ქმარი და მეგობარი
მამაკაცები წინააღმდეგნი არ არიან, მათ მეუღლეებს მეგობრები ჰყავდეთ, მაგრამ, საკმარისია, საღამოს ცოლმა დაქალს დაურეკოს, რომ ქმარი უკმაყოფილოდ ჭმუხნის წარბებს და ნებისმიერი საშუალებით ცდილობს, მეუღლის ყურადღება მიიპყროს, რის გამოც ცოლს უჩნდება განცდა, რომ ქმარს სძულს მისი დაქალები. ბუნებრივი რეაქციაა, რადგან, ქმარი არც სტუმრად მოსულ ცოლის დაქალებს სწყალობს დიდად. არა, მათი საწინააღმდეგო თითქოს არაფერი აქვს, მაგრამ აღფრთოვანებას არ გამოხატავს. რატომ?!
ოჯახი – ეს არის ორგანიზმი, რომელიც თავისი, ინდივიდუალური წესებით ცხოვრობს. ცოლ-ქმარი ამ წესებს ერთად ადგენს და ამას შეუცნობლად აკეთებს, ეს თითქოს თავისთავად გამოდის. თუ წესები ორივესთვის მისაღებია, მაშინ ოჯახში თანხმობა სუფევს, ხოლო, როცა ამ თანხმობის ამრევად გამოდის ვიღაც სხვა, მაშინ ზარალდება ყველა. ზოგიერთ მამაკაცს მოსწონს ოჯახში ინტიმი – როცა ის მარტოა თავის ცოლთან ერთად, შექმნილი აქვს თავისი მიკროსივრცე და ამ იდილიის დამრღვევი ძალიან სძულს, მით უფრო, როცა მასთან საერთო ენას საერთოდ ვერ პოულობს და ბოღმიანად, თავისთვის კუთხეში მჯდარი ელოდება, როდის წავა მესამე ზედმეტი. არ არის საჭირო, ეჩხუბო ქმარს იმისთვის, რომ მას სხვასთან, თუნდაც დაქალთან არ უნდა შენი „გაყოფა.”
ქალური შეცდომები
ერთმანეთის აზრების, სურვილების ვერგაგებაა მიზეზი ქალსა და მამაკაცს შორის წარმოშობილი უთანხმოებისა. ხშირად მათ საერთოდ არ ესმით ერთმანეთის, არადა, გრძნობა აქვთ, ის არსად წასულა. რა უნდა ვქნათ, რომ საყვარელ ადამიანს გავუგოთ? ნუთუ ქალი და მამაკაცი იმდენად განსხვავებული არსებები არიან, რომ შეუძლებელია, ერთმანეთს გაუგონ?! როდის ვუშვებთ შეცდომებს, უფრო სწორად... სად ვუშვებთ შეცდომებს?! მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხშირად არასწორ ანალიზს და ნაჩქარევ დასკვნებს ვაკეთებთ. მამაკაცის საქციელს და სიტყვებს ისე ვიგებთ, როგორც ჩვენ გვინდა და არა ისე, როგორც სინამდვილეშია. შედეგად, ვიღებთ ქარიშხალს ჭიქაში და ყველაფერს ვართულებთ. ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ პასუხისმგებლობა ურთიერთობაში მარტო ქალებს ეკისრებათ.
თუ მამაკაცი სახლში ბოლო დროს ჩვეულებრივზე სიტყვაძუნწია და კონტაქტშიც აღარ შემოდის, სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენზეა გაბრაზებული. როცა ასეთ დროს პრეტენზიული და ჭირვეული ტონით იწყებთ მასთან ლაპარაკს, ცეცხლზე ნავთს ასხამთ. უბრალოდ, უნდა ჰკითხოთ, რა მოხდა და მოუსმინოთ. შეცდომაა, როცა ადანაშაულებთ იმას და წუწუნებთ, რომ არ ესმის თქვენი. მტკივნეულია და რთული, როცა საუბარი გინდა, მაგრამ არავინ გისმენს, მაგრამ მოსმენის სურვილი უნდა გაუჩინოთ. ამის მიღწევა შეიძლება. მთავარია, ჩვეული ქალური შეცდომები არ დაუშვათ.
წაიკითხე და
დაიმახსოვრე...
* გიყვარდეს, პატივს სცემდე და აქებდე შენს საყვარელ მამაკაცს, ნიშნავს იმას, რომ თავადაც ფრთაშესხმული დაიარებოდე. აქ ყველაზე კარგად მუშაობს ბუმერანგის პრინციპი. ბედნიერებაც იქვე ახლოსაა და გულიც სიხარულით ივსება... ანუ, თუ გინდა ბედნიერებისგან ფრთაშესხმულმა იფრინო, ჯერ შენ გვერდით მდგომს შეასხი ფრთები...
* მამაკაცი უნდა გიყვარდეს და არ შეამოწმო, თვითონ რა დოზით უყვარხარ, ამან შეიძლება, თქვენი სიყვარული დააზიანოს. მამაკაცს უყვარს თავისუფლება, შეეცადეთ, ქორწინებაშიც თავი თავისუფალი ეგონოს...
* ზოგჯერ ბედნიერებაა ის, როცა მთელი ოჯახი ტელევიზორის წინ ზიხართ ერთად და კარგ ფილმს უყურებთ.
* ბედნიერი ქორწინების საიდუმლო რაშია? განცდაში, რომ თქვენ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილნი. ერთი მიზანი გამოძრავებთ და ერთმანეთს ზურგს უმაგრებთ.
* ქორწინება მუდმივი კომპრომისია. ამის გარეშე წყვილის ერთად ცხოვრება წარმოუდგენელია. სხვანაირად დაირღვევა ურთიერთმიზიდულობის პრინციპი.
* არასოდეს დაკარგოთ ინტერესი ერთმანეთის მიმართ. ისწავლეთ, როგორ იჩხუბოთ და როგორ შერიგდეთ ჩხუბის შემდეგ. როცა ცოლ-ქმარს გასარკვევი არაფერი აქვს და აღარც ჩხუბობს, ეს იმას ნიშნავს, რომ სიყვარული მოკვდა.
თანამედროვე ქალი
თანამედროვე ქალი ნაკლებად უფრთხილდება პირად ბედნიერებასა და ოჯახს. შეიძლება, ეს მისი მხრიდან ქორწინებისადმი ზერელე, ზოგჯერ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით აიხსნას. ხომ რეალობაა ის, რომ შემდგარი ქალი გაცილებით თავდაჯერებულია და იცის, რა არის მისთვის კარგი. საკუთარი შესაძლებლობის სწორად აღქმა და თვითრეალიზაციისკენ სწრაფვა ძალიან კარგია, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს იმ ადამიანთან ურთიერთობას, რომელიც, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების მთავარი ადამიანი იყოს.
არცთუ ცოტაა ისეთი შემთხვევა, როცა განქორწინების ინიციატორად ცოლი გვევლინება. რატომ? იქნებ იმიტომ, რომ ქალებში ნელ-ნელა ინგრევა ძველი სტერეოტიპები. მაგალითად, ის, რომ კაცს ყველაფერი ეპატიება, რომ ქმრის გარეშე ქალი დაიღუპება... რას იტყვიან მეზობლები... თავისუფლების განცდა თანამედროვე ქალისთვისაც მომხიბვლელი გახდა. მათ ნაკლებად იზიდავთ ჩვეულებრივი, სტანდარტული დიასახლისის როლი... ფიქრობენ იმაზე, რომ ჰქონდეთ საკუთარი ფული და მყარად იდგნენ ფეხზე. მამაკაცები მეტ-ნაკლებად ხვდებიან, რას წარმოადგენს თანამედროვე ქალი. თუმცა, არ უნდათ, აღიარონ მოცემული რეალობა. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ თანამედროვე ქალი საშიში არ არის და თუ გაუგებ მას, მიიღებ ისეთს, როგორიც არის. მისი სახით ერთგულ, ჭკვიან და საიმედო პარტნიორს იპოვი.