ქალმა ყოფილი მამამთილის დასაყაჩაღებლად დანაშაულში მეორე ქმარი ჩაითრია
61 წლის გერმანე ფ-ავას ნაწამები ცხედარი მეზობლებმა მის საკუთარ სახლში აღმოაჩინეს. მამაკაცი საძინებელში სკამზე იყო მიბმული, სხეულზე დანით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა, სასიკვდილო დაზიანება კი ყელის არეში ჰქონდა მიყენებული – ეს მოგვიანებით სამედიცინო დასკვნით დადასტურდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებით ცხადი გახდა, რომ დანაშაული დაკავშირებული იყო ყაჩაღობის ფაქტთან: წინასწარი ინფორმაციით, ბინიდან გატაცებული იყო თანხა და ძვირფასი ნივთები, რაც დადასტურდა გარდაცვლილის მეუღლის ჩვენებითაც. გამოძიების მასალების მიხედვით, გერმანე ფ-ავა, რომელიც ორი სასურსათო მაღაზიის მფლობელი იყო, წლების განმავლობაში მარტო ცხოვრობდა. მისი მეუღლე უცხოეთში მუშაობდა 33 წლის შვილთან ერთად, რომელიც დედასთან მას შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად, რაც საქართველოში ცოლს გაშორდა. გერმანე ფ-ავას ოჯახი შეძლებულად ცხოვრობდა. მას საკუთარი შემოსავალიც ჰქონდა ორი მაღაზიიდან და, ასევე, მეუღლის მიერ გამოგზავნილ ფულსაც აბანდებდა ახალი სახლის მშენებლობაში. გერმანე ფ-ავას ახლობლების დაკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ გარდაცვლილი კარგი რეპუტაციით სარგებლობდა მეზობლებში, ის ყველას ეხმარებოდა, რის გამოც მის მიმართ ყველა კარგად იყო განწყობილი.
ამონაწერი მოწმის, ლეილა კ-იანის ჩვენებიდან: „ამ ოჯახთან ახლო ურთიერთობა მაქვს. მას შემდეგ, რაც გერმანეს მეუღლე, მანანა, უცხოეთში წავიდა სამუშაოდ, მარტო დარჩენილ გერმანეს უფრო დავუახლოვდით. ყოველ საღამოს ან ის შემოდიოდა ჩვენთან, ან მე და ჩემი მეუღლე მოვიკითხავდით ხოლმე. ჩვენ მეორე სართულზე ვცხოვრობთ. იმ დღეს გვიან საღამოს აღმოვაჩინე, რომ გერმანე სახლში არ იყო. ჩემმა მეუღლემ მის ტელეფონზე დაიწყო რეკვა, მაგრამ მან არ გვიპასუხა. ბინის კარი დაკეტილი იყო. დილით, როცა გერმანე კიდევ არ გამოჩნდა და არც ტელეფონს უპასუხა, ჩემს ვაჟს ვთხოვე, აივნიდან გადასულიყო მის ბინაში. მივხვდით, რომ ტელეფონი სახლში ჰქონდა დატოვებული, რადგან ზარი გვესმოდა აივნიდან. გერმანეს გული აწუხებდა და, ისიც კი ვიფიქრე, ცუდად ხომ არ გახდა-მეთქი. ჩემი ვაჟი მისი აივნიდან გადავიდა და კარი გამიღო. მე და ჩემმა შვილმა პირველებმა ვნახეთ მისი ცხედარი. სახლში შევედი თუ არა, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა – ყველაფერი აყრილ-დაყრილი იყო, გერმანე კი საძინებელში სკამზე იყო მიბმული. სახე და მთელი სხეული დასისხლიანებული ჰქონდა...”
გამოძიების მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით, სახლის კარი გასაღებით იყო დაკეტილი. სავარაუდოდ, ბინაში დამნაშავე კარიდან იყო შესული, რადგან ყველა აივანს ჩაკეტილი გისოსები ჰქონდა შემორტყმული. ის შესასვლელი კი, რომლითაც მეზობელი ბიჭი მოხვდა ბინაში, მხოლოდ ძალიან ახლობელს შეიძლებოდა სცოდნოდა. ბინაში გახსნილი აღმოჩნდა სამზარეულოში დამონტაჟებული სეიფი, საიდანაც, როგორც მოგვიანებით დადგინდა, 5 ათასი დოლარი იყო გატაცებული. გარდაცვლილი მამაკაცი ტრუსების ამარა იყო, ამიტომ, სავარაუდოდ, დანაშაული მოხდა გვიან ღამით, როცა მას ან ეძინა ან დასაძინებლად ემზადებოდა. გამოძიებისთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ მკვლელობამდე და დაყაჩაღებამდე რამდენიმე დღით ადრე გერმანე ფ-ავამ დაკარგა ბინის გასაღები, რის შესახებაც მან მეზობელსაც უთხრა. ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოძიებას მიაწოდა გარდაცვლილის მეუღლემ, მანანა კ-იამ, რომლისგანაც ცნობილი გახდა, რომ მკვლელობამდე სამი კვირით ადრე გერმანე ფ-ავას ბინაში ესტუმრა მათი ყოფილი რძალი, თეა თ-ძე, რომელსაც გერმანე ფ-ავას ოჯახთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. იყო თუ არა კავშირში ყოფილი რძალი მამამთილის მკვლელობასთან? რატომ მოხვდა ის გერმანე ფ-ავას ბინაში ერთწლიანი დავის შემდეგ მაინცდამაინც მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე? თეა თ-ძის პიროვნება გამოძიებას ბევრ შეკითხვას უჩენდა, მით უფრო მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ მისი მეორე მეუღლე წარსულში ორჯერ იყო ნასამართლევი ყაჩაღობისთვის.
ამონაწერი გარდაცვლილის მეუღლის, მანანა კ-იას ჩვენებიდან: „ერთ დღეს გერმანემ ტელეფონში მიამბო, რომ მასთან საღამოს სტუმრად იმყოფებოდა ჩვენი ყოფილი რძალი, თეა თ-ძე, რომელთანაც ერთწლიანი სასამართლო დავა გვქონდა ქონების გაყოფაზე. თეას უკვე თავისი ოჯახი ჰქონდა, დავაც დასრულებული იყო და მისი სტუმრობა ძალიან გამიკვირდა. ვიეჭვიანე კიდეც და გერმანეს ვუთხარი: იცის შენი კეთილი გულის ამბავი და, ალბათ, ფულისთვის მოგადგა-მეთქი. როგორც გერმანემ მითხრა, თეას უთქვამს, აქეთ მოვხვდი, გულმა ვერ მომითმინა და შემოგიარეთო. ეს ფაქტი არ მომეწონა და ჩემი ქმარი გავაფრთხილე კიდეც, რამე არ მოგიწყოს, მეორედ სახლში აღარ შეუშვა-მეთქი. მაშინ ვერც ის მიხვდა და ვერც მე, რომ ბინის გასაღების დაკარგვა ამ ფაქტთან შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული.”
გამოძიებამ მოწმის სახით დაკითხა თეა თ-ძე, რომელმაც ყოფილი მამამთილის ბინაში მოხვედრა შემთხვევითობით ახსნა, თუმცა, მის ჩვენეაბში გამოძიებამ ბევრი საეჭვო გარემოება დააფიქსირა. თეა თ-ძემ გამოძიებას განუცხადა, რომ არ იცოდა სახლში საიდუმლო სეიფის არსებობა, მანანა კ-ია კი ამტკიცებდა, რომ ყოფილმა რძალმა ამის შესახებ კარგად იცოდა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად გამოძიებამ აღმოაჩინა გერმანე ფ-ავას სახლიდან გატაცებული ანტიკვარული ნივთი, რომელსაც ვინმე გელა ვ-შვილი ყიდდა. როგორც გამოძიებით დადგინდა, ის თეა თ-ძის მეუღლის, ივანე კ-ძის მეგობარი იყო. სამართალდამცველებმა დააკავეს გელა ვ-შვილი, რომელმაც ჩადენილი დანაშაულიც აღიარა და მკვლელობასთან თეა თ-ძისა და მისი მეუღლის კავშირიც. საქმის მასალების მიხედვით, თეა თ-ძემ გერმანე ფ-ავას დაყაჩაღების გეგმა თავად შესთავაზა მეუღლესა და მის მეგობარს. „ფულიც ბევრი აქვს და ძვირაფსეულობაცო, გვითხრა თეამ,” – განაცხადა აღიარებით ჩვენებაში გელა ვ-შვილმა. დანაშაულებრივმა ჯგუფმა ერთად დაგეგმა ყველა დეტალი: თეა თ-ძემ ყოფილ მამამთილთან სტუმრობის დროს სახლის გასაღები მოიპარა. ამის შემდეგ ცოლ-ქმარი და მათი მეგობარი ერთი კვირა უთვალთვალებდნენ მარტოხელა მამაკაცს, რომელსაც ივანე კ-ძე და გელა ვ-შვილი გვიან ღამით დააესხნენ თავს. მათ ძალის გამოყენებით გაახსნევინეს მამაკაცს სეიფი, საიდანაც 5 000 დოლარი გაიტაცეს, სეიფის გახსნამდე კი მათ დანით არაერთი დაზიანება მიაყენეს სხეულზე გერმანე ფ-ავას. ბრალდებულები სასამართლო პროცესზეც ამტკიცებდნენ, რომ მამაკაცის მოკვლა განზრახული არ ჰქონიათ და ის წინააღმდეგობის გაწევის დროს შემოაკვდათ. ივანე კ-ძის ჩვენების მიხედვით, „თავისი ასაკის მიუხედავად, გერმანე ფ-ავა ფიზიკურად ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, ორ ახალგაზრდას გვიწევდა წინააღმდეგობას. თოკი, რომლითაც ის სკამზე დავაბით, ორჯერ გაწყვიტა. ბოლოს კი გელამ დაარტყა მას დანა ყელში და ფული და რამდენიმე ნივთი, რომელიც სპორტულ ჩანთაში გვეწყო, სახლიდან გავიტანეთ. ჯერ მე გავედი ბინიდან, შემდეგ – გელა. სადარბაზოდან მოშორებით გველოდებოდა ჩემი მეუღლე – თეა, რომელიც ავტომობილის საჭესთან იჯდა. ჩვენ ყველა ერთად გავერიდეთ იქაურობას, თუმცა, მაშინ არ ვიცოდით, რომ გერმანე ფ-ავა უკვე გარდაცვლილი იყო.”
სასამართლომ დამნაშავედ ცნო როგორც ცოლ-ქმარი, ასევე მათი ოაჯახის ახლობელი – გელა ვ-შვილი. სასამართლომ თეა თ-ძეს დანაშაულის ორგანიზებისთვის 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ივანე კ-ძეს – 9 წლით ვადით, გელა ვ-შვილს კი 11-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.