„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“
ანუ ვინ მოერევა მას და „ნატოს“?!
იმას გარდა, რომ ისლამური სახალიფოს საზღვრები არცთუ შორსაა ჩვენი საზღვრებისგან, მის წინააღმდეგ ბრძოლაში რფ-ც ჩაერთო (ტერორისტების პოზიციებს კასპიის ზღვიდან ბომბავს), ჩვენი მეზობელი თურქეთი კი უკვე ჩართულია.
ჰოდა, ისე მოხდა, რომ რფ-ის სამხედრო თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რამაც თურქეთის პრეზიდენტი წყობილებიდან გამოიყვანა.
ხოლო, რაკი გამოიყვანა, თურქეთში რფ-ის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს, ხოლო რფ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ინციდენტის გამო ბოდიშიც მოიხადა (არადა, ჩვენ ხომ ვიცით, ბოდიში რომ წამალი იყოს, აფთიაქში გაიყიდება – )
როგორც ჩანს, ეს ბ-ნ ერდოღანსაც სცოდნია, ამიტომაც ბრძანებს, რუსეთი ძალიან რისკავს, როდესაც ორი ქვეყნის მეგობრობის სიმტკიცის გამოცდას ცდილობსო; მეტიც, აცხადებს, რომ მომავალში თურქეთი აღარ მოითმენს რუსული სამხედრო ავიაციის მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევას და იქვე იხსენებს შემდეგს: „თავდასხმა თურქეთზე ეს „ნატოზე“ თავდასხმაა” (ანუ, არა მხოლოდ ჩვენ ვიბრიქებით: ვინ მოგვერევა ჩვენ და „ნატოსო“).
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ რუსული სამხედრო თვითმფრინავის გასანეიტრალებლად ჰაერში ორი თურქული ავიაგამანადგურებელი აიჭრა, იმის ალბათობაცაა, რომ ეს ორი დაეტაკოს ერთმანეთს (ზურიკელას პათოსით: „მტერს მეც ყელში დავეტაკები“) და, სხვა რომ არაფერი, ჩვენს თავზე უფასო სანახაობა – თვალისმომჭრელი ფოიერვერკი – ხომ მაინც გარანტირებული გვაქვს. –