იცოდა თუ არა ვასო ლობჟანიძემ, რომ ყველაზე პატარა მოთამაშე იყო მსოფლიო თასის ისტორიაში და ვის ასწავლა მისმა თამაშმა რაგბის წესები
„ბორჯღალოსნები” მსოფლიო თასის თამაშებში წელს პირველად ჩაერთვნენ. იყო დაძაბული ბრძოლა ტონგასთან, არგენტინასთან. ბიჭებმა ახალ ზელანდიასთან დამარცხების მიუხედავად, დაამტკიცეს საკუთარი სიძლიერე და მსოფლიოში ნომერ პირველ რაგბის ნაკრებს ლელოც დაუდეს. ნამიბიასთან შერკინება ჩვენს სასარგებლოდ 17-16 დაამთავრეს და მიზანი შეასრულეს. საბოლოო ჯამში, ორი თამაში მოიგეს და 2019 წლის მსოფლიო თასისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიო თასის ისტორიაში, ყველაზე პატარა მოთამაშე ქართველი, 18 წლის ვასო ლობჟანიძე იყო. ინტერვიუსთვის ვასოს ინგლისში დავუკავშირდით. მის შესახებ ინფორმაციას სტატიიდან შეიტყობთ.
– როგორი იყო მსოფლიო თასისთვის მზადება? როგორ შეაფასებდი თამაშებს და კმაყოფილები თუ ხართ?
– მსოფლიოზე 24 აგვისტოს ჩავფრინდით, რადგან 3 ტესტ-თამაში გვქონდა გასვალელი. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგად დაგვხვდნენ, ყველაფერი ორგანიზებული იყო და ხალხიც თბილად გვექცეოდა. ვიდრე მსოფლო დაიწყებოდა, მანამდე ნაკლები დატვირთვა გვქონდა, აღდგენაზე უფრო ვიყავით ორიენტირებულები, ვიდრე დატვითვაზე. რაც შეეხება თვითონ თამაშებს, კმაყოფილები ვართ. თითოეულ მათგანზე ბოლომდე დავიხარჯეთ და მაქსიმუმი გავაკეთეთ. პირადად ჩემთვის, ძალიან საპასუხისმგებლო იყო ეს ჩემპიონატი, რადგან ასეთ მასშტაბებზე პირველად გავედი. ტონგას წინააღმდეგ მე მომიწია თამაშის დაწყება და ძალიან ვნერვიულობდი. გამოუცდელი ვიყავი და თამაშის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი, შეცდომები არ დამეშვა.
– ალბათ, ახალ ზელანდიასთან თამაში ყველაზე რთული იყო. რა მოლოდინიც გქონდათ, გაამართლა?
– დიახ, ნამდვილად რთული იყო. თან, სასიხარულო, იმიტომ რომ, ჩვენი მორაგბე დაასახელეს საუკეთესო მოთამაშედ. მამუკა ნამდვილად იმსახურებდა ამ ტიტულს. ვიცოდით, მსოფლიოში ნომერ პირველ გუნდს ვეთამაშებოდით და ეს შეხვედრა რომ მარტივად არ ჩაივლიდა, ამასაც ვხვდებოდით. რა მოლოდინიც იყო, გამართლდა. ჩვენი შესაძლებლობები მათზე ბევრად ნაკლებია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ვაჩვენეთ ნამდვილი თამაში, ლელოც დავუდეთ და ვიბრძოლეთ ბოლომდე.
– დაძაბული ბრძოლა გქონდათ ნამიბიასთან, მსაჯიც თითქოს მათ მხარეს იყო...
– გაგვიჭირდა ნამიბიასთან შეხვედრა, ბევრი შეცდომა დავუშვით ჩვენც და ისინიც არ თამაშობდნენ სუფთად. მათ „მოდენვაზე” ბევრი ბურთი გვივარდებოდა და ჯარიმებიც ხშირი იყო. რაც შეეხება მსაჯს, იყო სადავო მომენტები, სადაც მსაჯი ჩვენი მოწინააღმდეგის სასარგებლოდ იღებდა გადაწყვეტილებას.
– იცოდი, რომ ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე იყავი მსოფლიო თასის ისტორიაში?
– კი, ვიცოდი. ნანახი მქონდა სტატისტიკა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ურთულესი იყო ჩემთვის ეს შეხვედრები, ვერასდროს წარმოვიდგენდი, მსოფლიოზე თამაშის შანსი თუ მომეცემოდა, მით უმეტეს, 18 წლის ასაკში. ძალიან მიხაროდა, იმდენადაც კი, რომ ყველაზე ნაკლებად ვფიქობდი ჩემს გამოცდილებაზე.
– არაერთი პრესკონფერენცია გაიმართა, რას გეკითხებოდნენ ძირითადად უცხოური მედიის წარმომადგენლები?
– პირველი კითხვა იყო, ვიცოდი თუ არა, რომ ყველაზე პატარა მოთამაშე ვიყავი (იცინის). შემდეგ უკვე – თამაშზე, განცდებზე და სხვა.
– რატომ დაიწყე რაგბის თამაში?
– 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ვუყურებდი ტელევიზორში და ძალიან მომეწონა. ჩემი კლასელიც მორაგბე იყო და ვთხოვე, მივეყვანე მწვრთნელთან. 11 წლის ვიყავი, პირველად რომ მივედი სავარჯიშოდ, სრულიდან დამოუკიდებლად მივიღე ეს გადაწყვეტილება. მივხვდი, რომ მინდოდა, ამ სპორტში ვყოფილიყავი და დავრჩი. მას შემდეგ თავი არ გამინებებია, ჩავარდნა არ მქონია. თავიდან დღეგამოშვებით ვვარჯიშობდი, მაგრამ ხშირად დიდების ვარჯიშსაც ვესწრებოდი. რომ გათენდებოდა და ვიცოდი, რაგბიზე ვიყავი წასასვლელი, ძალიან მიხაროდა (იცინის).
– მშობლები როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას?
– არ მახსოვს, საყვედური, ან რაიმე მსგავსი ეთქვათ. პირიქით, მამაჩემი სულ მეხმარებოდა და ყოველთვის ესწრებოდა ჩემს თამაშებს. ახლაც ასეა, რაც დიდ სტიმულს მაძლევს. არასოდეს უთქვამთ, ნუ დადიხარ, გაცდენს ან მსგავსი რამე. ერთადერთი, აბიტურიენტობის დროს მიჭირდა დროის შეთავსება. მასწავლებლებთან რომ დავდიოდი, ვეღარ ვიცლიდი სპორტისთვის. რამდენიმე ვარჯიშის გაცდენაც კი მომიწია, რაც ძალიან არ მომეწონა (იცინის). საბოლოოდ, ჩავაბარე უნივერსიტეტეში, მაგრამ ხშირად ვერ დავდივარ ლექციებზე.
– ფიზიკურად ძლიერი ბავშვი იყავი?
– არა, ძლიერი არც ახლა ვარ. თან, ბავშვობიდან ისეთი პოზიციზე მათამაშებდნენ, ასე თუ ისე, ჯანი არ მჭირდებოდა (იცინის).
– ეროვნულ ნაკრებში როგორ მოხვდი?
– 17 წლის ვიყავი, შანსი რომ მომეცა და ნოემბრის ტესტებზე გამომიძახეს. მართალია, თამაში არ მომიწია, მაგრამ დიდი გამოცდილება მივიღე. 2015 წელს ერთა თასის ჩემპიონატზე გერმანიის წინააღმდეგ ვითამაშე პირველად. მაშინ მოეწონათ ჩემი თამაში და მომცეს უფლება, ვყოფილიყავი ნაკრებთან ერთად. მეც მაქსიმალურად ვცდილობდი, მომენტი ხელიდან არ გამეშვა და ბოლომდე მეჩვენებინა ჩემი შესაძლებლობები. ყველა თამაშზე ვიხარჯებოდი და თავს არ ვზოგავდი წარმატებისთვის.
– ძალიან ბევრი გულშემატკივარი გყავთ და ყველა თამაშზე იზრდება მათი რიცხვი. მსოფლიოზე როგორ გამხნევებდნენ? განსაკუთრებით ვინ გგულშემატკივრობს ხოლმე?
– ყველას დიდი მადლობა მინდა გადვუხადო, ვინც ჩვენ გვერდით იდგა და „საქართველო, საქართველოს“ გაიძახოდა. ეს ჩვენ მოდუნების საშუალებას არ გვაძლევდა. უცხოეთშიც ბევრი გვცნობდა, ქუჩაში რომ გავივლიდით, გვაჩერებდნენ და სურათებს იღებდნენ. ძალიან სასიხარულო იყო ისიც, რომ უცხოელი აფრიალებდა საქართველოს დროშას. ჩემი ოჯახია ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. ჩემი თამაშის გამო, მთელმა სანათესაომ დაიწყო რაგბის ყურება და უკვე ყველა კარგად ერკვევა წესებში (იცინის).
– რა ხდება შენს ცხოვრებაში სპორტის გარდა? როგორი ბავშვი იყავი?
– ისეთი არაფერი, ზოგადად, ყველა სპროტის სახეობა მიყვარს და შემიძლია, ნებისმიერს ვუყურო. ადრე ფეხბურთზეც დავდიოდი, მაგრამ არ მომწონდა. თანაც ვერ ვთამაშობდი კარგად და თავი დავანებე. ცელქი ბავშვი ვიყავი, არ მიყვარდა მეცადინეობა და ერთი სული მქონდა, ეზოში სათამაშოდ ჩავსულიყავი (იცინის).
– შეყვარებული გყავს?
– არა. ყოველთვის თავს ვარიდებ მსგავს ურთიერთობებს. არ მინდა, რაგბიზე რაიმემ ხელი შემიშალოს. ბევრი მაგალითი მინახავს, სიყვარულის გამო კარგ მოთამაშეს ჩავარდნა რომ ჰქონია, მეც არ მინდა იგივე დამემართოს. როცა შეყვარებული ხარ, ნაკლებად ფიქრობ სპორტზე. მართალია, როდის უნდა შეგიყვარდეს და როდის არა, წინასწარ ვერ განსაზღვრავ, მაგრამ ვცდილობ, შორს დავიჭირო თავი მსგავსი ურთიერთობებისგან.