როგორ აუგო საკუთარ თავს ძეგლი მელიტონ ბალანჩივაძემ
„ამ მოკლე პერიოდში, ისტორიის კატაკლიზმებს შორის მოქცეულმა საქართველომ თითქოს ბუნების რაღაც ძალების დახმარებით შვა მთელი რიგი დიდებული ადამიანებისა, მთელი თაობა, რომ მათ შესძლებოდათ უფსკრულის პირას მყოფი ქართული იდეის კიდევ ერთხელ გადარჩენა... სამწუხაროა, რომ ჩვენ, რომელიმე მემორიალურ დაფასთან მდგარნი, შესაძლოა, ვერ ვხვდებოდეთ, თუ რატომ არის ესა თუ ის დაწესებულება მელიტონ ბალანჩივაძის სახელთან დაკავშირებული, ან რატომ არის ის ქართველებისათვის ისეთ სათაყვანებელ ადგილას დასაფლავებული, როგორიცაა ბაგრატის ტაძრის გალავანი... მელიტონ ბალანჩივაძე ავტორია არა მხოლოდ ქრონოლოგიურად პირველი ეროვნული ოპერისა, არამედ, მისი კომპოზიციები სხვადასხვა მუსიკალურ ფორმებად პირველად შეიქმნა საქართველოში...“ (წყარო „ბურუსი“).
„მელიტონ ბალანჩივაძის ცხოვრება გარკვეულად განისაზღვრა 1880 წელს ფილიმონ ქორიძის საქართველოში დაბრუნებით. ფილიმონ ქორიძე (ცნობილი მომღერალი, ბანი) წარმატებით გამოდიოდა მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრების სცენებზე. ის მელიტონ ბალანჩივაძის ნათესავი იყო დედის მხრდიდან. 1880 წლის 25 ივნისს თბილისში, არწრუნის თეატრში (შემდგომში – გრიბოედოვის თეატრი) ფილიმონ ქორიძის კონცერტი გაიმართა. ფილიმონ ქორიძემ დათმო თავისი კარიერა, პირადი კეთილდღეობა, პიანისტ მეუღლესთან ერთად დარჩა საქართველოში და მთელი თავისი შემდგომი ცხოვრება ქართული საგალობლების ჩაწერას მოანდომა, რითაც მან თავისი სიცოცხლის წლები ფასდაუდებელ და საშვილიშვილო საქმეს მიუძღვნა. მის გვერდით დადგა ახალგაზრდა მელიტონ ბალანჩივაძეც. ქუთაისში წასვლამდე, 13 მარტს, მელიტონმა, თავისი დაარსებული 12-კაციანი გუნდით კონცერტი გამართა. ასეთი ღონისძიებები დიდ ეროვნულ საქმედ ითვლებოდა, რასაც ადასტურებს იქ დამსწრე საზოგადოების ჩამონათვალიც: ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, ალექსანდრე ყაზბეგი და სხვები. ამ დროს მელიტონი მხოლოდ 21 წლის იყო... 1889 წელს, პროფესიული დონის ასამაღლებლად, მელიტონ ბალანჩივაძე პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც მისი უფროსი ძმა, ნიჭიერი მხატვარი, ვასილ ბალანჩივაძე, დავით სარაჯიშვილის სტიპენდიანტი იყო. მელიტონმა პეტერბურგში 28 წელი გაატარა... ანტონ რუბინშტეინმა მელიტონს, როგორც ნიჭიერ სტუდენტს, სტუდენტური გაჭირვების პირველ წლებში პიანინო აჩუქა და სტიპენდიით ეხმარებოდა. მელიტონმა, ისევე, როგორც საქართველოში, გადადო საკუთარი კარიერა და ძირითადად საზოგადოებრივი ცხოვრებით დაკავდა. ის სათავეში ჩაუდგა „ქართული საღამოების“ მოწყობას და ისინი საყოველთაო ღირსშესანიშნაობად აქცია. აღსანიშნავია, რომ „ქართული საღამოები“ საქველმოქმედო იყო და რუსეთში მყოფი ქართველი სტუდენტების დახმარებას ემსახურებოდა.
...1901 წელს მელიტონის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: მან 100-მანეთიანი ლატარიით 200.000 მანეთი მოიგო. მისი მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა და, შესაბამისად, გაიზარდა მისი გულისხმიერების არეალიც. ის ბევრს ეხმარებოდა და, მნიშვნელოვანია, რომ მან პირველმა გამოსცა მიხაილ გლინკას წერილების სრული კრებული, რაზეც პროფესორი ოსოვსკი წერდა: „მელიტონ ბალანჩივაძემ გლინკას წერილების სრული კრებულის გამოცემით საკუთარ თავს აუგო ძეგლი“. მელიტონ ბალანჩივაძე აქვეყნებდა წერილებს ქართულ და რუსულ პრესაში, აქ მოყვანილი ამონარიდით კი მისი პოზიციაა გამოკვეთილი: „ევგენი ონეგინის“ სახელოვან ავტორს (იგულისხმება პეტრე ჩაიკოვსკი) არ შეეფერებოდა, გადაეცმია ქართული თვითმყოფი და პატივსაცემი ჰანგისთვის მსუბუქი, მისთვის შეუფერები სამოსი და სრულებით უცხო და სხვა სახელით გაესტუმრებინა მსოფლიოში“, – წერს მელიტონ ბალანჩივაძე ჩაიკოვსკის მიერ ბალეტ „მაკნატუნაში“ გამოყენებულ „იავნანას” შესახებ, რომელსაც ჩაიკოვსკიმ „არაბული ცეკვა” უწოდა. მანამდე, ენისელში, თავად ჯორჯაძის მამულში, ეს სიმღერა ჩაიწერა ქართული მუსიკის დიდმა მოამაგემ, იპოლიტოვ-ივანოვმა, ვისგანაც ჩაიკოვსკიმ ეს ნოტები მიიღო. 1895 წელს პეტერბურგში მყოფი მელიტონი, გაბრაზდა რა ვინმე რუს რეცენზენტზე, რომელიც სვანურ სიმღერას ველურსა და პრიმიტიულს უწოდებდა, ჩავიდა სვანეთში, პირველად ჩაწერა რამდენიმე სვანური სიმღერა, თან წამოიყვანა სამი სვანი და ქუთაისში გამართა კონცერტები. მელიტონ ბალანჩივაძე პირველია ქართველ მუსიკოსთა შორის, ვინც საზოგადოებას სვანური სიმღერის მშვენება ამცნო. პეტერბურგის პერიოდშივე ჩაწერა მან კახური სიმღერები.
... დაწყებითი განათლება მელიტონმა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. აქ იგი მოსწავლეთა გუნდში მღეროდა. მალე თავად ჩამოაყალიბა მოსწავლეთა გუნდი და სიმღერა-გალობას ასწავლიდა. თბილისში გადმოსვლის შემდეგ ბალანჩივაძე საქართველოს ეგზარქოსის მგალობელთა გუნდში მიიღეს... 1883-1886 წლებში ბალანჩივაძემ, ქორიძესთან ერთად, ხალხური სიმღერისა და გალობის ჩაწერა-შესწავლის მიზნით, მთელი საქართველო შემოიარა. 1886 წლიდან მღეროდა აღნიაშვილის მიერ დაარსებულ გუნდში და ერთხანს კიდეც ხელმძღვანელობდა მას. იმავე ხანებში ჩამოაყალიბა ორკესტრი, რომელიც აღნიაშვილის გუნდთან ერთად კონცერტებზე ხალხური სიმღერებისაგან შედგენილ „ქართულ პოპურს” ასრულებდა.
...მელიტონ ბალანჩივაძის მეუღლე იყო მარია ნიკოლაევნა ვასილიევა და მათ ოთხი შვილი შეეძინათ: უფროსი, ნინო, ბავშვობაში გარდაიცვალა; თამარი, ნიჭიერი მხატვარი, 1943 წელს ლენინგრადის ბლოკადას ემსხვერპლა; გიორგი, (ჯორჯ ბალანჩინი) ცნობილი ქორეოგრაფი, 1924 წელს აღარ დაბრუნდა გასტროლებიდან ახლად შექმნილ საბჭოთა კავშირში და, ანდრია – ცნობილი ქართველი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, მამის გზის ღირსეული გამგრძელებელი. 1917 წელს მელიტონ ბალანჩივაძე საქართველოში ბრუნდება, სადაც ის 1937 წელს გარდაიცვალა.”