სამნულიანი
„მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა, თენდება თუ ღამდება“
ბევრი იფიქრა თუ ცოტა, დედაქალაქის მერიამ კომუნალური ვაუჩერების დარიცხვა მაინც ყველა ოჯახისთვის გადაწყვიტა (მიზეზი გასაგებია, რეალურად გაჭირვებულთა გამორიცხვა გაჭირდებოდა, მით უფრო, რომ ამ ჩვენს განვითარებად ქვეყანაში საშუალო ფენაც შეჭირვებულია), თუმცა საკრებულოს დეპუტატმა ბ-ნმა სამუშიამ დაგვამუნათა: გამოვიჩინოთ სოციალური სოლიდარობა და, ვისაც ვაუჩერი არ გვჭირდება, მათ გადავცეთ, ვინც მას ჩვენზე მეტად საჭიროებს. ამ მოწოდებაში არაფერი იქნებოდა გასაკვირი (ვინაიდან სოციალური სოლიდარობა სამოქალაქო საზოგადოების ნიშანია), რომ არა თავად ხსენებულის სამნულიანი ხელფასი.
რომელიც (ანუ სამნულიანი) ხსენებულ ბ-ნს საშუალებას აძლევს, რომ სოლიდარული იყოს წელიწადის ნებისმიერ დროს და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც მერია კომუნალურ ვაუჩერს გადასცემს. მით უფრო, რომ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს, როდესაც „ნაციონალური“ ხელისუფლების წევრები ტელეკამერების წინ ყელყელაობდნენ უპოვართათვის თავიანთი 20-ლარიანი ვაუჩერის გადაცემის „საგმირო“ ამბით.
ამის პარალელურად კი, ბ-ნი სამუშიას კოლეგა ბ-ნი ელისაშვილი აცხადებს, რომ დედაქალაქის საკრებულოს აპარატის უფროსსა და მის მოადგილეს მიმდინარე წლის აგვისტოში პრემია ორჯერ აუღიათ (სამწუხაროდ, ბ-ნ ელისაშვილს თანხა არ დაუკონკრეტებია, თორემ ზუსტად დავითვლიდით, რამდენ ოჯახს ეყოფოდა კომუნალურ ვაუჩერად), ხოლო საკრებულოსთვის 16 მაცივარი შეუძენიათ – წყლის ჩასაცივებლად და გასაგრილებლად (ასე რომ, ურიგო არ იქნებოდა, თუკი ბ-ნი სამუშია თავის სამუშაო ადგილზე ჩაატარებდა გაცნობითი ხასიათის ლექციას თემაზე: რა სარგებლობა მოაქვს სოლიდარობას).
ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ აგერ უკვე ოც წელზე მეტია (დამოუკიდებლობის დღიდან, ვიდრე დღემდე), როგორც წესი, სკამზე დამსხდრები ვერა და ვერ ძღებიან ხოლმე, იბადება ერთმანეთისგან გამომდინარე ორი რიტორიკული კითხვა: იქ, ზემოთ, ფართოკუჭიანები ეძალებიან თუ, ადრე თუ გვიან, მათაც კი გაუსკდებათ მუცლები?! –