოდ არ მაქვს იმედი, რომ ვინმესთან უთანხმოებისას მხარს დამიჭერს. პირიქით, შეუძლია, სრულიად უცხო ადამიანის წინაშე „ყური ამიწიოს“ და „კუთხეში დამაყენოს“. მე მართლა ორივეს მაგივრად მიყვარდა მთელი ამ ხნის განმავლობაში და ამით ვერაფერი მოვიგე. არ ხედავს და არ აფასებს ჩემს ერთგულებას. ისე იღებს გადაწყვეტილებებს, ჩემი აზრი ფეხებზე ჰკიდია. მარტივად შეუძლია, დამიყვიროს: „მორჩა! მე ასე მიმაჩნია საჭიროდ“ – და კარი გაიჯახუნოს. ღირს ასეთი კაცის გვერდით ცხოვრება? მერე რა, რომ არ მცემს და ლოთი არ არის, მაინც არ მიმაჩნია, რომ კარგი ქმარია. უკვე იმდენი წყენა დამიგროვდა, დიდხანს ვერ გავუძლებ. როცა მარტო ვარ და ვფიქრობ, თვალწინ ჩვენი თანაცხოვრების მომენტები მიდგას და ვხვდები, რომ ერთი დღეც არ ყოფილა ისეთი, ჩემს გახარებაზე ეზრუნოს. ისეთი პერიოდებიც მქონია, როცა ვგრძნობდი, რომ მღალატობდა. ესეც მოვითმინე და არ გავქექე, რადგან, ვიცოდი, ვერ გავშორდებოდი და ტკივილის გადატანა ძალიან გამიჭირდებოდა. ეს ყველაფერი იყო მსხვერპლი, რაც მე ჩემი სიყვარულისთვის, ჩემი ოჯახისთვის გავიღე და, თურმე, სულ ტყუილად.
– რატომ ტყუილად?
– იმიტომ, რომ აღარ მიყვარს, მოკვდა ჩემი დიდი გრძნობა და თავს ძლივს ვიკავებ, ქმარს პირდაპირ არ მივახალო სიტყვები: „აღარ მიყვარხარ!“ იცით, როგორ მინდა ამის გაკეთება?! დიდი ლოდი მომეხსნებოდა გულიდან.