კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას დაკარგავს და მიიღებს საქართველო „გაზპრომის“ შემოსვლით და ითხოვს თუ არა ირანული გაზის საქართველოზე გამოტარების სანაცვლოდ თურქეთისკენ გაზის გატარებას

დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე „გაზპრომიც“ გამოჩნდეს. რეაქცია ბუნებრივია, რადგან რუსეთის ენერგეტიკული იმპერიის ვერსია მოქმედია და „გაზპრომი“ არაერთხელ გამოუყენებია რუსულ სახელმწიფოს შანტაჟისა და ზეწოლის იარაღად ჩვენზე გაცილებით დიდი და გავლენიანი ქვეყნების წინააღმდეგ. თუმცა, მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ საქართველოში „სოკარი“ კონკურენციის გარეშეა და, ფაქტობრივად, სრული კარტ-ბლანში აქვს მინიჭებული, მაშინ, როდესაც თავად „გაზპრომთან“ თანამშრომლობს. საბოლოოდ, გაირკვა, რომ „გაზპრომი“ სომხეთში გასატარებელი გაზის მოცულობის გაზრდას ითხოვს (ანუ ჩვენ მეტი დაგვრჩება ტრანზიტის საფასურად და, სხვათა შორის, „სოკარი“ ამ უფასო გაზს საქართველოს მოსახლეობას მიჰყიდის), თუმცა არც ის იქნება ურიგო, თუკი საქართველოს ტერიტორიაზე მილსადენები არა მხოლოდ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, არამედ ჩრდილოეთიდან სამხერთისკენაც გადაკვეთს. საქართველოს ენერგეტიკულ რეალობასა და პერსპექტივას იოსებ არჩვაძესთან ერთად მიმოვიხილავთ.

 –  გასაგებია, რომ რუსეთი შეეცდება, ხელი შეუშალოს საქართველოში უკვე განხორციელებულ და განსახორციელებელ საერთაშორისო ენერგოპროექტებს და უკვე აჩვენა კიდეც ეს, როდესაც „იუჟნაია ოსეტიის“ ტერიტორიაზე მოაქცია მილსადენის ნაწილი…
– არა მხოლოდ ეს, გავიხსენოთ თურქეთის ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენის აფეთქება.
– დიახ, ქურთების მიერ, რომლებსაც თბილი ურთიერთობა ჰქონდათ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირთან. რაც მე მისაუბრია რუს პოლიტოლოგებთან, ისინი საეჭვოდ მიესალმებოდნენ ირანის ნავთობის სომხეთ-საქართველოზე ევროპისკენ ტრანსპორტირების პერსპექტივას. რა არის ცუდი იმაში, რომ ირანულმა გაზმა ჩვენზე გაიაროს ევროპისკენ, რუსულმა კი, ასევე ჩვენზე გავლით –  თურქეთისკენ? და, რატომ გადაწყვიტა „გაზპრომმა“ შემოსვლა საქართველოში?
–  კითხვათა და ინტერესთა მთელი კვანძია და, შევეცდები, რომ საკითხები დავაცალკევო. ამ სიტუაციაში ასეთი შემთხვევა მახსენდება: როდესაც ტალეირანი გარდაიცვალა, პარიზის მაღალ წრეებში კარგა ხანს კამათობდნენ, რისთვის დასჭირდა გარდაცვალება ტალეირანს, რადგან ყველაფერს საკუთარი სარგებლისთვის აკეთებდა, ასე უმიზეზოდ არ მოკვდებოდაო. „გაზპრომი“ არის სახელმწიფო სახელმწიფოში და ის კომერციულ სტრუქტურაზე გაცილებით მეტია. კაპიტალს რომ თავი დავანებოთ, იმდენი მილსადენი აქვს, რომ დედამიწას 4-ჯერ დაარტყამს წრეს –  160 000 კილომეტრი სიგრძის. ნებისმიერი კონტაქტი „გაზპრომთან“ ნიშნავს, რომ პოლიტიკასთან გვაქვს საქმე, რაც უნდა მომგებიანი იყოს კომერციული თვალსაზრისით. მაგრამ აქ დგება მეორე საკითხი –   მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია, მიუხედავად იმისა, რომ „გაზპრომი“ თავის ბუნებას, რბილი იმპერიის ფორმირებისა და ზეწოლის ფორმატს, ნამდვილად არ შეიცვლის, ამიტომ მისი ხასიათის შეცვლაზე საქართველომ არც დრო უნდა დახარჯოს და არც ენერგია, უნდა მიიღოს ეს რეალობა და ეცადოს, ამ პირობებში მაქსიმალური სარგებელი, ჯერ ეკონომიკური და შემდეგ –  პოლიტიკურიც, გამოსცინცლოს. საქართველოს მდებარეობა ისეთია –  გზაჯვარედინი, რომ, ჯობია, ვიყოთ ენერგეტიკული და სხვა საქმიანი ნაკადების გზაჯვარედინი, ვიდრე ჯვარცმული ქვეყანა.
– და დაპირისპირების პოლიგონი.
– დიახ, ამიტომ, ფრთხილი პოლიტიკით შესაძლებელია, გავაძლიეროთ ის ვექტორი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, დაკარგული იყო, ვგულისხმობ ჩრდილოეთ-სამხრეთის ვექტორს. ჩვენ აქცენტი გადავიტანეთ და, ალბათ, სამართლიანად, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გამავალ მილსადენზე და ახლა უკვე დროა, ვიფიქროთ ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებაზეც, რომ ეს განხორციელდეს საქართველოს ინტერესების შესაბამისად. არ გამოვრიცხავ, რომ არა მხოლოდ „გაზპრომის“ მეშვეობით სომხეთში დამატებითი ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი განიხილებოდეს, არამედ, პირიქით, ირანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტად გამოყენებისა ევროპის მიმართულებით დამატებითი გაზის მიწოდების მიზნით. სუფთა პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, მაშფოთებს მეორე საკითხი: საქართველოს ხელისუფლება საერთოდ არ განიხილავს იმ ვარიანტს, რომ საქართველოს შეიძლება მოაწყდეს დიდი რაოდენობით გაზი და რას ვუშვრებით ამ გაზს?!
– არც გაზსაცავი გვაქვს.
– გაზსაცავი იქით იყოს, ეკონომიკურ ზრდას ვგულისხმობ. იყო დრო, როდესაც საქართველოში მრეწველობა ყვაოდა, ქვეყანა ყოველწლიურად მოიხმარდა დაახლოებით 8 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზს, ახლა 2 მილიარდამდეა მოხმარება. თუ ეკონომიკა განვითარდა და რეალურ სექტორს მივეცით დამატებითი იმპულსი, დაგვჭირდება მეტი ენერგია და ეს ნამატი გაზი ამ მიმართულებით უნდა წავიდეს. მოსახლეობა იმაზე მეტს ვერ მოიხმარს, რაც სჭირდება სახლის გათბობისთვის თუ კომუნალური საჭიროებისთვის, რისთვისაც ის რესურსი, რაც გვაქვს, საკმარისია, დანარჩენი კი უნდა წავიდეს ეკონომიკის განვითარებისთვის. ბიუჯეტის პროექტში, რომელიც ახლა განიხილება პარლამენტში, ეკონომიკური ზრდის საკმაოდ ზომიერი ტემპია და, ის ფაქტორი, რომ, შესაძლოა, საქართველო უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში გახდეს ენერგეტიკული ხაზი და რესურსი დარჩეს, არცაა გათვალისწინებული. არადა, ეკონომიკური ზრდის ასეთი მაჩვენებლები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ, ის ჩამორჩენა, რაც დაგვიგროვდა მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, როგორმე დავძლიოთ თუ არა, შევამციროთ მაინც. აი, ეს მაწუხებს და მაღელვებს.
– როგორც ენერგეტიკოსები ამბობენ, ამჟამად არსებული მილსადენებიც რომ დაიტვირთოს, იმდენი გაზი გვექნება, რაც გაცილებით აღემატება ჩვენს დღევანდელ საჭიროებას და ფასიც საგრძნობლად დაეცემა. ისევ ჩვენს თემას დავუბრუნდეთ: „გაზპრომმა“ რატომ გადაწყვიტა „სოკართან“ კონკურენცია, თუ, ეს ამ ამბის ხელოვნური ელფერია, მით უფრო, თუ ოფიციალურად სომხეთისთვის მისაწოდებელი მოცულობის გაზრდაზეა საუბარი?
– „სოკარი,“ უბრალოდ, ჩვენი კარის მეზობლის ენერგოკომპანიაა, თორემ, მე ამ საკითხს უფრო გლობალურად შევხედავდი: მსოფლიო ბაზარზე შეინიშნება ენერგორესურსების სიჭარბე, ანუ მიწოდება აშკარად ჯაბნის მოთხოვნას როგორც ნავთობზე, ისე გაზზე და, მსოფლიო ბაზარი, ფაქტობრივად, გაჯერებულია; ამიტომ, იმისთვის, რომ პოტენციური მომხმარებელი დააინტერესოს, „გაზპრომი“ იძულებულია, ახალი მიმართულებები ეძებოს და შესთავაზოს ალტერნატიული ვარიანტები შედარებით იაფად. ლაპარაკია, რომ 2016-2018 წლებში „გაზპრომს“ ევროპისთვის დაახლოებით ორჯერ უფრო იაფად მოუწევს გაზის მიწოდება  2013-2014 წლებთან შედარებით. ანუ 180 დოლარამდე შეიძლება ჩამოვიდეს 1 000 კუბური მეტრი გაზის ფასი. ამას ემატება დაძაბული ურთიერთობა უკრაინასთან, ევროპასთან და გრძელვადიან პერსპექტივაში „გაზპრომი“ დაინტერესებულია, მოძებნოს სხვა, შედარებით უხიფათო ან დაცული მიმართულებები, რომ გავიდეს ბაზარზე და, ამ კონტექსტში, „სოკარი“ ერთი კერძო შემთხვევაა იმ გლობალური გზების ძიებისას, რასაც „გაზპრომი“ ბოლო პერიოდში აწარმოებს იმისთვის, რომ მისმა პროდუქციამ მოიპოვოს ადგილი. მაგალითად, წელს ევროპულ ბაზარზე ნორვეგიულმა გაზმა მნიშვნელოვნად შეავიწროვა „გაზპრომის“ პროდუქცია და ნორვეგიული გაზის მოცულობა ევროპულ ბაზარზე აღემატებოდა რუსული „გაზპრომის“ მიერ შეტანილ გაზს.
– „გაზპრომი“  დაინტერესებულია საქართველოს ბაზრით და, კიდევ?
– საქართველოს გამოყენებით, როგორც ტრანზიტული ქვეყნის.
– საით? მხოლოდ თურქეთისკენ?
–  შეიძლება იყოს თურქეთის მიმართულება, იმიტომ რომ უკვე არსებობს გარკვეული ინფრასტრუქტურა და ტრადიცია –  შედარებით ნაკლები დანახარჯებით შეუძლია, გავიდეს თურქეთის ბაზარზე და გაცილებით იაფად მიაწოდოს გაზი.
– როდესაც ლაპარაკი დაიწყო „სამხრეთის ნაკადზე“, მაშინვე თქვა, მაგალითად, სანდრო თვალჭრელიძემ, რომ ეს პროექტი მაინც ჩაიშლებოდა, რადგან შავი ზღვის ფსკერზე იმდენად მაღალი წნევებია, რომ მილსადენზე მუდმივად ავარიები მოხდებოდა. ანუ თურქეთისა და რუსეთისთვის ოპტიმალური გზაა სახმელეთო, რაც ვერ ასცდება საქართველოს?
– ეს ერთი მომენტია და, მეორე მხრივ, თურქეთის ინტერესებიდან შევხედოთ საკითხს: მართალია, ერდოღანმა მკვეთრი პოლიტიკური განცხადება გააკეთა რუსეთის მიმართულებით, მაგრამ თურქეთი არის მსხვილი იმპორტიორი და თუ თურქეთი აპირებს ენერგეტიკული ჰაბის როლის შესრულებას, მან უარი არ უნდა თქვას რუსული გაზის მიღებაზე, ისევე, როგორც აზერბაიჯანულის და, პერსპექტივაში –  თურქმენულისაც. ამდენად, ერდოღანის განცხადება სახელმწიფოს პოზიციიდან გაკეთებული განცხადებაა და მას სხვანაირად არ შეეძლო სირიასთან მიმართებაში, მაგრამ ეკონომიკური ინტერესი გადასწონის, თურქეთი დამშვიდდება და ამ მიმართულებით ისევ დაიწყებს მოლაპარაკებას რუსეთიდან გაზის მიღების შესახებ, იმიტომ რომ ეს თურქეთის გრძელვადიანი პერსპექტივაა.
– თუ აღმოსავლეთი-დასავლეთის მიმართულებას დაემატება ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებაც, ხომ არ გამოვა, რომ ამ ორი მიმართულების ინტერესები დაეჯახება ერთმანეთს საქართველოს ტერიტორიაზე? რუსული გაზის საბოლოო მიზანი ევროპაა, ირანულისაც და  აზერბაიჯანულის –  თავისთავად?
– ყოველ შემთხვევაში, საქართველო მხოლოდ მოგებული იქნება, თუ ეს კონკურენცია მშვიდობიან ფორმებს მიიღებს და არ იქნება კონვერტირებული უფრო მძაფრ დაპირისპირებაში. გაზის ირანიდან პირდაპირ თურქეთზე გატარება გეოგრაფიული რელიეფის გამო საკმაოდ შრომატევადი და რთულია, ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ შემოვლითი გზით მოხდეს: ირანი-სომხეთი-საქართველო-თურქეთი. ამდენად, საქართველოს ეძლევა შესანიშნავი შანსი. თუკი შვეიცარია შუაგულ ევროპაში ასრულებს ფინანსური ჰაბის როლს, რატომ არ შეიძლება, საქართველომ ახლო აღმოსავლეთისთვის შეასრულოს ასეთი როლი, მით უმეტეს, რომ მძლავრი პოლიტიკური ამბიციები არ გააჩნია?!
– ძალიან ცუდი რეაქცია მოჰყვა სახელ „გაზპრომს“ და საზოგადოების ნაწილმა იმპულსურად და არარაციონალურად აღიქვა ეს ინფორმაცია. თქვენ რას უკავშირებთ: ეს ჯანსაღი რეაქციაა თუ ოპონენტების მცდელობა, რომ ისარგებლონ მოსახლეობის არაინფორმირებულობით და საკითხი მიაწოდონ იმგვარად, რომ თითქოს დაპყრობის საფრთხის წინაშე ვართ?
– ბოლო 25 წლის განმავლობაში იმდენი უსიამოვნება მოგვიტანა რუსეთმა, რომ ეს ჩვენი მენტალური პრობლემაც გახდა. ხუმრობით გიპასუხებთ –  მაპატიოს აბონ ციციაშვილის სულმა, მისი პერიფრაზი რომ მოვახდინო, „გაზპრომს“ დაავიწყდა ქართული ანდაზა, რომ სახელის გატეხას თავის გატეხა სჯობია. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ პრაგმატულები და, თუ რატომ მოდის „გაზპრომი“ ამ ინიციატივით, შევაფასოთ სახელმწიფოებრივი მოტივით. შიშს დიდი თვალები აქვს და ყოველთვის შეგვიძლია, დავინახოთ საფრთხე, რომელიც შეიძლება იყოს რეალური, ან, არც იყოს რეალური.
– თუმცა ხელისუფლებაც სცოდავს, როდესაც საკითხს ჯეროვან საინფორმაციო უზრუნველყოფას არ უკეთებს.
– იმდენად ნეგატიურადაა განწყობილი საზოგადოება რუსეთისადმი, შემთხვევით არ ვახსენე ტალეირანის მაგალითი, რომ ყოველთვის ვცდილობთ, მის ქცევაში დავინახოთ იმპერიალისტური და საქართველოსთვის სასიკვდილო საფრთხის მატარებელი ქმედება. იმდენჯერ გადადგა რუსეთმა ასეთი ნაბიჯი, რომ მისი კეთილშობილური ნაბიჯი ძნელად დასაჯერებელია, არადა, ვიცით, რომ გაჩერებული საათიც კი დღე-ღამეში ორჯერ აჩვენებს ზუსტ დროს. ამ შემთხვევაში შეიძლება, განვიხილოთ ის, რომ რუსეთის ინტერესი ემთხვევა საქართველოს ძირეულ სტრატეგიულ ინტერესს. ეს იშვიათად ხდება, მაგრამ ამჯერად ასეა.
– აზერბაიჯანს თითქოს აქვს გაზის დეფიციტი და თავადაც იღებს გაზის ნაწილს „გაზპრომისგან“, მეორე მხრივ, ის გაზი სჭირდება კალორიულობის გასაზრდელადაცო. აქვს აზერბაიჯანს საკმარისი გაზი, რომ თვითონაც დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, ჩვენც მოგვამარაგოს და მილსადენშიც გაუშვას საკმარისი მოცულობა?
– აზერბაიჯანი აპირებს შაჰ-დენიზზე ორი საბადოს ათვისებას, საიდანაც 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის ექსპორტს განახორციელებს თურქეთში და ევროპისკენ. ეს დიდი ციფრი არ არის, მაგალითად, „გაზპრომის“ მიერ ევროპისთვის მიწოდებული გაზის მოცულობაა 150 მილიარდი კუბური მეტრი. აზერბაიჯანის მიწოდება ვერ იქნება კონკურენტი „გაზპრომისთვის“, მაგრამ საქართველოსთვის კარგია, რაც შეიძლება მალე დაიწყოს მოპოვება შაჰ-დენიზიდან: ბაზარი იქნება დივერსიფიცირებული, თავისუფალი, ფასებიც დაეცემა. ისევ ვიმეორებ: ასეთი იაფი და ჭარბი გაზი საქართველოსთვის ხელსაყრელი პირობაა, რომ განავითაროს ეკონომიკა, ამიტომ ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა იმაზე, თუ როგორ განვავითაროთ ეკონომიკა.

скачать dle 11.3