როგორ აპირებს ნიკო ნადირაშვილი საქართველოს პრეზიდენტობას და რას აკეთებდა ის თეთრ სახლთან
ნიკო ნადირაშვილი საქართველოში 20-წლიანი განშორების შემდეგ დაბრუნდა. გამოგვეცხადა და გამოგვიცხადა, საქართველოს პრეზიდენტობას ვაპირებო. ვისაც მისი ნათქვამი ხუმრობა ეგონა, „დაამშვიდა”, ქვეყნის გადარჩენის პროგრამა მზად მაქვსო. ვისაც ასაკი „ხელს უწყობს” და წარსულთან მწყრალად არაა, მას „მზიურიდან” იცნობს, ვინც არ იცნობს, თავს გავაცნობო, ჰპირდება, მით უფრო, რომ სოციალურ ქსელში მისი ამერიკასთან დამშვიდობების ემოციური კლიპი უკვე რახანია, გაჩნდა. მოკლედ, პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატი ოკეანის გაღმა და გამოღმა ცხოვრებით, გეგმებითა და სალამურებით, დღეს ჩვენი სტუმარია და ყველაფერზე გულწრფელად საუბრობს.
– ბატონო ნიკო, დაბრუნებას გილოცავთ. რატომ გადაწყვიტეთ საქართველოს პრეზიდენტობა?
– მე საქართველოს პრეზიდენტი გავხდები თუ არა, ეს ჯერ ღმერთის გადასაწყვეტია, მერე – ხალხის. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ მეც მაწუხებს ის ყველაფერი, რაც თქვენ გაწუხებთ. ვხედავ, რომ ქვეყანას არავინ აქცევს ისეთ ყურადღებას, როგორსაც იმსახურებს ჩვენი ხალხი. ამერიკაში ვცხოვრობდი, მაგრამ გგონიათ, არ ვიცოდი, რა ხდებოდა აქ? იქიდან არ ჩანდა ეს ყველაფერი? ახლა რომ იძახიან, 20 წელი ამერიკაში ხარ და მოიწყე ცხოვრებაო, ასე არაა საქმე, მე მთვარეზეც რომ მეცხოვრა, მაინც საქართველოში ვიქნებოდი. ჩემი რწმენით, გულით, სიყვარულით. ვალდებული ვარ ჩემი ქვეყნის წინაშე, რომ მთელი სულითა და გულით ვემსახურო მას. მე ამერიკიდან სპეციალურად განვაცხადე, რომ ვაპირებ, მონაწილეობა მივიღო 2018 წლის არჩევნებში, მაგრამ ჩემი გეგმა ცოტა შეიცვალა.
- გყავთ გუნდი, ვისთან ერთადაც აპირებთ საარჩევნო კამპანიის დაწყებას?
– ჩემი გუნდი ჩემი ხალხია, ზურგს უკან არავინ მიდგას. ზოგს ჰგონია, ნიკო ამერიკამ გამოგზავნა, ზოგი ფიქრობს, რომ რუსეთის კაცი ვარ, სინამდვილეში არავის კაცი არ ვარ – მამაჩემის და დედაჩემის შვილი ვარ. მამა ამერიკაში დავტოვე დროებით, იქ არის დედაჩემის საფლავი. ამერიკაში დარჩა ჩემი ოჯახი – მეუღლე, შვილები. მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ასე ჯობია. წლების წინ, როდესაც ჩვენ ამერიკაში წავედით, მაშინაც ერთად ვიყავით მთელი ოჯახი. ბევრს რომ ლაპარაკობენ, გაჭირვებას გაექცაო, ასე არ იყო. მაშინ ტრიო „საუნჯე” და მთელი ჩვენი ოჯახი – ძმები, შვილები ჩვეულებრივ, წავედით გასტროლებზე, რომელიც გაგრძელდა და ასე შემოვრჩით. სულ ვცდილობდით უკან დაბრუნებას, მაგრამ ვეღარ წამოვედით. საქართველოში მძიმე ეკონომიკური სიტუაცია იყო, არ იცოდი, თავი როგორ გადაგერჩინა. ამერიკაში დაიბადა ჩემი პატარა შვილი, გიორგი. ის ახლა 12 წლისაა. მერე ჩემს ძმისშვილს ეყოლა ტყუპი ბიჭები. შეიძლება, შემოქმედებითად ისე ვერ ვასახელეთ იქ სამშობლო, ისეთ დონეზე ვერ ავედით, როგორც აქ ვიყავით, მაგრამ სამაგიეროდ, ამდენი ბალღი რომ გავაჩინეთ, ამით არ გავაკეთეთ კარგი საქმე?! მე სულ მენატრებოდა ჩემი ქვეყანა. მერწმუნეთ, ამერიკაში ქართველების უმეტესობა ცდილობს, შეინარჩუნოს ქართული მენტალობა. იქ კულტურული ჩაცმულობითაც კი მიხვდები, რომ კაცი ქართველია. ჩვენ რთული პერიოდებიც გავიარეთ. ერთხანს ჩემს მეუღლესაც კი ვეხმარებოდი, რომელიც მაღაზიაში პროდუქციის დამწყობად მუშაობდა. ბევრნი ვიყავით ერთად და თავი გაგვქონდა. მერე ამერიკაში ყველაზე დიდ, რუსულენოვან ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა. ძალიან პოპულარული ტელეარხი იყო, პირდაპირი ეთერის პულტთან ვიდექი. ერთხელ ინციდენტი შემემთხვა, ჩემი ბრალი არ იყო, ტექნიკურ მუშაკს შეეშალა – ერთ-ერთ დღესასწაულზე ღამის მორიგემ გაგანია ზაფხულში გავუშვი ძველი კადრი შინაარსით: ძვირფასო, მეგობრებო, გარეთ დიდი თოვლია და არ დაგავიწყეთ, მანქანის ბორბლებს ჯაჭვები გაუკეთეთ-მეთქი. ისე დავიბენი, გარეთ გავიხედე, ვა, ზაფხულია! უცებ ისეთი ზარები ატყდა ტელევიზიის დირექტორისგან, მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა. ამ ამბავს გადამაყოლეს და გამომაგდეს ტელევიზიიდან (იცინის). ამის მერე აღარ მიმუშავია, ოჯახის წევრები მუშაობდნენ და ისინი მიწყობდნენ ხელს. მე ჩემი ხელოვნებით ვცხოვრობდი.
– არ ვიცი, აქ რამ გამახსენა, მაგრამ სალამურების ხანა დასრულდა თქვენს ცხოვრებაში?
– არა, რატომ დასრულდა? ვიღაცეები კი შაყირობენ, ერთი პრეზიდენტი არ გვეყოფოდა მქსოველი, ახლა მესალამურე გვინდაო, მაგრამ არა უშავს, მე ყველას მივუტევებ. სალამურზე დაკვრა სირცხვილია? სალამურით და ჩემი ნიჭით გამიცნო მთელმა საბჭოთა კავშირმა, როცა „მზიურში” ვიყავი – ერთი ბიჭი ამდენ გოგონებში. ცოტა კი ვიჩაგრებოდი, ისინი სულ ერთად იყვნენ ხოლმე გასტროლების დროს, მე მარტო, ჩემთვის (იცინის). მაშინ ორი მუსიკალური ფილმი გადავიღეთ. სალამურზე ახლაც ვუკრავ, როცა სურვილი მიჩნდება. პრეზიდენტობა სალამურზე დაკვრას ხომ ვერ დამავიწყებს. უფრო მეტიც, თუ მოხდა და ქვეყნის პირველი პირი გავხდი, კონცერტებზე არ გამოვალ, მაგრამ წელიწადში ერთხელ, ერთ კონცერტს გავმართავ უანგაროდ ჩემი ხალხისთვის. რა მოხდა მერე, კლინტონი პრეზიდენტი იყო და საქსოფონზე უკრავდა. როცა ამერიკაში ვცხოვრობდი, იქ დავიწყე სალამურების გაკეთება. დაახლოებით თვრამეტი დანომრილი სალამური გავაკეთე ჩემი ავტოგრაფებით და ეს უნიკალური ინსტრუმენტები საჩუქრებად გადავეცი.
– რისგან ამზადებდით ამერიკაში სალამურებს? გქონდათ მასალა?
– სალამურს კიტრისგან ხომ არ დავამზადებდი, მასალა ყველგან ერთია, მაგრამ დამზადების ტექნოლოგიას არავის ვუმხელ. აქ ცხოვრების დროს, ერთხელ გავაკეთე სალამური. მეშინოდა, თითები არ გამეფუჭებინა და თავი დავანებე. ამერიკაშიც გავიხსენე საყვარელი საქმე. სანამ ამერიკაში წავიდოდი, მქონდა საკუთარი კომპანია. მე მოვიგონე და დავდგი „მღერიან და ხუმრობენ ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავები”. მაშინ ამ პროექტს თავისი მიზანი ჰქონდა – მინდოდა პოლიტიკურად სხვადასხვა მხარეს მყოფი ხალხი გამეერთიანებინა. ყველა ლაპარაკობდა, რომ მაგალითად, კახი კავსაძე და ოთარ მეღვინეთუხუცესი ერთმანეთს ვერ იტანდნენ, იმიტომ რომ, დონ კიხოტი ოთარს უნდა ეთამაშა და კახი ათამაშეს, ასეთი რაღაცეები ბევრი იყო. ხელოვანთა კულისების გაერთიანებისთვის გამიჩნდა ეს სურვილი. ჩვენს კონცერტებზე ანშლაგი იყო. აფხაზეთში ომი იყო და სოხუმიდან მაყურებლით სავსე ავტობუსები ჩამოდიოდა ჩვენს კონცერტებზე. ვფიქრობდი, თუ ხელოვნებაში გავაერთიანებდი გახლეჩილ ხალხს, ეს მაგალითი იქნებოდა სხვებისთვის. სხვა მხრივ მე პოლიტიკაში არ ვყოფილვარ ჩართული. ზვიად გამსახურდია სულ ორჯერ მყავს ნანახი, თუმცა ცხრა აპრილს ნიჩაბი ჩამარტყეს ზურგში. მე უფრო ჩემს საქმეს ვაკეთებდი. ესეც პოლიტიკა იყო, აბა, რა იყო?
– პოლიტიკა სულ სხვაა, „მღერიან და ხუმრობენ კინოსა და თეატრის ვარსკვლავები” – სულ სხვა. გქონიათ შეხება პოლიტიკასთან, ან თუ გყავთ პოლიტიკური მოკავშირეები?
– მე ზეპოლიტიკაზე მაღალ სფეროში, ხელოვნებაში ვმოღვაწეობდი. პოლიტიკა იმ საქმესთან შედარებით, რასაც მე ვემსახურებოდი, არაფერია. რით ამაყობენ ეს ჩვენი პოლიტიკოსები, როცა სადმე მიდიან? ქართული კულტურით. მთელი ცხოვრება მისი მსახური ვიყავი. პირდაპირ გეტყვით, მათთან, ვისაც ამ 25 წლის განმავლობაში ოდნავ მაინც ჰქონია შეხება რომელიმე ძალასთან, ჩართული ყოფილა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მე საერთო არ მაქვს. არცერთ პოლიტიკოსთან საქართველოში თუ ამერიკაში, კავშირი არ მქონია. არც სენატში ვარ ნამყოფი, არც კონგრესში. თეთრი სახლის მხოლოდ ტროტუარს მივუახლოვდი, ეს მაშინ, როდესაც შალვა ნათელაშვილმა იქ აქცია მოაწყო. მე მის იდეას დავუდექი გვერდით. „დაუნ დი დიქთეითენ” – ხომ გახსოვთ, აი, მაშინ. შალვას ნაბადი მივუტანე, უნდა მეჩუქებინა. მერე მე ჩავიცვი ის ნაბადი.
– მეგობრები ხართ და მგონი, ჰგავხართ კიდეც ერთმანეთს. როგორ ფიქრობთ, დაგითმობთ შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტობას? მას ეს სურვილი ყველა არჩევნების დროს აქვს.
– მე და შალვა ვგავართ ერთმანეთს? არა, გამორიცხულია. ჩვენ კარგი ადამიანური ურთიერთობები გვაქვს. შეიძლება, ჩვენი აზრები ემთხვეოდეს კიდეც ერთმანეთს საქართველოსთან დამოკიდებულებაში. ვფიქრობ, ახალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი, უფრო აქეთ გადმოიწევს. სამართლიანი გზით ისე შეიცვლება სიტუაცია, რომ ეს დღე უფრო ადრეც დადგება. მოხდება ის, რაც აქამდე არ მომხდარა საქართველოში – უნდა აღდგეს 1991 წლის კონსტიტუცია და მერე ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. აი, მაშინ აღდგება სამართლიანობა და ხალხს დაუბრუნდება ის ღირსება, რაც წაართვეს.
– ისეთ ლოზუნგებს წარმოთქვამთ და თან, ამბობთ, შალვა ნათელაშვილს არ ვგავარო...
– ასეთი განაცხადი ვის გაუკეთებია? – არც არავის. ყველა პოლიტიკოსი ერთი და იმავეს – აყვავებას ჰპირდება ხალხს. მე კიდევ სხვა იდეები მაქვს, რაზეც ახლა არ ვისაუბრებ. მე ახლა ვიწყებ შეხვედრებს ხალხთან – ვიცი, ვისაც საჭიროა, ყველას ვახსოვარ საქართველოში, ვისაც არ ვახსოვარ, თავს გავახსენებ. მე უკვე მზად მაქვს პროგრამა. ამერიკაში წლების განმავლობაში ვმუშაობდი ამ პროგრამაზე.
– დაცვით დადიხართ, კარგი ავტომობილით, ანუ ფინანსურად გამართული ხართ საარჩევნო კამპანიისთვის.
– საქართველოს სიყვარულს ფინანსები სჭირდება? ერთი კაცი მყავს, ეს რა დაცვაა? მე ვიცი, სადაც ჩამოვედი, მაქვს ინფორმაცია, რაღაც ოხუნჯობას რომ აპირებენ, მაგრამ არ გამოუვათ. მე სიყვარულით დავამარცხებ ყველას. თქვენ ვერ ხვდებით, რომ ჩემი მისია ამ ხელისუფლებას პოლიტიკოსებს არ მოეწონებოდათ? ავტომობილი მეგობრისაა. ორი კოსტიუმი მაქვს მთელი ცხოვრება, „ფეისბუქის” ყველა ფოტო ამ კოსტუმებში მაქვს გადაღებული, თუ ვინმეს უნდა ამ კოსტიუმებსაც დავუთმობ. არც სახლი მაქვს, არც კარი. ჩემს სიდედრ-სიმამრთან ვცხოვრობ. სახლი მაშინ გავყიდე, როცა უკვე ამერიკაში ვიყავით. მე ჩემს სახლში ვერ ვაცხოვრებდი ქართველებს და ქირას ვერ გამოვართმევდი.
– ერთ მშვენიერ დღეს გამოგვეცხადეთ და ამბობთ, რომ პრეზიდენტი უნდა გახდეთ. ასეთი ბევრი გვინახავს – მოდიოდნენ, მიდიოდნენ და ქრებოდნენ
– მერე ეს ვისი ბრალი იყო? აი, ეს უნდობლობა და ნიჰილიზმი ღუპავს ჩვენს საზოგადოებას. ჩვენ, თვითონ ხალხმა თუ არ მოვინანიეთ ცოდვები, არაფერი გვეშველება.
– თუ გაიმარჯვეთ, საპრეზიდენტო სასახლეში იცხოვრებთ? იმ შენობაზე აქ ჩვენთან დიდი ამბებია.
– თუ გავიმარჯვე, იმ სასახლეში არ გადავალ. რა მინდა იმ სასახლეში, ჩემს სიდედრ-სიმამრთან ვერ ვიცხოვრებ? რაც თავმდაბალი იქნები, უკეთესია. როცა ხალხს ასე უჭირს, ასეთ უბედურებაში ვართ, სასახლეებში ცხოვრების უფლება არ გვაქვს. ერთადერთი საშველი ჩვენი ქვეყნის არის ძველი კონსტიტუციის აღდგენა. ეს არის ჩვენი ეროვნული საქმე.