როგორ მიაღებინა 13 წლის ასაკში გათხოვების გადაწყვეტილება თათია კობალაძეს მომავალმა მეუღლემ და რატომ იყო მისი გამოსვლით გაოგნებული უკრაინული „X ფაქტორის“ ჟიური და მაყურებელი
შეიძლება ითქვას, რომ წელს უკრაინული „X ფაქტორი“ ქართველებმა დაიპყრეს. ერთ-ერთი მათგანი 22 წლის თათია კობალაძეა, რომლის გამოსვლამაც არა მხოლოდ მთელი დარბაზი, ჟიურის წევრებიც აატირა. თათია 13 წლის ასაკში გათხოვდა, ამჟამად ის 2 შვილის დედაა და როგორც თავად ამბობს, მის წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ მეუღლეს მიუძღვის, რომელიც მას მუდმივად გვერდში უდგას.
თათია კობალაძე: ბათუმიდან ვარ, თუმცა ამჟამად თბილისში ვცხოვრობ. როგორც მეუბნებიან, სანამ ლაპარაკს დავიწყებდი, უკვე ვმღეროდი. ბაბუ და ბებია კი მღეროდნენ, მაგრამ ჩემნაირი ხმა არ ჰქონიათ. მე, როგორც მეუბნებიან, განსაკუთრებული ხმა მაქვს. გარკვეული პერიოდი ვოკალზე დავდიოდი ნანა ჟღერიასთან, შემდეგ ირმა ღვინიაშვილთან, ორივემ ბევრი რამ მასწავლა. 13 წლის ასაკში გავთხოვდი და საკმაოდ დიდი პაუზა მქონდა, მაგრამ ახლა უკვე „X ფაქტორში“ ვარ.
– გათხოვებამდე მონაწილეობდი სხვადასხვა კონკურსში?
– სულ 39 დიპლომი მაქვს, აქედან ნახევარზე მეტი პირველი ადგილია, 6 გრანპრი მაქვს აღებული.
– როგორ გაიცანი შენი მომავალი მეუღლე და როგორ მიგიყვანა მან 13 წლის ასაკში გათხოვების გადაწყვეტილებამდე?
– ბათუმში ზაფხულში ნათესავმა გამაცნო. შეგვიყვარდა ერთმანეთი, 3 თვის შემდეგ კი, კარგად არც ვიცნობდი, რომ გავიპარეთ. ჩემი მეუღლე მაშინ 18 წლის იყო. იმ პერიოდში უკრაინის მუსიკალური სასწავლებლიდან მქონდა მიწვევა და უნდა წავსულიყავი. ეს ავთოს, ჩემს მომავალ მეუღლეს ვუთხარი, მან კი – მოდი, გავიპაროთო. მეც დავთანხმდი. 2 დღის მერე გვიპოვეს, ისიც, ჩვენ ვუთხარით. დედასთან ერთად ჩემს გაზრდაში უდიდესი წვლილი მიუძღვით ბებიას და ბაბუას. ბაბუა რომ მოვიდა, სახეზე ფერი არ ჰქონდა. მითხრა: წამოდიო, მაგრამ ცხოვრებაში პირველად გავუწიე წინააღმდეგობა. უარი ვუთხარი: მიყვარს, გამოვყევი ცოლად და უკან აღარ დავბრუნდები-მეთქი. მაშინ ბაბუამ მითხრა: სამი წელი გიყურებთ, თუ იმ ნიჭს, რაც ღმერთმა მოგცა, გამოიყენებ, შენს კარიერას თავს არ დაანებებ, შეგირიგდებითო. მაგრამ, ისე ვუყვარდი, მანამდე შემირიგდა. ჩემმა მეუღლემ მისცა პირობა, რომ სიმღერას თავს არ დავანებებდი და მართლაც ასე იყო. დღემდე ძალიან მიწყობს ხელს, უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში. წარმოიდგინეთ, უკრაინაში წამოვედი ამდენი ხნით, ამხელა გზაზე. საქართველოში, ამ მხრივ, ცოტა სხვა მენტალიტეტია, მაგრამ ჩემმა ქმარმა ყველაფერი დაამსხვრია – პირიქით, მიბიძგა იმისკენ, რომ დღეს მე უკრაინაში ვარ. დავტოვე ის და ჩემი ორი შვილი, ერთი – მამიდებთან, მეორე კი – ქმართან და უვლის. პატარა ჯერ სამი წლის არც არის. რომ არა ჩემი მეუღლე, ამ ყველაფერს ვერც გავაკეთებდი. როცა გიყვარს, შენთვის სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა და პირველ ადგილს შენს ცხოვრებაში ის იკავებს. მიხარია, რომ ამდენი წლის მერე, ისევ ერთად ვართ და გვიყვარს ერთმანეთი.
– ქორწილიც გადაიხადეთ?
– კი, ვიწრო წრეში, რადგან არასდროს გვქონია იმის საშუალება, დიდი ქორწილი გადაგვეხადა. ხელი ჯერ არ გვაქვს მოწერილი. პატარა რომ ვიყავი, მშობლების თანხმობა მჭირდებოდა. 6 წლის ვიყავი, დედა და მამა რომ დაშორდნენ. მამას ნახვა არც მინდოდა და არც იმის თხოვნა, რომ თანხმობა მოეცა. ფეხმძიმედ რომ ვიყავი პირველ შვილზე, თან ბოლო თვეში, დედამ მითხრა: აპატიე მამას, დაურეკე და შეურიგდიო და მეც დავუჯერე. წავედი მამიდასთან. მამიდამ მითხრა: ნომერს ვერ მოგცემ, მე დავურეკავ და მოუსმინე, რას იტყვისო. ქმარი გვერდით მედგა, როდესაც მესმოდა მისი სიტყვები: მე არანაირი შვილი არ მყავს, არანაირი კონტაქტი არ მინდა მასთან, თავი დამანებეთო. ამის მერე მასთან ურთიერთობის სურვილი არც მქონია. ამას არასდროს ვაპატიებ.
– როგორი იყო საზოგადოების დამოკიდებულება შენ მიმართ, როდესაც 13 წლის ასაკში გათხოვდი?
– პირში არავინ არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ ვგრძნობდი, ყველა ფიქრობდა რომ, ოჯახი ძალიან მალე დაგვენგრეოდა. მაგრამ, თუ გიყვარს, უნდა შეძლო მისი გაგება და ისიც უნდა გიგებდეს. მე და ჩემი მეუღლე ძალიან კარგად ვუგებდით ერთმანეთს. ერთად გავიზარდეთ, მარტონი ვცხოვრობდით და ყველაფერს თვითონ ვაკეთებდით.
– რატომ გადაწყვიტე უკრაინულ „X ფაქტორში“ მონაწილეობა?
– ინტერნეტში რომ ვუყურებდი ამ გადაცემას, ვგიჟდებოდი იქ მყოფ ხალხზე. როდესაც მომღერალი მოსწონთ, მთელი დარბაზი ფეხზე დგება. ჩემს მეუღლესაც სულ ვეუბნებოდი: ჩემო სიცოცხლე, ერთხელ მეც ვიქნები იქ-მეთქი და ისიც მეთანხმებოდა. საბოლოოდ, მოვხვდი კიდეც და ეს ჩემთვის ძალიან ემოციურია.
– დროშით გამოსვლაც ძალიან ემოციური იყო.
– ამით მინდოდა მეთქვა, რომ მე საქართველოდან ვარ, მეამაყება ჩემი ქვეყნის შვილობა და ჩვენ – ქართველები და უკრაინელები კარგი მეგობრები ვართ. ამხელა ემოციებს ნამდვილად არ ველოდებოდი, ამიტომაც დავიწყე ტირილი. გასვლის წინ ძალიან ვნერვიულობდი, თან ბოლო მონაწილე ვიყავი. სარკეში რომ ჩავიხედე, თვალები სულ წითელი მქონდა. ღმერთს ვევედრებოდი: ღმერთო, დამეხმარე, გადავიდე-მეთქი. მეგონა, უარს მეტყოდნენ, მაგრამ, რომ დავიწყე სიმღერა და „ბუმბოკსის“ სოლისტს შევხედე, ნინო ქათამაძეს, არ იცით, რა დამემართა. მაშინვე მინდოდა ტირილი, მაგრამ თავი შევიკავე. ბოლო ნოტებზე კი, უკვე წამომივიდა ცრემლები. „ბუმბოკსის“ სოლისტი კულისებში გავიდა, ტიროდა და მერე დაბრუნდა უკან. მე საკუთარი თავისთვის, სიამოვნებისთვის არასდროს ვმღერი. მინდა, ყველამ იგრძნოს, ისიამოვნოს. ამიტომაც, მთელი გულით ვმღეროდი.
– რა იყო შენთვის ჟიურის მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასება?
– ყველა გაოგნებული იყო და თითქმის ყველა შეფასება ერთმანეთს ჰგავდა. ჟიურის ერთმა წევრმა მითხრა: შენ, იმის მაგივრად, რომ სცენაზე იდგე, ბავშვებს ზრდიო. მე ვუპასუხე: ჩემი შვილები მაძლევენ ძალას, რომ დღეს ასე ვიმღერო-მეთქი.
– ორი შვილის დატოვება არ იქნებოდა შენთვის ადვილი.
– ცხოვრებაში პირველად დავტოვე ისინი, ისევე, როგორც ჩემი მეუღლე. თუ ყველაფერი კარგად წავა, მათ გარეშე შევხვდები ჩემს დაბადების დღეს და ახალ წელსაც. ვნახოთ, რა იქნება. რა თქმა უნდა, გამიხარდება, მაგრამ გულიც დამწყდება, რომ ჩემ გვერდით არ იქნებიან. ჩემი მეუღლე საუკეთესო ქმარია მთელ დედამიწაზე, რადგან ის მუდმივად ჩემ გვერდითაა და მე ის ძალიან მიყვარს!