რატომ მეორდება ზოგი ადამიანის ცხოვრებაში ცუდი მოვლენები სერიულად და არის თუ არა ეს ბედის საფუძველში ჩადებული დაუწერელი კანონების შედეგი
დედამიწის ყველა მცხოვრები რეალურ სამყაროში კანონზომიერებას ექვემდებარება. მოვლენათა წარმოქმნის უნარი სამყაროს ერთ-ერთი ფუნდამენტური თვისებაა და ამ მოვლენათა დამთხვევები, შესაძლოა, დროსა და სივრცეში მოხდეს. დიდი ხანია, რაც ეზოთერიკოსთა დიდი ნაწილი ცდილობს, უცნაურ დამთხვევათა საიდუმლო გაიგოს და ახსნას. ზოგი ასეთ ფაქტებს მისტიკურსაც მიაწერს, მაგრამ, როგორც ეზოთერიკოსი, ბატონი გივი ამბობს, ეს ტყუილია და მსგავსი ფაქტები რეალობაა და არა მისტიკა.
გივი: ნებისმიერი ადამიანი უნდა იმახსოვრებდეს იმ დღესა და რიცხვს, როცა რაიმე უცნაური მოხდა მის ცხოვრებაში, რადგან, ასეთი ფაქტი, არ არის გამორიცხული, კვლავ განმეორდეს და იმავე დროსა და სივრცეში დაგაბრუნოთ, როცა ის პირველად მოხდა. თუ კარგად დააკვირდებით და ყურადღებას მიაქცევთ თქვენს ცხოვრებაში არსებულ მისტიკურ დღეებსა და ციფრებს, თავადაც მიხვდებით, რომ დამთხვევები არც ისე იშვიათია. ეზოთერიკოსები ასეთ დამთხვევებს „ბედის საფუძველში ჩადებულ კანონებს” ვუწოდებთ. მაგალითად, თუ ხვდებით, რომ კვირის კონკრეტულ დღეს ან თვის კონკრეტულ რიცხვში საქმე კარგად არ გამოგდით, ჩხუბი გიწევთ, გაღიზიანებული ხართ, გექმნებათ პრობლემები სასიყვარულო თუ სამსახურებრივ სფეროში და ასე შემდეგ, ესე იგი, ამ დღეებსა და რიცხვებში განსაკუთრებით უნდა დაკვირვებოდით საკუთარ საქციელსა და სიტყვებს.
– ეზოთერიკულ წიგნებში წერია, რომ თითოეულ ადამიანს აქვს თავისი ნეგატიური რიცხვი. რას ნიშნავს ეს და, თუ არის ეს, როგორც თქვენ თქვით, ბედის საფუძველში ჩადებული კანონი?
– კარგი კითხვაა და გიპასუხებთ, რომ ზოგადად, ყველა ადამიანს აქვს თავისი თარსი ანუ ნეგატიური რიცხვი თუ დღე და ამ დღეებსა და რიცხვებს უნდა მოერიდოთ, რადგან ეს ჩვენი ბედის საფუძველშია ჩადებული, დაკანონებული და მას ვერ ავცდებით. ამიტომ გითხარით, უნდა დააკვირდეთ დღეებსა და რიცხვებს, როცა დისკომფორტი გაქვთ, საქმე არ გამოგდით, კამათობთ საყვარელ ადამიანებთან და მიხვდებით, რომ ეს ის დღეებია, როცა თქვენ გარშემო ნეგატიური ფონი მძლავრობს და აგრესია და ცუდი მოვლენებისადმი მიდრეკილება იმატებს.
– ეზოთერიკოსები დიდი ხანია, მსჯელობენ სულის არსებობისა და სიკვდილის შემდგომ სიცოცხლეზე; იკვლევენ ფაქტებს, აკეთებენ ანალიზს... როგორც ვიცი, ამ დისკუსია-კვლევაში თქვენც ხართ ჩართული...
– დიახ, ასეა. მართალია, ჯერჯერობით მეცნიერულად დადასტურებული არ არის, მაგრამ, ბევრ ადამიანს შევხვედრივარ, ვინც საკუთარი გამოცდილებით ამტკიცებს სიკვდილის შემდგომ სიცოცხლის გაგრძელების ფაქტებს. კერძოდ, ვისაც კლინიკური სიკვდილი ჰქონდა, ეგრეთ წოდებული „გვირაბი” გაიარა, მის ბოლოში სინათლე დაინახა და საიქიოც საკუთარი თვალით იხილა.
– შესაძლოა, ეს ადამიანის ფანტაზიის, წარმოსახვის ნაყოფი იყოს, ამას ხომ ვერავინ დაამტკიცებს?
– შეუძლებელია, ისინი ტყუოდნენ, რადგან, როგორც გითხარით, ბევრის მონაყოლი მაქვს მოსმენილი და უმრავლესობის ნათქვამი ერთმანეთს ემთხვევა. მათი თქმით, იმქვეყნად იხილეს გარდაცვლილი ახლობლები, ნათესავები და, ბოლოს, რაღაც ძალამ ისინი ისევ ამქვეყნად დააბრუნა. თუმცა, ვერავინ ხსნის, ამ მოვლენას – არის თუ არა ეს გამორჩეული ადამიანების ხვედრი; შემთხვევითი მოგზაურობაა იმქვეყნად თუ ფაქტი, რომ დავრწმუნდეთ ჯოჯოხეთისა და სამოთხის, სიკვდილის შემდგომ სიცოცხლის არსებობაში. მე თუ მკითხავთ, გიპასუხებთ: დანამდვილებით მჯერა, რომ სიკვდილის შემდგომ სიცოცხლე გრძელდება და ამას „დროებით გარდაცვლილთა” მონაყოლები მოწმობს. თუმცა, თქვენიც მესმის – სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი, გიჭირს რამის დაჯერება. თუმცა, მათ თუ დავუჯერებთ, ვინც საიქიო მოიარა და იმქვეყნად დროებით მოხვდა, ამბობენ, იქ აღვიქვით და განვიცადეთ, რა არის რეალური სილამაზე, სიმშვიდე და ნეტარებაო.
– როგორც ვიცი, მეცნიერებმა გაშიფრეს საიქიოს მყოფ ადამიანთა ხილვები. რა დასკვნა დადეს?
– დიახ, მეცნიერებმა გაშიფრეს საიქიოს მყოფ ადამიანთა ხილვები და, მათი თქმით, გვირაბი ადამიანის ტვინში კეფის მხარეს ჩნდება. ამ დროს მხედველობის არე მკვეთრად ვიწროვდება და თვალის გუგა ბუდის ცენტრალურ ნაწილშია გაჩერებული. შედეგად იქმნება ილუზია, რომ ადამიანი გვირაბს ხედავს. მთელი ცხოვრება ამის თვალწინ გაირბენს და გამოჩნდებიან გარდაცვლილი ნათესავებიც. ერთი სიტყვით, დროებით ხვდები იქ, სადაც ჯერ ადრეა მისვლა, ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ტვინში ის ნაწილები ამუშავდა, რომლებიც ხანგრძლივ მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი. ეს ნაწილი პირველი ჩაირთვება, როცა კრიზისი გაივლის. ის ფენომენიც ახსნეს, სული სხეულს რომ ტოვებს. კერძოდ, ასეთი რამ მაშინ ხდება, როცა გათიშვის პირას მყოფი ადამიანის ტვინში ქაოსურად აქტიური ის ნაწილი ხდება, რომელიც მხედველობის, შეხებისა და წონასწორობის ორგანოებთანაა დაკავშირებული. შედეგად სიგნალები ირთვება ერთმანეთში, ანუ, ტვინი უგზავნის მხედველობის ორგანოს ინფორმაციას სივრცეში სხეულის მდგომარეობის შესახებ. ასე ჩნდება ცრუ სურათები, გამოფხიზლებისას კი ადამიანს ახსენდება, თითქოს საკუთარ თავს ზემოდან უყურებდა, თითქოს სიზმარში ნახა ის, რაც რეალურად გადახდა, ახსენდება ცხოვრებისეული, მნიშვნელოვანი მომენტები. სხვათა შორის, ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა კლინიკური სიკვდილის შემთხვევები, თუმცა, ვერ გეტყვით, რა არის ამის მიზეზი.
– ერთ-ერთ უცხოურ გამოცემაში წერდნენ, ამის მიზეზი ბინაში შეტანილი ის ენერგეტიკაა, რომელსაც შეუძლია, ადამიანის ტვინი დროებით გათიშოს და სხვა სამყაროში გადაიყვანოსო. ამის შესახებ თქვენც გსმენიათ?
– რასაკვირველია, ეს მეც წავიკითხე და ზოგ საკითხში ვეთანხმები კიდეც სტატიის ავტორს. მაგალითად, ალბათ, ხშირად შეგიმჩნევიათ, რომ ერთ ოჯახში თავს მშვიდად და მყუდროდ გრძნობთ, მეორეში კი რაღაც გაწუხებთ, დისკომფორტს განიცდით. ასეთ სახლში თქვენ დროებით ხართ, მაგრამ, გიფიქრიათ, ვინც იქ ცხოვრობს და მუდმივად უწევს ამ დისკომფორტში ყოფნა, იმას რა მოსდის, რას გრძნობს? რა და, მუდმივად საშინელ დაღლილობასა და უხასიათობას. აი, სახლში, სადაც დისკომფორტს განიცდით, აბა, შეხედეთ კედელს, იქ ხომ არ კიდია დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ადამიანის ფოტო? ან, იკითხეთ, ხომ არ დევს გარდაცვლილის პირადი ნივთები, რომელსაც სულ თან ატარებდა, გამოსაჩენ ადგილას? ასეთი სურათები და ნივთები სახლში ქმნის ენერგეტიკულ ქსელს და მთელ სივრცეში აფრქვევს ისეთ უჩინარ სხივებს, რომლებიც იქ მყოფებზე მოქმედებს. დააკვირდით, სახლში, ნეგატიური ენერგიის დაგროვების არეში, მობილური ტელეფონი და რადიო ცუდად იჭერს, სუფთა გამოსახულებით არ აჩვენებს ტელევიზორი, სანთლის ალი კი ისე თამაშობს, თითქოს უნდა ჩაქრეს. მე როგორც ეზოთერიკოსი, გირჩევთ, სახლში არ შეიტანოთ ქუჩაში ნაპოვნი ნივთები, რადგან სხვისი ნივთი ყოველთვის ყოფილი პატრონის ენერგიას ატარებს და თქვენ არ იცით მისი პატრონის ენერგეტიკა; ასევე, დიდხანს ნუ დაკიდებთ გარდაცვლილთა ფოტოებს კედელზე, ნუ გამოფენთ მის ნივთებს თვალშისაცემად, სასაფლაოდან დაბრუნების შემდეგ კი აუცილებლად დაიბანეთ ხელ-პირი ცივი, გამდინარე წყლით. ამის გათვალისწინებით შეძლებთ, თავი აარიდოთ სახლში დამატებითი, უარყოფითი ზონების შექმნას. რასაკვირველია, ჩემი ნათქვამი გააღიზიანებს იმათ, ვისაც ოჯახის გარდაცვლილი წევრების სურათები უკიდიათ კედელზე და მეტყვიან, ეს მათი ხსოვნისა და პატივისცემისთვის არის აუცილებელიო. თუმცა, დაფიქრდით, ხომ არ ჯობია, გარკვეული დროის შემდეგ, დიდი სურათები კედლიდან ჩამოხსნათ, პატარა ფოტო დადოთ სახლის რომელიმე კუთხეში და ასე დაიცვათ ცოცხალი ოჯახის წევრები უარყოფითი ენერგიის ზემოქმედებისგან რეალურ ცხოვრებაში.