რატომ უწევს ნინი შერმადინს ნიუ-იორკში FBI-ის კანონებთან ურთიერთობა და რით დაუფასა მას შრომა და მიღწევები ამერიკის მთავრობამ
ნინი შერმადინი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ნიუ-იორკიდან თბილისში. მისი ცხოვრება ამერიკაში საკმაოდ წარმატებული იყო – სავსე ბევრი სიახლითა და მნიშვნელოვანი ამბებით. ნინი თბილისში რამდენიმე თვე დარჩება და აქაც საკმაოდ ბევრი საინტერესო გეგმის განხორციელებას აპირებს.
ნინი შერმადინი: დღეს აქ ვარ და მალე გაქცევას ჯერჯერობით არ ვაპირებ. სავარაუდოდ, ახალი წლის ბოლოს წავალ ამერიკაში. სოლო ალბომს ვწერ, ვამთავრებ უკვე. ამ ალბომს პაატა სილაგაძე აკეთებს. ალბომის გამოშვებაში ძალიან მეხმარება ქართველი ბიზნესმენი, ჩემი მეგობარი შაკო ჯიბლაძე, რომელსაც ამერიკული რესტორანი აქვს. საქართველოს შემდეგ იქ ვაპირებ ჩემი ალბომის პრეზენტაციას. მელოდია და ტექსტები მე მეკუთვნის. გარდა ამისა, ნიუ-იორკში უნიჭიერესმა რეჟისორმა, ზურა ქირიამ გადაიღო ჩემი კლიპი. ველოდები, როდის დამონტაჟდება, რომ მერე მისი პრეზენტაცია საქართველოში გავაკეთო. გარდა ამისა, შემოთავაზება მივიღე „ეთნო წისქვილიდან“, რომელიც ძალიან ლამაზი და ელიტური ადგილია და სიამოვნებით ვიმღერებ ცოცხალ ბენდთან ერთად. თან, ძალიან მენატრებოდა ქართველი მსმენელი და, თუ მე წვლილს შევიტან იმაში, რომ ქართველებს კეთილი, სასიამოვო განწყობა შევუქმნა, ამისთვის ყოველთვის მზად ვიქნები.
– როგორი იყო შენი და შენი შვილის შეხვედრა, რომელიც თითქმის ორი წელია, არ გინახავს?
– ჩემი აქ ჩამოსვლის პირველი და ერთადერთი დიდი მიზეზი იყო მარიამი, დანარჩენი ყველა გეგმა მეორეხარისხოვანია. ჩვეულებრივად შემხვდა, რადგან სოციალურმა ქსელებმა ძალიან გააადვილა ურთიერთობა, გაუცხოების მომენტი არ ჰქონია. თუმცა, მე ბოლოს ძალიან მიჭირდა სკაიპში საუბარი, ემოციებს ვეღარ ვმალავდი, არადა, არ მინდოდა, ბავშვს ეს დაენახა.
– ამერიკაში საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გქონდა, ბევრი წარმატებაც...
– საკმაოდ დატვირთული ვარ. დუეტი ჩავწერე დეივ ლანჩერთან. ჩვენი გაცნობა შემთხვევით მოხდა. ჩემმა მეგობარმა გაიცნო დეივი და ჩემზე უთხრა, თუ გსურს, გაგაცნობო. იმ დროს ვწერდი სიმღერას, რეჩიტატივისთვის მჭირდებოდა რეპ-მომღერალი და, ისე აღმოჩნდა, რომ მოვიდა დეივი, შემდეგ – მისი ძმა (მათ ხმის ჩამწერი ლეიბლი აქვთ) და ასე დავიწყეთ თანამშრომლობა. ორი სიმღერა უკვე ჩავწერეთ, ახლა ვწერთ „იფის“ და რამდენიმე დღის წინ მომწერეს, რომ აპირებენ ამ სიმღერების „საუნდ კლაუდზე“, „აითუნზე“ გამოშვებასა და გაყიდვას. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. გარდა ამისა, საქართველოში აპირებენ ჩამოსვლას. მინდა, ყველაფერი კარგად დავგეგმო და ზუსტ დროს ჩამოვიდნენ. ასევე, მინდა, „იფის“ პრემიერა აქ მოხდეს და სიმღერებიც ჩავწეროთ. მე ქართველობა არასდროს დამიკარგავს, არასდროს გამოვალ სხვა ქვეყნის სახელით. მირჩევნია, ჯერ ჩემმა ხალხმა, ჩემმა ქვეყანამ გაიგოს, რას ვაკეთებ უცხოეთში, რომ არ ეგონოთ, მხოლოდ რესტორანში სამღერად წავედი. თუმცა, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი რესტორან „მიმინოს“, რომელიც ჩემი მეორე სახლია; მეამაყება, რომ მე მათთან ვარ. მათი მხრიდან მაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, როგორც ფინანსური, ასევე მორალური. გარდა ამისა, დიდი ტრენინგია, ექვსი საათის განმავლობაში ცოცხლად რომ მღერი. რომ ჩამოვედი, ყველამ მითხრა: სასწაულად ხარ გაზრდილიო. მე რომ ასე არ მემუშავა, ამას ვერ მივაღწევდი. ამ ყველაფრის გარდა, ბანკშიც ვმუშაობ.
– მომიყევი, როგორი იყო შენთვის ეს ორი წელი და როგორ მიიღე გამგზავრების გადაწყვეტილება?
– ზოგადად, ძალიან მალე ვიღებ გადაწყვეტილებას, არ მეშინია სირთულეების, შემიძლია ყველაფრის ნულიდან დაწყება. წასვლაც უცებ გადავწყვიტე: სოსო თოლორაიამ მითხრა, წამოდიო და მეც წავედი. მალევე ვიპოვე საკუთარი ადგილი, რაშიც ქართველი ემიგრანტები დამეხმარნენ, გვერდში დამიდგნენ და, როგორც საკუთარი შვილი, ისე მიმიღეს. არც რჩევას მაკლებდნენ, არც დახმარებას, ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ. სადაც კი წავედი, მაგალითად, საბერძნეთში „X ფაქტორში“ გამარჯვებაც სწორედ ქართველი ემიგრანტების დამსახურება იყო; ამერიკაშიც, დღეს რომ ფეხზე ვდგავარ და რაღაცას მივაღწიე – ესეც მათი დამსახურებაა. მარტო ნიჭიერების ფონზე ვერაფერს გააკეთებ, თუ ადამიანები და უფალი არ გიდგას გვერდში. რწმენა და ის უცხო ადამიანები, რომლებიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე მხვდებიან, გვერდში მიდგანან – ეს მაძლიერებს და მმატებს ყველაზე დიდ ძალას. ამიტომაც, აბსოლუტურად გულწრფელი ვარ, როდესაც ვამბობ, რომ ჩემი წარმატება ქართველ ემიგრანტებს ეკუთვნით. რაც შეეხება ჩემს კარიერას, რომ ჩავედი, ჯერ ერთგან დავიწყე მუშაობა, შემდეგ „მიმინოში“, შემდეგ Diamond Street-ზე ვმუშაობდი ასისტენტად, ტელეფონის ზარებსაც ვპასუხობდი და შეკვეთებიც დამქონდა. მაგრამ, მერე წამოვედი ამ სამსახურიდან – ძალიან ვიღლებოდი და კრეატიულიც აღარ ვიყავი, რადგან საკუთარი თავისთვის დრო არ მრჩებოდა. შემდეგ ჩემმა მეგობარმა გოგა კვიჟინაძემ გასაუბრებაზე დამიბარა – სამსახურს ხომ ეძებო... არ უთქვამს, რომ ბანკში მთავაზობდა მუშაობას, რადგან სხვაგანაც მუშაობდა. მივედი და მეუბნება, ფული დათვალეო. ცოტა ხელის კანკალით დავიწყე დათვლა – ამდენ ფულთან არასდროს მქონია ურთიერთობა, თან, ჩემი ხომ არ იყო, სხვისი იყო. მოკლედ, სამი თვე დავდიოდი ტრენინგებზე და, საბოლოოდ, გამოცდაზე 100 ქულა ავიღე, დათვლაც ვისწავლე – ახლა ძალიან სწრაფად და მარტივად ვითვლი. დავიწყე მუშაობა და მთელი დღე მიწევს ურთიერთობა ბევრ ამერიკელთან, ტურისტებთან და FBI-ის კანონებთან, რომლებიც ფულთან ურთიერთობას ეხება. შესაბამისად, ეს სამსახური ბევრ რამეში დამეხმარა და ძალიან მომწონს. დილის 6 საათზე იწყება ჩემი დღე. მეტროთი გავრბივარ მანჰეტენზე, რადგან ბრუკლინში ვცხოვრობ. მე ვაღებ და ზოგჯერ მე ვკეტავ ბანკს, ორივე დიდი პასუხისმგებლობაა. ერთხელ სიგნალიზაცია ჩაირთო და, არ მეგონა, მიწა თუ არ გამისკდებოდა. დამირეკეს, ხომ მშვიდობა გაქვსო. ვაკეთებ ტრანზაქციებს, ვპასუხობ ტელეფონის ზარებს, ვაბალანსებ თანხას, რამდენჯერმე ვითვლი ფულს, ვალუტის გაცვლასაც ვაკეთებ. ძალიან მომწონს ჩემი სამუშაო და არც ვიღლები, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სტრესული სამსახურია. ზოგადად, ყურადღებიანი და ფრთხილი ვარ, ამიტომ არ მეშლება და თავი მოსაკლავი არ მიხდება. გარდა ამისა, მთხოვეს, მუსიკისა და ხელოვნების აკადემიიდან ბავშვებს ლექციები წავუკითხო და სიმღერა ვასწავლო. ოთხი მოსწავლე მყავს, „მიმინოში“ კი უიქენდებზე მივდივარ.
– როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ „მწვანე ბარათი” აიღე.
– თუ ხარ ესქტრაორდინარული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი და შენ ამას დაამტკიცებ, ამერიკა გაძლევს „მწვანე ბარათს”. ეს საკმაოდ გრძელი პროცესია, მათი მოთხოვნების 10 პუნქტიდან 6 მაინც უნდა დააკმაყოფილო და ამაში დამეხმარა ადვოკატი ლევან ნათალიშვილი. ამერიკამ აღიარა ჩემი ექსტრაორდინარული ტალანტი და მომცა 10-წლიანი „მწვანე ბარათი”, რომელსაც აწერია „ესტრაოდრინარი“ და ყველამ იცის, რომ შენ ამ ქვეყნის მიერ დაფასებული ხარ, ეს არ არის ქორწინებით გაკეთებული და არც მოგებული. ღამით რომ დამირეკეს, შენი ბარათი მოვიდაო (სხვა მისამართზე გაუგზავნიათ), გავაჩერე ტაქსი და გავვარდი. უკვე ხელში რომ დავიჭირე, საოცარი შეგრძნება მქონდა: ესე იგი, რაღაცა გამიკეთებია ამ ცხოვრებაში, რაღაც დამიფასდა.
– რომ გიყურებ და გისმენ, გატყობ, რომ საკმაოდ შეცვლილი ხარ, გაზრდილი, უფრო მეტად თავდაჯერებული.
– პატარა ხომ აღარ ვარ. პიროვნულად შევიცვალე-მეთქი, რომ გითხრა, მოგატყუებ. უფრო შრომისმოყვარე, მიმტევებელი, მომთმენი, უფრო მეტად პოზიტიური გავხდი და უფრო ადვილად აღვიქვამ მოვლენებს. მე ვფიქრობ, უფრო მოვეშვი. იმავე წესით ვცხოვრობ: არ მაინტერესებს ღამის ცხოვრება, კლუბები. ბოჰემური ცხოვრების მიმართ მიდრეკილება არც მქონია და არც მაქვს. „ვორკოჰოლიკი“ ვარ, ოღონდ, სტუდიაში მამუშავე, მაწერინე, სახლი-სამსახური. ჩემთვის გართობაა ჩემი შვილი და მეგობრები. რაღაც მინდა ვთქვა და, არ მინდა, ცუდად გამიგონ: იქ არავინ მიცნობს და ასე ცხოვრება ძალიან ადვილია, გამადიდებელი შუშით არავინ მიყურებს. აქ ყოველთვის ვიყავი განსჯის საგანი. რაც არ უნდა გამეკეთებინა, მაინც გასალანძღი ვხდებოდი, მიუხედავად იმ დიდი სიყვარულისა, რასაც ხალხისგან ვგრძნობდი. ამერიკაში კი გავთავისუფლდი, არ მიწევს საზოგადოებისგან გაქცევა. არასდროს მითამაშია, არასდროს შემიქმნია „სთორი“ ჩემ შესახებ, არაფერი შემიფუთავს, მიუხედავად იმისა, რომ ეს თავისუფლად შემეძლო. წლების განმავლობაში „ნიუ-იორკის ფეშენ-ვიქზე“ ვხსნიდი და ვხურავდი ფეშენ-შოუებს: ვიყავი საპატიო სტუმარი. გერშვინის საერთაშორისო კონკურზე ავიღე საუკეთესო ფოლკ-მომღერლის წოდება, ასევე, ავიღე Best Songwriter-ის სიგელი. „კარნეგი ჰოლში“ საერთაშორისო ფესტივალზე ვიყავი მიწვეული, საპატიო სტუმრად და გავხსენი „თბილისოთი“, ბატონი ლევან შენგელია იყო კონცერტმეისტერი. მე და ირაკლი შარაძე ერთად წარვადგენდით საქართველოს „გერშვინის ფესტივალზე”. არაერთხელ ვიყავი სტუმარი რადიოში. ვიმღერე ბროდვეიზე, MMAC თეატრში საქველმოქმედო კონცერტზე. გარდა ამისა, „ოფ ბროდვეიში“ მქონდა მასტერკლასები. ვიყავი ველმა – „ჩიკაგოდან“, სალი – „კაბარედან“ და ეს ყველაფერი ბეგრაუნდად დამიგროვდა. მაგრამ, როდესაც მეკითხებოდნენ, რას ვაკეთებდი, ვპასუხობდი, რომ ამ ყველაფრის ფონზე, ვმუშაობდი ამა და ამ ადგილას.
– როგორ მოხვდი „ოფ ბროდვეიზე“?
– ინტერნეტში ვნახე ქასთინგები, მივედი და ვიმღერე. შემდეგ ბობი ქლაინმა მაჩუქა სამთვიანი უფასო მასტერკლასები. სტუდენტები „ოფ ბროდვეიზე“ აკეთებენ სკეტჩებს და მე შემხვდა მონოლოგი, როდესაც ველმა კლავს ქმარსა და დას; და, მეორე – როდესაც სალი მღერის და მას სცენის მარჯვენა და მარცხენა მხრიდან იარაღდამიზნებული ოფიცრები უდგანან და შეყვარებული ტოვებს. საღამოს ბევრი აგენტი ესწრებოდა და შენ წარადგენდი საკუთარ თავს. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, შემოთავაზებებიც იყო, მაგრამ, სამი თვის ჩასული ვიყავი ტურისტული ვიზით და კონტრაქტზე ხელის მოწერის უფლება არ მქონდა. ამაზე ძალიან გაბრაზდნენ და ბობის საყვედური უთხრეს: როცა იცი, ასეთი ნიჭიერი ადამიანი გყავს, რომელიც ჩვეულებრივ შეიძლება აარჩიონ, ნუღარ გამოგყავს, რადგან, როცა მას ვხედავთ, სხვას აღარ ვაქცევთ ყურადღებასო. ეს ჩემთვის დიდი კომპლიმენტი და, იმავდროულად, დიდად გულსატკენი იყო – ოცნებასთან ასე ახლოს ხარ, თუმცა ორი კვირის წინ მომივიდა მწვანე ბარათი, სეზონიც იწყება მალე და აუცილებლად დავბრუნდები... ყველაზე მეტ წარმატებად მაინც ის მიმაჩნია, რომ დავიწყე სიმღერების წერა: ტექსტისაც და მუსიკისაც, ეს ტალანტი საკუთარ თავში ამერიკაში აღმოვაჩინე. რაც მთავარია, საკმაოდ წარმატებულად გამომდის და ამას მომავალში ნახავთ.