მკვლელი ყინული
ვინიტს საგამომძიებლო საქმე ყოველთვის იზიდავდა, თუმცა კრიმინალისტი ვერ გახდა. ახლობლები ზედმეტი ცნობისმოყვარეობისთვის კიცხავდნენ, მაგრამ მას ეს არ ადარდებდა. მათ მეზობლად მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ კი მაშინვე უამრავი ეჭვი გაუჩინა – კელვინ ჰასკეტი ქვრივი იყო. დიდი ქონება დაუგროვდა და იმ არემარეში ერთ-ერთ საუკეთესო ვილაც ჰქონდა. ასაკში რომ შევიდა, მემკვიდრედ დისშვილი – ჯულიუს ბარკერი გამოაცხადა. ჯულიუსი ბიძასთან არ ცხოვრობდა და, როგორც ხმები დადიოდა, საკმაოდ თავაშვებულ ცხოვრებასაც ეწეოდა. ამ ხმებმა მდიდარ ბიძამდეც მიაღწია. კეთილშობილმა ბატონმა დისშვილი თავისთან დაიბარა და შესთავაზა, ვილაში რამდენიმე დღე დარჩენილიყო – ეტყობა, აპირებდა, აზრზე მოეყვანა და ცხოვრებაზე ჩაეფიქრებინა. ვილა მთებში იყო და, ფაქტობრივად, ქარაფზე იდგა. ბიძა-დისშვილი მარტონი იყვნენ. წელიწადის ამ დროს კელვინ ჰასკეტი საზამთრო სახლში ატარებდა ხოლმე, დაბაში. შესაბამისად, ვილაში მსახურები არ იყვნენ, მხოლოდ მზარეული გამოიძახეს, რომელმაც რამდენიმე დღის სამყოფი საკვები დაამზადა და უზარმაზარი მაცივარი გამოტენა. იმ დღეს სტუმარსა და მასპინძელს დასალევი გამოელიათ. ჯულიუსი დაბაში ჩამოვიდა, მაღაზიაში სასმელი იყიდა და იქვე ბარში შეიარა, სადაც რამდენიმე ჭიქა ვისკის დალევის შემდეგ ბილიარდის თამაშში ისე გაერთო, რომ დრო შეუმჩნევლად გაეპარა. საათს რომ დახედა, ძალიან შეწუხდა – ბიძია რატომ ვალოდინეო, მაგრამ უბედურება უკვე მომხდარი იყო და ამის შესახებ ჯულიუსს პოლიციამ პირდაპირ ბარის დახლთან შეატყობინა.
თვითმხილველებმა დაინახეს, როგორ გამოვიდა კელვინ ჰასკეტი მანქანით ეზოდან. საჭესთან რომ ნამდვილად ის იჯდა, ამასაც ადასტურებდნენ და, ისე, რომ არ მოუხვია, პირდაპირ დაეშვა თავდაღმართზე ქარაფისკენ. მანქანა გადავარდა. კელვინ ჰასკეტი ავტომობილში მკვდარი იპოვეს. ვინიტს მაშინვე გაუჩნდა რამდენიმე შეკითხვა. ის დაუზარებლად გაიქცა შემთხვევის ადგილზე. პოლიციელები ასეთ აქტიურობას არ უშლიდნენ, პირიქით, ხშირად დიდ მნიშვნელობასაც ანიჭებდნენ მის მოსაზრებებს, რადგან ვინიტს ალღოც ჰქონდა და ინტუიციაც. სახლში დაბრუნებულმა, დას, ტეტჩერს, ქუსლმობრეცილი ფეხსაცმელი უჩვენა და თავი სინანულით გადააქნია:
– ორმოში ჩამივარდა. კიდევ კარგი, ფეხი არ მოვიტეხე. მოკლედ, ეს უბედური შემთხვევა არ არის და პოლიციელებს უკვე მივუთითე რამდენიმე საეჭვო გარემოებაზე... დავიწყო?
– მიდი! – წააქეზა დამ და ამოიოხრა.
– პირველი: ყველა მოწმე ამბობს, რომ კელვინს დამუხრუჭება არც უცდია, პირდაპირ ქარაფში ჩავარდა. არადა, მანქანა გაუმართავი არ იყო. ავტომობილში ავტოგასამართი სახელოსნოს ჩეკები ვიპოვეთ. სამუხრუჭე სისტემაც, კონდიციონერიც, სხვა სისტემებიც სრულ წესრიგში იყო მოყვანილი. საბურავებიც დაბალანსებული ჰქონდა. რა შეიძლებოდა მომხდარიყო? კელვინი თავს რომ არ მოიკლავდა, ფაქტია.
– აბა, რა მოხდა?
– ეჭვი ჯულიუსზე მაქვს. აშკარაა, რომ ბიძის სიკვდილი მის წისქვილზე ასხამს წყალს. სხვათა შორის, მანქანის შეკეთების ჩეკებზეც ჯულიუსის ხელმოწერაა. ალიბი ყველანაირად გაინაღდა, მაგრამ ის ჩემს თვალში მაინც მკვლელია.
– პოლიციელები მაგ ვერსიას არ გაიზიარებენ, – გაეღიმა ტეტჩერს.
– ვიცი. ამიტომ უნდა ვიფიქრო, ბევრი უნდა ვიფიქრო და მკვლელობის სრული სურათი აღვადგინო. შეიძლება, რომ ხუთი წუთის დაქოქილი მანქანის მოტორი ავარიის შემდეგაც კარგა ხნის განმავლობაში იყოს თბილი?! ამას გარდა, მანქანაში გათბობა იყო ჩართული, მინები კი – ბოლომდე ამოწეული, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ უჩვეულოდ თბილი ამინდებია ამ დროისთვის.
– მანქანა უკვე ამოიტანეს ზემოთ? რა დაზიანებები აქვს გარდაცვლილს? – დაინტერესდა ტეტჩერი.
– თავი აქვს გახეთქილი. უჩვეულო არაფერია ამაში, მანქანის წინა ნაწილი ძალიან დაიმტვრა.
– იქნებ მანქანას მაინც სჭირდა რაღაც?
– არა-მეთქი. ექსპერტმაც თქვა, რომ გამართული იყო. არც კელვინს სჭირდა რამე. რატომ არ მოუხვია, რატომ გადავარდა პირდაპირ? დავუშვათ, ჯულიუსმა ბიძა მოკლა, მკვდარი მიუსვა საჭეს და მერე დაქოქილი მანქანა გამოუშვა გზაზე.
– ჰო, მაგრამ, მაშინ თავადაც იქ უნდა ყოფილიყო, ან დამხმარე ჰყოლოდა.
– არა, დამხმარე დაივიწყე. ჯულიუსი ძალიან ეშმაკი და ჭკვიანია. ფაქტია, რომ მან ყველა დეტალი ბოლომდე გაითვალისწინა, ადვილად არ გაებმება. პოლიციელებს უნდა ვთხოვო, რომ ვილაში შემიშვან. ახლა თავადაც იქ არიან... – ფიქრიანად ჩაილაპარაკა ვინიტმა, – იქნებ, რამე ხელჩასაჭიდი ვიპოვო.
სანამ ვინიტი ვილაში მივიდოდა, ისევ ჩაჰკრა ფეხსაცმლის ქუსლი ორმოში და ამჯერად თითქმის მთლიანი ფეხსაცმელი დაუსველდა. ამან გააოცა – მთელი კვირა ნამიც კი არ ჩამოვარდნილა და რას უნდა დაეგროვებინა წყალი გუბეში? უცებ ვინიტს გონება გაუნათდა. აღფრთოვანებული შევარდა ვილაში და ინსპექტორს მივარდა:
– მზარეული აქ არის? დიდი მაცივარიც მაჩვენეთ. მაინტერესებს, რამხელა საყინულე აქვს.
– რა მოხდა? – ჰკითხა ინსპექტორმა.
– მგონი, ვიცი, როგორ მოკლა ჯულიუსმა ბიძამისი.
– ისევ მაგაზე ფიქრობთ?
– ერთი წუთითაც არ მიფიქრია სხვა რამეზე. ჯულიუსს ისედაც ეტყობა, როგორი ნაძირალაა. მზარეულს უკვე ველაპარაკე. მითხრა, რომ უზარმაზარი საყინულე ჯულიუსის მოთხოვნით გამოიწერეს. საინტერესოა, რისთვის სჭირდებოდა?
– ოღონდ, არ მითხრათ, რომ იქ ბიძამისის გვამი უნდა შეენახა, – გაეღიმა ინსპექტორს.
– არა. გამოცანის გასაღები ჩემმა ფეხსაცმელმა მაპოვნინა.
– რა?! – ინსპექტორმა გაოცებით შეხედა გამხიარულებულ ქალს.
– ჰო, ორ კითხვაზე მაქვს პასუხი: რატომ იყო მანქანის მოტორი ასე დიდხანს თბილი? – იმიტომ, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში იყო დაქოქილი. რატომ იყო ორმოში წყალი? – იმიტომ, რომ იქ ის საიდანღაც აღმოჩნდა.
– საიდან?
– ყინული... უზარმაზარი საყინულე... – ვინიტმა მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა, – ახლა მკვლელობის ზუსტ სურათს აღვწერ: ჯულიუსმა ბიძას თავი გაუჩეხა... მანქანა დაქოქა და ისე გააჩერა, რომ წინა ბორბალი გზაზე წინასწარ ამოთხრილი ორმოს წინ ყოფილიყო. საყინულიდან უზარმაზარი ყინული აიღო, ბორბალს დაბრკოლებად დაუდო და გვამი საჭეს მიუსვა. შემდეგ კონდიციონერი ჩართო და კარიც მიუხურა, თავად კი დაბაში გაემგზავრა და დაელოდა. ყინული მზის სითბოსა და კონდიციონერის გავლენით დადნა, ბორბალი გათავისუფლდა და მანქანა ქარაფისკენ გააქანა... მოტორი, ბუნებრივია, გაცხელდა... ორმოში კი გამდნარი ყინულისგან წყალი დარჩა... ყველაფერი გასაგებად განვმარტე?
ინსპექტორი პირდაღებული მისჩერებოდა, ვინიტი კი ეშმაკურად იღიმებოდა:
– ჯულიუსი თავად აღიარებს დანაშაულს, თუ ამ ყველაფერს მოუყვებით.