ორჯერ ნასამართლევმა მამაკაცმა ნათესავი გოგონა გაუპატიურების შემდეგ ჩანგლით ყელში დაჭრა
წარსულში ორჯერ ნასამართლევ მამაკაცს ნათესავი გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობის მცდელობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, რომლის მიზანიც განსასჯელის ფსიქიკური მდგომარეობის დადგენა იყო, 44 წლის კახა შ-შვილი ფსიქიკურად ჯანმრთელი აღმოჩნდა. დანაშაული, რომელიც მან მთვრალ მდგომარეობაში ჩაიდინა, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა: მან ჯერ ნათესავი გოგონას დახრჩობა სცადა, შემდეგ კი მას ყელის არეში მიაყენა ჩანგლით მძიმე დაზიანება.
საქმის მასალების მიხედვით, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ კახა შ-შვილი და მარიკა შ-შვილი შორეული ნათესავები იყვნენ. სოფელში, სადაც გოგონა ცხოვრობდა, კახა შ-შვილი ცოლ-ქმრის ეთერ და სოსო ბ-შვილების ხშირი სტუმარი იყო. გოგონას ბინაც სწორედ ამ ცოლ-ქმრის მეზობლად მდებარეობდა. კახა შ-შვილი მას კარგად იცნობდა, ძალიან მოსწონდა და სოფელში ყოველი ვიზიტის დროს მასთან დაახლოებას ცდილობდა. კახა შ-შვილი წარსულში ორჯერ იყო ნასამართლევი, ორჯერვე მძიმე დანაშაულისთვის და მშობლები მუდმივად აფრთხილებდნენ გოგონას, რომ მისგან თავი შორს დაეჭირა. უფრო მეტიც, ამის გამო მარიკა შ-შვილის ოჯახსა და კახა შ-შვილის მასპინძელ ცოლ-ქმარს შორის, რომლებიც თბილისელი ნათესავის იმედად ცხოვრობდნენ, რამდენჯერმე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, იმ დღეს, როდესაც კახა შ-შვილმა მძიმე დანაშაული ჩაიდინა, ის სოფელში ნათესავის გასვენებაში იყო ჩასული. იმავე გასვენებაში იყვნენ გოგონას ოჯახის წევრები და მათი მეზობელი ცოლ-ქმარიც, რომლებიც ცერემონიალს ბოლომდე დაესწრნენ. გამოძიების მასალების მიხედვით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კახა შ-შვილმა სუფრა მალე მიატოვა, იმ იმედით, რომ სახლში დარჩენილ გოგონას დაიმარტოხელებდა. მოგვიანებით მან სამართალდამცველებთან აღიარა, რომ ამ შემთხვევას დიდხანს ელოდა. მარიკა შ-შვილის ჩვენების მიხედვით, როდესაც დაუპატიჟებელი სტუმარი სახლში მიადგა, ის ბინაში მარტო იყო.
ამონაწერი გოგონას ჩვენებიდან: „მისი სტუმრობა არ მესიამოვნა, რადგან ნასვამი იყო. ვუთხარი, სახლიდან მივდივარ-მეთქი. მან მთხოვა, ყავა დამალევინე და მერე წავალო. ყავის მოსადუღებლად სამზარეულოში გავედი, როცა ის თავს დამესხა. წინააღმდეგობის გაწევა ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი.” დაზარალებული გოგონას ჩვენების მიხედვით, კახა შ-შვილმა მასთან სქესობრივი კავშირი ძალის გამოყენებით დაამყარა. გოგონა მოძალადე მამაკაცისგან თავის გათავისუფლებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. კახა შ-შვილმა, ყვირილის ხმა რომ ჩაეხშო, მას სახეზე ბალიში დააფარა და ისე გააუპატიურა. გონებადაკარგული გოგონა გონზე მოსვლის შემდეგ კვლავ შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას, მაშინ კახა შ-შვილმა მას ჯერ ყელში წაუჭირა ხელი და მისი დახრჩობა სცადა, შემდეგ კი, როდესაც გოგონა ხელიდან დაუსხლტა, ჩანგალი აიღო, ყელში ჩაარტყა და შემთხვევის ადგილს გაერიდა.
გაქცევისას კახა შ-შვილი შემთხვევით გადაეყარა მეზობელ მამაკაცს, რომელსაც მისი იქ დანახვა საეჭვოდ ეჩვენა. მოწმის ჩვენების მიხედვით, როგორც კი კახა შ-შვილი თვალს მიეფარა, ის მეზობლების ბინაში შევიდა, სადაც დაჭრილი და გონდაკარგული გოგონა აღმოაჩინა, რომელიც მთვრალ მოძალადეს გარდაცვლილი ეგონა. ჩვენების მიხედვით, მამაკაცმა ჯერ მეზობლებს დაუძახა, შემდეგ კი მათი დახმარებით სასწრაფო გამოიძახა და ექიმებმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი გოგონას გადარჩენა შეძლეს.
სამართალდამცველებმა კახა შ-შვილი იმავე ღამეს დააკავეს. მან ჩადენილი დანაშაული დეტალურად აღწერა, თუმცა, მოგვიანებით, როცა სასამართლოს წინაშე წარდგა, ჩვენება ნაწილობრივ შეცვალა. იგი ძლივს გადაურჩა დაზარალებული გოგონას ოჯახის წევრებისა და ნათესავების რისხვას – სოფელი მისი ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვდა, მაგრამ კახა შ-შვილი სამართლადამცევლებმა განრისხებულ მოსახლეობას რაიონიდან მალე გაარიდეს. განსასჯელის ჩვენების მიხედვით, მას მარიკა შ-შვილის ცოლად მოყვანა უნდოდა და მისი არც გაუპატიურება და არც დაჭრა არ ჰქონდა განზრახული, რასაც არ დაეთანხმა დაზარალებულის ოჯახი. მათი თქმით, კახა შ-შვილი გოგონას ხშირად ემუქრებოდა და ეს მუქარა სისრულეში სწორედ იმ დღეს მოიყვანა. ჩემი შვილის ცოლად მოყვანა არ უნდოდა, მით უფრო, რომ ნათესავადაც გვეკუთვნის; ამას იმიტომ იგონებს, რომ თავი გადაირჩინოსო, განაცხადა მარიკა შ-შვილის დედამ. დაზარალებულის ოჯახი განსასჯელის უმკაცრესად დასჯას ითხოვდა. საბოლოოდ, კახა შ-შვილს გოგონას გაუპატიურებისა და მკველელობის მცდელობისთვის დასდეს ბრალი. რომ არა შემთხვევით მისული მეზობლის მიერ დროულად აღმოჩენილი დახმარება, შესაძლოა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი გოგონასთვის ფატალური შედეგი დამდგარიყო. სასამართლომ არ გაიზიარა კახა შ-შვილის დაცვის მიერ მოთხოვნილი სასჯელის შემსუბუქება და მას 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.