რა აქვთ გაყოფილი სახლში ეკა ხოფერიასა და მის ქმარს და რა ტრადიცია „შემოერღვათ“ მათ
ახალი სატელევიზიო სეზონი ეკა ხოფერიამ განსხვავებული ფორმატით დაიწყო – სტუდია გარეთ „გაიტანა” და მაყურებელს, რომელიც მაღლა უწევს მას თამასას, „ეკა ხოფერიას თოქ-შოუს” სხვა გარემოდან სთავაზობს. ამბობს, რომ ბევრი ექსპერიმენტი სცადა, რაც მის თითქმის ოცწლიან ტელეკარიერაში ახალი ეტაპი იყო. როგორ ასრულებს ეკა ხოფერია „პირობას”, რატომ შეუვსეს სახლში „საჩივრის წიგნი” და რა რჩება მის ცხოვრებაში კადრს მიღმა, ამას დღეს შეიტყობთ.
– ახალი სატელევიზიო სეზონი ერთი გადაცემით და განსხავვებული ფორმატით დაიწყეთ – სტუდიიდან გარეთ გახვედით, თუმცა, მხოლოდ თქვენ არ მოირგეთ ეს „როლი”. სტუდიური გადაცემები გარეთ – ახალი ტრენდია?
– ვერ ვიტყოდი, რომ ეს განსხვავებული ფორმატია, ეს არის ის, რასაც აკეთებდა ეკა ხოფერია სტუდიაში, ახლა კი აკეთებს სტუდიის გარეთ. მე ბევრი ექსპერიმენტი ვცადე და მივხვდი, რა უნდა ჩემგან მაყურებელს. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, მაყურებელმა მიიღოს ის, რასაც ჩემგან ელოდება. იქიდან გამომდინარე, რომ წლების განმავლობაში პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში ვიყავი, ის ძალიან მაღლა მიწევს თამასას – ჩემგან ელის შემეცნებას, კონსერვატიზმს, იღებს გართობას, მაგრამ, არ მპატიობს სიყვითლეს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ ჩვენი თამასა, გავირთულოთ საქმე და ეს ყბადაღებული რეიტინგი დავწეროთ სერიოზული, რთული და არა ყვითელი თემებით.
– რეიტინგი ასე იწერება? თუმცა, კონკურენტ გადაცემებშიც უკვე საგრძნობლად შეიცვალა თემატიკა.
– ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება რეიტინგების მიმართ, ამ მხრივ ჩემი კითხვის ნიშნები მაქვს. კონკურენციაზე თუ ვსაუბრობთ და თუ გულისხმობთ ნანუკას, ის ჩემი კოლეგაა, ჩვენ ერთად ბევრი რამ გვაქვს გამოვლილი. გამორიცხულია, მე ისეთი რამ გავაკეთო კონკურენციის გამო, რაც მე არ უნდა გავაკეთო. ნანუკა დიდი ხანია, ამ სფეროშია და აქვს სრულიად სხვა, ჩამოყალიბებული იმიჯი, მე კი ჩემი იმიჯი მაქვს; შესაბამისად, მაყურებელი ჰყავს როგორც მას, ასევე მყავს მე. ამ ტიპის კონკურენცია არ მაშინებს, სხვა რამ არის უფრო პრიორიტეტული, მაგალითად, როგორ უნდა გააკეთო გადაცემა შენი ქვეყნის ისტორიაზე, საზოგადო მოღვაწეებზე, პატრიოტიზმზე ისე, რომ ამ გადაცემას ჰყავდეს ბევრი მაყურებელი. ეს იოლი არაა, თუმცა, მე დავარწმუნებ ყველას, რომ ქართველი მაყურებელი ძალიან გემოვნებიანია და, დიახაც, იღებს კარგ მუსიკას, საინტერესო ისტორიას. ვინც ასე არ ფიქრობს, ეს დიდი შეცდომაა. სად წავიდა ის მაყურებელი, ვინც უყურებდა ჯანო კახიძის კონცერტს? არსადაც არ წასულა, აქაა, ჩვენ გვერდით. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტად გავუწიო პოპულარიზაცია საქართველოს კუთხეებს, ტურიზმის განვითარებას, რომ ჩვენს ისტორიებს უყუროს ახალმა თაობამ. მე სამი შვილი მყავს და ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია. ამ მიზნით გაკეთდა ახალი პროექტი – ინგლისურენოვანი „სითი”, რომელიც გადის საქართველოდან და პოპულარიზაციას გაუწევს ჩვენს ქვეყანას. როცა წლები გემატება, სხვა რამ ხდება მთავარი. ახლა უკვე ვფიქრობ, როცა გავა წლები, მოვიხედავ უკან და საკუთარ თავს ვკითხავ, „რა გავაკეთე?” – ჩემს ანგარიშზე უნდა იყოს ბევრი ისეთი რამ, რაც კარგი იქნება საზოგადოებისთვის, ჩემი ქვეყნისთვის. შესაძლოა, ვიღაცას ეს პათეტიკად მოეჩვენოს, მაგრამ ეს მართლა ასეა. მაყურებელმა ჩემგან მიიღო სიტყვა, რომ აღარასდროს გავაკეთებდი პოლიტიკურ გადაცემას და ეს სიტყვა შევასრულე კიდეც. თუ თქვენ დააკვირდით, „იმედის კვირის” გაკეთების დროს მძიმე პოლიტიკურ თემებს ინგა ეჭიდებოდა, მე ამ გადაცემაშიც ვცდილობდი, უფრო საზოგადოებრივ, კულტურულ თემებზე მემუშავა, ასე რომ, პირობა არ დამირღვევია. რაც შეეხება ჩემს გადაცემას, ჩვენ მოვივლით მთელ საქართველოს, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდებით სტუდიაში მნიშვნელოვანი სოციალური და საზოგადოებრივი თემებით და აუცილებლად ვიქნებით პირდაპირ ეთერში.
– „იმედის” ეთერიდან „გამქრალი” გადაცემების შესახებ გკითხავთ: როგორი იყო თქვენი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ?
– ჩემთვის მტკივნეული იყო „რეაქციის” დახურვა. მიმაჩნია, რომ „რეაქცია” იყო „იმედის” ბრენდი. ვერ წარმომიდგენია „იმედი” ინგას გარეშე. სამწუხაროდ, რაც მე მოვისმინე, არ იყო ჩემთვის არგუმენტი. მე დავსვი შეკითხვები და გამოვხატე ჩემი პოზიცია, თუმცა ჩემმა აქტივობამ კონკრეტული შედეგი ვერ გამოიღო. ჩემი აზრით, „იმედის კვირა” იყო ექსპერიმენტული პროექტი, რამაც ძალიან გაამართლა. მქონდა იდეა: რაღაც პერიოდის შემდეგ, ნელ-ნელა, ეს პროექტი გადაგვებარებინა ახალი თაობისთვის, ჩვენ კი გავწეულიყავით უკან, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა.
– რატომ ასეთი იდეა? ეკრანიდან „გაუჩინარებას” აპირებთ?
– ასე არაა საქმე, მაგრამ, თითქმის 20 წელია, ეკრანზე ვარ და, ვფიქრობ, ეს უკვე კატასტროფაა. მაგრამ, ყველა მეუბნება, რომ არა, ჯერ არსად არ წახვალო (იცინის). მე ძალიან მიყვარს მაყურებელი, ვგრძნობ მათ დამოკიდებულებას ჩემ მიმართ. როცა მაჩერებენ და მესაუბრებიან ქუჩაში – ეს ძალიან მაგარი შეგრძნებაა, ამას მივეჩვიე და, ვერ ვიტყვი, რომ ამის გარეშე ვერ ვიცხოვრებ, თუმცა, ალბათ, მოვა ამისი დროც.
– რამდენიმე წელია, რაც თქვენი ბიზნესი გაქვთ. როგორ უძღვებით ბიზნესს, ამ მხრივ გაიწაფეთ?
– როცა მეექვსე წელია, უძღვები საქმეს, გამოდის, რომ გამოვიდა. მე არ მაქვს სპეციალური ბიზნესგანათლება, თუმცა, მაქვს ინტუიცია და მიდგომა, რომ მუდმივად უნდა მოახდინო რეინვესტიცია. საქმე დავიწყე 4 000 ლარით. მანამდე სახლში ვიჯექი, არ მქონდა სამსახური, არ ჩანდა არაფერი და გადავწყვიტე, რომ აღარ მინდა, ვიყო ვინმეზე დამოკიდებული. თავიდან ოფისიც არ გვქონდა, არ იყო ამისთვის ფული და სახლიდან ვაკეთებდით ყველაფერს. მერე გვითხრეს, არ შეიძლება ასე, აუცილებლად უნდა იქირაოთ ოფისიო. დღეს „სითი” არის ბრენდი, რაც ძალიან მახარებს. ამ ჟურნალის გაკეთება ჩემგან იყო ექსპერიმენტი, თანაც, სარისკო ექსპერიმენტი. ვრისკავდი იმიჯს, ჩემგან ყველა ელოდებოდა მაღალი სტანდარტის ჟურნალს, თუმცა იყო ბევრი კრიტიკაც. მე არ დამიმალავს, რომ გლამურული ჟურნალები ყოველთვის მიყვარდა. ჩემმა იდეამ გაამართლა, აგერ ახლახან კი მეორე, ინგლისურენოვანი პროექტი დავიწყეთ, რაც სიმართლე გითხრათ, იმიტომ არ წამოვიწყე, რომ ფული ვაკეთო; არა, მე საკმაოდ მაღალი ანაზღაურება მაქვს და შემოსავლებზე ვერ დავიწუწუნებ. ერთადერთი, რაც მაწუხებს, არის ჩემი უდროობა. ამ მხრივ ძალიან რთული იყო გასული წელი – ერთდროულად ორი გადაცემის გაკეთება იოლი არ იყო და ეს ძალიან დიდ დროს მოითხოვდა ჩემგან. მთელი კვირა ჩაწერები მქონდა, ერთი შაბათი დღე იყო ამოსუნთქვისთვის და – კვირის გადაცემა მოდიოდა. როდესაც გაქვს ოჯახი – ქმარი და სამი შვილი, აქეთ – ჟურნალი, წარმოუდგენელია ასეთ რეჟიმში ცხოვრება, თუმცა ამას არ ვნანობ.
– ოჯახში „საჩივრის წიგნი” ჰქონდათ?
– კი, ჰქონდათ საჩივრის წიგნი, არ მრჩებოდა დრო ოჯახისთვის. ძალიან ბევრი ავიღე ჩემს თავზე და ამან ძალიან დააზარალა ურთიერთობები ოჯახის წევრებს შორის. ვეღარ ვგეგმავდით ვერაფერს, უარი ვთქვით ჩვენს ტრადიციებზე – ვერ ვახერხებდით ერთად წასვლას უცხოეთში, რაც ორივეს ძალიან გვიყვარს. ახლა დროის სწორად გადანაწილება დავიწყე – ჩემი პატარ-პატარა „ეშმაკობები” მაქვს, რომელთა წყალობითაც ამას ვახერხებ: დილით სარბენადაც ვიცლი, შეხვედრებისთვისაც, ნიკოლას სკოლიდან გამოსაყვანადაც. ნიკოლა სკოლაში წავიდა, ანანოს სერიოზული გადაწყვეტილებების ორი წელი ეწყება, იკა უკვე 4 წლისაა, ასე რომ, მათთვის მეტი დრო მჭირდება.
– მეუღლე კარგი „თანამზრახველია” თქვენთვის?
– დიახ, ჩვენ ძალიან ვეხმარებით ერთმანეთს. შესაძლოა, მე კარგად არ ვიცი ოტოლარინგოლოგია, მაგრამ ახლა, როცა მიშკამ გახსნა ქართულ-ფრანგული კლინიკა და ჰქონდა პირველი საერთაშორისო კონფერენცია, მე ბევრი რამე ავიღე ჩემს თავზე, მათ შორის – უცხოელი სტუმრებისთვის ტურების დაგეგმვა. ასე, არც მიშკამ არ იცის, რა არის გადაფარვა, რატომ ვესაუბრო ამაზე და გავურთულო ცხოვრება? (იცინის) ჩვენ შვიდი წელია, ერთად ვართ, ერთად გავიარეთ ბევრი რამ. როცა ერთმანეთს შევხვდით, მე მიმყავდა ღია ეთერი, მიშკა იყო ქირურგი; მე მყავდა ანანო და მის გაზრდაში მეხმარებოდა დედა; მიშკასაც ჰქონდა თავისი ცხოვრება. მაშინ არ გვქონდა ბევრი საზრუნავი. თუ ადრე მარტო იმას ვფიქრობდით, სად წავსულიყავით, ახლა სამი შვილი ორივეს მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს და, თემებიც, რომლებსაც საღამოს განვიხილავთ, უფრო ოჯახური და ყოფითი გახდა. იმის მიუხედავად, რომ ბევრი დამხმარე გვყავს, ოჯახის მთავარ საქმეებს ჩვენ ვუძღვებით და ოჯახური საზრუნავებიც გადანაწილებული და გაყოფილი გვაქვს. იმას არაფერი სჯობია, როცა დიდი და შეკრული ოჯახი გაქვს – დებით, მათი შვილებით, მშობლებით, სწორედ ასეთია ჩვენი ოჯახი. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა ცოლი და ქმარი ერთად ქმნიან ყველაფერს. სიყვარული ხომ ყველაზე დიდი მოტივაციაა. ვისთვის ცხოვრობ? რასაკვირველია, შვილები ყველაფერს ნიშნავს ცხოვრებაში, მაგრამ, ძალიან მაგარია, როდესაც გვერდით გყავს საყვარელი მამაკაცი. იმ ქალების ცხოვრებაში, ვისაც ეს არ აქვს, მოტივაცია სხვა რამ ხდება. მიშკა კარგი ქმარია, არაა პრეტენზიული. ის მეუღლის გაკეთებულ სადილსაც მიირთმევს და მშობლებთანაც სიამოვნებით იკვებება. მიშკა სიურპრიზების ადამიანია – ადრე უცებ გამომიცხადებდა ხოლმე: „აი, ახლა მივფრინავთ იქ,” წელს კი ეს ტრადიცია „შემოგვერღვა”, მხოლოდ თურქეთში მოვახერხეთ რამდენიმე დღით წასვლა, თუმცა, ჩვენ მაინც ევროპის ხალხი ვართ (იცინის). როცა ევროპაში მივდივართ, წინასწარ ვგეგმავთ ხოლმე – გვიყვარს მიუვალი ადგილების ნახვა, რომ ბევრი ვიბოდიალოთ და ამას კარგი მომზადება სჭირდება. ამიტომაც ავირჩიეთ წელს თურქეთი, სადაც ბევრი ორგანიზება არ გჭირდება. ასე რომ, მთელი ზაფხული აქ გავატარეთ, თითქმის სულ შინდისში ვიყავით – იქ შეგიძლია, გამოეთიშო ყველაფერს. შაბათ-კვირას ბავშვები იქ არიან ხოლმე ბებია-ბაბუასთან, ჩვენ კი ვცდილობთ, თბილისიდან სადმე გავიდეთ: დავბოდიალობთ ბუნებაში, ვნახულობთ ახალ ადგილებს – ეს ისაა, რაც ორივეს ძალიან გვიყვარს და ერთმანეთის აყოლიება არ გვჭირდება (იცინის).