კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღალატი სიყვარულისთვის

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-40(771)

 ბედნიერება ნაძვის ხის ძვირფასი სათამაშოსავით მყიფეა. საკმარისია, მისი ახლოდან დათვალიერება მოინდომო, მაშინვე ხელში ჩაგემსხვრევა და, შეიძლება, სისხლიც კი გადინოს...
ანამ ფრთხილად გააღო მანქანის კარი და ნელა მოთავსდა სავარძელზე. მუცელზე ღვედი გაჭირვებით შეიკრა და, ის იყო, საკეტში გასაღების გადატრიალება დააპირა, რომ ფანჯრის მინაზე ვიღაცამ მიუკაკუნა.
ლაშა იღიმებოდა და ხელით ანიშნებდა, მინა ჩამოწიეო.
– რა გინდა? – უკმეხად ჰკითხა ანამ.
– რას ნიშნავს, რა მინდა? ორი დღეა, გირეკავ და არ მპასუხობ. ვიფიქრე, უკვე ხომ არ გააჩინა-მეთქი.
– ჯერ ერთი თვე კიდევ მაქვს.
– ჰო?! ეტყობა, ცუდად დავთვალე.
– აჰა, ითვლი კიდეც? საინტერესოა, რისთვის, ჩვენ შორის ხომ ყველაფერი მორჩა? გასარკვევი და გასარჩევი აღარაფერია, არც აღარაფერს გთხოვ. მშვიდად იცხოვრე. შეგიძლია, ჩემი მობილურის ნომერიც წაშალო შენი ტელეფონიდან.
– როდის გაგივლის ჩემ მიმართ აგრესია? უკვე მართლა აღარ ვიცი, რა გავაკეთო, რომ შემირიგდე.
– შეგირიგდე და ისე მოვიქცე, თითქოს არაფერი მომხდარა? რისთვის? – მხრები აიჩეჩა ანამ, – მე უკვე შევეგუე იმას, რომ მარტოხელა დედა ვიქნები.
– მოიცა, მარტოხელა დედა რას ნიშნავს, ბავშვს ჩემი გვარი არ ექნება?
– არა, ჩემი გვარიც ეყოფა.
– ჩემთვის რომ არ გიკითხავს? – შეცბა ლაშა.
– რატომ უნდა მეკითხა? ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო.
– მე არ ვარ წინააღმდეგი, ბავშვმა ჩემი გვარი ატაროს, – ყოყმანით თქვა ლაშამ.
– დარწმუნებული ხარ, რომ გინდა ეს? რაღაც, არ გეტყობა, – ირონიულად გაეცინა ანას, – ისეთი გამომეტყველება გაქვს, თითქოს გეშინია, არ დაგეთანხმო.
– რა სისულელეა! ბოლოს და ბოლოს, ხომ ჩემი შვილია?
– არა, აშკარად ეჭვი გეპარება, აშკარად... მიდი, რა, წადი... ხომ არ შემიწუხებიხარ ამდენი ხანია და, გპირდები, კიდევ არ შეგაწუხებ.
– საქმე შეწუხებაში არ არის. მინდა შენთან ურთიერთობა, მენატრები.
– მართლა? მაინც, დღის რომელ მონაკვეთში გენატრები, უძილობა რომ გეწვევა ხოლმე, მაშინ? აი, მე კი საერთოდ არ მენატრები.
– არ მჯერა, – თავი გააქნია ლაშამ.
– ვითომ რატომ?
– იმიტომ, რომ გიყვარვარ. დარწმუნებული ვარ. ის აგრესია და გაღიზიანება, რომელიც ჩემ მიმართ კიდევ გაქვს, ამ ეჭვს მხოლოდ მიმყარებს.
– რამდენი გიფიქრია, ლაშა, ჩემზე, რა ხდება? – დასცინა ქალმა, – მოკლედ, წავედი, სამსახურში მაგვიანდება.
– კიდევ მუშაობ? ამ მდგომარეობაში? – გაოცდა ლაშა.
– დიახ, ვმუშაობ და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. სახლში უფრო ვერ გავჩერდები. შეიძლება, ჭკუიდან შევიშალო.
– იცი, რა ვიფიქრე? საღამოობით მოგაკითხავ ხოლმე და სადმე გავისეირნოთ, სუფთა ჰაერზე.
ანამ გაოცებით შეხედა:
– გული ამიჩუყდა შენი ასეთი მზრუნველობით.
– სერიოზულად გეუბნები.
– კარგი. მომაკითხე, – დათანხმდა ქალი.
– მართლა? – ეჭვით შეხედა ლაშამ.
– ჰო. თუმცა, ვიცი, რომ ამას ისე მეუბნები.
– ანუ, მომსვლელი არ ვარ? ამის თქმა გინდა? დაგიმტკიცებ, რომ ცდები.
– ვნახოთ, – ირონიულად გაიღიმა ანამ.
– და, ბავშვსაც გვარს მივცემ.
– ჯერ შევხედავ, როგორ მოიქცევი...
***
დერეფანში მიმავალ ანას ირინკამ მაშინ მოჰკრა თვალი, როცა ის უკვე თავის კაბინეტში შედიოდა და გაოცებისგან წაუსტვინა. ოთახში შესულმა სოფოსთან მიირბინა და აჟიტირებულმა მთელი ემოცია ამოაფრქვია:
– გადავირიე... ძლივს ვიცანი... შენ ნახე?
– ვინ უნდა მენახა, რა აფორიაქებული ხარ, რა მოხდა?
– ანაზე გეუბნები. კაბინეტში რომ შევიდა, მაშინღა მივხვდი, რომ ეგ იყო. რა უქნა თავს? სულ შეცვლილია...
– უქნა კი არა, ძალიან მაგარ ვიდზეა, აღიარე.
– ჰო, ვაღიარებ. ფანტასტიკურად გამოიყურება. მართლა.
სოფომ კმაყოფილმა გაიცინა:
– ესე იგი, ჩემს შრომას ფუჭად არ ჩაუვლია.
– შენ რა შუაში ხარ?
– როგორ თუ რა შუაში ვარ? ორი დღე დავყვებოდი. მაგრად გამოიყურება. ძალიან მოუხდა ყველაფერი, რაც შევარჩიეთ.
– თმაც სხვანაირად აქვს და ეგეც ძალიან უხდება. სულ ვამბობდი, რომ ნებისმიერ ქალს შეუძლია, იყოს შოკის მომგვრელი და ეფექტური-მეთქი.
– ანა ისედაც ეფექტური იყო.
– ჰო, მაგრამ, ეს სტილი ისე მოუხდა, სიტყვები არ მყოფნის.
– შედი და უთხარი, – წააქეზა სოფომ.
– არა, რა საჭიროა.
– რატომაც არა, გაუხარდება.
– მერე ვეტყვი, როცა შევხვდები. თან, დღეს ბევრი საქმე მაქვს. ისეთი რაღაც დამავალა...
– ვიცი. სოსო უნდა აღზარდო და გამოასწორო, – სიცილი აუტყდა სოფოს, – გეგმა უკვე გაქვს? გეხვეწები, მითხარი, რის გაკეთებას აპირებ. ვკვდები, ისე მაინტერესებს.
ირინკა უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა:
– რა გეგმა, რა სისულელეს მეკითხები... ამხელა კაცს ვუთხრა, ქალებს და, მით უმეტეს, შენს თანამშრომლებს, მშიერი მგელივით ნუ უყურებ-მეთქი? მაინც, როგორ წარმოგიდგენია ეს ამბავი...
სოფომ მხრები აიჩეჩა:
– უთხარი, რესპექტაბელური ექიმის იმიჯს გიქმნით და ცოტა თავშეკავებულად მოიქეცი-თქო.
– ეგეც მაშინვე გაითვალისწინებს... – ამოიოხრა ირინკამ, – ეგრევე არშიყს დამიწყებს და მაგის ნერვები მაქვს?!
– არ გინდა, თორემ, არ გაგიჭირდებოდა სოსოს თავიდან მოშორება. შენც უღიმი და იმედს აძლევ.
– იმედის რა მოგახსენო, მაგრამ, „იმას“ რომ არ მივცემ, ზუსტად ვიცი. ვხალისობ კლიმაქსის ასაკში მყოფ კაცებზე – თავიანთი კაცობის ნარჩენებს რომ ებღაუჭებიან, ძალიან სასაცილოები არიან.
– ჰო, აბა რა... იმხელა ნერწყვს ყლაპავს ხოლმე ეგ სოსო შენს დანახვაზე, ერთხელაც იქნება, დაიხრჩობა.
– დაიხრჩოს მერე, რა მენაღვლება, – მხრები აიჩეჩა ირინკამ და გაიზმორა, – გუშინ ისეთი სექსი მქონდა...
სოფო გაწითლდა.
– აუცილებელი იყო, გეთქვა? – უსაყვედურა და უხერხულად შეიშმუშნა.
– რა პრობლემაა. თავისუფალი ქალი ვარ და სექსიც თავისუფალ კაცთან მქონდა...
– ანუ, შთაბეჭდილებების გაზიარება გინდა?
– ჰო, რა ვიცი... ძალიან მაგარი ტიპია.
– ეგ უკვე იმდენჯერ მითხარი, სათვალავი ამერია.
– მართლა მომწონს.
– თუ გიყვარს? დააზუსტე.
 – სიყვარული სისულელეა, მხოლოდ პრობლემებს ქმნის და საღად აზროვნების უნარს აქვეითებს. მე კი მინდა, როცა ოჯახს შევქმნი და არჩევანს გავაკეთებ, კარგად ნაფიქრი და გააზრებული მქონდეს.
– მოიცა, ვერ მივხვდი, მაგ ტიპზე გინდა გათხოვება?
– ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ მაქვს, მაგრამ, მგონი, უარს არ ვიტყოდი.
– შენ არ ამბობდი, ოჯახი ჩემნაირი ქალებისთვის არ არის მოგონილი... თეთრი კაბა, ბეჭდები და საქორწინო ფიცი ფარსია და ამ ყველაფერზე მხოლოდ მეცინებაო?! – შეახსენა სოფომ ულმობელი ღიმილით.
– ჯერ ერთი, არანაირი თეთრი კაბის ჩაცმას არ ვაპირებ და, მეორეც – ფიცის გატეხაც ყოველთვის შეიძლება.
– ეგ როგორ? – ვერ მიხვდა სოფო, – მაშ, რიღასთვის თხოვდები?
– მოვსინჯავ, იქნებ მომეწონოს კიდეც, – ჩაიკისკისა ირინკამ, – საინტერესო კაცია, ჯერ ბოლომდე ვერ შევისწავლე და ეს აზარტში მაგდებს.
– ქორწინება ტოტალიზატორში თამაში არ არის, სერიოზული ურთიერთობაა. ძალიან უპასუხისმგებლო უნდა იყო, რომ „იქნებ მომეწონოს“  კარნახით გათხოვდე.
– მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ქორწინება ზუსტად ტოტალიზატორში თამაშია. თუ ქალი ამას მიხვდება, ცხოვრებას მხოლოდ გაიადვილებს.
– რა  გინდა მაგით თქვა, რომ მე მოვიგე ან წავაგე გათხოვებით?
ირინკამ მხრები აიჩეჩა:
– ეგ შენ უნდა იცოდე. მე ჯერ არც წამიგია, არც მომიგია, ფსონსაც კი არ ჩამოვსულვარ, მხოლოდ ვაპირებ. მაგრამ, ჯერ კიდევ უნდა დავფიქრდე.
– ის რას ამბობს?
– ვინ ის? – გაუკვირდა ირინკას.
– ნუ, ის, ვისზეც ფსონს უნდა ჩამოხვიდე. უნდა შენი ცოლად შერთვა? „შეაბი” უკვე?
– რა მეჩქარება? როცა დავრწმუნდები, რომ წვალებად ღირს, „შებმაც” არ გამიჭირდება, – თავდაჯერებული ტონით განაცხადა ირინკამ.
– ასე ადვილია?
– ისე მეკითხები, თითქოს შენი ქმრის შებმაზე არ გემუშაოს.
– „შებმაზე მუშაობა“ რა უბედურებაა, შემიყვარდა და იმასაც შევუყვარდი, – იუკადრისა სოფომ, – დავინახეთ ერთმანეთი და მაშინვე მივხვდით, რომ უერთმანეთოდ ჩვენს ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა.
– ეგ ყველაფერი ლირიკაა. არ მიკვირს, ქმართან პრობლემები რომ გაქვს, – წამოსცდა ირინკას და მაშინვე ინანა. სოფოს თვალები გაუფართოვდა, ერთიანად გაწითლდა და აიფოფრა.
– საიდან დაასკვენი, რომ ქმართან პრობლემები მაქვს? – ჰკითხა აგრესიული, გამომწვევი ტონით.
– რა ვიცი, ისევ შენი სიტყვებიდან გამომდინარე, – მოჩვენებითი სიმშვიდით აიჩეჩა ირინკამ მხრები და შემრიგებლურად გაუღიმა, – გასაბრაზებლად არ მითქვამს.
– ისეთი პრობლემები, როგორიც მე და ჩემს ქმარს გვაქვს, ყველა წყვილს აქვს და სრულიად ჩვეულებრივი ამბავია. მეორედ აღარ მითხრა ასეთი სისულელე!
– მართლა არ ვაპირებდი შენს გაბრაზებას, არც მიფიქრია. უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რაც ნაკლებად შეიჭრები ილუზიებში, უფრო ბედნიერი იქნები-მეთქი.
– ძალიან რეალურად ვაფასებ ჩემს ცხოვრებას და ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობასაც. ნიკა ზოგჯერ ისეთი საყვარელია... სულელი არ ვარ, ვერ ვხვდებოდე, რომ ოჯახური ცხოვრება შეყვარებულობის პერიოდის დღეებივით ფერადოვანი ვერ იქნება და, თან, არც მე ვარ „საჩუქარი“.
– ჰო, რა თქმა უნდა, – ნაჩქარევად დაეთანხმა ირინკა და სცადა საუბრის თემა შეეცვალა: – დღესვე შევუდგე სოსოსთან „მუშაობას” თუ ორშაბათამდე გადავდო ეს ამბავი? იქნებ, რამე მოვიფიქრო.
– შენი ნებაა, მე რატომ მეკითხები? – უკმეხად მიუგო სოფომ და მობილურს სტაცა ხელი: – ნიკა! იცი, რა ვიფიქრე, საყვარელო? დღეს ხომ პარასკევია, არ გინდა, სადმე წავიდეთ და ვივახშმოთ? ცოტა დავლიოთ კიდეც... მერე რა, რომ ორივე მანქანით ვართ... კი არ დავთვრებით, ცოტას დავლევთ, რელაქსაციისთვის. ბავშვთან დედაჩემი მივა. ახლა დავურეკავ... ვახოსაც ეტყვი? პრინციპში, რატომაც არა. კარგი, დაველაპარაკები ანას... ჰო, საყვარელო, შენ ყველაზე, ყველაზე კარგი ქმარი ხარ, არაფერი, მერე ვილაპარაკოთ მაგაზე. რა თქმა უნდა, მიყვარხარ, – სოფომ მობილური გათიშა, – ესეც ასე, დღეს სადმე ვივახშმებთ და შაბათ-კვირისთვის რამეს მოვიფიქრებ.
– მშვენიერი გადაწყვეტილებაა, – მოუწონა ირინკამ და გაიფიქრა, „მით უმეტეს, თუ  ამას ჩემს დასანახავად არ აკეთებთ“.
სოფომ კომპიუტერი „დააძინა“ და ადგა.
– ანას შევუვლი... ისე, მეც არ მაწყენდა სტილის შეცვლა და გარდერობის განახლება – ნიკა უნდა გავაოცო.
ირინკამ ოთახიდან გასულ სოფოს გახედა და ამოიოხრა... შეიძლება, გულის სიღრმეში შეეცოდა კიდეც...
***
ვახო ბოლთას სცემდა და შესამჩნევად ნერვიულობდა. ნიკამ მხარზე დაადო ხელი და გამამხნევებლად გაუღიმა:
– რა გჭირს? შენ რა, ნერვიულობ? არ გრცხვენია?
– ბიჭო, კი არ ვნერვიულობ, რაღაც ისე ვარ... აი, როგორ აგიხსნა... პატარა აღარ ვარ და არც გამოცდილება მაკლია, მაგრამ... რომ არ მოვიდეს?
– რატომ არ უნდა მოვიდეს? სოფომ მითხრა, დამთანხმდაო. უკვე მალე მოვლენ.
– ხომ შეიძლება, ბოლო წუთს გადაიფიქროს?
– აუ, მოისვენე, რა! ასე რამ გადაგრია? ჩვეულებრივი ქალია, არ იკბინება, არ იღრინება.
– ნუ მეკაიფები, ხომ გითხარი, რაღაც მოხდა-მეთქი. შეიძლება, ვცდები, მაგრამ, ბედისწერის ხელი ურევია ამ ამბავში.
ნიკა ახარხარდა:
– გაგიჟდი, ხო?! ბედისწერა არა, მკითხაობა და ვარსკვლავების განლაგება კიდევ... მშვენიერი ქალია, მაგრამ, ისეთიც არა, რომ თვალები დაგბნელებოდა.
– იცი, რას გეტყვი? მაგ ღადაობას მორჩი და დამეხმარე.
– გეხმარები, აბა, რას ვაკეთებ? პაემანი ჩაგიწყვე და მეტი რა ვქნა?
– მოიცა, მოვიდნენ... – ვახომ რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და ნიკას ზურგს სანახევროდ ამოეფარა. ნიკას კი, მანქანიდან გადმოსული ანას დანახვისას, წინასწარ მომზადებული ღიმილი მიეყინა სახეზე.
– ღმერთო, ძლივს გიცანით, თვალისმომჭრელად გამოიყურებით... – ვერ დამალა აღფრთოვანება და ხელი მოწიწებით გაუწოდა, – ეს ჩემი მეგობარია, ვახო, მგონი, ერთხელ შეხვდით კიდეც ერთმანეთს...
ანამ ვახოს შეხედა და გაუღიმა:
– დიახ, მგონი, შევხვდით... საღამო მშვიდობის...
– მე არ გამოვიყურები თვალისმომჭრელად? – ყასიდად გაბრაზდა სოფო და ქმარს მოეხვია, – ხომ კარგი იდეა იყო პარასკევის ვახშამი?
– გადასარევი... სახლში მაინც არაფერი გექნება მომზადებული და შიმშილით გულის წასვლასაც გადავრჩები.
– როგორი საზიზღარი ხარ. შენც შეგიძლია, მოამზადო კერძები და დაღლილს დამახვედრო.
– მე? გინდა, რომ სამზარეულო ხელახლა გაგიხდეს გასარემონტებელი? – გაიცინა ნიკამ.
– მე კარგად ვამზადებ კერძებს, – თქვა უცებ ვახომ, – არ არის რთული. მონდომება უნდა და შენც გამოგივა. საერთოდ არ მიჭირს და ძალიან საინტერესოა. ერთხელ დაგპატიჟებთ ჩემს მომზადებულ ლაზანიაზე ან სუშიზე.
– მღუპავ? ამას მეტი კი არ უნდა, ეგრევე წინსაფარს ამაფარებს და ტაფას შემომაჩეჩებს ხელში, – შეიცხადა ნიკამ და სოფოს თვალი ჩაუკრა.
– საზიზღარი ვინმე ხარ, საზიზღარი... – სოფომ ლოყაზე აკოცა ქმარს და მხარზე მიეხუტა, – ხომ ასეთი ცუდი ბიჭი ხარ, მაინც მიყვარხარ!
– სიყვარული ბრმაა, ჩემო სოფო... თხაც შეიძლება შეგიყვარდეს.
– მე ასე არ ვიტყოდი, – თქვა ვახომ სერიოზულად და ანას ისე მიაშტერდა, ქალმა უხერხულობისგან ნაბიჯი ვეღარ გადადგა წინ და სოფოს ანიშნა, ეს რა დღეში ჩამაგდეო...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3