კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სულელური ანდერძი

პოლიციაში ახალმისულს ძალიან არ მოეწონა, როცა თანაშემწედ ალან ჰაიტს მიუჩინეს. ალანი ერთი შეხედვით სულაც არ გახლდათ სიმპათიური, სამაგიეროდ, ათწლიანი სტაჟი ჰქონდა. ეს იყო დაბალი კაცი, ოდნავ ამომჯდარი თვალებითა და მუდმივად დაუვარცხნელი ხშირი თმით. პერანგი ერთადერთი იყო, რაც სუფთა და მოწესრიგებული ეცვა ხოლმე,  დანარჩენი სამოსი კი მუდმივად სავალალო მდგომარეობაში ჰქონდა. თანამშრომლებთან  კონტაქტში იშვიათად შედიოდა, მაგრამ ისინი ხშირად მიმართავდნენ ხოლმე დახმარებისთვის. იშვიათი ალღოთი გამოირჩეოდა. ჯეკი ამას მოგვიანებით მიხვდა, როცა პირველ სერიოზულ საქმეზე წავიდნენ. მანამდე მხოლოდ წვრილმანი შემთხვევებით იყვნენ დაკავებულები. 
ალანს განსაკუთრებით უყვარდა წიგნები. იმ საღამოსაც, როცა პირველად შევიდნენ დაზარალებულის ბინაში (დაზარალებული რა, მკვდარი იყო უკვე – ფანჯარასთან მოშორებით მდგარ სავარძელში იჯდა და ახალი ჭრილობიდან სისხლი მოჟონავდა), სისხლი ყველგან იყო, თანაც, ბევრი სისხლი.  დერეფანი ცნობისმოყვარე მეზობლებით იყო სავსე. სახლის მეპატრონეს საკმაოდ შეშინებული იერი ჰქონდა. თავად ბინა არაფერ ღირებულს არ წარმოადგენდა. პატარა, ვიწრო ოთახში ორი კედელი მთლიანად წიგნის თაროებს ჰქონდა დაკავებული, რამაც ალანი აღაფრთოვანა და ეს ანთებულ თვალებზე შეეტყო... ერთი დიდი სავარძელი, ფაქტობრივად, შუა ოთახში იდგა, რომელზეც იჯდა კიდეც გარდაცვლილი. ჯეკმა თვალი აარიდა. გაიფიქრა – წარმოუდგენელია, როგორი საშინელების მოხდენა შეუძლია ერთ პატარა ტყვიასო. იარაღი სავარძლის მარჯვენა მხარეს ეგდო, სისხლის გუბეში. ჯეკმა კიდევ ერთხელ დაათვალიერა ოთახი. მაგიდა შემინული აივნის კართან მიედგათ. ეტყობა, ბინის ბინადარი მას საწერ მაგიდადაც იყენებდა, რადგან ზედ საბეჭდი მანქანა და ფურცლების დასტა ეწყო. ალანმა წიგნების თვალიერება დაასრულა და გვამთან მივიდა. ჯეკი გააოცა მისმა სიმშვიდემ და იმ გულგრილობამ, რომლითაც ის გასისხლიანებულ გვამს ათვალიერებდა.
– დიდი ხანია, ეს ბატონი თქვენს ბინაში ცხოვრობს? – მიუბრუნდა სახლის მეპატრონეს, – ვინაობაც გეცოდინებათ მისი.
– დიახ, რა თქმა უნდა. ენდრიუ ტორნტონია. ხუთი წელია, რაც ამ ბინაში დასახლდა. წყნარი, მშვიდი ადამიანი იყო, წიგნებისა და ჩარლზ დიკენსის განსაკუთრებული ფანი... მოკრძალებულად ცხოვრობდა, არავის აწუხებდა, საწყალი... რა საშინელი გადაწყვეტილებაა...
– რატომ გგონიათ, რომ თავი მოიკლა? – ეჭვით ჰკითხა ალანმა სახლის მეპატრონეს.
– იმიტომ, რომ ორი თვის წინ პარკინსონის დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა, როგორც ვიცი, ექიმმა ისიც უთხრა, რომ დაავადება საკმაოდ ნელა პროგრესირებდა და უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში მისი მდგომარეობა არ დამძიმდებოდა. მაგრამ ადამიანის ხასიათის ამოცნობა ძალიან ძნელია, წინასწარ ვერავინ იტყვის, რას გააკეთებს ან რას არ გააკეთებს...
– მეზობლებიდან ვინმესთან მეგობრობდა მისტერ ენდრიუ?
– როგორც ვიცი, არა. მე ვიყავი ის, ვისაც ზოგჯერ ელაპარაკებოდა ხოლმე.
– მართლა? საინტერესოა. მაგალითად, ბოლოს რაზე ილაპარაკეთ? – დაინტერესდა ალანი და მოსასმენად მოემზადა.
ახალგაზრდა კაცი ჩაფიქრდა:
– იცით, ზუსტად მინდა დეტალები აღვიდგინო... მე ტურისტული კომპანია მაქვს და, მთხოვა, ავსტრალიაში გასამგზავრებელი ბილეთი დამეჯავშნა მისთვის, ასევე, სასტუმროც, პატარა ქალაქ ბარნაბოში... სხვათა შორის, ბილეთი მხოლოდ გასამგზავრებლად, ანუ ერთი მიმართულებით მთხოვა. ასევე, მკითხა, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა ბარნაბოში მანქანის არენდით აღება...
  ალანმა გვამს გახედა და თანაშემწეს მიუბრუნდა:
– ჯეკ, კრიმინალისტები გამოიძახე, აქ მკვლელობასთან გვაქვს საქმე და არა თვითმკვლელობასთან.
– დარწმუნებით ამბობთ, შეფ? ვის უნდა მოეკლა და რატომ? მე მასწავლიდნენ, რომ მკვლელობისთვის მოტივი აუცილებელია...
– გააკეთე, რასაც გეუბნები, ჯეკ! – რას გასწავლიდნენ აქამდე, არ ვიცი, მაგრამ, ამიერიდან ჩემი მეთოდებით ისწავლი. ცნობისმოყვარეებმა დაგვტოვეთ, შემთხვევის ადგილი უნდა დავათვალიეროთ!
მარტონი რომ დარჩნენ, ალანი ჯეკს მიუბრუნდა:
– რატომ მიყურებ, ჯეკ?  ვინ ჯავშნის თვითმფრინავის ბილეთსა და სახლს, ან ინტერესდება ავტომობილის არენდით, თუკი თავის მოკვლა აქვს  გადაწყვეტილი? გარდა ამისა, საწერ მაგიდაზე დიკენსის ახალი წიგნი დევს და მაღაზიის ჩეკიც იქვეა – გუშინ საღამოს უყიდია. ოთხასგვერდიანი წიგნი იყიდა და თავი მოიკლა?!
– კი მაგრამ, მოტივი? რისთვის უნდა მოეკლათ, ამ წიგნებისთვის? – გაოცებით გაშალა ხელები ჯეკმა.
– სწორედ მაგის ამოქექვა მოგვიწევს. დღეს გვიანობამდე ვიმუშავებთ. ჩვენ უნდა ვიყოჩაღოთ, თორემ, ზუსტად ვიცი, ბალისტიკური ანალიზი რა შედეგსაც დაგვიდებს – თვითმკვლელობაც შესაძლებელი იყო და მკვლელობაც! ჰო, კიდევ, ვესტიბიულის კამერების ჩანაწერებიც ამოიღე...
იმავე დღეს, გვიან, კრიმინალისტი, ალანი და ჯეკი ალანის კაბინეტში შეიკრიბნენ. მალე მათ ჯო მარტინიც შეუერთდათ – კერძო დეტექტივი...
– რაც მითხარი, მოგიტანე. ეგ თქვენი ღარიბი ენდრიუ ტორნტონი ოთხი მილიონის მფლობელი აღმოჩნდა. წარმოუდგენელია, ხომ მართალია? მისი რწმუნებული საკმაოდ ძვირად ღირებული კომპანია „ტელერი, ბრაუნი და ჰოკინსია.“ ენდრიუ ტორნტონს პირადად უმცროსი ჰოკინსი ეკონტაქტებოდა. ახლა, რაც შეეხება ანდერძს. მისტერ ენდრიუ მთელ ქონებას უტოვებდა წიგნის მოყვარულთა საზოგადოებას, მაგრამ, იმ შემთხვეაში, თუკი მისი გარდაცვალებიდან 48 საათის განმავლობაში არ გამოჩნდებოდა ვინმე,  ვინც რწმუნებულთან განაცხადებდა, რომ ენდრიუ ტორნტონი გარდაიცვალა.
ჯეკმა თვალები დაჭყიტა და ალანს შეხედა, რომელიც ორაზროვნად იღიმებოდა.
– ასეც ვიცოდი. უმცროსი ჰოკინსი მაღალია?
– დიახ და ძალიან გამხდარი... – თავი დაუქნია დეტექტივმა.
– ესეც თქვენ მკვლელი, ბატონებო! მაინც, რატომ წერს ეს ხალხი ასეთ სულელურ ანდერძებს? როგორც ჩანს, თავისი გეგმების შესახებ მისტერ ენდრიუ რწმუნებულს გაენდო. ისიც მიხვდა, რომ ოთხი მილიონი ხელიდან ეცლებოდა... ჩვენ რომ არა, დილით აუცილებლად მივიდოდა „ტელერი, ბრაუნი და ჰოკინსის“ კომპანიაში ვინმე, მაგალითად, დამლაგებელი და განაცხადებდა, რომ ენდრიუ ტორნტონი გარდაიცვალა. თანამზრახველის პოვნა ძნელი არ იქნება... რას იტყვი, ჯეკ, გამართლდა ჩემი ვარაუდი?! – ალანმა კმაყოფილმა მოიფშვნიტა ხელები.

скачать dle 11.3