როგორ ამოვიცნოთ ადამიანის ბუნება მისი პარფიუმერიული გემოვნების მიხედვით
ყოველი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ პიროვნებას სურნელის დამახასიათებელი გემოვნება აქვს. თუ თქვენი საყვარელი ადამიანისთვის სუნამოს შერჩევა გსურთ, უნდა იცოდეთ, როგორი არომატი შეურჩიოთ, რადგან, პარფიუმერიული გემოვნება ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანისთვის განსხვავებულია და ამის ცოდნა აუცილებელია.
ზოგადად, კუროს, ლომის, მორიელისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანები ამჯობინებენ მდგრადი სურნელების მქონე პარფიუმერიას, რომელიც გარკვეული დროის გასვლის შემდეგაც არ ქრება. ვერძის, კირჩხიბის, თხის რქისა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულები მეორე ადამიანს აფასებენ მისი სურნელის შეგრძნების პირველივე შთაბეჭდილებით; ტყუპები, ქალწულები, მშვილდოსნები და თევზები კი ამჯობინებენ, დაისხან ისეთი სუნამო, რომელიც მათი ქუჩაში გავლის შემდეგ კვალს ტოვებს და სხვებისთვის შესამჩნევია.
ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მკვეთრი სურნელი უყვართ. ხშირად უპირატესობას სპორტულ ხაზს ანიჭებენ. მათთვის არომატში მთავარია იმპულსი და ინდივიდუალობა. ვერძებს სუნამო გარშემო მყოფებისგან უნდა გამოარჩევდეს, რათა ყველამ შეიგრძნოს მისი სურნელი და დაინახოს, რამდენად განსხვავებული, ქალური, ძლიერი და, ამავდროულად, ნაზი არსებაა.
კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მოტკბო სურნელი უყვართ. უპირატესობას ანიჭებენ ყვავილების, ხილის არომატსა და ბალახების კომპოზიციას. ხშირად იციან ამოჩემება და რომელიღაც ერთ არომატს ვერ ელევიან. ასტროლოგიურად ისინი „ტკბილი” ადამიანების სიაში შედიან. ასევე, იზიდავთ, ვანილისა და პუდრის სურნელი.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ხშირად იცვლიან სუნამოებს. ამ მხრივ ერთფეროვნება მათ აღიზიანებთ. ძირითადად, აფასებენ მოდურ ბრენდებს და ყოველთვის იციან, რა დროს რა უნდა იპკურონ, რომ გარემოებას მოერგონ და არც გარშემო მყოფები გააღიზიანონ თავისი პარფიუმერიით.
კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი სუნამოს არჩევისას განწყობაზეა ორიენტირებული და ამიტომ არასდროს იცის, რა არომატი სურს. ცვალებადი გემოვნების გამო მას ბევრი პარფიუმერიის შეძენა უწევს. თუმცა უპირატესობას მაინც ბუნებრივ, სადა არომატს ანიჭებს.
ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები პარფიუმერიული ნაწარმის არჩევისას კაპრიზულები არიან. ყოველთვის უნდათ რაღაც განსხვავებული, ძვირფასი და დახვეწილი. ცდილობენ, არომატის მაგიური ძალით მოხიბლონ გარშემო მყოფები და ამით შეუქმნან შთაბეჭდილება.
ქალწულები კოსმეტიკითა და სუნამოთი საკმაოდ დელიკატურად სარგებლობენ, რადგან უპირატესობას სუფთა სხეულს ანიჭებენ. თუ მათთვის საჩუქრად გადაწყვეტთ პარფიუმერიის შერჩევას, გირჩევთ, უპირატესობა მიანიჭოთ ნაზად შესაგრძნობ არომატს.
სასწორები დიდ ყურადღებას ანიჭებენ სილამაზესა და გარეგნობას. უყვართ ზომიერების დაცვა და ცდილობენ, საკუთარი სუნამოს სურნელით არ გააღიზიანონ სხვები. უპირატესობას ანიჭებენ მშვიდ, მსუბუქ და დახვეწილ სურნელს.
მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს ისეთი სუნამო უყვარს, რომელიც ხაზს უსვამს მის სექსუალურობას, მიმზიდველობასა და პიროვნულობას. ამით ცდილობს, გარშემო მყოფები თავისი არომაგიის მახეში გააბას. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს უნდა შეურჩიოთ უჩვეულო, მისტიკური პარფიუმი, რომელიც, აღმოსავლური არომატით გაჯერებული, ერთდროულად გამჭოლიც იქნება და ტკბილიც.
მშვილდოსნებს უყვართ სუნამოების ხშირი ცვლა. მიაჩნიათ, რომ ერთი და იმავე სურნელი მომაბეზრებელია. უპირატესობას ანიჭებენ ცნობილ ბრენდებსა და პრესტიჟულ პარფიუმს. ყოველთვის მზად არიან, საკუთარ სხეულზე „გამოსცადონ” ახალი სურნელი. ასე რომ, შეგიძლიათ, მათთვის შეარჩიოთ როგორც ტკბილი, ასევე, გრილი არომატის სუნამო.
თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები დიდ ყურადღებას აქცევენ ისეთ სურნელს, რომლითაც კიდევ უფრო გამოიკვეთება მათი ქალურობა. უყვართ კლასიკური ბრენდები და არომატები; არ უყვართ სუნამოების ცვლა და, თუ „თავისი” არომატი აღმოაჩინეს, შესაძლოა, მას დიდხანს ვეღარც შეელიონ.
მერწყულები ყურადღებით აკვირდებიან მოდის ტენდენციებს, ყოველთვის იციან, რა სურნელია მოდაში და სწორედ ამის მიხედვით ირჩევენ პარფიუმერიულ ნაწარმს. უყვართ ექსპერიმენტები და, შეუძლიათ, დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა არომატის სუნამო იპკურონ.
თევზები ისეთ სურნელს ანიჭებენ უპირატესობას, რომელიც მათ სინაზესა და სისუსტეს უსვამს ხაზს. ამით ისინი ადვილად აბამენ მახეში საპირისპირო სქესს. ხშირად იცვლიან გემოვნებას და, შეუძლიათ, ისეთი სუნამოც კი იპკურონ, რომელიც აღარ არის მოდაში, მაგრამ რომანტიკულ მოგონებებს აღძრავს მათში.