მშვენივრად გამოიყურებით!
თქვენი კანის მდგომარეობა მხოლოდ კოსმეტიკაზე არ არის დამოკიდებული. არანაკლებ მნიშვნელოვანია პროდუქტები, რომლებსაც ყოველდღიურად მიირთმევთ და, კიდევ – წყალი, რომელსაც სვამთ.
დღეს შემოგთავაზებთ დიეტოლოგ-იმუნოლოგების რჩევებს. გააკეთეთ მათზე ორიენტაცია, შეადგინეთ საკუთარი სილამაზისა და ახალგაზრდობის მხოლოდ თქვენზე მორგებული დიეტა და დაელოდეთ შედეგს – გვერწმუნეთ, ის არ დააყოვნებს.
ა) გსურთ კანის ხარისხის გაუმჯობესება? მაშინ, აუცილებლად ჩართეთ თქვენს რაციონში წითელი და ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული: პომიდორი, სტაფილო, გოგრა, ვაშლი, გარგარი, პაპაია, მანგო, ავოკადო – ეს პროდუქტები მდიდარია ბეტა-კაროტინით, მომელიც ორგანიზმში ფერმენტების ზემოქმედებით გადაიქცევა A ვიტამინად და ებრძვის კანის გამოშრობას, აქერცვლასა და უფერულობას. მაგრამ, გახსოვდეთ: თუ არ მოიწესრიგებთ ძილის რეჟიმს, არანაირი პროდუქტი არ გიშველით. სრულყოფილი ძილი (მინიმუმ 8 საათი), ძალიან მნიშვნელოვანია სილამაზის შესანარჩუნებლად.
ბ) ალბათ, ცდილობთ, აკონტროლოთ თქვენი წონა და, შესაბამისად, მენიუდან მთლიანად გააქრეთ ცხიმიანი პროდუქტები. მაგრამ, იცოდეთ, რომ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო, მათ შორის – სილამაზისა და კარგი აღნაგობის შენარჩუნების (ან მიღწევის) მცდელობაშიც. მენიუდან ცხიმების მთლიანად გამორიცხვა მავნებელია კანისთვის, რადგან ამით ის ვერ იღებს საკმარის საკვებ ნივთიერებებს და იწყებს გამოშრობას. თანაც, არსებობს სასარგებლო ცხიმებიც, მაგალითად, თევზის (ორაგულის, სკუმბრიის, ქაშაყის) ცხიმი არის D და E ვიტამინების წყარო, რომლებიც ძალიან სასარგებლოა კანისთვის, ლორწოვანი გარსისა და იმუნური სისტემისთვის. გარდა ამისა, კანის სილამაზისთვის შეუცვლელი ომეგა 3-სა და 6-ს შეიცავს სელის, მზესუმზირისა და ზეითუნის ზეთები. E ვიტამინს ასევე აქვს უნარი, შეინარჩუნოს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზი. ეს ორი ნივთიერება კი პასუხს აგებს კანის სიმკვრივეზე.
გ) მოხარშული თევზი და ცოცხალი ან ოდნავ მოშუშული ბოსტნეულის სალათა, შეზავებული ზეითუნის ზეთით, იდეალური კერძია სადილისთვის. საუზმისთვის კი შეგიძლიათ, მოიმზადოთ ფაფა (წიწიბურას, „ჰერკულესის“ ან ხორბლის). ეს ბურღულეული დიდი რაოდენობით შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, რომელთა დანაკლისი ორგანიზმში იწვევს გამონაყარსა და სხვადასხვა სახის დერმატიტს. B ვიტამინს ასევე შეიცავს რძე, ყველი, კვერცხი, მარცვლოვანი კულტურები, რომლებითაც შესანიშნავად შეივსებთ თქვენს ყოველდღიურ რაციონს.
დ) გსმენიათ ანტიოქსიდანტების შესახებ? მაშინ, ალბათ, იცით, რომ ეს ნივთიერებები გარემოს მავნე ზემოქმედებისგან (დაბინძურებული ჰაერი, ულტრაიისფერი სხივები და ასე შემდეგ) იცავს არა მხოლოდ კანის უჯრედებს, არამედ მთელ ორგანიზმს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გიცავთ ნაადრევი დაბერებისგან. ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტებია: ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, პომიდორი, შირბახტის (ქუნჯუტის) მზესუმზირა, ჭვავი, სოია, გარგარი და საზამთრო.
ე) და, რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, აკონტროლოთ წყლის ბალანსის შენარჩუნება და მიირთვათ საჭირო რაოდენობის სითხე. საშუალო რეკომენდებული ნორმაა დღეში 40 მილილიტრი თქვენი სხეულის ყოველ 1 კილოგრამზე. თუ სითხეს არასაკმარისად მიიღებთ, ცხადია, ლამაზი კანი არ გექნებათ – წყალი ხომ უნარჩუნებს კანს ტონუსს და ხდის მას ხავერდოვანსა და ელასტიკურს.
დიეტოლოგების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, ორგანიზმში სითხის მარაგი შეივსოთ ჩვეულებრივი სასმელი წყლით, მაგრამ, ზოგიერთი დიეტოლოგი გამონაკლის შემთხვევებში, გვაძლევს უფლებას, წყლის ნაცვლად დავლიოთ უშაქრო, ახალგამოწურული წვენები, მორსი, მწვანე ჩაი და მინერალური წყალი (უმჯობესია, გაზგასული), ხოლო იშვიათად – რომელიმე „კოლაც“ კი.