რისთვის უნდოდა გოგონების შერჩევა გიორგი სუხიტაშვილს და როდის ვარდება ის სასოწარკვეთილებაში
2015 წელი გიორგი სუხიტაშვილისთვის საკმაოდ დატვირთული და საინტერესოა. მის კარიერაში არაერთი წარმატება და სიახლე იყო და როგორც თავად ამბობს, ამ მხრივ, ის სხვა ეტაპზე გადავიდა.
გიორგი სუხიტაშვილი: ჩემი კარიერა მუსიკალურად დატვირთულია და სპორტისთვის ვეღარ ვიცლი. ჩემი მეგობრები საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივში“ მწვრთნელები არიან და დღეს მომივიდა ზუსტად ესემესი – როდის უნდა განაახლო ვარჯიშიო.
– ძალიან ხარ გამხდარი.
– 13 კილოგრამი დავიკელი და ახლა ვჭამ, ვსვამ, მაგრამ აღარ ვიმატებ, თუმცა, თვენახევარია, არ მივარჯიშია. მიუხედავად იმისა, რომ ეკრანზე აღარ ვარ, ეკრანია მაინც ჩემთვის საზომი. მანერაში მაქვს შემორჩენილი, რომ ეკრანი უნდა იყოს ჩემი საზომი. რაც შეეხება საქმეებს, დატვირთული ვარ. გააქტიურდა თბილისის საორკესტრო „ბიგ-ბენდი“, რომლის სოლისტი ვარ უკვე 5 წელია. გვაქვს ახალი კვარტეტი, სადაც ვართ მე, ნეკა სეფისკვერაძე, მაკა ზამბახიძე და გოგა მესხი. კვარტეტს ხელმძღვანელობს ბუკა კარტოზია და ვთანამშრომლობთ ძალიან აქტიურად ვახტანგ კახიძესთან. ბევრი პროექტი განვახორციელეთ და წინ კიდევ ბევრია. გარდა ამისა, გავაკეთე საკუთარი ბენდი – ეს მათთვის, ვინც დიდი ხნის განმავლობაში მეკითხებოდა: რატომ არ გყავს საკუთარი ბენდიო.
– რა გაითვალისწინე მათი შერჩევისას, როგორი მოთხოვნები გქონდა?
– ამ შემთხვევაში, არსებობდა 2 კრიტერიუმი: შრომისმოყვარეობა და ნიჭიერება. ეს ორი რამ ჩემთვის ცალ-ცალკე არ არსებობს. მირჩევნია, ნაკლებად ნიჭიერი, მაგრამ შრომისმოყვარე ადამიანი, რომლისგანაც მეცოდინება, რას უნდა მოველოდე, ვიდრე ეგრეთ წოდებული – ნიჭიერი და ზარმაცი. ბენდი საკმაოდ აქტიური გახდა, გაწერილი გვაქვს ამ თვეში რამდენიმე დიდი ღონისძიება. ახალი წელი რომ მოდის, წინა დღეებში იციან დარეკვა და მერე გული სწყდებათ, უარს რომ ვიტყვით. ამიტომ, პოტენციურ დამკვეთებს გავაფრთხილებ, რომ ჯობია, აქედანვე დაიჭირონ თადარიგი, ეს ჩემთვისაც კომფორტული იქნება და მათთვისაც.
– ბიჭებისგან შედგება შენი ბენდი?
– ხუთკაციანი ბენდია, ბიჭების შემადგენლობით, რადგან ინსტრუმენტალისტი გოგონები ძალიან ცოტანი არიან და ბევრი მუშაობა სჭირდებათ. რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვამბობ. ადრე მინდოდა, გოგონების ბენდი გამეკეთებინა, მაგრამ არ გამოვიდა, ვერ შეიკრა ეს ამბავი.
– მკაცრი მოთხოვნები გქონდა?
– რა თქმა უნდა, მხოლოდ ლამაზი ვიზუალის გამო ხომ არ გავაკეთებდი. ეს არის რუსული ესტრადა, სადაც „ჯეკიც“ კი არ აქვთ გიტარაში შეერთებული, ისე უკრავენ. ჩვენი, ანუ ბენდის გეზია, უცხოური ქავერები ქართული ქავერებით ჩავანაცვლოთ. შესაბამისად, ჩემს ცხოვრებაში ამ კუთხითაც ახალი ეტაპი დაიწყო. მაქვს რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკება, სადაც ჯაზ-ფესტივალები ტარდება. გვინდა, ქართული პროდუქტით წავიდეთ სადმე. მარტს ველოდები, ერთ-ერთ ცნობილ ჯაზ-ფესტივალთან გვაქვს მოლაპარაკება. იმედია, ყველაფერი გამოვა და ჩვენი ქვეყნის იმიჯს იქაც ხარისხიანად წარვადგენთ.
– თქვი – აღარ ვჩანვარ ეკრანზეო და ეს რამ განაპირობა?
– ალბათ, ტელევიზიას შეეცვალა პრიორიტეტები. ალბათ, რაღაც კუთხით არ ვარ საინტერესო. ყველამ იცის, რომ პირად ცხოვრებაზე არ ვლაპარაკობ, ტელევიზიების თოქ-შოუები კი ხშირ შემთხვევაში, ჭორ-ბიუროდაა გადაქცეული. რა თქმა უნდა, ყველა გადაცემასა და კონკრეტულ პროექტებს არ ეხება. ასეთ გადაცემებში კი მე ვერ გამოვდგები, რადგან ვერც სხვის ცხოვრებას განვიხილავ და ვერც პირადს. თითო სიმღერას არ ვწერ და ესეც, ალბათ, ჩემი პრობლემაა. მირჩევნია, მსუყე პროექტი გავაკეთო, ვიდრე – ერთი სიმღერის პრეზენტაცია. კარგ ღვინოს რომ დალევ, გემო უნდა გრჩებოდეს პირში და ეს უნდა იცვლებოდეს და იცვლებოდეს. ჩემი სურვილია, რაღაც ასაკს რომ გადავაბიჯებ, ჩემი პროდუქტი იყოს ხარისხიანი და არა, რომელიღაც წელსა თუ კვირაზე გათვლილი.
– ყველაზე მეტად რის მოყოლა გინდა მომავალში, შვილიშვილებისთვის?
– მყრალი ბაბუა კი ვიქნები, უფრო სწორად, სამართლიანი. მაგრამ, ასეთებს ხშირად მყრალებად მოგვიხსენიებენ. შეიძლება, პათეტიკური ვიყო, მაგრამ იმედია, მაგ პერიოდისთვის ჩვენი ტერიტორიები ისევ ჩვენი იქნება, იმავე ხალხით, იმ ტერიტორიებზე რომ ცხოვრობენ. ვისურვებდი, მოვუყვე ვინმეს, რომ ეს ტერიტორიები დაკარგული იყო, დავიბრუნეთ და უნდა გაუფრთხილდნენ მას და ხალხს, რომ ისევ იგივე სიტუაციაში არ ჩავვარდეთ. ერის ერთიანობა უფრო მეტად მტკივა, ეს უფრო მეტად მნიშვნელოვანია.
– საკუთარ თავთან ხშირად ხარ კონფლიქტში?
– ყოველთვის. სულ მართალი რომ ვიყო, გამოდის შეშლილი და საკუთარ თავზე შეყვარებული ვარ. არც ასეთი ნარცისი ვარ და არც განდიდების მანია მჭირს. საკმაოდ მყარი თვითშეფასება მაქვს, ობიექტური – არც გადაჭარბებული და არც უამბიციო: რა უბედური ვარ, ღმერთო, რატომ გამაჩინე-მეთქი, არ ვამბობ.
– რა მოთხოვნებს უყენებ საკუთარ თავს?
– ყველაზე მეტად ფორმაში ყოფნას ვთხოვ – არა ჩაცმულობის მხრივ, არამედ ფიზიკურ ფორმას ვგულისხმობ. ამიტომ, სულ ვცდილობ, ფიზიკურად ვიყო ფორმაში. ეს განსაკუთრებით მომწონს.
– შენი მოშვებული წვერი დიდხანს იყო განხილვის საგანი.
– ახლაც არის და ყველას ვთხოვ, საკუთარ წვერს მიხედოს, განსაკუთრებით, ქალებს. შევწუხდი მართლა. მწერდნენ: გაიპარსეო. 2006 წლიდან სულ წვერი მაქვს და არავის შევუწუხებივარ. ახლა 7 თვე გავიდა, რაც ასეთი წვერი მაქვს და შემაწუხეს, თან სულ უცხოებმა. ქართული ინტერნეტჟურნალები, ხომ იცი, რა სასაცილო რაღაცეებს წერენ. მაგალითად: მამაკაცის წვერი უფრო ბინძურია, ვიდრე უნიტაზი, თუ რაღაც. ვარ ეს უნიტაზი და დამანებეთ თავი. მომწონს ტუალეტთან ერთად მოძრაობა და რა ვქნა?! რაც შეეხება საკუთარი თავის მიმართ მოთხოვნებს, ვცდილობ, ვოკალურადაც ვიყო ფორმაში. რიოში მუსიკალური ფესტივალი ტარდება. ჯგუფები ჩადიან და სახლში ხშირად ვუყურებ ლაივ-კონცერტებს. არტისტები, რომლებიც გაბერილი პიარით იყიდებიან, მსმენელი მათ მოსასმენად კლიპების გამო მიდის. მერე კი, ცოცხალ კონცერტზე ყველაფერი ჩანს. ფიქრობ: შენ, რომლის ქვეყანაც რუკაზე რაღაც ციფრით არის აღნიშნული, შეგიძლია იმ ტიპზე მაგრად იმღერო და ეს ძალიან გულდასაწყვეტია. შარშან ძალიან ცუდი წელი მქონდა საქმის მხრივ და მაშინ ყველაზე მეტად ვგრძნობდი ამას. ძნელია, როცა შენში რაღაც არის და იმის გამოშვება არ შეგიძლია. ამაზე მურტალი არაფერია.
– ეს პერიოდი როგორ გადაიარე?
– შარშან ამას არც ვიტყოდი. ახლა განვლილია და შემიძლია, ამაზე ვისაუბრო. საშინელი წელი იყო, შეიძლება, რეპეტიციაზე წასასვლელი ფულიც არ მქონოდა. რამდენჯერმე დენიც ჩამიჭრეს, მაგრამ ხდება ასეთი რაღაცეები ყველას ცხოვრებაში. მე იმ არტისტების კატეგორიას არ მივეკუთვნები, სახლში მაიონეზიან პურს რომ ჭამენ, მერე გამოდიან და ერთმანეთს ატყუებენ, რა მაგრად არიან. მე ასეთი რაღაც არ შემიძლია. ამ ყველაფრიდან გამოსასვლელი ანუ თერაპიაა სპორტი, სპორტდარბაზი, სირბილი – ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი, სადაც ფიქრობ მხოლოდ სუნთქვაზე, ვარჯიშზე და არა პრობლემებზე. მე როცა პრობლემას ვხედავ, ნაბიჯს ვდგამ მისკენ. ყოველთვის მაქვს ბევრი გასაღების აცმა. მეც ჩავვარდნილვარ სასოწარკვეთილებაში, რადგან მეც მაქვს სუსტი წერტილი, ისევე, როგორც აქილევსს. მეც მასუსტებს რაღაცეები და ვცდილობ, პრობლემებს სუსტი მხრიდან არ დავუდგე. როცა ძლიერად დგახარ, პრობლემა უკან იხევს.
– რატომ არ გიყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი?
– შემოქმედებითად საკმაოდ საინტერესო ცხოვრება მაქვს, მრავალფეროვანი, სულ რაღაცას ვაკეთებ. მაგრამ მე ვის ვხვდები, რამდენს, რატომ და რამდენჯერ – ეს ჩემი საქმეა და ამიტომაც ჰქვია მას პირადი.