კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში მოუწევს ბანკსა თუ სხვა საფინანსო ორგანიზაციას კლიენტის ქონების აუქციონზე გატანის გამო ქონების მეპატრონისთვის ზიანის ანაზღაურება

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომელიც ბანკს მსესხებლის კერძო საკუთრების უპირობოდ გასხვისების უფლებას ართმევს, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. კერძოდ, საზოგადოების ერთი ნაწილის აზრით, ეს სოციალიზმის გამოვლინებაა, თუმცა იბადება რიტორიკული კითხვა, რატომ მიიჩნევა სოციალისტურ მიდგომად მსესხებლის უფლებების მინიმალურად დაცვაც კი, როდესაც გამსესხებელი ლამის იმპერატორული უპირატესობით სარგებლობს?! მით უფრო, რომ საქმე შემდეგნაირადაა: საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამსესხებელი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბანკი დაადანაშაულა არაკეთილსინდისიერებაში, რადგან მან მსესხებელს არ მისცა იპოთეკური კრედიტის ალტერნატიული მეთოდით დაფარვის საშუალება და ქონება აუქციონზე მაინც გაუყიდა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ვინაიდან არა ერთ ჩვენს თანამოქალაქეს აქვს იპოთეკური კრედიტი და დგას ერთადერთი უძრავი საკუთრების დაკარგვის საფრთხის წინაშე, საქმის დეტალებისა და იმის გაგებას, კიდევ ვის შეუძლია, იხეიროს უზენაესი სასამართლოს ამ კონკრეტული გადაწყვეტილებით, ახალგაზრდა ადვოკატების თანადამფუძნებელ მარიკა არევაძისგან შევეცადეთ.

 – დავიწყოთ იმით, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო უზენაესმა სასამართლომ და რა მნიშვნელობა აქვს ამ გადაწყვეტილებას?
– უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც თავისი მნიშვნელობით არის საკმაოდ მაღალი, რადგან ხაზი გაუსვა ისეთ აუცილებელ პრინციპს, როგორიცაა კეთილსინდისიერება  და მის მნიშვნელობას გამსესხებლისა და მსესხებლის ურთიერთობაში. ამ გადაწყვეტილებით ითქვა, რომ, თუკი გამსესხებელს, ამ კონკრეტულ საქმეში ეს იყო ბანკი, რომელთანაც დავობდა ფიზიკური პირი, აქვს საშუალება, მოთხოვნის უფლება დაიკმაყოფილოს რამდენიმე ვარიანტიდან, მაშინ მან უნდა აირჩიოს ისეთი, რომელიც მსესხებლისთვის იქნება ყველაზე ხელსაყრელი. ეს იმას ნიშნავს, რომ, თუკი მოვალე დაარღვევს ვალდებულებას, ვეღარ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, მაგრამ ბანკს სთავაზობს ალტერნატივას მოთხონვის უფლების დასაკმაყოფილებლად, გამსესხებელმა უნდა გაითვალისწინოს მისი შეთავაზება და ქონება არ გაიტანოს აუქციონზე გასაყიდად, ვინაიდან, ამის გამო შეიძლება მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგეს მსესხებელს, ანუ მოვალეს.
– კონკრეტულ მაგალითზე განვიხილოთ. ვთქვათ, პირს ბანკის ვალის უზრუნველსაყოფად ჩადებული აქვს საცხოვრებელი და ვერ იხდის სესხს, რა შეიძლება, იყოს გადახდის ალტერნატიული საშუალებები? ეს პრობლემა ბევრს ექნება და საინტერესოა, რა შეიძლება, მათ შესთავაზონ ბანკებს ალტერნატივად?
– საკმაოდ ბევრს აქვს ასეთი პრობლემა, იმიტომ რომ, უამრავი ადამიანი მიკავშირდება ბოლო პერიოდის განმავლობაში. ამ კონკრეტულ საქმეში საუბარია, რომ მსესხებელმა გამსესხებელს, ანუ პირველად ბანკს შესთავაზა სხვა ბანკიდან სესხი, ანუ სხვა ბანკი დაუფარავდა სესხს, მაგრამ ეს არ გაითვალისწინა პირველადმა ბანკმა, მაინც აუქციონზე გაუტანა ქონება და საკმაოდ ძვირად ღირებული ნაკლებ ფასად გაუყიდა. ამით მსესხებელს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი და მან დაიწყო დავა. ძალიან კარგი, რომ დავა დაიწყო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო უზენაესმა სასამართლომ მისი საქმის შესახებ. რადგან მას ჰქონდა სესხის დაფარვის ალტერნატიული გზა –  სხვა ბანკიდან მიღებული სესხი, რომლითაც დაფარავდა პირველადი ბანკის სესხს. ამის გამო თქვა სასამართლომ, რომ, რაკი პირველად ბანკს ჰქონდა ალტერნატივა, ამიტომ უნდა ეხელმძღვანელა კეთილსინდისიერების პრინციპით და აერჩია ის ვარიანტი, რაც მეტად ხელსაყრელი იყო მოვალისთვის.
– ზარალობდა პირველადი ბანკი, თუკი სხვა ბანკი დაფარავდა მისი კლიენტის სესხს?
– საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მეორე ბანკმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა პირველად ბანკს და სთხოვა, სრულად მიეწოდებინა მისთვის ინფორმაცია დავალიანების თანხის შესახებ, რომ ეს თანხა ჩაერიცხათ. ამდენად, პირველადი ბანკი არაფერს ზარალობდა –  იმ ვალდებულებას, რომელიც მსესხებელს მის წინაშე გააჩნდა, სრულად იკმაყოფილებდა, ჯარიმებისა და პირგასამტეხლოს ჩათვლით. სწორედ აქ აღიარა სასამართლომ, რომ პირველადი ბანკი მოიქცა არაკეთილსინდისიერად და გამოიყენა თავისი დომინირებული მდგომარეობა. ეს გადაწყვეტილება რომ განვაზოგადოთ, შეიძლება, ალტერნატივად ბევრი რამ იქნეს მიჩნეული: ერთია სხვა ბანკიდან სესხის შეთავაზება, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო;  აგრეთვე, მსესხებლის მდგომარეობის შესაბამისად სესხის რესტრუქტურიზაცია, რის განხორციელებაც რეალურია, რომ ფიზიკური პირი გადახდისუნარიანი გახდეს. დღეს  არა მხოლოდ უმუშევრობის პრობლემის წინაშე დადგა ბევრი მსესხებელი, არამედ ვალუტის კურსის ცვლილებამ ძალიან დიდი ზარალი მიაყენა მოსახლეობას და მთელი ეს ტვირთი მხოლოდ მოსახლეობას აწევს ზურგზე და არ არის გადანაწილებული. ამ პირობების გათვალისწინებით, თუკი ბანკებს ექნებათ შესაძლებლობა და გამოამჟღავნებენ კეთილ ნებას, რომ რესტრუქტურიზაცია გაუკეთონ მათ სესხებს, რომლებიც რეალურად გადამხდელები არიან, რა თქმა უნდა, ეს მისაღებია და ასეთი გადაწყვეტილებები სამომავლოდ შექმნის ისეთ გარემოს, რომ ბანკებმა და ზოგადად გამსესხებლებმა, სხვათა შორის, მიკროსაფინანსოებისა და კერძო იპოთეკარების შემთხვევაში უფრო მძიმე ვითარებაა, გაითვალისწინონ მოვალის მდგომარეობა.
– ეს საქმე როგორ დასრულდა? ბანკი უკან დაუბრუნებს ამ ქონებას თუ ზარალს რა ფორმით აინაზღაურებს მსესხებელი?
– გაყიდული ქონება უკან ვეღარ დაბრუნდება, როგორც ვიცი, ზიანის ანაზღაურებაზე დავობს ეს პიროვნება, იმ ზიანის, რაც მიადგა ქონების გასხვისებით. თავიდანვე აღვნიშნე, რომ მაღალი საბაზრო ღირებულების ქონება გაიყიდა საკმაოდ იაფად და მსესხებელს მიადგა ზიანი. უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, მეორე ინსტანციას დაუბრუნდა საქმე განსახილველად ზიანის ანაზღაურების ნაწილში. ანუ საქმე ბოლომდე დასრულებული არ არის. აუცილებლად მინდა, აღვნიშნო ერთი რამ: ჩემი პირველი ინტერვიუ ამ საკითხთან დაკავშირებით არასწორად იქნა აღქმული.
– ეს აუცილებლად უნდა გკითხოთ: საქმე ისე იყო აღქმული, რომ მსესხებლის კერძო საკუთრების აუქციონზე გაყიდვის უფლება ჩამოერთვათ ბანკებს, არადა თქვენ სულ სხვა რამეს ამბობთ: თუ არსებობს სესხის დაფარვის ალტერნატიული გზა, ბანკმა მსესხებელს ქონება არ უნდა გაუყიდოს.
– დიახ. მე ვსაუბრობ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და არა კანონზე. ერთადერთი უფლებამოსილების მქონე ორგანო საქართველოში, რომელსაც შეუძლია კანონშემოქმედებითი საქმიანობა, არის საქართველოს პარლამენტი. კანონი თავისი შინაარსით განსხვავდება სასამართლოს გადაწყვეტილებისგან, რადგან კანონი სავალდებულოდ შესასრულებელია. ამ საქმით არ გამოსულა კანონი, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად გამსესხებლებისთვის. ჩვენ ვლაპარაკობთ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, იმიტომ რომ, ის საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან ახალ პრინციპებს დანერგავს გამსესხებელსა და მსესხებელს შორის ურთიერთობის დარეგულირებაში, რაც აუცილებელია დღევანდელი ქართული რეალობისთვის.
– მართალია, კონკრეტულ საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ, რომ გამსესხებელი მოიქცა არაკეთილსინდისიერად, მაგრამ მათ, ვინც ანალოგიურ მდგომარეობაშია, როგორ შეუძლიათ, ისარგებლონ უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით ამ კონკრეტულ საქმეზე?
–  თუკი მსგავსი შემთხვევა მოხდება და, ალბათ, ხშირად ხდება, მაშინ მოქალაქეს, მსესხებელს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს და მანაც იდავოს ზიანის ანაზაურების კუთხით. უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება შეიძლება, იყოს გზავნილი ბანკებისადმი, რომ, თუ არ მოიქცევიან კეთილსინდისიერად და მსესხებელი დაიწყებს დავას სასამართლოში ამის გამო, ბანკები ამ საქმეს სავარაუდოდ წააგებენ და მოუწევთ მსესხებლისთვის ზიანის ანაზღაურება არაკეთილსინდისიერად მოქცევის გამო.
– თქვენ რას უკავშირებთ რეაქციას, რომ უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის სოციალიზმის გამოვლენა, თუმცა გაუგებარია, რატომ არის სოციალიზმი, თუკი მხარეების უფლებები თანაბრად იქნება დაცული.
– მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი დგას ამ პრობლემის წინაშე, არის მრავალი ადამიანიც, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მათი დაცვისთვის ბრძოლას. შესაბამისად, მათგან მოჰყვა ასეთი რეაქცია. პირადად მე ვაკეთებ ყველაფერს, რომ ასეთი პრობლემის მქონე ადამიანებს მივაწოდო სწორი ინფორმაცია და თუ არსებობს გამოსავალი, დავეხმარო პრობლემის გადაჭრაში. ამდენად, არ ვიცი, რას ფიქრობენ დანარჩენები, რომელთა აზრით, ადამიანებს უნდა წავართვათ სახლები და გამოვასახლოთ. აქ კიდევ ერით ნიუანსია: უნდათ უარყოფითი აზრის ჩამოყალიბება ამ საკითხისადმი, თუმცა პირველი სტატია აშკარად იძლეოდა ამ ინტერპრეტაციის საშუალებას. საერთოდ, ძალიან ბევრს არ მოსწონს, რომ ვაწვდი საზოგადოებას ინფორმაციას შესაძლო სამართლებრივი დავის მექანიზმებზე; არ მოსწონთ, რადგან ეს შეიძლება, გამოიყენონ ადამიანებმა, თავიც დაიცვან და ქონებაც გადაირჩინონ.
– ისიც აშკარაა, რომ, მიუხედავად სავალუტო კრიზისისა, ბანკების მოგება იზრდება, ანუ ისინი არ ზარალობენ არსებული მძიმე ვითარებით, რაც მიანიშნებს, რომ მათი უფლებები აბსოლუტურად დაცულია.
– თუნდაც, ვალუტის გაუფასურების ტვირთი ბანკებს არ გაუზიარებიათ მოსახლეობასთან ერთად და ის მთლიანად აწევს გადამხდელს. ბანკები მაქსიმალურად აზღვევენ თავიანთ რისკებს და ცალსახაა, რომ თავიანთ დომინირებულ მდგომარეობას იყენებენ. თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ, რომ ბანკები კიდევ უკეთეს მდგომარეობაში ამყოფებენ მსესხებლებს, ვიდრე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და, განსაკუთრებით, კერძო იპოთეკარები, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ არასამართლებრივად ღუპავენ ადამიანებს.
– გასაგებია, რომ ამ გადაწყვეტილებით ბანკის ქმედება ცნეს არაკეთილსინდისიერად, რადგან არ მისცა საშუალება კლიენტს, დაეფარა სესხი ალტერნატიული გზით. იმასაც რომ თავი დავანებოთ, რომ საპროცენტო განაკვეთები მაღალია და სხვა, ფაქტია, რომ არაერთი ადამიანი შედეგების გაუაზრებლად იღებს სესხს და შემდეგ ადანაშაულებს ყველას, დაწყებული ბანკით და დამთავრებული სახელმწიფოთი. ესეც მნიშვნელოვანი პრობლემაა.
– მსესხებელმა ხშირად არ იცის, რა წერია ხელშეკრულებაში.
– აი, ეს მინდოდა მეკითხა, რა როლი მიუძღვის რეკლამას ან იმ რეალობას, რომ, რომც წაიკითხო, ვერ შეცვლი საბანკო ხელშეკრულების პირობებს, თუმცა აქ რჩება ერთი გამოსავალი, მაშინ არ უნდა აიღო სესხი და დაელოდო, როდის დააგროვებ ფულს.
– სხვათა შორის, არა მარტო უცხოებისგან, ნაცნობებისგანაც ბევრი კრიტიკა მივიღე, მსესხებელი იმ პირობით გასცემს სესხს, რაც მისთვისაა მისაღები და, თუ ეს პირობა მისაღები არ არის, საერთოდ არ გასცემს სესხსო. მაგრამ გამსესხებელმა არ უნდა გამოიყენოს თავისი დომინირებული მდგომარეობა. მსესხებლისთვის კი გასაგები უნდა იყოს ხელშეკრულება, რომელსაც ის აწერს ხელს, ყველა ის პირობა და რისკი, რასაც ითვალისწინებს ეს ხელშეკრულება. შეიძლება, ადამიანმა, როდესაც გაიგებს, რა შედეგი შეიძლება, მოჰყვეს თანხის არგადახდას, საერთოდაც უარი თქვას სესხის აღებაზე. იმის თქმა მინდა, რომ მსესხებელმა უნდა იცოდეს ყველა ის რისკი და პირობები, რაც ხელშეკრულებაში წერია. არადა, ხშირია შემთხვევა, როდესაც ზეპირსიტყვიერად სხვა რამეზე მოილაპარაკებენ და ხელშეკრულებაში სხვა მუხლები იდება და ამ დროს კრედიტოფიცერი ეუბნება მსესხებელს, რომ ისე იქნება, როგორც ვთქვითო. არადა, არ იქნება, რადგან წერილობით ხელშეკრულებას აქვს უპირატესი ძალა და მოქმედებს ის პირობები, რომლებიც წერია ხელშეკრულებაში და რაზეცაა ხელი მოწერილი. რა თქმა უნდა, მსესხებელმაც უნდა წაიკითხოს ის ხელშეკრულება, რაც უნდა წვრილი შრიფტიც ეწეროს და დიდი იყოს, მაგრამ გამსესხებელმაც უნდა აუხსნას, თუ რა პირობებით უფორმებს სესხს.
– სანამ შესაბამის კანონს მიიღებს პარლამენტი, რომლითაც დაცული იქნება მხარეების უფლებრივი პარიტეტი და რაც დაავალდებულებს გამსესხებლებს კეთილსინდისიერებას, ცალკეული ფიზიკური პირების სარჩელები არის გზა, რომელიც მიგვიყვანს საფინანსო ბაზარზე მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ?
– სასამართლოს მიერ მიღებული ამ ტიპის გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, არის გზა საკითხის სამართლებრივად დარეგულირების. როდესაც გამსესხებელს ეცოდინება, რომ მისი არასწორი ქმედების გამო მოუწევს ზიანის ანაზღაურება მსესხებლისთვის, უფრო დაფიქრებულად, მოზომილად და კეთილსინდისიერად მოექცევა მსესხებელს და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ამ ტიპის გადაწყვეტილებები. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების მისაღებად დავა ღირს პრეცედენტების დასამკვიდრებლად, რადგან ეს პრეცედენტები, საბოლოოდ, შეიძლება, იყოს ამ ვითარებიდან გამოსავალი.

скачать dle 11.3